ყოველდღიურად ხშირად გაიგონებთ სიტყვებს: კომუნიკაცია, ენა და მეტყველება. საინტერესოა გავმიჯნოთ რა განსხვავებაა ამ სამ ტერმინს შორის. არც თანმიმდევრობა არ მიმიჩნევია შემთხვევით, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
ახლა მოდი, განვმარტოთ რას გულისხმობს სიტყვა კომუნიკაცია. ეს არის, ვერბალური თუ არავერბალური გზით და საშუალებებით, ჩვენი აზრების, გრძნობების, მოთხოვნილებების, სურვილების გამოხატვა. ვერბალურში ვგულისხმობთ მეტყველების საშუალებით ზემოთ თქმულის გამოხატვას, ხოლო არავერბალური საშუალებები მოიცავს: ჩვენი სხეულის ენას, ჟესტებს, მიმიკებს, ბარათებით კომუნიკაციას, წერით კომუნიკაციას და ა.შ.
ენა სიტყვების და სიმბოლოების გამოყენებას გულისხმობს, რომელსაც მნიშვნელობები აქვს. მაგალითად, ჩვენი ანბანიც ხომ სიმბოლოთა სისტემაა, რომელთა კომბინაციები ქმნის გარკვეული მნიშვნელობის სიტყვას, ფრაზას ან წინადადებას.
მეტყველება კი გულისხმობს ენის გამოყენებას კომუნიკაციის მიზნით. მეტყველების დროს, ბგერების წარმოსათქმელად, ვიყენებთ ჩვენს საარტიკულაციო აპარატს – ხახას, ცხვირს, ენას, ტუჩებს, ყბებს, სასას. ანუ, რომ შევაჯამოთ, ენასაც და მეტყველებასაც ვიყენებთ კომუნიკაციის მიზნით. კომუნიკაცია არის ის მთავარი რგოლი, რომელიც აერთიანებს ენასაც, მეტყველებასაც და არავერბალურ კომუნიკაციასაც.
მაგრამ სანამ ბავშვი ადრეულ ასაკშია და, ჯერჯერობით, არ დაუწყია სრულფასოვნად საუბარი, როგორ ხერხდება ურთიერთობის დამყარება? ბავშვი ამას არავერბალური კომუნიკაციის საშუალებით ახერხებს, როგორიცაა ტირილი, თითის გაშვერა, გახედვა, თქვენი წაყვანა საგნამდე და ა.შ. მსგავსი ტიპის კომუნიკაციის ფორმას ის ბავშვებიც იყენებენ, რომლებიც, გარკვეული განვითარების მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებენ მეტყველებას.
დღეს მინდა ვისაუბრო წინარე უნარებზე, რომლებიც დაგვეხმარება ბავშვების საკომუნიკაციო უნარების გასავარჯიშებლად და მეტყველების მზაობისთვის. ესენია: ხმოვან, ვიზუალურ და შეხებით სტიმულებზე რეაგირება, იმიტაციის უნარი, გაზიარებული ყურადღება გარშემომყოფებთან, ვოკალიზაციების გაძლიერება-გამრავალფეროვნება და ერთობლივი თამაშის უნარი.
1. გარშემო არსებულ ხმოვან, ვიზუალურ და ტაქტილურ სტიმულებზე რეაგირება – მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა შეამჩნიონ და აღიქვან მათ გარშემო არსებული ხმოვანი, მანათობელა, სხვადასხვა ზედაპირის და შეხების მქონე საგნები. გაიხსენეთ, როგორ ეთამაშებოდით თქვენს შვილს, სანამ ის წლის გახდებოდა. ალბათ, იყენებდით ზარებს, საჭყიპინო, საჭრაჭუნო სათამაშოებს. ვიზუალური სტიმულაციისთვის კი იყენებდით მანათობელა, ტრიალა, სხვადასხვა ფერის და ფორმის სათამაშოებს.
