„ცოდნა იმითია კარგი… ყველას მოუხდება,
ერთნაირად დაამშვენებს ხოლმე,
ოღონდ კი კაცი გულმონდომილი და
მოწადინებული მივიდეს ცოდნის კარამდის.“
ილია
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა, შედეგების თვალსაზრისით, გამორჩეულად შთამბეჭდავი და თვალშისაცემია პროფესიულ განათლებაში. ჩვენი გაზეთი, გარკვეული პერიოდულობით, წერს კიდეც ამ სფეროში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებზე. რაკი რეფორმის მთავარი სამიზნე სტუდენტია, რომლის პროფესიონალიზმზეც უნდა აისახოს რეფორმის სიკეთე, გადავწყვიტეთ, სწორედ მათი თვალით დანახული სისტემის შესახებ გიამბოთ ხოლმე ახალ რუბრიკაში – „პროფესიული სტუდენტი“.
დღევანდელ ნომერში გაგაცნობთ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის (დირექტორი – ნოდარ ხარაზიშვილი) ორ სტუდენტს ✅ თამარ პაპაშვილსა და ✅ ლადო მეგრელიძეს.
ეს კოლეჯი მართლაც ერთი შეხედვითაც იქცევს ყურადღებას ორიგინალური არქიტექტურითა და ინტერიერით. თუ ეზოდან შემოუვლით შენობას, ფართო ფანჯრებიდან, ერთ მხარეს, გრძელ, ნათელ დარბაზში ჩარიგებულ მოლბერტებს შეამჩნევთ, საპირისპირო მხარეს — ტანსაცმლის მოდელების ნიმუშებს. შენობა ოთხსართულიანია და აუცილებლად გაგიჩნდებათ ინტერესი, რა ხდება იმ სართულებზე, რაც ეზოდან არ ჩანს. სწორედ ამ ინტერესმა მიიყვანა თამარ პაპაშვილი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში, თორემ კოლეჯში სწავლა ფიქრადაც არ ჰქონია არასდროს, უბრალოდ, შენობამ მიიქცია მისი ყურადღება, შევიდა, დაათვალიერა, მოეწონა და სახლში მისულმა, კოლეჯის შესახებ, უფრო მეტი სოციალური ქსელით შეიტყო, რასაც მისი პირველი გადაწყვეტილება მოჰყვა. თუმცა, ვიდრე ამ გადაწყვეტილების შესახებ გიამბობთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ თამარს უკვე დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტანსაცმლის დიზაინისა და კონსტრუირების ფაკულტეტი და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა სურსათის უვნებლობის განხრით. ამბობს, რომ მაშინ მას ამ სფეროსადმი ინტერესი ჰქონდა, თუმცა, ახლა ზუსტად იცის, რომ ეს მისი საქმე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულია, ცოდნა აუცილებლად გამოადგება ცხოვრებაში.
„უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ჩემი ლექტორის რეკომენდაციით, ერთ დიზაინერთან დავიწყე მუშაობა. დღემდე იქ ვმუშაობ, ძალიან კმაყოფილი ვარ და არსად წასვლაზე არ მიფიქრია, მაგრამ სწორედ იქ მიღებულმა გამოცდილებამ გადამაწყვეტინა გამეფართოებინა ჩემი ცოდნის არეალი და ისეთ პროფესიას დავუფლებოდი, რაც კარიერის გზაზე გამომადგებოდა. ამიტომაც ავირჩიე „საფინანსო სერვისები“. ჩავაბარე ეროვნული გამოცდები მათემატიკასა და უნარებში და გავხდი პროფესიული სტუდენტი“.
