19 ივლისი, პარასკევი, 2024

მედიაწიგნიერების კომპეტენციების განვითარება ,,ვეფხისტყაოსნის“ ერთი ეპიზოდის მიხედვით

spot_img

ნანა ცანავა

ქუთაისის №21 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

მედია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. პირდაპირ თუ ირიბად, მედიასთან მუდმივად ვართ დაკავშირებული. ინფორმაციით გაჯერებულ გარემოში მედიის საშუალებით, კონტაქტს ვამყარებთ მეგობრებთან, საზოგადოებასთან, მსოფლიოსთან. ეს კიდევ უფრო მეტად ეხება მოზარდებს, რომელთა უმრავლესობა დროს მობილურთან ატარებს, თამაშობს, ან სოციალურ ქსელებს იყენებს ინტენსიურად.

21-ე საუკუნის გამოწვევებს რომ გავუმკლავდეთ, გავიკვლიოთ გზა ინფორმაციით გაჯერებულ სამყაროში, საჭიროა ვიცოდეთ მედიაწიგნიერების კომპეტენციები და დავუკავშიროთ იგი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.

„მედიაწიგნიერებას განიხილავენ, როგორც, ერთი მხრივ, ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში ორიენტირების, ინფორმაციის გაფილტვრის და, მეორე მხრივ, ახალი ინფორმაციის/ცოდნის შექმნისა და გაზიარების ინსტრუმენტად. იგი დაკავშირებულია კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან. ინფორმაციის გაფილტვრა რთულია კრიტიკული აზროვნების უნარის გარეშე, ხოლო ახალი ინფორმაციის შექმნას კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება სჭირდება “(ესგ).

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მედიაწიგნიერების უნარები მოსწავლეს ყველა საგნობრივ ჯგუფში უნდა განუვითარდეს. მოსწავლემ უნდა შეძლოს როგორც ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმაგააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება, შექმნამედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევნის გაკეთება, ინფორმაციის გაფილტვრა“ და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ზოგადი განათლების მიზნების შესაბამისად, გამოყოფილ ცამეტ გამჭოლ კომპეტენციას შორის, მედიაწიგნიერება პირველ ადგილზეა. აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთშორისი კავშირების დამყარება. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ მან ერთ რომელიმე საგანში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს.

სასწავლო პროცესში ხშირია შემთხვევები, როცა მოსწავლეების მიერ ინტერნეტიდან მოძიებული მასალა მცდარია. საშინაო დავალების შესრულებისას ისინი ხშირად ენდობიან პირველივე წყაროს, რომელსაც ინტერნეტში წააწყდებიან. კოლეგებთან გასაუბრებამაც დამარწმუნა, რომ ეს საერთო პრობლემაა ყველა საგანში. თუმცა, არათუ მოსწავლეებს, მოზრდილებსაც გვიჭირს გავარჩიოთ ყალბი ინფორმაცია ნამდვილისაგან, გავარკვიოთ, რა არის დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ყალბი ამბავი და ა.შ.

ინფორმაციის ზღვაში მოსწავლეებს განუვითარო საჭირო მასალის მოძიება-გადამოწმებისა და გააზრება-გამოყენების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარები, არც ისე მარტივია. ამიტომაცაა აუცილებელი, ყველა საგნის მასწავლებელმა დაგეგმოს თავისი გაკვეთილები მედიაწიგნიერებასთან ინტეგრირებით. თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი“, განსაკუთრებით ტარიელის ამბავი, ამ მხრივ, კარგ საშუალება იძლევა.

