ირმა წიკლაური
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის №1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ბუნებისმეტყველების I-VI კლასების მასწავლებელი
„სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არა აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას.“
დიმიტრი უზნაძე
„ინტერნეტმა ხელმისაწვდომი გახადა ყველაფერი, მაგრამ ინფორმაციასა და ცოდნას შორის ხომ არის განსხვავება? ცოდნა არის სისტემა, რომელიც სხვადასხვა ინფორმაციას, როგორც ნედლ მასალას, ერთმანეთთან აკავშირებს. ცოდნა ის არის, შენს ოჯახში გადაშლილ წიგნთან, ბუნებაში ან, თუნდაც, ქუჩაში, ხალხში, ეს არის სწავლის პროცესი და არა ის, რაღაცას ყურს რომ მოჰკრავ და დაიმახსოვრებ, ან მიგავიწყდება, რადგან ვერაფერთან აკავშირებ.“
ზურაბ კიკნაძე
დღეს ბევრად რთული გახდა არა ინფორმაციის მოძიება, არამედ ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში გარკვევა. ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა ერთმანეთისგან ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. სწორედ ამ გამოწვევამ გააჩინა თანამედროვე, 21-ე საუკუნის ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიაწიგნიერების კომპეტენცია. ის, თუ როგორ ახერხებს ადამიანი ზღვა ინფორმაციასა და ამ ინფორმაციის გამავრცელებელ უამრავ წყაროსთან ურთიერთობას, განსაზღვრავს მის წარმატებას, მის ადგილს საზოგადოებაში, სარგებელსა და ზიანს როგორც პირად, ისე საზოგადოების ცხოვრებასა და ყოველდღიურობაში.
საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების ხანაში ციფრული და მედიაწიგნიერება ზოგადი წიგნიერების აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენს. წიგნიერება ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრული XXI საუკუნის საკვანძო კომპეტენციაა, რომელსაც უკავშირდება ზესაგნობრივი (მაკრო) ცნებები. ცნებების დამუშავება კი ხელს უწყობს, უპირველეს ყოვლისა, ევროსაბჭოს საკვანძო კომპეტენციებით განსაზღვრული მოთხოვნების რეალიზებას.
საგანთა სწავლებისას, ესგ-ს მოთხოვნათა შესაბამისად, რეკომენდებულია როგორც ბეჭდური, ისე მულტიმედიური და მრავალგვარი ფორმის ელექტრონული ტექსტების გამოყენება. მათი დამუშავება, გააზრება-გამოყენება და შექმნა, მოსწავლეებს განუვითარებს ციფრული წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების უნარებს.
ციფრული წიგნიერება გულისხმობს ქსელური ძიების, მრავალგვარი ფორმის ელექტრონული ტექსტების შექმნისა და მათი ელექტრონული დამუშავების პროგრამების გამოყენების უნარს.
მედიაწიგნიერება კი გულისხმობს მულტიმედიური ტექსტების (რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს) აღქმა-გააზრების, ინტერპრეტირების, გამოყენებისა და შექმნის უნარს, ასევე მედიასამყაროში ორიენტირების, სწორი არჩევანის გაკეთების (ინფორმაციის „გაფილტვრის“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების უნარს (ესგ).
ამრიგად, ინფორმაციის ნაკადიდან საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის გამოცალკევება, მისი გაგება და ანალიზი, მედიასთან ურთიერთობისას, მეტი სარგებლისა და ნაკლები ზიანის მიღება, მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციის კრიტიკულად გააზრების უნარების განვითარება, მედიაპროდუქტის შექმნაში გაწაფულობა დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან დღევანდელ სამყაროში რთულია იყო წარმატებული, აქტიური, პასუხისმგებლიანი მოქალაქე, თუ არ იცი როგორ იპოვო, აირჩიო, შეაფასო, გაფილტრო, გადაამოწმო, შექმნა, გაავრცელო და მოიხმარო ინფორმაცია. ეს კომპეტენციები კი ეხმარება ადამიანს რაციონალურ საფუძველზე მიიღოს მონაწილეობა ეკონომიკურ ცხოვრებაში, დასაქმდეს, შეიძინოს და გაასხვისოს, მართოს თავისი ქონება და ა.შ. ეს კომპეტენციები ეხმარება მნიშვნელოვანი პიროვნული თუ პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას, ოპტიმალური საგანმანათლებლო, კარიერული თუ საზოგადოებრივი განვითარების გზების შერჩევისას.
სკოლის მთავარი ამოცანაა მოსწავლეთა კოგნიტური, ფიზიკური, ფსიქოსოციალური და ემოციური განვითარება, ფუნქციურ-კოგნიტური უნარ-ჩვევებით აღჭურვა, ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრული საკვანძო კომპეტენციების განვითარება, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს სამომავლოდ, კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. მასწავლებლის როლი კი უმნიშვნელოვანესია სწავლა-სწავლების პროცესში
აქედან გამომდინარე დავგეგმე სასკოლო პროექტი „მედიაწიგნიერება მდგრადი მომავლისთვის“.
პროექტის კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან/ზოგადი განათლების შესახებ კანონთან
ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს სავალდებულო მოთხოვნებს, რომელთა შორისაა:
ევროსაბჭოს საკვანძო კომპეტენციებით განსაზღვრული მოთხოვნების განვითარება;
სწავლა-სწავლების პროცესის ორიენტირება მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე.
პროექტის მიზანი: სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა.
ამოცანები:
♦ მედიაწიგნიერების ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა/ამაღლება;
♦ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარება;
♦ ციფრული მოქალაქეობის კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება ციფრული უსაფრთხოების მიმართულებით.
განხილულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების შედეგად, მიღებული მოსალოდნელი შედეგები განაპირობებენ პროექტის მდგრადობას, რაც იმაში ვლინდება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების მონაწილეობით, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის ნაკადიდან საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის გამოცალკევებას, მის გაგებას და ანალიზს, მედიასთან ურთიერთობისას მეტი სარგებლისა და ნაკლები ზიანის მიღებას, მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციის კრიტიკულად გააზრების უნარების განვითარებას, მედიაპროდუქტის შექმნაში გაწაფულობას, ეს კი დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.