24 ნოემბერი, კვირა, 2024

მე, როგორც სპეციალური მასწავლებელი, ვისურვებდი, სკოლა გახდეს ინკლუზიური

spot_img

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2022-ის საუკეთესო ათეულის წევრი სოფიო ძიგრაშვილი სპეციალური მასწავლებელია, რომელიც ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში 2019 წლიდან მუშაობს, თუმცა, როგორც თავად გვიყვება, მანამდეც მისი საქმიანობა სსსმ მოსწავლეებს უკავშირდებოდა – ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს ასწავლიდა. როგორია გამორჩეული სპეცმასწავლებლის პროფესიული გზა და ის მიდგომები, რომელმაც ჯილდოს ჟიურის ყურადღება მიიქცია, ვეცადეთ მასთან ინტერვიუში მოგვექცია და მისი პროფესიული პორტრეტიდან მკითხველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შტრიხები შეგვეთავაზებინა.

პროფესიაში შესვლის წინაპირობა

 სპეციალურ მასწავლებლად მუშაობა 2019 წელს დავიწყე, ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში. 2008 წლიდან ვთანამშრომლობდი სკოლებთან სსსმ მოსწავლეების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად (არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების ფორმატით, სოციალური მუშაკის პოზიციაზე), ვასწავლიდი ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს.

არ დამავიწყდება ჩემი მოსწავლის სიხარულისა და სიამაყის განცდა, როდესაც 12 წლის ასაკში შეძლო საკუთარი სახელისა და გვარის დაწერა/წაკითხვა, ქუჩაში აბრებზე დატანილი ინფორმაციის ამოკითხვა. მას არ ჰქონდა სკოლაში სიარულის გამოცდილება. დავიწყეთ ზრუნვა არასრულწლოვნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხად, რაც მარტივი არ გამოდგა. სკოლაში ჩარიცხვის შემდეგ, გართულდა საგაკვეთილო პროცესში ბავშვის ჩართულობა, თანაკლასელებთან კომუნიკაციის სირთულეები წარმოიშვა, საგნის მასწავლებელთა დამოკიდებულება/სწავლების სტრატეგიები გაუმჯობესებას საჭიროებდა. სწორედ ამ დღიდან დავიწყე ფიქრი, თუ სკოლას ეყოლებოდა კადრი, რომელიც შეძლებდა დახმარებოდა მოსწავლეებს სწავლების ხარისხის, სოციალური უნარების გაუმჯობესებაში, ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში, სასკოლო კლიმატის გაჯანსაღებაში, დაეხმარებოდა საგნის მასწვალებლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, სათანადო სწავლების მეთოდების გაცნობით, დამატებითი რესუსრების შექმნით, მართებული სწავლების სტრატეგიის გამომუშავებით, საგანმანათლებლო დაწესებულება შეძლებდა ყველა მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი და შესაძლებლებლობებზე მორგებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას.

ეს იყო მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე, დამეწყო მუშაობა სპეციალურ მასწავლებლად და ჩემი გამოცდილება/ცოდნა გამეზიარებინა.

გამოწვევები

მასწავლებლად მუშაობის 4-წლიანი გამოცდილება მაქვს. მუშაობის დაწყების შემდეგ ნათლად დავინახე მოსწავლეების საჭიროებები და საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგების გაძლიერების აუცილებლობა ინკლუზიური განათლების მიმართულებით. საგნის პედაგოგთა ნაწილი არ ფლობს დაზუსტებულ ინფორმაციას ინკლუზიური განათლების შესახებ, ბავშვთა განვითარების დარღვევებისა და სათანადო სწავლების სტრატეგიების თაობაზე. სამწუხაროდ, იკვეთება დისკრიმინაციის ფაქტები სსსმ მოსწავლეებთან მიმართებით, რაც აფერხებს მათი ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებას, აქრობს მოტივაციას, იწვევს მოსწავლეთა აგრესიას ან სრულ პასიურობას. შესაბამისად, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სსსმ მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვა მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მორგებული აქტივობისა და რესურსის შემუშავება.

ცალკე გამოვყოფდი მშობლებთან კომუნიკაციის ნაკლებობას. მშობლები საჭიროებენ ინფორმირებას მათი შვილების უფლებების, შესაძლებლობების, სკოლაში არსებული სერვისების გაცნობის კუთხით. მშობლების ჩართულობითა და აქტიურობით უკეთესი შედეგი მიიღწევა.

სპეცმასწავლებლის უმნიშვნელოვანესი მოვალეობა

 სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვალეობად მიმაჩნია, იზრუნოს სასკოლო თუ სათემო სივრცეში მოქალაქეობრივი ღირებულებების განმტკიცების, ბავშვთა უფლებების დაცვის, განსხვავებულობისადმი ჯანსაღი მიმღებლობის უნარის განვითარებისთვის; საკუთარი ქცევით, დამოკიდებულებით, ღირებულებებითა და ურთიერთობებით იქცეს სხვებისთვის მაგალითად. ჩემი აზრით, სკოლა სამი მნიშვნელოვანი რგოლის: მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჯანსაღი თანამშრომლობის შედეგად ხდება წარმატებული, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების ხარისხიანი განათლების მიღებას, არასრულწლოვანთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებას, სასკოლო საზოგადოებისა და თემის განვითარებას. სწორედ ამიტომ, ჩემი მუშაობა წარვმართე არა მარტო მოსწავლეებთან, არამედ მასწავლებლებთან და მშობლებთან.

სასკოლო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით, დავგეგმე და განვახორციელე შეხვედრები მოსწავლეების ჯგუფთან (თემა: ძალადობა, სტიგმა, ბავშვთა უფლებები, ჯასაღი კომუნიკაცია და ა.შ.), პედაგოგებთან (თემა: ინკლუზიური განათლების არსი, განვითარების დარღვევები, სასწავლო მეთოდები, ტერმინების მართებულად გამოყენება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დანერგვა, კომპლექსური დავალების ადაპტირება და ა.შ.) და მშობლებთან. სკოლაში ჩამოვაყალიბე მშობელთა კლუბი. კლუბის ფარგლებში, მშობლებთან განვახორციელე შეხვედრები თემაზე: ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები, ბრაზისა და ემოციის მართვა, პოზიტიური მშობლობის არსი, ძალადობა და პრევენციის გზები, დასჯა და დისციპლინა და ა.შ.

მსგავსმა დამოკიდებულებამ გააუმჯობესა მოსწავლეების ჩართულობის ხარისხი საგაკვეთილო აქტივობებში, კომუნიკაციის უნარები, ემპათიის გრძნობა; ხელი შეუწყო ჯანსაღი ღირებულებების/დამოკიდებულების ჩამოყალიბებას არა მარტო სასკოლო საზოგადოების, არამედ თემის წევრებს შორის.

 პედაგოგიური გამოცდილებიდან – როცა კლასში სსსმ მოსწავლეა

სსსმ მოსწავლესთან საგანმანათლებლო მუშაობა სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია, განსხვავებული, ვიდრე გაკვეთილ,. ხშირად ინდივიდუალური. მუშაობის დაწყებამდე ვახორციელებ არასრულწლოვნის ინდივიდუალური შესაძლებლობების შეფასებას არა მარტო აკადემიური უნარების, არამედ შემეცნებითი, ფუნქციური, ემოციური სფეროს მიმართულებით. ვახდენ მოსწავლის ინტერესების გამოკვეთას, მიღებული ინფორმაციის შეჯამებას და სწავლების სათანადო სტრატეგიის შერჩევას. სასწავლო სტრატეგიები დაფუძნებულია მულტიმოდალური სწავლებისა და უნივერსალური სასწავლო დიზაინის პრინციპებზე. კერძოდ: ახალი მასალის წარდგენის დროს ვიყენებ ახსნის ყველა შესაძლო გზას, რომელიც მოიცავს მხედველობის, სმენის, კანის შეგრძნებების სისტემების, ანუ მგრძნობელობის ყველა არხის გააქტიურებას. მასალის ახსნას ვახორციელებ ვიზუალური მინიშნებების, ილუსტრაციების, საკომუნიკაციო ბარათების, ფოტოების, ცხრილების, პოსტერების, ილუსტრირებული წიგნების, ხელის თოჯინის, აუდიო/ვიდეომასალის გამოყენებით. ვქმნი ელექტრო ან ხელნაკეთ რესურსებს მოსწავლის შესაძლებლობებისა და საჭიროების გათვალისწინებით; მოსწავლეებს ვთავაზობ ცოდნის გამოხატვის მრავალფეროვან გზას: დახატონ, გამოძერწონ, შექმნან პლაკატი, დაასრულონ ამბავი, ინფორმაცია თხრობით გადმოსცენ, მონაწილეობა მიიღონ თამაშში, იმღერონ, სხეულის ენით გადმოსცენ საკუთარი ცოდნა. ბავშვს ვაძლევ საშუალებას, ჩაერთოს მისთვის საინტერესო თემების განხილვაში. სასწავლო პროცესის დაწყებამდე, წინასწარ, ვახდენ სამეცადინო სივრცის ორგანიზებას, პროცესის დაგეგმვას, თანმიმდევრობის დაცვას აქტივობების განხორციელების დროს. ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლამ გამოწვევების წინაშე დააყენა როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები, განსაკუთრებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები, რომელთა ნაწილი არ ფლობდა ტექნიკურ უნარებს, არ იცოდა როგორ გამოეყენებინა კომპიუტერი გაკვეთილზე დასწრების მიზნით. ნაწილს არ ჰყოფნიდა ნებელობა. გავმართეთ მშობლებთან ინტენსიური შეხვედრები, ვასწავლეთ, როგორ დასწრებოდა მოსწავლე გაკვეთილს. იყო შემთხვევები, ამობეჭდილ მასალას ვაწვდიდით მშობელს და სათანადო რეკომენდაციებით ვააქტიურებდით ბავშვს. გარდა აღნიშნულისა, დავიწყე მოძიება და მოსწავლის შესაძლებლობების მიხედვით, კოლეგებთან ერთად, შევქმენი ონლაინ რესურსები, რაც მეხმარებოდა საინტერესო გამეხადა გაკვეთილები და გამეზარდა მოსწავლის მოტივაცია.