ტარიელისა და ავთანდილის შეხვედრის შემდეგ, ინდოეთის უფლისწული ავთანდილს საკუთარ თავგადასავალს უყვება: ,,ტარიელისაგან თავისი ამბის მბობა ავთანდილთანა“. საინტერესოა, რომ ტარიელი იქიდან იწყებს ამბის თხრობას, როცა ჯერ კიდევ არაა დაბადებული. გვიყვება მამამისის, სარიდანის, გადაწყვეტილების შესახებ, თუ როგორ შეუერთა საკუთარი სამეფო ინდოეთს და ტახტზე უარი თქვა სახელის დატოვების მიზნით, მერე როგორ დაიბადა თვითონ, როცა მამამისი უკვე ამირბარი იყო, როგორ იშვილა  ფარსადანმა, რადგან უშვილო იყო და ტარიელი კი მისი მოგვარე გახლდათ, ხუთი წლის შემდეგ როგორ დაიბადა ნესტანი, როგორ იზრდებოდნენ ბავშვები ერთად და შვიდი წლის განმავლობაში; მერე როგორ გადაიყვანა ფარსადანმა ნესტანი ცალკე აშენებულ ფაზარის ქვის კოშკში, რადგან მას სამეფო უნარები და სიბრძნე შეამჩნია, როგორ დააბრუნა მამასთან ტარიელი, თუმცა მაინც შვილივით ეპყრობოდა, როგორ გარდაეცვალა მამა ტარიელს და ერთი წელი ბნელში გაატარა გლოვის ნიშნად, მერე როგორ არ უნდოდა მამას მაგივრობა გაეწია, მაგრამ, დიდი ხვეწნის შემდეგ, იძულებული შეიქნა დასთანხმებულიყო ამირბარობას. ამ ყველაფერს ტარიელი იხსენებს და უყვება ავთანდილს.

ზოგადად, პერსონაჟის მიერ მოყოლილი ამბავი არასდროსაა სანდო და კრიტიკის გარეშე მისაღები. უპირობოდ მხოლოდ ავტორს შეიძლება ვენდოთ მხატვრულ ნაწარმოებში. ადამიანის აღქმა ინდივიდუალური და სუბიექტურია, მით უმეტეს, თუ ამბავი ეხება მის დაბადებამდე მომხდარ მოვლენებს ან იმ პერიოდს, როცა იგი მცირეწლოვანი იყო და ვერაფერი დაამახსოვრდებოდა. ამიტომ ტარიელის მოთხრობილ ამბავში ბევრი კითხვის ნიშანი ისმის. ჩვენ არ ვიცით, რა არის სარიდანის ნამდვილი მოტივაცია, როცა იგი სამეფოს დამოუკიდებლობაზე უარს ამბობს და ამირბარის თანამდებობას სჯერდება.  მით უმეტეს, ფეოდალიზმის პერიოდისთვის ხომ საპირისპირო ქმედება – სამეფოს დაქუცმაცება, დანაწევრება უფრო დამახასიათებელია, ვიდრე ნებაყოფლობითი გამთლიანება. სახელის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ ლამაზი ტყუილი ყოფილიყო ნამდვილი მიზეზების დასამალად. ჩნდება ეჭვი, ხომ შეიძლება სარიდანის მეუღლე ფეხმძიმედ ყოფილიყო, როცა მან სამეფოს გამთლიანების გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა,  სარიდანს ერჩივნა, საკუთარი მომავალი მემკვიდრე გაერთიანებული სამეფოს მეფედ ეხილა, იქნებ ამიტომაც მიიღო ასეთი სარისკო გადაწყვეტილება. ინდოეთის გაერთიანების ისტორია, სავარაუდოდ, სარიდანისგან იცის ტარიელმა. ტარიელის ამბავი, რომელიც ნაწარმოების მთავარი სიუჟეტური ხაზია, მისი დაბადებიდან გამოქვაბულში ყოფნამდე, ჩვენ მხოლოდ ტარიელის მონათხრობიდან ვიცით. მოკლედ, ტექსტი იძლევა ბევრნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას.

აქედან გამომდინარე, მედიაწიგნიერების კომპეტენციებთან ინტეგრირებით გაკვეთილის დაგეგმვა ერთი ამბის განსხვავებული ვერსიების შექმნის საშუალებას იძლევა. შევეცდები წარმოვადგინო, როგორ შეიძლება ,,ვეფხისტყაოსნის“ ზემოთ აღნიშნული მონაკვეთი დაიგეგმოს ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, ამავე დროს მიიღონ ცოდნა, როგორ დაწერონ სტატია, შექმნან მედიაგზავნილი, რა ხერხებია საჭირო, რომ ერთმანეთისგან გაარჩიონ ყალბი და ნამდვილი ამბავი, რა არის ფაქტი, რა მოსაზრება, რა ,,ხრიკები“ ახასიათებს ყალბ ამბავს, როგორ შეიძლება გააყალბო ინფორმაცია ნახევარი სიმართლით, რა არის მანიპულაცია და ა. შ.

