მეხსიერება, იაპონური და ის, რაც ამოძრავებს სამყაროს

1116

ვიდრე უშუალოდ თემაზე გადავიდოდეთ, მინდა, ჩემი და იაპონური ენის ისტორია მოგითხროთ. დიდი ხანია, რაც იაპონურის შესწავლა ოცნებად მქონდა ქცეული. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ უნივერსიტეტში შემეძლო, ეს ენა თავისუფალ საგნად ამერჩია. ასეც მოვიქეცი და დიდი ენთუზიაზმით შევუდექი ამ ულამაზესი ენის შესწავლას.

არ გამჭირვებია იაპონელების ორი ანბანის – ჰირაგანას და კატაკანას სწავლა, სიტყვებს კი განსაკუთრებით ადვილად ვიმახსოვრებდი, რადგან, როგორც ესპანურსა და იტალიურში, აქაც სილაბური შედგენილობის იყვნენ. მაგ.: ჰანა, იკებანა, მიდორი, ჰიმარი.  ვფიქრობდი, რომ ერთ დღეს მეც ისევე მეცოდინებოდა იაპონური, როგორც ჩემს სენსეის და ამისთვის ღამეებს ვათენებდი.

მაგრამ, შემდეგ იეროგლიფებზე გადავედით და იქ დაიწყო ჩემი ამაო მცდელობები. იეროგლიფები გარკვეული პერიოდი მამახსოვრდებოდა, მაგრამ შემდეგ ჩემი მეხსიერებიდან ისე იშლებოდა, როგორც არაფერი.

ლექსიკას და ჰირაგანას აღარ ვუთმობდი იმდენ ყურადღებას და მხოლოდ იეროგლიფებზე ვიყავი კონცენტრირებული. საბოლო ჯამში, ოთხასამდე იეროგლიფი ვისწავლე, თუმცა, ერთ დღესაც, სწორედ ამ იეროგლიფებმა ჩამაქნევინა ხელი იაპონურზე. ორი წლის შემდეგ, დიდი სინანულის მიუხედავად, საგანი აღარ ავირჩიე.

შემდეგ გავიგე, რომ ჩემს სენსეის ფოტოგრაფიული მახსოვრობა ჰქონდა, მე კი ამით არ გამოვირჩეოდი. ამიტომ, ჩემი ნასწავლი ოთხასი იეროგლიფი სიზიფეს შრომას უფრო ჰგავდა. ახლა ვფიქრობ, იეროგლიფების მაგივრად ჰირაგანა, კატაკანა და ლექსიკა რომ მესწავლა, ბევრად უფრო წინ წავიდოდი. დიახ, როგორც ჩანს, ასოციაციური მახსოვრობა უფრო მაქვს, ზოგიერთ იეროგლიფს კი, უბრალოდ, ვერაფერს ვადარებდი.

🔹 როდესაც მეხსიერებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ, როგორ ფორმირდება იგი – გარკვეულ ფაქტებსა და მოვლენებს აღვიქვამთ და ვამუშავებთ მუშა მეხსიერებაში და მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან ისინი ხანგრძლივ მეხსიერებაში.

🔹 როდესაც ინფორმაციას ვიხსენებთ, იგი ხანგრძლივი მეხსიერებიდან გამოგვაქვს, აღვადგენთ. თუმცა, ხდება მეხსიერების წაშლაც და გადაფარვაც – ადამიანს არ შეუძლია, დაიმახსოვროს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება, ასე, თითოეული დეტალის მუდმივი დამახსოვრებით, ცხოვრება შეუძლებელი გახდებოდა.

➡️🔹არსებობს მეხსიერების სამი ფორმა: დეკლარაციული (ინფორმაცია ფაქტებზე, მოვლენებზე), პროცედურული (ცოდნა იმისა, თუ როგორ შეასრულო ესა თუ ის მოქმედება ), პირობითი (თუ როდის უნდა შეასრულო მოქმედება ან მოქმედებათა კომბინაცია ), მაგ.: მანქანის ტარებისთვის სამივე ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია.

არსებობს როგორც ➡️ექსპლიციტური, ისე ➡️იმპლიციტური მეხსიერება. ერთი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი იხსენებს რა, სად, როდის და როგორ მოხდა, ხოლო იმპლიციტური მეხსიერება ისეთ კადრებს გულისხმობს, რომლებიც გაელვებასავით გვახსოვს, მაგრამ არ ვიცით სად, როდის ან როგორ მოხდა ესა თუ ის მოვლენა ან როდის ვნახეთ ესა თუ ის სურათი.

ამას ხშირად „დეჟა ვუსაც“ უწოდებენ, იმასაც კი ვარაუდობენ, რომ სურათი ან მოვლენა, რომელიც ასე გვეცნობა, წინა ცხოვრებაში ვნახეთ, თუმცა, აქ უფრო საქმე სწორედ იმპლიციტური სახის მეხსიერებასთან უნდა გვქონდეს.

