♦ მანანა ჯაყელი – „ახალი სკოლის მოდელის“ ისტორიის დანერგვის ექსპერტი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის თელავის №3 საჯარო სკოლის პედაგოგი
საგანმანათლებლო სივრცეში არაერთხელ დაწერილა 21-ე საუკუნის გამოწვევებზე და ამ მხრივ, ნამდვილად ვერ ვიქნები ორიგინალური, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მქონდა ჩემი სათქმელი. მოვიხსნი ყოველგვარ სტატუსს და ვისაუბრებ, როგორც ერთი რიგითი ისტორიის მასწავლებელი თელავიდან. ბავშვობიდან მომყვება ყოველივე ახლის მიმართ ინტერესი, „მაძიებლობა“. ალბათ, სწორედ ეს თვისებაა, რაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე მეხმარება, ვიპოვო საკუთარი თავი და ჩემებურად შევეჭიდო გამოწვევებს, რასაც მთავაზობს ჩემი პროფესია. 2000-იანი წლების დასაწყისს უკავშირდება ჩემი დაინტერესება ტექნოლოგიებით, ამ დროს გაჩნდა პირველი კომპიუტერი ჩვენს ოჯახში და მივხვდი, რომ ეს მოწყობილობა, სულ მალე, სხვა ყველაფერთან ერთად, სრულიად შეცვლიდა ჩემს მუშაობას, სასწავლო პროცესს.
არასოდეს მაშინებდა სიახლეები, პირიქით, ვეძებდი მათ, რადგან ეს სრულიად კანონზომიერი პროცესია. ამ საუკუნეს ინფორმაციული უწოდეს და მართლაც შეუძლებელია თავი გაართვა ასეთ მოზღვავებულ ინფორმაციას, თუ არ გაქვს მზაობა ამისათვის, თუ არ შეგიძლია, გაფილტრო ეს ინფორმაცია და მიიღო ის, რაც შენთვის საჭიროა. არასოდეს დამავიწყდება, როგორ შევისწავლე Microsoft Power Point პროგრამა და როგორ გადავდგი პირველი ნაბიჯები, როგორ მივიტანე ჩემს მოსწავლეებთან და როგორ ჩავატარე ისტორიის გაკვეთილი მისი გამოყენებით; მას შემდეგ დიდი დრო გავიდა… იყო ერთ-ერთი საინტერესო სასწავლო კურსი — პროექტებით სწავლება (Intel, ისტ მე-2 დონე), 2009 წელს, საცდელ ჯგუფში აღმოვჩნდი, ქალბატონ ლალი გიგაურის წყალობით და ამის შემდეგ, გულახდილად გეტყვით, საბოლოოდ მოვიწამლე ტექნოლოგიებით…
მაინტერესებდა როგორ იყენებდნენ სასწავლო პროცესში ტექნოლოგიებს ჩვენი უცხოელი კოლეგები. ამ დროს ჯერ არაფერი ვიცოდით იმ საერთაშორისო, გლობალურ საგანმანათლებლო პროგრამებსა თუ სივრცეებზე, დღეს ასე უხვად რომ სთავაზობენ პედაგოგებს. პირველი იყო eTwinning-ის პორტალი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქვეპროექტი, რომელშიც 2013 წელს აღმოვჩნდი, მაშინ, როდესაც საქართველო შეუერთდა ამ პორტალს. ასე გავხდი ევროპული გამოცდილების თანამოზიარე, ჩემს მოსწავლეებთან ერთად. ვმონაწილეობდით საერთაშორისო პროექტებში, შემდეგ მე თვითონ გავხდი, იტალიელ კოლეგასთან ერთად, საერთაშორისო პროექტის თანაავტორი და კიდევ უფრო მეტად დავინტერესდი. მე თვითონ დავიწყე ვებპორტალების ძებნა, სადაც შევძლებდი უფრო ღრმად შემესწავლა სხვადასხვა ვებინსტრუმენტები, რომლებსაც ისტორიის სწავლებაში გამოვიყენებდი და ვიპოვე კიდეც…
ევროპული აკადემია, europeanschoolnetacademy.eu, სადაც, 2016 წლიდან დღემდე, არაერთი საინტერესო დისტანციური კურსი გავიარე ტექნოლოგიების მიმართულებით, ევროპელ პედაგოგებთან ერთად. აქ იყო ის, რაც მართლაც საინტერესო და საჭირო იყო ჩემთვის. აქ მივიღე დისტანციური სწავლების გამოცდილება, იყო უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა, საოცარი ურთიერთობები, დატვირთული მოდულები და სერტიფიკატების მოპოვების საკმაოდ რთული პროცესი. გამოვყოფდი შემდეგ კურსებს:
ციფრული უნარების განვითარება საკლასო ოთახში
ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება
უსაფრთხოება ციფრულ სამყაროში
ევროპეანა შენს საკლასო ოთახში
ევროპული აკადემიის დისტანციური კურსები სრულიად უფასოა და ვურჩევდი პედაგოგებს ამ შესაძლებლობის გამოყენებას, ტექნოლოგიებით დაინტერესებას, კურსებს. ამ ყველაფერს, უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის ის მიზანი ჰქონდა, რომ ისტორიის სწავლა მოსწავლეებისთვის გამხდარიყო საინტერესო, სახალისო, გამეზარდა მათი მოტივაცია. რა თქმა უნდა, აქვე აღვნიშნავ, ტექნოლოგიები არ უნდა გახდეს თვითმიზანი, მათი გამოყენებით უნდა გამდიდრდეს და მრავალფეროვანი გახდეს სასწავლო პროცესი.
შემდეგ იყო მაიქროსოფტი და მისი გლობალური საგანმანათლებლო სივრცე. არ დავმალავ, აღფრთოვანებული ვარ ამ გიგანტის (Microsoft) მოქნილობით, კრეატიულობით, ინოვაციურობით. რა სისწრაფით ქმნის პროდუქტს, რომელიც ორიენტირებულია ყველანაირ მომხმარებელზე, ამ შემთხვევაში — სასწავლო პროცესზე. გავიარე ყველა საფეხური, 2016 წლიდან დღემდე, ვარ მაიქროსოფტის ინოვაციური ექსპერტი პედაგოგი, მასტერ ტრენერი, მიწვეული სპიკერი; ამ თემაზე საუბარი რომ არ გამიგრძელდეს, განსაკუთრებით გამოვყოფ მიწვეული პედაგოგის — სპიკერის სტატუსს (Guest Speaker), რომელიც მაიქროსოფტმა მომანიჭა რამდენიმე წლის წინ და რაც გულისხმობს, უცხოელი კოლეგების მიერ, სკაიპის, თიმსის საშუალებით ჩემს მიწვევას მათ საკლასო ოთახებში და ვირტუალურ მოგზაურობას ჩვენს თელავში და არა მხოლოდ ქართული კულტურის გაცნობას. მერწმუნეთ, დღემდე არ წყდება მოთხოვნა ჩემს სკაიპ-გაკვეთილებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აი, ასე მოგზაურობენ ტუნისელი, ფრანგი, სერბი, ესპანელი, ეგვიპტელი, ამერიკელი… მოსწავლეები საქრთველოში. ვფიქრობ, საუკეთესო საშუალებაა, ჩვენი კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციისათვის ასეთ გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში…
როგორც აღვნიშნე, ჩემი ტექნოლოგიებით დაინტერესების უმთავრესი მიზანი იყო მათი გამოყენება ისტორიის სწავლებაში. მინდოდა, ჩემს მოსწავლეებს ვირტუალურად ემოგზაურათ ცნობილ მუზეუმებში, არქივებში, ჩემი მითითებით გამოეყენებინათ ის უზარმაზარი რესურსი, რასაც სთავაზობს მათ ციფრული სამყარო; შეესწავლათ ახალი ვებინსტრუმენტები, რისი გამოყენებითაც თვითონ შექმნიდნენ საკუთარ რესურსს და არ დასჯერდებოდნენ მხოლოდ ჩემ მიერ წარმოდგენილს. ასევე, სულ უფრო მეტად და მეტად მსურდა ჩემი კოლეგებისათვის გამეცნო და შემეთავაზებინა ეს ყველაფერი, რათა მათაც მოესინჯათ, გასცნობოდნენ და გამოეყენებინათ თავიანთ საქმიანობაში. ერთ-ერთი საინტერესო ვებინსტრუმენტი, რომელიც აღმოვაჩინე ინტერნეტ სივრცეში და რომელმაც იმთავითვე მიიქცია ჩემი ყურადღება, გახლავთ https://storymaps.arcgis.com/ ეს იყო ის, რასაც შესანიშნავად გამოვიყენებდი ისტორიის სწავლებაში. არა მხოლოდ ისტორიის, ასევე, გეოგრაფიის და ზოგადად, ყველა საგნის მასწავლებელს შეუძლია მისი ინტეგრირება სასწავლო პროცესში, თუ მას აქვს სურვილი და ინტერესი ინოვაციების მიმართ. შედეგმაც არ დააყოვნა, შემოგთავაზებთ ნიმუშებს:
აქემენიანთა იმპერია
ბიზანტია – ახალი რომი
საქართველოს დამოუკიდებლობა
ამ ელექტონულ რესურსს, დღემდე, არაერთი პედაგოგი იყენებს, მათი გამოხმაურება ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ასე გავიტანე 2017 წელს, მე-5 ეროვნულ კონფერენციაზე ეს თემა — ახალი ვებინსტრუმენტები ისტორიის სწავლებაში. როდესაც შეჯამდა კონფერენციის შედეგები, გადაწყდა, რომ ეს ინსტრუმენტი აქტიურად დაინერგებოდა ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში, რასაც მოჰყვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ტრენინგები, აღნიშნული მიმართულებით. ვფიქრობ, ეს სერიოზული წარმატება იყო — ტექნოლოგიური ინოვაციები საგნის — ისტორიის სწავლებაში. ასეთ ძიებას და აღმოჩენებს კვლავ ვაგრძელებ… ალბათ სწორედ ჩემმა ასეთმა დამოკიდებულებამ ტექნოლოგიების მიმართ, გადამაწყვეტინა, მონაწილეობა მიმეღო „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ტექნოლოგიების მიმართულებით.
ასე დაიწყო კიდევ ერთი ახალი, საკმაოდ საინტერესო, დინამიური ეტაპი ჩემს ცხოვრებაში — ექსპერტი ტექნოლოგიების მიმართულებით განათლების სამინისტროს პროექტში — „ახალი სკოლის მოდელი“. ბევრი რამ დაიწერა, ბევრი რამ ითქვა ამ პროექტის შესახებ; ეს იყო მართლაც შესანიშნავი შესაძლებლობა ჩემს კოლეგებთან წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის, გამოცდილების გაზიარების არა ე.წ. ტრადიციული ტრენინგების სახით, არამედ მასწავლებლებთან უშუალო ურთიერთობით, მათთან თანადგომით. ტექნოლოგიების მიმართულებით, რა თქმა უნდა, იყო სერიოზული პრობლემები, გამოწვევები; გზადაგზა ჩნდებოდა ახალი იდეები, მატულობდა იმ პედაგოგთა რაოდენობა, ვინც ნელ-ნელა რწმუნდებოდა საკუთარ შესაძლებლობებში, ეს ადამიანები ერთგვარი მოტივატორები იყვნენ სხვებისთვისაც. პროექტის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი ვითარებისას, ვგულისხმობ პანდემიას, სრულიად ნათელი გახდა, თუ რა დროული კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული პროექტის დაწყება. აი, აქ თქვა პროექტმა თავისი სიტყვა, როდესაც განათლების სისტემა მთლიანად დისტანციურ რეჟიმში გადავიდა. ყველა ექსპერტი ტექნოლოგიების მიმართულებით ერთ მუშტად შეიკრა და მოხალისეობრივ საწყისებზე დახმარებას უწევდა ნებისმიერ მოსწავლეს, პედაგოგს, მშობელს; მათ შორის ვიყავი მეც და მეამაყება კიდეც, რომ ჩვენ ეს შევძელით. საქართველომ, მსოფლიო მასშტაბით, ვირტუალური განათლების სფეროში საუკეთესო შედეგი აჩვენა. სწორედ ამ დროს დავიწყე ინტენსიურად ვიდეოინსტრუქციების ჩაწერა პედაგოგების დასახმარებლად, რასაც ახლაც ვაგრძელებ. ვიდეოინსტრუქციები განთავსებულია ჩემს არხზე, YouTube პორტალზე.
ამჟამად უკვე ისტორიის მიმართულებით ვარ ჩართული ახალი სკოლის მოდელში და პედაგოგებს ახალი სტანდარტის დანერგვაში ვუწევ დახმარებას. რას ნიშნავს ეს პროექტი ჩემთვის? უპირველეს ყოვლისა, ჩემი გამოცდილების, შესაძლებლობების რეალიზებას, საკუთარ ძალებში რწმენას. კრიტიკოსები გააკრიტიკებენ (ისე, ჯანსაღ კრიტიკას რა სჯობს?!) პროექტს, მკვლევრები გამოიკვლევენ, საზოგადოებაში იქნება აზრთა სხვადასხვაობა… ერთი რამ ცხადია — ახალი სკოლის მოდელი მთელი ძალით ცდილობს სრულად შეცვალოს ქართული საგანმანათლებლო სივრცე, სკოლის საზოგადოება. პედაგოგებს მინდა მოვუწოდო, ირწმუნონ, რამდენად საპატიო და საამაყოა ამ პროცესში მონაწილეობა — შეცვალო ის, რაც არ მოგწონს, თავი დააღწიო დრომოჭმულ სტანდარტებს, გაარღვიო საკლასო ოთახის კედლები და გზა გაუხსნა მოსწავლეებს რეალურ ცხოვრებასთან შესახვედრად. მადლობა პროექტის ყველა მესვეურს! შესაძლოა ბევრი რამ დამრჩა სათქმელი, სხვა დროს იყოს. დაბოლოს, რჩევა ახალგაზრდა პედაგოგებს: იყავით მაძიებლები…