ნათელა მაღლაკელიძე
პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
წერილი მესამე
წინამდებარე სტატია წარმოადგენს ჩემს გამოხმაურებას თქვენი გაზეთის 24.11-ის ნომერში გამოქვეყნებულ წერილზე „გაამართლა თუ არა მოლოდინი ახალი სკოლის მოდელმა“. მე ამ კითხვაზე ცალსახა პასუხს გავცემ – არა! თუ რატომ, შევეცდები, დავასაბუთო.
პირადად ჩემთვის, როგორც განათლების დარგის ერთ-ერთი მუშაკისათვის, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა უშუალოდ ასოცირდება „ახალი სკოლის“ მოდელთან. თქვენს გაზეთშიც სამართლიანად არის აღნიშნული, რომ „სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დაიწყო ახალი სასწავლო გეგმის დანერგვა“. გამყოფი ხაზის გავლება მათ შორის პირადად ჩემთვის ძალზე ჭირს.
როგორც სტატიიდან ჩანს (სტატიაში კი გამოყოფილია მესამე თაობის ესგ-ის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები), ექსპერტთა ერთი ნაწილი მესამე თაობის ესგ-ს (და აქედან გამომდინარე, ალბათ „ახალი სკოლის“ მოდელსაც, რომელიც მასზეა მიბმული) დადებითად აფასებს, რადგანაც იგი თურმე „კონსტრუქტივიზმის პრინციპს“ ეყრდნობა. სწორი შენიშვნაა, მაგრამ აქ ისიც მინდა ვიკითხო: ესგ-ის წინა ორი რედაქცია არ ეყრდნობოდა ამ პრინციპს? მანამდე მასწავლებელს არ ევალებოდა იმისი გათვალისწინება, რომ ცოდნა მზა სახით არ უნდა გადავცეთ? ან არ იყო საჭირო სწავლისათვის მოსწავლეში სათანადო მოტივაციის აღძვრა, მისი კვლევაში ჩართვა, რეალური პრობლემის გადაჭრა?.. (საბჭოური პედაგოგიკიდან რატომღაც ე.წ. „განმავითარებელი“ და „პრობლემური“ სწავლება გამახსენდა. სოკრატეს ხსოვნას აღარ შევაწუხებ. აქაც კარგად დავიწყებულ ძველს ხომ არ მივტირით, ოღონდ ახალი ტერმინებით!) ჯერ კიდევ 100 წლის წინ დაინერგა საქართველოში ე.წ. „ენაზე დაკვირვების“ მეთოდი, რომელიც ქართული ენის სწავლებისას გამორიცხავდა გრამატიკული დებულებების მზა მიწოდებას და მოსწავლეს სწორედაც რომ მკვლევრის როლში აქცევდა. სათანადო მასალაზე დაკვირვების შემდეგ მას თვითონ გამოჰქონდა დასკვნა და აყალიბებდა წესსაც.
ან კიდევ რატომ არის სიახლე ის გარემოება, რომ თურმე სწავლების ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, სადაც ხაზი გაესმება თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებებს.
2006 წლის ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი და მთავარი სიახლე ხომ სწორედ ის იყო, რომ იგი მაქსიმალურად ითვალისწინებდა თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და მოსწავლეზე იყო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული!
ამავე წერილში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დადებით მხარედ მიჩნეულია მასწავლებელთა აზრი, რომ იგი უკეთ ითვალისწინებს მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებებს და მიზნებიც უფრო ნათლად არისო ჩამოყალიბებული.
საქმე ის გახლავთ, მასწავლებელთა აზრი ხშირად განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ ვინ ატარებს კვლევას. მსგავს კვლევას ჩვენც ვატარებთ მასწავლებელთა კონფიდენციალურობის დაცვით (და შემიძლია კიდეც მასალების წარმოდგენა). სტუდენტები საკვლევი თემების: „ახალი სკოლის მოდელი“, „ესგ და „ახალი სკოლის მოდელი“, „ახალი სკოლის მოდელი და კომპლექსური დავალებები“… ხშირად ატარებენ მასწავლებელთა გამოკითხვას აღნიშნული თემების ირგვლივ და იქ ცოტა განსხვავებული შედეგები გვაქვს.
პირადად მე მიმაჩნია, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი სიახლე გახლავთ ის უამრავი ახალი ცნება, რომელიც მისმა ავტორებმა შემოიტანეს და თავგზას უბნევენ მასწავლებელს; ასევე სიახლეა ვრცელი მეთოდური ნაწილი, რომელიც ამ გეგმას ახლავს და პედაგოგს აძლევს კონკრეტულ მითითებას, რა და როგორ ასწავლოს. იგი სრულიად ზედმეტია, ესგ გახლავთ სასკოლო განათლების ძირითადი დოკუმენტი და არა მეთოდიკის სახელმძღვანელო. ეს უნივერსიტეტებისა და მასწავლებელთა სახლის პრეროგატივაა.
მოკლედ მხოლოდ იმისი თქმა შეიძლება, რომ კორექტივების შეტანა მესამე თაობის ესგ-ში სწორედაც რომ აუცილებელი იყო. კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს და როგორ, ამას ჩემზე უკეთ ალბათ ე.წ. „ქოუჩები“ და ტრენერები აუხსნიან მასწავლებელს.
რაც შეეხება „ახალი სკოლის მოდელს“, თავად მისი ავტორები აცხადებენ, რომ აქ მთავარია ცნებაზე ორიენტირებული სწავლება, თემატური დაგეგმვა და კომპლექსური დავალებები. დავიწყებ „კომპლექსური დავალებით“, რასაც ჩვენი რეფორმატორები მთავარ სიახლედ თვლიან.
რამდენად ახალია ეს „კომპლექსური დავალებები“, ამაზე გაკვრით ჩემს წინა წერილში უკვე ვწერდი. კომპლექსურ დავალებად თუ ჩავთვლით იმას, რომ მოსწავლე შეძენილი ცოდნის საფუძველზე თვითონ ქმნის ახალ პროდუქტს, იგი ნამდვილად არ არის ახალი. გავიხსენოთ ადრეული საბჭოთა ეპოქის ლიტერატურული გმირების გასამართლება და ე.წ. „ლიტერატურული სასამართლოები“ თავისი პროკურორ/ბრალმდებლით, ბრალდებულით, ადვოკატით, მოსამართლით, ნაფიც მსაჯულთა საბჭოთი… და აქ ყველა ფუნქციას სწორედ მოსწავლეები ასრულებენ… ან ყველასათვის კარგად ცნობილი აქტივობები: წერილი ლიტერატურულ გმირს, შესწავლილი ნაწარმოების გაგრძელება, თხზულება/ესსე სათაურის მიხედვით, დასაწყისის მიხედვით, დასაწყისისა და დაბოლოების მიხედვით, ანდაზის მიხედვით, შესწავლილი ნაწარმოების დასურათება… ან ყველასათვის კარგად ნაცნობი ე.წ. „თავისუფალი თემა“, სადაც მოცემული სათაურის მიხედვით მოსწავლე აჯამებს ყველაფერს, რაც უნახავს, წაუკითხავს ამ თემის გარშემო, დამოუკიდებლად მსჯელობს და ასაბუთებს თავის აზრს. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის სიახლე ქართულ პედაგოგიკაში.
აი, რაც შეეხება იმას, რომ ეს კომპლექსური დავალებები იქცა სწავლა/სწავლების თვითმიზნად ჩვენი რეფორმატორებისათვის, ეს უკვე სიახლეა. თურმე ნუ იტყვით, სრულიადაც არ არის საჭირო, სახელმძღვანელოში მოცემული ყველა მასალის წაკითხვა და დამუშავება, მთავარია კომპლექსური დავალება, რომელზედაც მუშაობა შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ. მთავარია, მოსწავლემ დაწეროს, როგორ გააშუქებდა „ვეფხისტყაოსანში“ აღწერილ ამა თუ იმ ამბავს დღევანდელი ჟურნალისტი, როგორ რეპორტაჟს მოამზადებდა თავსაფრიანი დედაკაცის თვითმკვლელობის შესახებ ტელევიზიით… ნამდვილად არ არის ურიგო, თუ უფროსკლასელებს ამგვარ აქტივობებზე დაყრდნობით პოსტმოდერნიზმის, პასტიშის სამყაროს გავაცნობდით. მაგრამ პოსტმოდერნიზმამდე რომ აგიოგრაფიამ და რეალიზმმა უნდა მიგვიყვანოს, ნურც ეს დაგვავიწყდება.
არც ის არის საიდუმლო, რომ ეს კომპლექსური დავალებები, რომლებიც თვითმიზნად იქცა და სხვა ყველაფერი, ლიტერატურული ტექსტების კითხვისას, უკანა პლანზე გადავიდა, დიდი ხანია, თავისტკივილად ექცათ არა მხოლოდ მასწავლებლებს, არამედ მშობლებსაც. საიდუმლო არ არის, რომ მშობლები აქტიურად არიან ჩართულები ამგვარი დავალებების შესრულებაში და გადიან კონსულტაციებს სპეციალისტებთან.
ეს არის განა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება?!
არ მინდა ძალიან შევაწყინო მკითხველს თავი, მაგრამ რამდენიმე სიტყვა ე.წ. ცნებებზე, ქვეცნებებზე, სამიზნე ცნებებზე, თემებზე, ქვეთემებზე, მდგრად წარმოდგენებზეც… უნდა ვთქვა. მსგავსი ტერმინებით არის გადატენილი ე.წ. მატრიცები.
ვერაფრით ვერ ვხვდები, რა დანიშნულება აქვს მატრიცებს. დაეხმარონ მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარებაში? არა მგონია, ვერაფრით ვერ დაეხმარება. არ ჩანს გამოკვეთილად არც მიზანი, არც აქტივობები და არც შედეგები. ტერმინების თამაშია, მოკლებული კონკრეტიკას. დამწყები მასწავლებელი მატრიცით უნდა შევიდეს გაკვეთილზე? ვთქვათ სიმართლე – მატრიცა იწერება მასწავლებლის პორტფოლიოსთვის და არა გაკვეთილისთვის. ეს არის სიახლე სიახლისთვის (და არა საქმისთვის) და მასწავლებლის კიდევ ერთი თავისტკივილი.
და კიდევ ერთი – ამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კვლევის შედეგები „ზოგადი განათლების რეფორმები საქართველოში“ და „ერთიანი სკოლის მოდელი“. ჩვენი აზრით, კვლევა საკმაოდ კომპეტენტურად არის ჩატარებული, საინტერესოა დასკვნები და რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციათაგან გამოვყოფდი ერთს, ეს გახლავთ მე-8 რეკომენდაცია, რომელიც მსგავსი კვლევების ჩატარებისას მოითხოვს უნივერსიტეტების როლის გაძლიერებას. ამჟამად უნივერსიტეტები (გრანტის გარეშე) არ მონაწილეობენ განათლების სისტემაში არსებული პრობლემების ანალიზის, რეფორმების დაგეგმვისა და შეფასების პროცესში. მართლაც არ იქნებოდა ურიგო, თუ ამგვარი კომუნიკაცია შედგებოდა. ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს მედიით სათანადო ინფორმაციის მოძიება სკოლაში მიმდინარე რეფორმებზე, ყველა სიახლის საქმის კურსში უნდა ვიყოთ. ჩვენ ხომ მომავალ პედაგოგებს ვზრდით.