აქტივობები ხმოვანი, ვიზუალური და შეხებით სტიმულების გამოყენებით
1.1. ითამაშეთ ხმაურიანი თამაშები. გამოიყენეთ შესაბამისი ტიპის, ხმაურის გამომწვევი სათამაშოები, მაგ.: ზარები, ჭრაჭუნა ქაღალდი, მუსიკალური და/ან საჭყიპინო სათამაშოები, დოლი და ა.შ.;
1.2. დაუძახეთ თქვენთან ზურგით მდგომ ბავშვს და უჩურჩულეთ რაიმე ყურში;
1.3. თამაშის დროს გამოიყენეთ სხვადასხვა ინტენსივობის გამღიზიანებლები, მაგ.: სხვადასხვა სიკაშკაშის, შეფერილობის სათამაშოები;
1.4. დაბანის დროს ნაზად მიასხურეთ წყლის წვეთები სახეზე, თავზე ან გვერდიდან და დააკვირდით ბავშვის რეაქციას, მიაბრუნებს თუ არა თავს შხეფების მიმართულებით;
1.5. შეახეთ ბავშვს თბილი და გრილი საკვები, მონაცვლეობით, მაგ.: ბოთლი შემთბარი რძით, საკუთარი შარვალი, რომელიც ეს-ესაა ჩამოხსენით სარეცხის თოკიდან, გრილი ხელისგული/თითები…
2. შემდეგი წინარე უნარი – იმიტაციის უნარი, რომელიც გულისხმობს იმ ქმედების, სახის მიმიკის ან ბგერის გამეორებას ბავშვის მიერ, რაც თქვენ გააკეთეთ. ეს შეიძლება იყოს დაკაკუნება, ტაშის დაკვრა, წამღერება, ცეკვის მოძრაობები და ა.შ.
აქტივობები იმიტაციის უნარის გასავითარებლად
2.1. იმღერეთ ერთად საბავშვო სიმღერები და თან იცეკვეთ/იმოძრავეთ. წაახალისეთ ბავშვი, გაიმეოროს თქვენი მოძრაობები;
2.2. აიყოლიეთ ბავშვი ინტერაქტიულ თამაშებში, მაგ.: ერთად ააშენეთ კოშკი კუბებისგან. ამ დროს, დაიცავით რიგი, მონაცვლეობით დადეთ თითო-თითო კუბი;
2.3. აჩვენეთ სხვადასხვა სპონტანური მოქმედებები (მაგ.: ჰაეროვანი კოცნის გაგზავნა, დაკაკუნება, ხელის დაქნევა…) ან მოხმარება (მაგ.: პირის მოწმენდა, სავარცხლის გამოყენება…). წაახალისეთ ბავშვი, გაიმეოროს თქვენ მიერ ნაჩვენები ქმედება.
3. გაზიარებული ყურადღება – გულისხმობს უნარს, რომ თქვენ და თქვენი პატარა ერთობლივად დაინტერესდეთ საგნებით. მაგალითად, პატარამ მიგითითოთ რაიმე საგანზე ან პირზე და თქვენ საუბარი დაუწყოთ ამ საგნის ან პირის შესახებ. გაუზიაროთ ყურადღება ერთმანეთს რაიმეს შესახებ.
აქტივობები გაზიარებული ყურადღების გასავითარებლად
3.1. ათვალიერეთ თქვენ გარშემო მოსეირნე ხალხი, მოძრავი ტრანსპორტი, შენობები, ცხოველები. მიუთითეთ მათზე ბავშვს და წაახალისეთ, მანაც შეხედოს ამ ობიექტებს;
3.2. გააყოლეთ მზერა რას უყურებს თქვენი პატარა, რითი ინტერესდება და თქვენც დაუწყეთ ყურება, გააკეთეთ კომენტარები ამ საგნის მიმართ. მაგალითად, თქვენი პატარა უყურებს წყლის ჭიქას, შეხედეთ ჭიქას, დაადეთ თითი და თქვით – წითელი ჭიქა, ლამაზი ჭიქაა, წყალი ასხია ნეტავ?
