14 დეკემბერი, შაბათი, 2024

მთავარია, შენ ირწმუნო და მერე სხვებიც ირწმუნებენ

spot_img

ნათია ფურცელაძე ქართულ ენასა და ლიტერატურას კერძო სკოლა „ქორალში“ ასწავლის, ის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017-ის“ ფინალისტია, ფილოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი, დოქტორანტი, ლიტერატურულ კლუბ „წიგნიერის“ დამაარსებელი, თსუ-ს მიწვეული ლექტორი. ამ ჩამონათვალს ახლახან კიდევ ერთი ტიტული შეემატა – „2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლად“ დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიალიდან გავრცელდა აცრემლებული მასწავლებლის ფოტო, რომელიც ამ აღიარებას განსაკუთრებულს უწოდებს, რადგან საქმე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კონკურსს ეხება. ლიტერატურა მისი ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრია, მასწავლებლობა კი პროცესი, რომელიც აბედნიერებს და მის ყოველდღიურობას საინტერესოს ხდის. ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის იმ წარმატებულ მასწავლებელთა გუნდის წევრია, რომელიც მომავლის დასაყრდენად იქცა. მასწავლებლობის მიღმა კი „ნათია, უპირველს ყოვლისა, ორი არაჩვეულებრივი გოგოს დედაა. შვილებს სჭირდებათ არა მასწავლებელი დედა, არამედ მეგობარი დედა, რომელიც მათთან ითამაშებს.“ – ამბობს ის.

რატომ იტირეთ? ვკითხე ნათიას. – „არ ვიცი, რატომ ვიტირე, ბუნებრივად მოხდა“ – მპასუხობს და შემდეგ ერთგვარ ახსნასაც პოულობს – „ღირსეული, გამოცდილი არაჩვეულებრივი მასწავლებლები იყვნენ ხუთეულში, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო მათ გვერდში ყოფნა და სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინი არ მქონია. გამარჯვება ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა და თავი ვერ შევიკავე – ეს იყო წამიერი ემოცია, ხმის ამოღებაც კი გამიჭირდა“.

აღიარება

ამ აღიარებამ კიდევ ერთი პასუხისმგებლობა დამაკისრა. სხვათა შორის, ასეთი აზრიც გამოითქვა, რატომ მივიღე ამ კონკურსში მონაწილეობა, მე ხომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტიც ვიყავი და ა.შ. ყველა კონკურსს თავის წესები აქვს და მე ამ წესებს ვემორჩილები, არც ერთი წესი არ მიკრძალავს კონკურსში მონაწილეობას. იმიტომ კი არ დავრეგისტრირდი და ჩავერთე, რომ საკუთარ თავს საუკეთესო მასწავლებლად მივიჩნევ, არამედ იმიტომ, რომ ქართულის მასწავლებლების კონკურსი იყო. მინდოდა, ერთით მეტი გამოცდილება მქონოდა და უშუალოდ ჩემი პროფესიის წარმომადგენლებისგან, ექსპერტებისგან, ჩემზე გამოცდილი ადამიანებისგან მომესმინა, როგორ შეაფასებდნენ ჩემს პრაქტიკას, რომ უფრო კარგად დამენახა პრობლემებიც და საჭიროებებიც.

მეტი პასუხისმგებლობა

კონკურსმა მოტივაცია ამიმაღლა, ვიზრუნო პროფესიის პოპულარიზაციაზე, განსაკუთრებით – ქართულის მასწავლებლის, უფრო მომანდომა, კიდევ მეტ ახალგაზრდას მივაწვდინო ხმა. ეს იქნება ჩემთვის შესაძლებლობა, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურის მკითხველები შემოვიკრიბო და ერთად დავუჭიროთ მხარი თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურას. თავისთავად, კონკურსში გამარჯვება პროფესიული განვითარების თვალსაზრისითაც დამეხმარება. ბევრი კოლეგა მწერს, მზად არიან, გაიზიარონ ჩემი გამოცდილება, მეც მზად ვარ მათი გამოცდილების გასაზიარებლად, რაც, თავისთავად, აამაღლებს ჩემი სწავლების ხარისხსაც.

კიდევ ერთი მთავარი რამ – ჩემი მოსწავლეები ისეთი ბედნიერები იყვნენ, რომ ამ სიხარულად ღირდა.

