ირინა ჭაფოძე
სსიპ ქუთაისის №45 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ყალბი ინფორმაციის ამოცნობა შეიძლება რთული აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანისთვის. განსაკუთრებით დაუცველები მოზარდები არიან, რომლებიც დროის მნიშვნელოვან ნაწილს ონლაინ სივრცეში ატარებენ, ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობიან და ფაქტების სიზუსტეს არ ამოწმებენ. შესაძლოა, ისინი ადვილად მოექცნენ ინფორმაციული მანიპულაციებისა და დეზინფორმაციული კამპანიების გავლენის ქვეშ.
პროპაგანდის ენა იყენებს ემოციურ მიმართვებსა და გამარტივებულ ნარატივს, რომელსაც ნაკლებად ინფორმირებული ახალგაზრდა უპირობოდ, კრიტიკული განსჯისა და მისი ნამდვილობის გადამოწმების გარეშე, იღებს. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სკოლებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, განუვითაროს მოსწავლეებს კრიტიკული უნარ-ჩვევები და შეამზადოს ისინი ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. კრიტიკული აზროვნება ეხმარება მათ, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და არ დაეყრდნონ იმპულსს ან არასრულ ინფორმაციას.
საყურადღებოა, რომ ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ვიზუალური ინფორმაციაა, დეზინფორმაცია კი შეიძლება გავრცელდეს სხვადასხვა ვიზუალური საშუალებით, როგორებიცაა შეცდომაში შემყვანი სურათები, პლაკატები, პოსტერები, ბანერები, ვიდეოგზავნილები, რომელთა გადამოწმება რთულია. ენობრივი ბარიერის არსებობა უფრო ართულებს ზეპირად თუ წერილობით წარმოდგენილი არასანდო ინფორმაციის ამოცნობის შესაძლებლობას. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, სსიპ ქალაქ ქუთაისის №45 საჯარო სკოლაში, „მედიაწიგნიერების კლუბის“ ფარგლებში, ისტორიისა და ქართული ენის მასწავლებლების ინიციატივით, განხორციელდა სასკოლო პროექტი: „მოზარდები ინფორმაციული მანიპულაციების წინააღმდეგ“. პროექტი ორიენტირებული იყო სსსმ მოსწავლეთა მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების გაუმჯობესებაზე.
კრიტიკული აზროვნება აზროვნების მაღალი დონეა, რომელიც თანდაყოლილი უნარი არ არის და პედაგოგის დახმარებით ვითარდება. ამ უნარის გასაუმჯობესებლად უფრო მეტი ძალისხმევა, ინტენსიური და მიზანმიმართული მუშაობაა საჭირო სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების შემთხვევაში.
აღვნიშნავ, რომ „მედიაწიგნიერების კლუბში“, პროექტის აქტივობების განხორციელებისას, განუზომელი იყო ჟესტური ენის თარჯიმნების როლი. მათ უწევდათ წინასწარ მომზადება, პროექტის სამუშაო ჯგუფთან კონსულტირება, დარგობრივი ტერმინოლოგიის კვლევა, რადგან ჟესტური ენის ლექსიკონები არ მოიცავს მთლიან სამეტყველო ლექსიკას.
პროეტის ფარგლებში განხილული ძირითადი საკითხები:
- პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ყალბი ინფორმაცია;
- ისტორიის გაყალბება; ისტორიულ მოვლენებზე საზოგადოების აღქმის ჩამოყალიბება ვიდეომასალების/ფილმების საშუალებით;
- ფოტო/ვიდეომანიპულაცია;
- პიროვნების იდენტიფიცირება, ვებგვერდების გადამოწმება, გეოლოკაციის დადგენა.
განხორციელებული აქტივობები:
- საინფორმაციო შეხვედრები და პრეზენტაციები;
- რეალური მაგალითების განხილვა;
- ადაპტირებული სავარჯიშოები;
- ინტერაქტიული თამაშები/ქვიზები;
- სიმულაციები.