იმისათვის, რომ ხანგრძლივ მეხსიერებაში ინფორმაცია დიდხანს შენარჩუნდეს, აუცილებელია მისი გამეორება, გახსენება, სხვა შემთხვევაში, ამ ინფორმაციის ეტაპობრივი ინტერფერენცია მოხდება – გადავიწყების, გადაფარვის პროცესი, რადგან 25 წლის შემდეგ ზოგიერთი ნეირონი უბრალოდ კვდება.

სხვადასხვა მეთოდებია შემუშავებული მეხსიერების გაუმჯობესებაზე, ანუ მნენონიკაზე. მოდი, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

 ➡️🔹პირველი: როგორც ამბობენ, ერთი ვიზუალური ხატი (სურათი, დიაგრამა, რუკა) მეხსიერებისთვის ას სიტყვას უდრის. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ინფორმაციის კოდირებას დიფერენცირებული სახით – ვიზუალურად ან ვერბალურად, ასევე, სმენით მივაწვდით.

სმენითი მეხსიერება პატარებში ხშირია – მეც და თქვენც გვინახავს, ხუთი წლის ბავშვი გალაკტიონის ლექსს ან „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ტაეპს ისე რომ მოგიყვება, ნახევარ მნიშვნელობასაც კი ვერ იგებს. ისინი მშობლებისგან, სმენით, სწავლობენ და ეს საუკეთესო მეთოდია ამ ასაკში ბავშვის განვითარებისთვის.

ვიზუალური და სმენითი მეხსიერებისთვის ზედგამოჭრილია დოკუმენტური ფილმები, ვიდეოლექციები, პრეზენტაციები, როლური თამაშები.

➡️🔹მეორე: ხშირად, ამა თუ იმ მასალის დამახსოვრება არც ისე სასიამოვნო პროცესია მოსწავლისთვის, ამიტომ, მოსალოდნელია, მან თავი აარიდოს ამ საქმეს. ამიტომ, შეგვიძლია, ჩავრთოთ ბიჰევიორიზმის პრინციპი – ჯილდო ამა თუ იმ მოქმედების შესრულების სანაცვლოდ. ეს ჯილდო ბავშვმა, შესაძლოა, საკუთარ თავსაც დაუწესოს, მაგ.: „თუ დღეს ვისწავლი ქიმიის გაკვეთილს, შემდეგ მექნება თავისუფალი დრო და გავერთობი ჩემს მეგობართან. მაგრამ, ჩემს მეგობართან მხოლოდ მაშინ გავერთობი, თუ მანამდე ვისწავლი გაკვეთილს ქიმიაში“.

 ➡️🔹მესამე: დღეს უკვე არავინ დავობს, რომ ბავშვი, თავისი ჩართულობით, დამოუკიდებელი ან ჯგუფური მუშაობით უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე პასიური მსმენელის როლში. კონსტრუქტივისტული გაკვეთილიც სწორედ ამას ეფუძნება. ამიტომ, სჯობს, მან თვითონ მოიძიოს ესა თუ ის ინფორმაცია, იმუშაოს მის ორგანიზებაზე, თვითონ გახდეს გაკვეთილის მთავარი წამყვანი, მასწავლებელმა კი შუამდგომლის, დესპანის ფუნქცია შეასრულოს. სოციალურად, ჯგუფური აქტივობით მოპოვებული და კონსტრუირებული ცოდნა მის გონებაში გაცილებით დიდხანს დარჩება.

 ➡️🔹მეოთხე: აუცილებელია, ბავშვს აინტერესებდეს ის, რასაც სწავლობს და იმახსოვრებს. თუ საკუთარ ცოდნას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ წლების შემდეგ მხოლოდ ის ინფორმაცია დაგვამახსოვრდა, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, დანარჩენი კი  სხვას შეერია, წაიშალა ან დაილექა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი ახალი საკითხი, რომელიც ბავშვმა უნდა შეისწავლოს, მისთვის საინტერესო გავხადოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვალენტობა იქნება ეს, მსოფლიოს რუკაზე გზის გაკვლევა თუ მათემატიკური ფუნქცია.

უნდა დავინტერესდეთ იმით, რასაც ვასწავლით, რომ ბავშვებმა ეს დაინახონ და ისინი აუცილებლად გამოგვყვებიან – ინტერესი ქმნის და აცოცხლებს ბავშვის სამყაროს.

გისურვებთ წარმატებულ და შთაგონებით სავსე 2021 წელს.

მომავალ ბლოგამდე.

ნატალი აბესაძე – ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

დატოვეთ კომენტარი