სიყვარულის გაცემისა და მიღების არაჩვეულებრივი საშუალებაა

მასწავლებლობა ჩემთვის მთელი ცხოვრებაა – ბედნიერება, რომელიც ყოველ დღეს საინტერესოს ხდის. რაც მთავარია, ეს არის მუდმივი განვითარების შესაძლებლობა. მე ცოდნის მიმღებიც ვარ და გამცემიც – ვასწავლი და, ამავდროულად, ვსწავლობ, ვსწავლობ ბავშვებისგან, რასაც დიდი სიხარული მოაქვს. ამის გარდა, მასწავლებლობა სიყვარულის გაცემისა და მიღების არაჩვეულებრივი საშუალებაა.

მთავარი თვისება

ჩემი აზრით, მასწავლებლისთვის ყველაზე მთავარი თვისება სამართლიანობაა. მასწავლებელი თუ სამართლიანი არ არის, სამართლიან გარემოს ვერ შექმნის,   მოსწავლეებს კი აუცილებლად სჭირდებათ სამართლიანობის განცდა, რომ სწორად განვითარდნენ და თავადაც შექმნან სამართლიანი საზოგადოება. ამის გარდა, ძალიან ბევრი თვისებაა, რომლებიც მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს, მაგალითად, სიყვარული ბავშვებისა და საქმის მიმართ.

საკმაოდ რთული პროფესიაა და თუ გინდა, რომ შედეგი გქონდეს, ძალიან ბევრი დრო უნდა დაუთმო მას, მხოლოდ 45 წუთით და ჩატარებული გაკვეთილებით მასწავლებლობა არც იწყება და არც მთავრდება. სასწავლო პროცესი რომ სასურველი გახადო მოსწავლეებისთვის, აუცილებლად უნდა იყო შემოქმედებითი, მაგრამ, მთავარი, რასაც ჩემი პედაგოგიკა ეფუძნება, მაინც სამართლიანობაა.

ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ სამართლიანობა ვიღაცისთვის შეიძლება სუბიექტური იყოს, ვიღაცისთვის – ობიექტური. მუდმივად ვცდილობ, ვიყო სამართლიანი და არასოდეს – ტენდენციური, ბავშვებზე განსაკუთრებულად ცუდად მოქმედებს ტენდენციურობა. გეტყვით იმასაც, რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს უშეცდომო ადამიანი, მეც მაქვს შეცდომები. მე ამის სწავლებასაც ვცდილობ ჩემი მოსწავლეებისთვის. როცა რაიმე მეშლება, აუცილებლად ვაღიარებ ხოლმე და ბოდიშს ვიხდი. სხვაგვარად ბავშვები ვერ ისწავლიან შეცდომების აღიარებას. ვცდილობ, მათი შეფასებაც მოვისმინო. როცა მათ რამე არ მოსწონთ, ღიად მეუბნებიან ან მწერენ. ერთხელ ჩემს ყოფილ მოსწავლეს, რომელსაც დავალება არ ჰქონდა შესრულებული, გაკვეთილზე მივეცი შენიშვნა. მან მითხრა, კარგი იქნებოდა, ეს რომ გაკვეთილზე არ გეთქვა და ამ თემაზე პირადად გვესაუბრაო. ჩემი პოზიცია კი ავუხსენი, მაგრამ ბოდიშიც მოვუხადე – მაპატიე, ეს ვერ გავითვალისწინე და სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ-მეთქი. მისთვის ეს იყო მაგალითი – თუ ოდესმე თვითონაც შეეშლება, ბოდიშის მოხდა არ შერცხვება.

მოსწავლეებთან ურთიერთობა

შეცდომის აღიარების გარდა, მათთან ურთიერთობაში ძალიან მეხმარება პრინციპი –   მოვუსმინო და გავითვალისწინო ბავშვების შეხედულებები ნებისმიერ სიტუაციაში –   გაკვეთილებზე თუ გაკვეთლების შემდგომ. ეს ძალიან მეხმარება გაკვეთილის სწორად დაგეგმვაში. ემპათიაზეც თუ ვისაუბრებთ, ეს უნარი შეიძლება ადამიანს დაბადებისთანავე არ დაჰყვეს, მაგრამ ის ისწავლება. მეც ასე ვისწავლე და ვცდილობ, მოსწავლეებსაც გამოვუმუშაო.