3.3. აიღეთ ბავშვისათვის საყვარელი და საინტერესო სათამაშოები, მოათავსეთ თაროზე, სადაც ჩვეულებრივ ინახავთ მათ. როდესაც ბავშვი მოინდომებს თამაშს, გაიხედეთ თაროს მიმართულებით და დააკვირდით მის რეაქციას, გააყოლებს თუ არა თვალს თქვენს მზერას. თან ესაუბრეთ, ჰკითხეთ: „აბა, სად არის ჩვენი ბურთი?“
4. ვოკალიზაციების გაძლიერება და გამრავალფეროვნება სხვადასხვა რუტინული აქტივობების დროს – გულისხმობს ბავშვის მიერ ხმების გამოცემას, ღუღუნს, ტიტინს და სხვადასხვა ბგერათა კომბინაციების წარმოთქმას სხვადასხვა ემოციის, მოქმედების, სურვილის ან დამოკიდებულების გამოსახატად.
აქტივობები, რომელიც დაგეხმარებათ ვოკალიზაციების გაძლიერებაში
4.1. მოუსმინეთ ბავშვის ღუღუნს/ტიტინს და ეცადეთ, თქვენც აჰყვეთ;
4.2. გამოიყენეთ თანხმოვანი-ხმოვანის კომბინაციით შედგენილი მარტივი მარცვლები, ბავშვთან ურთიერთობის დროს, მაგ.: „პი-პიიპ“, „ბახ“, „ვაიიი“ და ა.შ. გამოიყენეთ მსგავსი შეძახილები შესაბამისი კონტექსტით;
4.3. თამაშის დროს გამოიყენეთ ცხოველთა იმიტაცია, მანქანის გახმოვანება – „პიპი“, რაიმეს ძირს დავარდნის დროს – „ბრახ ბრახ“, წვიმის დროს – „წკაპ წკუპ“, წყლის მოშვების დროს – „შშშ“ და ა.შ. ეცადეთ, გარშემო ყველაფერი მარტივ ბგერებად აქციოთ;
4.4. დააკვირდით, რომელ ბგერებს ანიჭებს უპირატესობას ბავშვი და ეს ბგერები მრავალფეროვნად მიაწოდეთ, მაგალითად, თქვენი პატარა ხშირად იყენებს – დი-დი დი. გაიმეორეთ თქვენც და დაამატეთ – დუ-დუ, და-და, დე-დე.
5. ერთობლივი თამაშის უნარი – გულისხმობს სათამაშოების და ყურადღების გაზიარებას სხვასთან და თამაშის პროცესში მასთან კომუნიკაციის დამყარებას.
5.1. წაახალისეთ ისეთი აქტივობები, რომელიც რამდენიმე ადამიანის ჩართვას მოითხოვს და მარტო ვერ ითამაშებ, მაგ.: დიდი ფაზლის აწყობა ან მაღალი კოშკის აგება კუბებისგან, ბურთის გადაგდება და დაჭერა;
5.2. თამაშის დროს პერიოდულად შეჩერდით და დააკვირდით, გააპროტესტებს თუ არა ბავშვი თქვენს გამოთიშვას თამაშიდან. „ჭიტა-ჭიტას“ თამაშის დროს, უცებ გაჩერდით და აღარ მიიფაროთ ხელები სახეზე, დაელოდეთ ბავშვის რეაქციას;
5.3. გამოეხმაურეთ ბავშვის მცდელობას გამოგიწვიოთ რაიმე ტიპის კომუნიკაციის/ურთიერთობის მიზნით, მაგალითად, მოგიტანათ წიგნი დასათვალიერებლად.
სტატია მოამზადა ადრეული განვითარების სპეციალისტმა, განათლების ფსიქოლოგმა
სოფიო მელაძემ