სსსმ მოსწავლის შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საგნის პედაგოგებისა და სპეციალური მასწავლებლის თანამშრომლობაზე. მოსწავლის სასწავლო შედეგის განსაზღვრას სწორედ საგნის მასწავლებლებთან თანამშრომლობით ვახორციელებ. ჩემთვის, როგორც სპეცილური მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რა ცოდნა დააგროვა მოსწავლემ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, არამედ როგორ იყენებს მას ფუნქციურად, ხორციელდება თუ არა ცოდნის ტრანსფერი; მათემატიკური უნარების გაუმჯობესების შემდეგ შეუძლია თუ არა სავაჭრო ობიექტში მისთვის საჭირო ნივთების შეძენა. აღნიშნულის შეფასებას ვახორციელებ როლური თამაშების გამოყენებით ან კონკრეტულ სავაჭრო დაწესებულებაში მოსწავლესთან ერთად ვიზიტით. უპირატესობას ვანიჭებ განმავითარებელ შეფასებას, როგორც გზას იმის დასადგენად, რა შეეძლო მოსწავლეს გუშინ, რა შეუძლია დღეს, რა მოლოდინები იკვეთება სასწავლო შედეგების გაუმჯობესების კუთხით. ჩემი აზრით, განმავითარებელი შეფასება ორიენტირებულია ძლიერი მხარეების წარმოჩენაზე, რაც ზრდის მოსწავლის მოტივაციას.

მთავარი გამოწვევა და საჭიროება 

სპეციალურმა მასწავლებლებმა უფრო მეტად უნდა ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების, კარგად გავაანალიზოთ, რა ფუნქცია-მოვალეობები გვაკისრია, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ჩაართულობა სასკოლო კლიმატის გაუმჯობესების, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. სპეციალური მასწავლებლის სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მუდმივად ვსაჭიროებთ პროფესიულ განვითარებას და მხარდაჭერას ჩვენი მოვალეობების განხორციელების დროს.

მნიშვნელოვანია, ერთად ვირწმუნოთ, რომ შევძლებთ, განვვითარდებით, მივაღწევთ დასახულ მიზანს. სპეციალური მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეების ირგვლივ არსებობდეს მხარდამჭერი გუნდი: დირექციის, საგნის პედაგოგების, მშობლების, ფსიქოლოგებისა თუ სხვა დამხმარე სპეციალისტების სახით, რადგან ერთობლივი მუშაობითაა შესაძლებელი, უკეთესი გახადონ ბავშვების მომავალი. 