პროფესიული განვითარება – წინააღმდეგობების გადალახვა თუ მშვიდი პროცესი

ვერ ვიტყოდი, რომ ერთი ან მეორე, ორივე საჭიროა არა მარტო მასწავლებლის, არამედ, ზოგადად, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლის განვითარებისთვის  წინააღმდეგობების გარეშე სიმშვიდეს ვერ დააფასებ. ჩემს შემთხვევაშიც ორივე ყოფილა, თუმცა, ძალიან მადლიერი ვარ იმის, რომ თავის დროზე ისეთ სკოლაში მოვხვდი (დღემდე იქ ვმუშაობ), სადაც ხელოვნურ ბარიერს არავინ მიქმნიდა, მენდობოდნენ, რამაც შინაგანი დაბრკოლებები გადამალახვინა და ობიექტურ თვითშეფასებაში დამეხმარა.

მეთოდი, რომელიც გამოარჩევს

უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი, რომ ყოველთვის მივისწრაფვი ინდივიდუალიზმისკენ, შესაბამისად, მეთოდებს სიტუაციის მიხედვით ვარჩევ. აქტიურად ვიყენებ თამაშით სწავლებას, მაგრამ რომ გითხრათ, მხოლოდ ჩემი მეთოდია-მეთქი, არ ვიქნები მართალი. თუნდაც, წიგნის წაკითხვის შემდეგ თამაშის დაგეგმვა ან პროექტის შერჩევა თუ სხვა, ყოველთვის მორგებულია ბავშვების ინტერესზე. არასოდეს ვიმეორებ, მაგალითად, ერთ კლასში გამოყენებულ მეთოდს, მეორე კლასში, თუ იქ ეს არ მოსწონთ. საჭიროების გათვალისწინებით გამოყენებული მეთოდები ძალიან მეხმარება (ვერ ვიტყოდი, რომ გამომარჩევს, ეს ისევ და ისევ იმ ადამიანებმა უნდა შეაფასონ, ვისთანაც ვიყენებ) სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში.

ლიტერატურა – ცხოვრების განუყოფელი ნაწილი

სკოლაში როცა მივდიოდი, იმთავითვე ვიცოდი, რომ ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნებოდა, კითხვა შემეყვარებინა მოსწავლეებისთვის, წიგნი მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მექცია და მეზრუნა წიგნიერების პოპულარიზაციაზე. თავიდან ეს ოცნება იყო, მაგრამ ოცნება ამიხდა, როცა ლიტერატურული კლუბი „წიგნიერი“ დავაარსე. ბავშვებს სურდათ, ჰქონოდათ სივრცე და დრო, სადაც მათთვის სასურველ თემებზე ისაუბრებდნენ, ამ საჭიროებამ დაგვაარსებინა კლუბი. შემდეგ სკოლამ გამოგვიყო სივრცე, ლიტერატურული სალონიც გავხსენით და ყველა დეტალი მე და ბავშვებმა ჩვენი ხელებით შევქმენით. კედლის საათსაც კი წიგნის ფორმა აქვს, კედლები ბავშვების ნახატებით არის გაფორმებული. დიორამებს ვქმნით თუ სანიშნეებს ვაკეთებთ, ყველაფერს წიგნებთან აქვს კავშირი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მხატვრული ლიტერატურისადმი (და არა მხოლოდ), ინტერესს ზრდის.

ვცდილობ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გზები, მეტ-ნაკლებად, წიგნებთან გადაიკვეთოს. არ ვიტყვი, რომ ეს გამომარჩევს, მაგრამ ჩემი ერთი მთავარი მიმართულება სინამდვილეში ეს არის. ჩემი სურვილია, ბავშვები საინტერესო მკითხველებად იქცნენ, თუმცა, მათ თავისუფალ არჩევანს პატივს ვცემ, აზრებს ვითვალისწინებ და არასოდეს ვავალდებულებ. ძალიან მეხმარება თანამედროვე მწერლებთან შეხვედრები. მაგალითად, წარვადგენ წიგნს და ვეუბნები მოსწავლეებს, რომ რამდენიმე თვეში გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ ამ წიგნის ავტორს, შეიძლება ამონარიდიც წავიკითხო ნაწარმოებიდან, ილუსტრაციებიც ვაჩვენო. შემდეგ ვკითხავ, ვის აქვს სურვილი, რომ ეს წიგნი წაიკითხოს, აბსოლუტური უმრავლესობა თანახმაა ხოლმე, რაც მთავარია, თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, მწერალთან შეხვედრის მოლოდინში უფრო სიამოვნებით კითხულობენ. თუმცა, ისეთი მოსწავლეებიც ყოფილან, რომლებსაც უარი უთქვამთ, არასოდეს დამიძალებია, ეს მათი არჩევანია.