ეს იყო 2016 წელს. სწავლების 10-თვიანმა პერიოდმა მისი პირველი შთაბეჭდილება კიდევ უფრო განამტკიცა. ამბობს, რომ ძალიან მეგობრული გარემოა, სწავლისთვის ყველა პირობაა, ყოველმხრივ აღჭურვილი აუდიტორიები, პროფესიონალი პედაგოგები, სტუდენტის საჭიროებებზე ორიენტირებული ადმინისტრაცია, რომელიც, პირველ რიგში, სწორედ სტუდენტის მოთხოვნებს ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დაგეგმვისას. ამიტომ შეძლო თამარმა, სამსახურიც შეენარჩუნებინა და კიდევ ერთი პროფესიაც შეესწავლა. „ამ 10 თვის განმავლობაში კიდევ უკეთ გავიცანი ჩემი კოლეჯი. აღმოვაჩინე, რომ აქ ბაკალავრით მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შემეძლო და ვიფიქრე – რატომაც არა“. ნაფიქრს საქმე მოჰყვა და 2019 წელს, ისევ ეროვნული გამოცდების გავლით, იმავე კოლეჯში (ჩამონათვალშიც პირველ ნომრად ჰქონდა მითითებული) სამკერვალო წარმოების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მისი საბაზისო თეორიული განათლება კიდევ უფრო საინტერესო პრაქტიკული საქმიანობით გაგრძელდა – ხატვა, კერვა, კონსტრუირება, თარგების აგება – ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებს მთელი ამ დროის განმავლობაში, ხან მოიწონეს, ხანაც დაიწუნეს და რამდენჯერმეც დააშლევინეს ნახელავი, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაუკარგავს ინტერესი, იცის, მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ პროფესიონალი გახდე, ამას ბავშვობიდანვე ასწავლიდა პედაგოგი დედა, რომლისთვისაც შვილებისთვის უმაღლესი განათლების მიცემა თურმე გარდაუვალი აუცილებლობა იყო. „ახლა უბედნიერესი ადამიანია დედა, არასდროს წინააღმდეგი არ ყოფილა ჩემი გაუთავებელი სწავლის, პირიქით, ყოველთვის მხარში მიდგას და ახარებს ჩემი კარიერული წინსვლისთვის გადადგმული ყველა ნაბიჯი, ასეთივე მხარდაჭერა მაქვს მეუღლისგან, რაც ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის“.
თამარის აზრით, მის თაობაში უმაღლესი განათლებისადმი ასეთი მიდგომა ნაწილობრივ შეცვლილია – მთავარია კარგი სპეციალისტი გახდე, ის სფერო აირჩიო, რაც ნამდვილად შენია და მოგწონს. მოწადინების შემთხვევაში, კოლეჯშიც მიიღებ კარგ განათლებას, თან სახელმწიფო დაფინანსებით.
„17 თვე უნდა გვესწავლა, მაგრამ, პანდემიის გამო, გარკვეული დრო დაგვეკარგა. ზოგად საგნებს ონლაინ გავდიოდით, სპეციალობას – ვერა. ამიტომ 4 ოქტომბრიდან ინტენსიურად გვაქვს პრაქტიკული მეცადინეობები. საკუთარი ნახელავებიც გვაქვს შექმნილი, რომელსაც ლექტორებს ვაბარებთ, ისინი აფასებენ და გვიდასტურებენ მოდულებს, ასეა ყველა სახის, ქალისა და მამაკაცის, სამოსზე – პიჯაკი, შარვალი, ბლუზა, ქვედა ბოლო, პერანგი და ა.შ. დავიწყეთ ხელით გვირისტით და გადავედით საკერავ მანქანებზე, სადაც თანმიმდევრობით შევისწავლეთ და გავიარეთ ყველა ეტაპი“.
სწავლის დასრულებამდე 3 ან 4 თვე დარჩა. ბოლო 2 თვეს, კოლეჯის დაფინანსებით, სტუდენტები პრაქტიკას სამკერვალო ფაბრიკებში გაივლიან და საბოლოო შეფასებასაც ამის შემდეგ, იქ შესრულებული სამუშაოს საფუძველზე, მიიღებენ. მანამდე ძალიან დატვირთული დღეებია, 6-7 ლექცია ყოველდღე, ზოგადი საგნების ჩათვლით, რაც თამარს მაინცდამაინც არ მოსწონს, ურჩევნია ეს დროც მთლიანად პრაქტიკულ საქმიანობას დაეთმოს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ როცა თეორიულ ლექციაზე რჩებათ დრო, არავინ ზღუდავთ, რომ საკერავ მანქანებს მიუსხდნენ, სურვილის შემთხვევაში, არასასწავლო დროსაც შეუძლიათ იგივე გააკეთონ, ამ მხრივ სრული თავისუფლება აქვთ. თამარი რომ ყველა ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს, ამაში ეჭვი არ მეპარება, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ რაიმე სხვა სფეროთი არ დაინტერესდება (საუბარში ახსენა, რომ ძალიან აინტერესებს ფოტოხელოვნების შესწავლა), ვნახოთ, რას გადაწყვეტს მომავალში, მით უფრო, რომ გეგმაში საკუთარი საქმის წამოწყებაც აქვს, „როცა ამისთვის მზად ვიქნებიო“. საამისო მყარი საფუძველი, თამარმა თავადვე შექმნა. „ფინანსებში ისეთი განათლება მივიღე კოლეჯში, ნებისმიერ ბანკში შემიძლია იმავე პოზიციაზე ვიმუშაო, რაზეც ბაკალავრდამთავრებულმა და შეიძლება უკეთესადაც კი, თუნდაც იმიტომ, რომ მე პრაქტიკულად მაქვს ყველაფერი გავლილი, რაც შეეხება ჩემს ძირითად პროფესიას, იგი, ფაქტობრივად, აქ, 17 თვეში უკეთ შევისწავლე, რადგან 4-წლიანი საუნივერსიტეტო განათლება, სათანადო დოზით, პრაქტიკულ სწავლებას არ გულისხმობს, ბევრი ისეთი ლექცია გვიტარდებოდა, რასაც პროფესიის დაუფლებასთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა, ზოგადად, საინტერესო იყო“.
როგორც გაირკვა კოლეჯში ასაკობრივი ბარიერიც არ არსებობს. აქ, აუდიტორიებში, ერთად ეუფლებიან არჩეულ პროფესიას ახალ სკოლადამთავრებული და საპენსიო ასაკის ადამიანები, ისიც, ვისაც სამსახურიც აქვს, პროფესიაც, მაგრამ ახალი ცოდნის შეძენის სურვილი გაუჩნდა და ისიც, ვინც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა. ეს შესაძლებლობა მათ ახლახან „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა მისცა. ერთ-ერთი, ვინც ამ ცვლილებით ისარგებლა, 142-ე საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ლადო მეგრელიძეა. იგი თავად გვიამბობს, რატომ გადაწყვიტა, სკოლის პარალელურად, კოლეჯის სტუდენტი გამხდარიყო.
„ისე როგორც ბევრი ჩემი თანატოლი, ვერც მე ჩამოვყალიბდი მომავალ პროფესიაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებს მხოლოდ სავარაუდო ვარიანტად განვიხილავდი. კოლეჯში მეგობრის რჩევით მოვხვდი, ის აბარებდა და მეც მის შემოთავაზებას დავთანხმდი. მშობლებს მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების შემდეგ გავუმხილე, გამოცდის წინა დღეებში. ძალიან გაუხარდათ, რომ მომზადების პარალელურად სწავლასაც გავაგრძელებ. საერთოდ, პროფესიული კოლეჯები არც ისე პოპულარულია ახალგაზრდებში, ყოველ შემთხვევაში, ჩემ ირგვლივ ყველას უმაღლესი სასწავლებლისკენ უჭირავს თვალი. ჩემთვის კი, ამ ერთმა წელმა, რაც კოლეჯში ვსწავლობ, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე, რაც ჩემი ლექტორის, ზვიად მამიაშვილის ძალიან საინტერესო ლექციების დამსახურებაა. ეს განწყობა, ფაქტობრივად, სწავლის დაწყების პირველივე დღეებიდან დამეუფლა. აქ დილიდან გვაქვს ლექციები, სკოლაში, XI-XII-კლასელებს, მეორე ცვლაში გვიტარდება გაკვეთილები. დაძაბული რეჟიმია, მაგრამ ორივეგან ხელშეწყობა მაქვს, ლექციები საინტერესოა და მიხარია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამას წინათ ახლობელმა რჩევა მკითხა და მასაც იგივე ვუთხარი – კოლეჯი უკეთესი არჩევანია. არც დისტანციურ სწავლებას შეუშლია ხელი, თეორიულს ონლაინ გავდიოდით, პრაქტიკული სამუშაოც ბევრი გვაქვს და კოლეჯში სრულფასოვნად გავდივართ.
ჩემს სპეციალობას – ინფორმაციის ტექნოლოგიების მხარდაჭერა – ბევრი განხრა აქვს: გრაფიკული, სერვისების ქსელები, უსაფრთხოება, პროგრამების წერა. ზოგადად, ყველა ეს განხრა შევისწავლე, ვფიქრობ, კარგად, უფრო ზუსტად ეს სწავლის დასასრულს გამოჩნდება, მგონი ნოემბრის ბოლოსთვის, როცა პრაქტიკული სამუშაოები გვექნება იმ კომპანიებში, ვისთანაც ხელშეკრულება აქვს კოლეჯს. რაც შეეხება სწავლის გაგრძელებას, ვფიქრობ, უნივერსიტეტის დიპლომი მეტი პრივილეგიაა კარიერული წინსვლისთვის, ამიტომ გადავწყვიტე, სწავლა სერვერების ქსელების ფაკულტეტზე გავაგრძელო უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა ეს განხრა კოლეჯშიც ისწავლება.“
ლადოსაც, საბოლოო შეფასება ჯერ წინ აქვს და ამისთვის ყოველდღიურად ემზადება. როგორც ჩანს, არც ისე იოლია ამ ფაკულტეტზე სწავლა – 20-დან მხოლოდ 7 სტუდენტი მივიდა ფინიშამდე. ზოგმა ვერ დაძლია პროგრამა, ზოგს აღარ დააინტერესა. დარჩნენ ისინი, ვინც ამ პროფესიაში იპოვა საკუთარი მოწოდება და ვინც „გულმონდომილი და მოწადინებული მივიდა ცოდნის კარამდისა“.
წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს.
ანა ფირცხალაიშვილი