(სამუშაო მასალა მომზადდა https://millab.ge/ka/sitemap პორტალზე განთავსებული რესურსების გამოყენებით)
ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების სასკოლო პროექტებში ჩართულობა მოითხოვს მათი სპეციფიკური საჭიროების გათვალისწინებას, საერთო და ინდივიდუალური მუშაობის წარმართვას, შინაარსის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას მრავალფეროვანი ვიზუალური და წერილობითი საშუალებებით:
♦ ლაკონიური, საინტერესო, ადვილად აღსაქმელი და ასაკის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ჟესტურ ენაზე;
♦ მცირე ზომის, გამარტივებული საინფორმაციო ტექსტების შექმნა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის ორგანიზება, პუნქტების ან ნუმერაციის გამოყენებით;
♦ ვიზუალური რესურსების გამოყენება, რაც ხელს უწყობს ცნებების/კონცეფციების სიღრმისეულ წვდომას: სურათები, საინფორმაციო ბარათები (მცირე ზომის ბარათები, რომლებზეც დატანილია ილუსტრაციები და მარტივი ენით გადმოცემული ინფორმაცია), თემატური ვიდეოები/ანიმაციები, პრეზენტაციები (PowerPoint);
♦ ფაქტების გასაანალიზებელი სავარჯიშოები;
♦ მედია სიტუაციების სიმულაცია, მოსწავლეების მიერ სხვადასხვა როლის (ჟურნალისტი, თვითმხილველი და სხვ.) შესრულება ამა თუ იმ პერსპექტივის გასაგებად;
♦ ინტერაქტიული ვიქტორინები და სახალისო ონლაინ თამაშები, მაგალითად, თამაში ყალბი ამბების შესამოწმებლად;
♦ მედიაკონტენტის შექმნა-გაზიარება Canva-ს ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მასწავლებლის დახმარებით, შექმნან პოსტერები, პრეზენტაციები, მარტივი ანიმაციები, ფლეშბარათები და თანატოლებს გაუზიარონ ინფორმაცია თანამედროვე სამყაროს აქტუალურ საკითხებზე, რაც, თავისთავად, აუმჯობესებს პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსაც.
ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის ინტერაქტიული ონლაინ თამაშები ნამდვილად ღირებული ინსტრუმენტია პროპაგანდისა და დეზინფორმაციის იდენტიფიცირების უნარების გამომუშავებაში, რადგან:
♦ ინტერაქტიული თამაშები ეყრდნობა ვიზუალურ ელემენტებს, რომლებიც მოთამაშეებს ეხმარება, ვიზუალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიიღონ მინიშნებები და დაძლიონ გამოწვევა;
♦ თამაშები უზრუნველყოფს პრაქტიკულ სასწავლო გამოცდილებას, რადგან შეიცავს იმიტირებულ სცენარებს, რომლებიც ახდენენ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული რეალური სიტუაციების სიმულაციას და მოსწავლეებს უვითარებს დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ტაქტიკის გარჩევის უნარს;
♦ თამაშები ხშირად იძლევა მყისიერ გამოხმაურებას მოთამაშის ქმედებებზე, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ისწავლონ შეცდომებზე და გაიაზრონ საინფორმაციო მანიპულაციების მავნე შედეგები.
გამოყენებული ონლაინ თამაშების ნაწილი ინგლისურენოვანია. ენობრივი ბარიერის დასაძლევად გამოვიყენე ვებბრაუზერში ჩაშენებული თარგმანის ფუნქცია.
სასკოლო პროექტებზე მუშაობისას გასათვალისწინებელია, რამდენადაა ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმის სამიზნე ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებზე. შესაბამისად, ქართული ენისა და ლიტერატურის სამიზნე ცნებებთან მიმართებით გამოვკვეთე აქცენტები, რომლებზე ორიენტირებითაც განვახორციელე პროექტის აქტივობები. მოსწავლეებს ავუხსენი, რომ არამხატვრული ჟანრები – ინტერვიუ, რეპორტაჟი და საჯარო სიტყვა – ემსახურება აუდიტორიის ინფორმირებასა და დარწმუნებას, შესაბამისად, პროპაგანდისტული მედია აქტიურად იყენებს მას.
იმისათვის, რომ მოსწავლეებს გაადვილებოდათ ახალი ინფორმაციის აღქმა და გააზრება, Canve-ს ონლაინ ინსტრუმენტის გამოყენებით, შევქმენი სასწავლო რესურსები და კლასს გავაცანი არამხატვრული ტექსტების – ინტერვიუს, რეპორტაჟისა და საჯარო გამოსვლის – ჟანრობრივი მახასიათებლები, რომლებიც განსხვავდება სხვა ჟანრების მახასიათებლებისგან.
პროექტის მსვლელობისას საინტერესო აღმოჩნდა სიმულაციებისა და როლური თამაშების გამოყენება. მოსწავლეებმა ჟესტურ ენაზე განახორციელეს იმიტირებული ინტერვიუ, რეპორტაჟი და საჯარო გამოსვლა. სხვისი როლის გათამაშებით ისინი უკეთ ჩაწვდნენ იმ ადამიანის მოტივაციასა და ზრახვებს, რომელსაც განასახიერებდნენ.
მედიაწიგნიერების უნარების განვითარება გადამწყვეტია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის, რომელიც ინდივიდებს საშუალებას აძლევს, კრიტიკულად გააანალიზონ მედია მესიჯები, გაიგონ მათი გავლენა, განასხვავონ ინფორმაციის სანდო და არასანდო წყაროები და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. მედიაწიგნიერების სასკოლო პროექტებში ინტეგრირებამ შეიძლება გააძლიეროს მოსწავლეები, გახადოს აქტიური და ჩართული მოქალაქეები.
აღვნიშნავ, რომ განხორციელებულმა პროექტმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სსსმ მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების უნარი. ისინი გაეცნენ მედიაში ინფორმაციის მანიპულირებისთვის გამოყენებულ გავრცელებულ ტექნიკებსა და, პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ყალბი ინფორმაციის ამოსაცნობად, განუვითარდათ საბაზისო უნარები.
პროექტის ფარგლებში შექმნილი ადაპტირებული რესურსები:
2. არამხატვრული ჟანრები:
ონლაინ რესურსები-ინტერაქტიული და სახალისო ონლაინ თამაშები/ქვიზები:
- დეზინფორმაციასთან დაკავშირებული რეალური სიტუაციების სიმულაციები
https://chooseyourownfakenews.com/
- „იხვებზე მონადირე“ – ნამდვილი და ყალბი ამბის ერთმანეთისგან განსხვავება
https://millab.ge/ka/game/ixvebze-monadire/2
- ინტერაქტიული თამაში „ბებოს ალბომი“ – დეტალებზე დაკვირვებით, ფოტოებზე ასახული გეოლოკაციის იდენტიფიცირება
https://millab.ge/ka/game/-bebos-albomi/25
- „დოქტორ ფეიკი“ – მოთამაშის მიერ ფეიკებთან და ტროლებთან დაპირისპირება
https://millab.ge/ka/game/doqtor-feiki/37
- ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ფოტოების ამოცნობა
https://millab.ge/ka/game/qvizi-amoicani-ai-is-mier-generirebuli-foto/48
- „კიბერბულინგი“ – მოთამაშის მიერ კიბერბულინგის საფრთხეების იდენტიფიცირება და დაძლევა
https://millab.ge/ka/game/kiberbulingi/9
- „შოპინგი მილანში“ – თამაში პერსონალური მონაცემებისა და კიბერჰიგიენის დაცვის საჭიროების შესახებ
https://millab.ge/ka/game/shopingi-milanshi/6
- მედიაწიგნიერების ტესტები:
https://millab.ge/ka/game/mediawignierebis-testi/4
https://millab.ge/ka/game/yvelaze-mediawignieri-axalgazrda—-2022/41