შეიძლება ბანალურია, მაგრამ მართლა ბავშვობიდან მიყვარდა ეს პროფესია, რაც ჩემი მასწავლებლების დამსახურებაა. სწორედ ეს მიმართულება გააძლიერეს მათ ჩემში. მიყვარდა ქართული, წერა, გერმანული ენა. ჩემი სადოქტორო კვლევაც და ახალგაზდა მეცნიერის ცხოვრებაც დიდწილად გერმანული ენის სწავლამ განსაზღვრა. მასწავლებლებმა შემაყვარეს საგნები, რაც შემდეგ მთელ ჩემს ცხოვრებაზე აისახა.

წარმატების რამდენიმე მიზეზი

ბევრი რამ, ალბათ, უფრო მეტად შრომისმოყვარეობამ შემაძლებინა. შემიძლია მიზნის მისაღწევად თავი არ დავზოგო. მასწავლებლობის გარდა, როგორც გითხარით, დოქტორანტურაში ვსწავლობ და გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას ვიკვლევ. მომეცა შესაძლებლობა, სამეცნიერო მივლინებით გერმანიაში წავსულიყავი. იქ გრიგოლ რობაქიძის უცნობ საარქივო მასალას მივაკვლიე და საერთაშორისო კონფერენციაშიც ვმონაწილეობდი. ამან არა მარტო როგორც მასწავლებელი, არამედ როგორც ადამიანი გამზარდა. საქართველოს საზღვრებს გარეთ რომ აღმოვჩნდი, უფრო ნათლად დავინახე ჩემი ქვეყნის ძლიერი და სუსტი მხარეები. მაგალითად, ინკლუზიური განათლებით პირველად გერმანიაში დავინტერესდი. მაშინ დავისახე მიზნად, ამ მიმართულებით რაიმე გამეუმჯობესებინა. მივხვდი, უპირველეს ყოვლისა, ცნობიერების ამაღლებაზე უნდა მემუშავა. დავბრუნდი საქართველოში და საკუთარი თავით დავიწყე, შემდეგ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ვიზრუნე. წარმატებაში ძალიან დამეხმარა ისიც, რომ უნივერსიტეტში, განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ქალბატონმა ქეთევან ჭკუასელმა ლექტორად მიმიწვია. უკვე ხუთი წელია მაგისტრანტებს, რომლებიც ქართულის მასწავლებლობას აპირებენ, ლექციებს ვუკითხავ. ესეც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა იყო – მათთვის უნდა მესწავლებინა და თან საკუთარ მაგალითზე მეჩვენებინა, რა საინტერესოა ქართულის მასწავლებლობა. ერთი მხრივ, ძალიან საპასუხიმგებლო საქმიანობაა, მეორე მხრივ, თუ გიყვარს და ბოლომდე იხარჯები, ძალიან სასიამოვნოც.

არ შემიძლია, ჩემს წარმატებაში არ დავასახელო ჩემი ოჯახის როლიც. რომ არა მათი მხარდაჭერა (ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და ღამისთენების ხარჯზე არ არის მარტივი ასეთ რეჟიმში მუშაობა), ვერაფერს გავხდებოდი. როცა გრძნობ მათ ხელშეწყობას, ზრუნვას, შინაგანად ყველაზე მატად ძლიერდები და მეტის კეთების სურვილი გიჩნდება.

დაბოლოს, წარმატების ყველაზე მთავარი მიზეზი – ბავშვები. როცა ვხედავ, რომ მათ რაღაც ახარებთ, შემიძლია, ყველაფერი გვერდზე გადავდო, ბავშვების ბედნიერებით აციმციმებული თვალები ყველაფერს მავიწყებს.

რა აკლია ქართველ მოსწავლეს და მასწავლებელს?

ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით. როცა მასწავლებლობა დავიწყე (მართალია, პატარა ვიყავი), მეგონა, რასაც ვიტყოდი, ის აუცილებლად უნდა მიეღოთ მოსწავლეებს. სულ მალე, ბავშვებთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება არ არსებობს და თუ მოსწავლე არ დამეთანხმება, ეს ბუნებრივიცაა. ამან კიდევ უფრო გამზარდა, ისე, როგორც შეცდომების აღიარებამ. მაგალითად, როდესაც შემაჯამებელ დავალებას ვასრულებთ და ვხედავ, რომ სასურველ შედეგს ვერ ვიღებთ, პრობლემებს საკუთარ სწავლებაშიც ვეძებ და მხოლოდ ბავშვს არ ვადანაშაულებ, რომ კარგად ვერ მოემზადა. თუკი მასწავლებლებს შეცდომის აღიარების უნარი ექნებათ, მაშინ რაღაცები უკეთესობისკენ აუცილებლად შეიცვლება.