მასწავლებლობა ნიშნავს

პასუხისმგებლობას ჩემი მოსწავლეების, მათი ოჯახების, ქვეყნის წინაშე; თავდაუზოგავ მუშაობას ბავშვების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად; ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, სადაც ყველა მოსწავლეს აქვს განვითარების, საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენის, ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან ურთიერთობისას იზრდები, როგორც პიროვნება, გიჩნდება მოტივაცია და თავს ვალდებულად თვლი შეცვალო გარემო, შექმნა სივრცე, სადაც ყველა თანასწორია, განურჩევლად შესაძლებლობისა.

დღევანდელი გადმოსახედიდან

გზა დღემდე იყო ძალიან საინტერესო, გამოწვევებით სავსე. მიხარია, როდესაც ვხედავ ჩემი შრომის შედეგებს – მოსწავლეებს, რომლებსაც უხარიათ სკოლაში მოსვლა, მასწავლებლებს, რომლებიც მართებული ღირებულებებით, კომპეტენციით, მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით წარმართავენ საგაკვეთილო პროცესს, მშობლებს, რომლებიც ხალისით ურთიერთობენ სკოლასთან, გვეკითხებიან, გვისმენენ, გვიზიარებენ, ითხოვენ და კმაყოფილები არიან! თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, დღეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ვიდრე კარიერის დასაწყისში.

სასურველი სკოლა 

მე, როგორც სპეციალური მასწავლებელი, ვისურვებდი, სკოლა გახდეს ინკლუზიური. სამწუხაროდ, ინკლუზიას მოიაზრებენ, როგორც საგანმანათლებლო მიდგომას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის, არადა, ინკლუზიური განათლება ნიშნავს თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს ყველა ბავშვისთვის. ინკლუზია განათლების უფლებაზე დაფუძნებული მიდგომაა. განათლება, როგორც ხელმისაწვდომობის, თანამონაწილეობისა და მიღწევის უფლება. ინკლუზიური განათლება უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიღებას ყველასთვის. შესაბამისიად, ამ პრინციპის დაცვით, უნდა დაიგეგმოს და ჩატარდეს გაკვეთილები, ფორმალური თუ არაფორმალური განათლების მისაღებად საჭირო აქტივობები, რაც შედეგად მოგვცემს: გაუმჯობესებულ სასკოლო კლიმატს, გაზიარებულ პასუხისმგებლობას – მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს შორის, სტიგმისა და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოს, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას ყველა ბავშვისთვის. შესაძლებლობებზე მორგებული მრავალფროვანი აქტივობებით დატვირთულ საგაკვეთილო პროცესს, მოსწავლის მომზადებას დამოუკიდებელი ფუნქციონირებისათვის.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

ვფიქრობ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო სპეციალური მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაში დამეხმარება, მომცემს საშუალებას, კიდევ ერთხელ ვანახოთ ყველა დაინტერესებულ პირს თუ რა საქმიანობას ვახორციელებთ სპეციალური მასწავლებლები; რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი როლი სასკოლო კულტურის განვითარების, არადისკრიმინაციული, მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული სასწავლო პროცესის დანერგვის ხელშესაწყობად. კიდევ ერთხელ ვეტყვით სასკოლო საზოგადოებს, რომ ინკლუზიური განათლება არ მოიაზრებს საგანმანათლებლო მიდგომას მხოლოდ სსსმ მოსწავლეებისთვის, არამედ ინკლუზიური განათლება უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას ყველა მოსწავლისთვის. უფრო მეტ ადამიანს მივაწვდენთ ხმას, რომ განსხვავებულობა არის ნორმა, რომ ბარიერებს ჩვენ, ადამიანები, ვქმნით. ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბება სკოლიდან იწყება. ეფუძნება მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების ჯანსაღ ღირებულებებს. გავუზიარებ ყველას ჩემს გამოცდილებას და ვეტყვი, რომ ერთობით მეტი შეგვიძლია.

ავტოპორტრეტი

მე ვარ მასწავლებელი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლის უფლების დაცვა, განურჩევლად მათი შესაძლებლობისა და აკადემიური მოსწრებისა. ვცდილობ დავეხმარო ბავშვს, მასწავლებელს, მშობელს, რომ სკოლა გავხადოთ ის ადგილი, სადაც არა მარტო ხარისხიან განათლებას მიიღებენ ბავშვები, არამედ აღიზრდებიან ჯანსაღი ღირებულებებით, დაეუფლებიან დამოუკიდებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო უნარებს.

 ესაუბრა ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები