ნანა ჩუხუა
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი
ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადი განათლების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მკითხველს ვთავაზობთ ესგ-ში წარმოდგენილ ტერმინთა განმარტებას.
მიზნების იერარქია საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში ასეთია:
♦ საგნობრივი მიზნები (ცნება, საფეხურის შედეგები)
♦ ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები (ცოდნა; ქცევა; ხედვა/დამოკიდებულება/ღირებულება/კონცეფცია).
⇑⇓ რა არის ცოდნა?
ცოდნა ცნებაა, რომელიც სიღრმისეულად უნდა გაიაზროს მოსწავლემ. მაგალითად, მოსწავლემ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უნდა იცოდეს რა არის ჟანრი (ასევე: კომპოზიცია, გრამატიკა, კონტექსტი, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალება, კომუნიკაცია (საბაზო საფეხურზე).
⇑⇓ რა არის ქცევა?
ქცევა ცოდნის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. მაგალითად, საკუთარი მოსაზრების/პოზიციის დასაბუთება რომელიმე ჟანრის ტექსტის საშუალებით. შესაძლოა, მოსწავლემ, პირადი მოსაზრების გამომხატველი ესეს საშუალებით, თანამედროვეობის მნიშვნელოვანი პრობლემები გვიჩვენოს.
⇑⇓ რა არის ხედვა/ღირებულება/დამოკიდებულება/კონცეფცია?
ხედვა/ღირებულება/დამოკიდებულება/კონცეფცია – მოსწავლეს შეძენილ ცოდნაზე დაფუძნებით უნდა ჩამოუყალიბდეს. ამ შემთხვევაში, სტანდარტის შედეგს აკავშირებს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან (მაგალითად, ჟანრის საშუალებით, ზგემის მოთხოვნებთან სრული ან ნაწილობრივი კორელაცია).
⇑⇓ რა არის სამიზნე ცნება?
ნებისმიერი საგნის შინაარსი მოიცავს უამრავ ცნებას. ეს ცნებები იერარქიულ კავშირშია ერთმანეთთან. იერარქია, ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ქვესაკითხების, ქვეცნებებისა და სამიზნე ცნებების სახით აღიწერება. მათი რაოდენობა საგნისა და საფეხურების მიხედვით იცვლება. მაგალითად, ისტორიაში 6 ცნებაა. ერთ-ერთია საზოგადოება, რომელშიც მოვიაზრებთ რელიგიასაც, როგორც ქვეცნებას. ამ ქვეცნების შემთხვევაში, საკითხად/ქვესაკითხად განვიხილავთ რომელიმე კონკრეტულ რელიგიას (ისლამი, ქრისტიანობა, ბუდიზმი… როგორც მსოფლმხედველობა). კონკრეტულ საკითხებზე/ქვესაკითხებზე მუშაობას მოსწავლე სამიზნე ცნების გააზრებამდე მიჰყავს.
⇑⇓ რა არის თემა?
თემა სასწავლო ერთეულია, რომელზე მუშაობაც დროის ხანგრძლივ მონაკვეთში გრძელდება. ეს რამდენადმე ნაცნობი კონტექსტია მოსწავლისთვის.
⇑⇓ რა სხვაობაა საკითხსა და ქვესაკითხს შორის?
საკითხი სასწავლო ერთეულია, რომელიც სხვადასხვა ცნებაზე შეიძლება გავიდეს (მაგალითად, რეზიუმეს დაწერა რენესანსის ხელოვნების საკითხზე, გაგვიყვანს სხვადასხვა ცნებაზე), ხოლო ქვესაკითხი საკითხის ქვესიმრავლეა, რომელიც ერთ კონკრეტულ ცნებაზე გადის.
გთავაზობთ საკითხ-ქვესაკითხს ქართული ენისა და ლიტერატურის მაგალითზე:
♦ საკითხი – მინიატურის შექმნა ლექსზე „მოდიოდა ნინო მთებით“ დაყრდნობით;
♦ ქვესაკითხი – ლექსი, მინიატურა, მეტაფორა, შთამბეჭდავი ლექსიკა, ფაბულა, სიუჟეტი.
ქვესაკითხები მიემართება, ამ შემთხვევაში, ჟანრს, კომპოზიციასა და ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს. ქვეცნება საკითხით კონკრეტდება თემის ფარგლებში.
ეროვნული სასწავლო გეგმის რამდენიმე ძირითადი ტერმინის სწორი გაგება-გააზრება, მასწავლებლის მხრიდან, კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო სივრცის შექმნის წინაპირობაა.