ბავშვებს კი მეტი არაფორმალური განათლება სჭირდებათ, ისეთი აქტივობები და ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, რომელიც, სკოლის მიღმა აღმოჩენილებს, ცხოვრებისეულ გამოწვევებზე პასუხებს აპოვნინებს, მათ უნდა მოახერხონ კრიტიკულად აზროვნება პრობლემების გადაჭრისას. თუკი უფრო მეტად შეძლებენ კრიტიკულ აზროვნებას, ვფიქრობ, მეტ წარმატებას მიაღწევენ და უფრო ბედნიერებიც იქნებიან.

გაკვეთილის მიღმა

შვილებს სჭირდებათ დედა, რომელიც მათთან ითამაშებს. ეს ძალიან მაკლია და სულ ვცდილობ, წუთები გამოვსტაცო ცხოვრებას და ბავშვებს ვეთამაშო, მაწუხებს, რომ ამისთვის სათანადო დროს ვერ ვპოულობ.

ჩემი უსაყვარლესი ადგილი, სადაც არ შემიძლია, რომ დიდხანს არ მივიდე, საჯარო ბიბლიოთეკაა, ბიბლიოთეკარები მცნობენ და მომიკითხავენ ხოლმე – ეს არის სივრცე, სადაც ყოფნა ძალიან მეხმარება, გავხდე უკეთესი.

ბოლო თვეების განმავლობაში, გაზაფხულიდან მოყოლებული დეკემბრის ჩათვლით, ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილი გახდა გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის, „მერვე სიცოცხლე“. რომანი გერმანიაში აღიარებული ბესტსელერია და არაერთ ენაზეა თაგმნილი, მალე ქართულად გამოიცემა, მე ერთ-ერთი რედაქტორი ვარ. თვეების განმავლობაში ვიცხოვრე ამ რომანთან ერთად.

რამდენიმე უსაყვარლესი წიგნი ბავშვობიდან მომყვება. მაგალითად, ,,ბულერბიელი ბავშვები” და „გრძელფეხება მამილო“. ერთი წლის წინ წავიკითხე „თევზი ხეზე“, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ვფიქრობ, ეს ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს წაკითხული. მთავარი პერსონაჟი სსსმ მოსწავლეა, რომელსაც წერა-კითხვის უნარის დარღვევა აქვს. წიგნის წაკითხვის შემდეგ ბევრი რამ სულ სხვა თვალით დავინახე. იმის შემდეგ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინო ხმა, რომ ეს ნაწარმოები წაიკითხონ.

სიყვარულის გარეშე საქმის კეთება გამორიცხულია

რთულია მოწოდება, რომ ახალგაზრდები მაინცდამაინც ამ პროფესიისკენ წავიდნენ. მთავარია, თავად ჰქონდეთ სურვილი, გახდნენ მასწავლებლები, ყური დაუგდონ საკუთარ სურვილებს და გაითვალისწინონ, მიზნის მისაღწევად და ოცნებების ასახდენად ძალიან ბევრი შრომა და მონდომებაა საჭირო. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა. რაც მთავარია, სიყვარულის გარეშე გამორიცხულია საქმის კეთება, მით უმეტეს, მასწავლებლობა. ნებისმიერ პროფესიაში შეიძლება იყო რეალიზებული, თუ საქმეს სიყვარულით აკეთებ. როცა ამ პროფესიას ვირჩევდი, ჩემ ირგვლივ თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებდა ჩემს არჩევანს, მაგრამ მე ვიცოდი, რომ მინდოდა მასწავლებლობა და მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დავიხევდი. როცა მტკიცედ მიდიხარ მიზნისკენ, მაშინ სხვების თვალით დანახული უპერსპექტივობა არაფერს ნიშნავს, მთავარია, შენ ირწმუნო და მერე სხვებიც ირწმუნებენ.

ბედნიერება ქულებზე არ იცვლება

ცნება „კარგი მოსწავლე“ ძალიან პირობითია და მე არასოდეს ვყოფ მოსწავლეებს კარგებად და ცუდებად, არც ნიშნების მიხედვით ვაჯგუფებ, მეტიც, ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. მთავარია, მოსწავლე იყოს ბედნიერი და წარმოჩენილი, მისი ბედნიერება კი ქულებზე არ იცვლება. თითოეულ ბავშვში არსებობს ინდივიდუალური შესაძლებლობა და ნიჭი, ჩვენი ფუნქცია ზუსტად ეს არის – ვეძებოთ ის, რაც ინდივიდში იმალება და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას.

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები