მაკა ხელაძე
თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2021-ის საუკეთესო ათეულის წევრი
მეთოდმა „მე – კალამი“ ჩემს პრაქტიკაში ძალიან კარგად და სასარგებლოდ იმუშავა, კონკრეტულად, დამეხმარა მოსწავლეებში მეტყველების განვითარების კუთხით მუშაობაში, ფანტაზიის უნარის გაზრდაში, გაწაფვაში. მოსწავლეები კარგად ართმევდნენ თავს წინადადების აგებას, ამბის აწყობას და ტექსტის შედგენის პრინციპს, მაგალითად, რომ ტექსტი, ამბავი ჯერ უნდა დაიწყოს, შემდეგ განვითარდეს რაღაც მოვლენამდე და უნდა ჰქონდეს კონკრეტული ფინალი.
მოსწავლეებს ეს კონკრეტული მეთოდი ეხმარება, რომ გამოიმუშაონ ფანტაზიის, ანალიტიკური აზროვნების უნარები, გახდნენ უფრო საინტერესოები, კრეატიულები, უფრო შემოქმედებითები, ააგონ რამდენიმესიტყვიანი წინადადება, დააკვირდნენ, მაგალითად, როგორ უნდა ჩაიწეროს ეს წინადადება და ამის პრაქტიკული გამოცდილება ვიზუალური ხედვით მიიღონ. მათ უჩნდებათ განცდა, რომ ისინი თავად კითხულობენ თავისუფლად ამ ტექსტებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის რეალურად ასე, ბავშვი თავისთავად არ კითხულობს ამ ტექსტს დამოუკიდებლად, რადგან ეს წინასაანბანო პერიოდში ხდება. ჩვენ ბავშვებს ვაჩვევთ ტექსტის მთლიანობაში აღქმას. აქვე შეიძლება ჩართული იყოს მთლიან სიტყვათა მეთოდი, რომელიც გვაძლევს საშუალებას და ბავშვებს უჩენს განცდას, რომ ისინი უკვე კითხულობენ თითოეულ სიტყვას და უკვე კარგად ცნობენ ასო-ბგერებს, ახდენენ მათ სინთეზს და შემდეგ სიტყვის წარმოთქმას. ამ მეთოდის ძლიერ მხარედ სწორედ ეს საკითხები შეიძლება დავასახელოთ.
მეთოდის „მე — კალამი“ მიზანია ბავშვის ფანტაზიის გაწაფვა, წინადადების აგება, სიუჟეტის აწყობა და შემდეგ მოცემული ტექსტის ილუსტრირება. თემა, ცხადია, მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შევარჩიოთ. შესაძლებელია, ეს იყოს: საყვარელი სათამაშო, უბრალოდ, სასკოლო ნივთი ან ირგვლივ, ჩვენს ფერად სამყაროში არსებული ნებისმიერი საგანი. ამით მოსწავლეებს წერა გაუადვილდებათ და მათი ფანტაზია განსაკუთრებით მრავალფეროვანი იქნება.
მასწავლებელი ასრულებს კალმის ფუნქციას, დაფაზე აკრავს ე.წ. ფლიპჩარტს, ანუ სუფთა ქაღალდს, რომელიც იქნება დახაზული, რომ წერის დროს მან ხაზის სისწორე დაიცვას და ბავშვებმა კარგად, მკაფიოდ დაინახონ ყველა ასო-ბგერა, მათი მოხაზულობა, მდებარეობა ხაზზე. თითო მოსწავლე თითო წინადადებას კარნახობს მასწავლებელს, ანუ ერთი მოსწავლე – ერთ წინადადებას, შემდეგ, ლოგიკური ბმით – მეორე მოსწავლე და ასე გრძელდება, სანამ ტექსტი არ მიიღებს სრულყოფილ ფორმას.
თუ კლასში ბევრი მოსწავლეა და ბევრი წინადადების დაწერა მოგვიწევს, შეგვიძლია, ბავშვები ჯგუფებად დავყოთ და ყველა ჯგუფს თავისი ინდივიდუალური პატარა დავალება მივცეთ, მაგალითად, ერთმა საყვარელ სათამაშოზე დაწეროს, მეორემ – შინაურ ცხოველზე, მესამემ – თავისი არჩევანით, მაგალითად, წიგნი აალაპარაკოს და წიგნზე დაწეროს რაიმე მკაფიოდ.
შედგენილ ტექსტს აუცილებლად ვკითხულობთ ხმამაღლა, მკაფიოდ, შემდეგ ვკითხულობთ ერთობლივად, ანუ ბავშვებთან ერთად, ამის შემდეგ კი, მართული კითხვის მეთოდს ვიყენებთ, როდესაც ვკითხულობთ ერთ წინადადებას და ბავშვები იმეორებენ ჩვენ მიერ წაკითხულს. დაბოლოს, ბავშვები დამოუკიდებლად შეძლებენ ახალი ტექსტის წაკითხვას.
ამ მეთოდით შედგენილი ტექსტები კლასში თვალსაჩინო ადგილას მქონდა გაკრული. ბავშვებს ხშირად ვამეორებინებდი მათ მიერ შედგენილ საინტერესო ამბებს და ძალიან ხალისობდნენ. კითხვა სხვადასხვა მეთოდით მიმდინარეობდა, როგორც უკვე გითხარით — ხმამაღლა კითხვა, ერთობლივად კითხვა, კითხვა სინქრონში, ანუ მართული კითხვა, დამოუკიდებელი კითხვა და ეს ძალიან ახალისებდა პროცესს.
რადგან ასეთი ტექსტების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაგვიგროვდა, გადავწყვიტეთ დაგვერთო საინტერესო ილუსტრაციები, ცხადია, ბავშვების ხელით დახატული, ასე ვთქვათ, კლასის ამბები, აგვეკინძა და გამოგვეცა, ჩვენი კლასის სახელით. შეგვეძლო, წაგვეკითხა პარალელური კლასელებისთვის და ისინი პრეზენტაციაზე მოგვეწვია.
1. ვარჩევთ სურათს
2. მოსწავლეები მკარნახობენ წინადადებებს, მე ვწერ
3. დაწერილ ტექსტს ვკითხულობთ ერთობლივად
4. ვჭრით სიტყვებად და ვიხსენებთ აწყობისას ამ სიტყვების თანმიმდევრობას, ვადარებთ ნიმუშს