კლასი იყოფა 4 ჯგუფად. დავალება ყველა ჯგუფს ერთნაირი აქვს, მათ უნდა წარმოიდგინონ თავი ჟურნალისტებად, რომლებიც მუშაობენ განსხვავებული პოზიციის, განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშულებებში, ყველამ უნდა დაწეროს სტატია – ,,ტარიელის ამბავი“ – საკუთარი ინტერესების მიხედვით. შეიქმნება ერთი და იმავე ამბის  სხვადასხვა ვერსიები, საკუთარი მედიასაშულების სარედაქციო პოლიტიკის გათვალისწინებით.

თავდაპირველად, ჯგუფებს ეძლევათ ამონარიდი სახელმძღვანელოდან ,,მედია და ინფორმაციული წიგნიერების სწავლება“ (სახელმძღვანელო მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ,საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სკოლებში მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა“ ფარგლებში. სახელმძღვანელოზე მუშაობდნენ: თამარ კინწურაშვილი, თამარ ხორბალაძე, სოფო გელავა, ნანა რაფავა, მაკა პეტრიაშვილი, დალი ქურდაძე . 2019 წ. გვ. 63-66).

საკითხავი მასალა ეხება, თუ როგორ იქმნება ყალბი ამბავი, რამდენი ტიპის ყალბი ამბავი არსებობს, რა არის ნახევრად სიმართლე, რიცხვებით  მანიპულაცია, ყალბი კონტექსტი, შეუსაბამო კავშირები და როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ყალბი ინფორმაცია. გთავაზობთ ამონარიდს ამ სახელმძღვანელოდან.

,,ყალბი ამბავი (FAKE NEWS) –არის ინფორმაცია, რომელშიც ფაქტები გამიზნულად არის გაყალბებული ან დამახინჯებული. ყალბი ამბები, როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალურ მედიაში 2 მიზნით შესაძლოა, ვრცელდებოდეს:

  1. პოლიტიკური – შიდა პოლიტიკური მიზნით ან გარე აქტორების დაინტერესების შემთხვევაში, რასაც საინფორმაციო გავლენის აქტივობებს (Information Influence Activities) უწოდებენ;
  2. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით – აუდიტორიის მოზიდვა სენსაციური სათაურებითა და ყალბი ამბებით ხდება, რადგან გამოცემები თანხას ე.წ. Clickbait-ებით ანუ ვებბმულზე „დაკლიკვით“ გამოიმუშავებენ.

ყალბი ინფორმაცია შეიძლება, პირობითად, 3 ტიპად დავყოთ:

  1. გამოგონილი ამბავი – ამბის ფაბრიკაცია;
  2. მანიპულაციური შინაარსი;
  3. სატირა და იუმორი.
გამოგონილი ამბავი მანიპულაციური შინაარსი სატირა და იუმორი
ხდება ამბის მთლიანად

ფაბრიკაცია და მას

საერთო არ აქვს

რეალობასთან

მანიპულაციის დროს

საზოგადოების

შეცდომაში შეყვანა სხვადასხვა მონაცემების

გამოყენებით

ხდება.

მანიპულაციის

მაგალითებია:

2.1. ნახევრად სიმართლე

2.2. რიცხვებით

მანუპულაცია

2.3. ვიზუალის და

სათაურის

შეუსაბამობა

შინაარსთან

2.4. ყალბი კონტექსტი

სატირულ-იუმორისტულ

გამოგონილ ამბებს ისე აწოდებენ, აუდიტორიას რეალურ ამბად,

რომ არ ხდება მკაფიო

მითითება, თუ რა ტიპის

შინაარსი ვრცელდება.

 

ნახევრად სიმართლე – ინფორმაცია, რომელიც სიმართლის ელემენტებს შეიცავს. ასეთი ინფორმაცია შესაძლოა, მეტწილად მართალიც იყოს, თუმცა მასში ყალბი ერთი სიტყვა, წინადადება ან კონტექსტი შეიძლებაყალბი აღმოჩნდეს, ან მანიპულაციურად იყოს გამოყენებული ორმაგი მნიშვნელობის სიტყვები და ა.შ. სიმართლისა და ტყუილის აღრევის მიზანი ადამიანების განზრახ შეცდომაში შეყვანაა.

მანიპულაცია რიცხვებით – რიცხვები კონტექსტის გარეშე გამოიყენება, კონკრეტული დრო და გარემო უგულებელყოფილია. მანიპულაციის ავტორი აქცენტის რიცხვებზე გადატანას ცდილობს, რათა მსჯელობაში მეტი დამაჯარებლობა შეიტანოს. მოყვანილი ციფრები შესაძლებელია, სწორი იყოს, თუმცა ცალკეულ ფაქტებთან მიმართებით– არარელევანტური.

ყალბი კონტექსტი – ინფორმაცია შესაძლოა, სწორი იყოს, თუმცა კონტექსტი –მცდარი და შეცდომაში შემყვანი.

შეუსაბამო კავშირები – ინფორმაცია, რომელშიც სათაური/ვიზუალი/აღწერა მთავარ ამბავთან შეუსაბამოა.

ყალბი ინფორმაციის მარკერები ბეჭდურ და ონლაინ მედიაში:

არაიდენტიფიცირებული წყაროების, ჭორების გამოყენება, რომელთა გადამოწმებაც შეუძლებელია;

ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოვლენების ერთ მასალაში ხელოვნურად გაერთიანება;

ადამიანებისა და მოვლენების აღწერისას ემოციური სიტყვების

გამოყენება;

კატეგორიული შეფასებითი მსჯელობა;

მოქმედებისკენ მოწოდება.

საინფორმაციო ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი საერთო-საკლასო გამოკითხვით ამოწმებს, თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა მასალა და უსვამს მათ შეკითხვებს:

  1. ინფორმაციის დამახინჯების რამდენი ხერხი არსებობს?
  2. რა არის ყალბი ამბავი და რამდენი ტიპის შეიძლება იყოს იგი?
  3. რა არის დამახასიათებელი თითოეულისთვის?
  4. რა მიზნით იქმნება ყალბი ამბავი?
  5. რა არის ნახევრად სიმართლე? რიცხვებით მანიპულირება? ყალბი კონტექსტი? შეუსაბამო კავშირები?
  6. როგორ ამოვიცნოთ ყალბი ამბავი, რა არის მისი მარკერები ბეჭდურ მედიასა და ონლაინ მედიაში?

ამის შემდეგ მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს სტატიაზე/მედიაგზავნილზე მუშაობის ინსტრუქციას. ეუბნება, რომ ისინი დახურული ბარათებით მიიღებენ კომპლექსურ დავალებებს ისე, რომ ერთმანეთის დავალება ჯგუფებმა არ უნდა იცოდნენ. დავალება იქნება ერთი  და იგივე – მათ უნდა დაწერონ  სტატია/შექმნან მედიაგზავნილი – „ტარიელის ამბავი“ იმ მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც მათ შეხვდებათ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და რომელთა პოზიციასაც ისინი წარმოაჩენენ მედიაგზავნილში. ამ ოთხი ჯგუფიდან ერთი არის სარიდანის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალება; მე-2 ჯგუფი – ფარსადანის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალება; მე-3 ჯგუფი – ინდოეთის მიმართ მტრულად განწყობილი ხვარაზმეთის ერთ-ერთი მედიასაშუალება და მე-4 ჯგუფი – ობიექტური, მიუკერძოებელი მედიასაშუალება. თუმცა, მოსწავლეებმა არ უნდა იცოდნენ, რომელ ჯგუფს რა როლი ერგო. ამის შემდეგ ჯგუფებს ეძლევათ კომპლექსური დავალება, აქედან სამი ერთნაირი შინაარსისაა, იცვლება მხოლოდ მედიასაშუალებები, მაგ. ერთში ჩაიწერება – ,,სარიდანის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალება“, მეორეში – ფარსადანის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალება, მესამეში -ინდოეთის მიმართ მტრულად განწყობილი ხვარაზმული მედიასაშულება.

კომპლექსური დავალება

საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა
საკითხი – სტატია – ტარიელის ამბავი
სამიზნე ცნება:

კომპოზიცია,

ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები

საკომუნიკაციო   სიტუაცია

ჟანრი

შედეგი: 1, 2,  8, 9

წარმოიდგინე,  რომ ხარ (სარიდანის) ერთ-ერთი ოპოზიციურად განწყობილი ბეჭდური მედიის ჟურნალისტი, მოირგე ჟურნალისტის როლი და მომხდარის შესახებ, სამუშაო ფურცლებზე მოცემულ მინიშნებებზე დაყრდნობით, შექმენი რეპორტაჟი.

ნამუშევარში:

♦ შექმენი ყალბი ამბავი – დაწერე სტატია (სარიდანის) მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებების თვალთახედვით;

♦ შთაბეჭდილებების მოსახდენად შეგიძლია გამოიყენო პოემისეული მხატვრული ხერხები.

წარდგენის შემდეგ ისაუბრე:

♦ რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი ,,ობიექტურია?“ რა შეიცვალა ტექსტში რეპორტაჟად გადაკეთების შემდეგ? რა დარჩა უცვლელად?

♦ ყალბი ამბების რომელი ტიპი გამოიყენე დავალებაზე მუშაობისას? გამოგონილი ამბავი – ამბის ფაბრიკაცია; მანიპულაციური შინაარსი; თუ სატირა და იუმორი.

♦ ნახევრად სიმართლე, რიცხვებით მანიპულაცია, ყალბი კონტექსტი თუ შეუსაბამო კავშირები

რესურსები: თაბახები, საწერ-კალმები

 

მხოლოდ მეოთხე ჯგუფს ექნება ოდნავ განსხვავებული ტექსტი:

 

სამიზნე ცნება:

კომპოზიცია,

ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები

საკომუნიკაციო სიტუაცია

ჟანრი

შედეგი: 1, 2,  8, 9

წარმოიდგინე, რომ ხარ ერთ-ერთი მიუკერძოებელი ბეჭდური მედიის ჟურნალისტი, მოირგე ჟურნალისტის როლი და მომხდარის შესახებ, სამუშაო ფურცლებზე მოცემულ მინიშნებების გათვალისწინებით, შექმენი სტატია.

ნამუშევარში:

♦ შექმენი ნამდვილი ამბავი ტარიელის შესახებ, ინფორმაციის გაცხრილვისა და ყოველგვარი საეჭვო შინაარსის მოცილების შედეგად დარჩნილი ფაქტებით

♦ შთაბეჭდილებების მოსახდენად შეგიძლია გამოიყენო პოემისეული მხატვრული  ხერხები.

წარდგენის შემდეგ ისაუბრე:

♦ რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი ობიექტურია? რა შეიცვალა ტექსტში * რეპორტაჟად გადაკეთების შემდეგ? რა დარჩა უცვლელად?

♦ რა გამოიყენე ან გაითვალისწინე წაკითხული მასალიდან დავალებაზე მუშაობისას?

 

 

საყურადღებოა, რომ მოსწავლეებმა ისე გააკეთონ პრეზენტაციები, რომ წინასწარ არ წარმოადგინონ საკუთარი როლები. ეს უნდა გამოიცნოს კლასმა ერთმანეთის ნაშრომების მოსმენის, მათზე დაკვირვებისა და დისკუსიის შედეგად. ამ ფორმით გაკვეთილი უფრო ცოცხალი და საინტერესო გამოვა.

კომპლექსური დავალებების თვითშეფასებისას (როცა მოსწავლე საუბრობს, თუ როგორ შექმნა ნაშრომი, რას მიაქცია ყურადღება და ა.შ.) მოსწავლეები აკეთებენ მას შემდეგ, როცა კლასი გამოიცნობს მათ მედიაგზავნილს და გაიმართება დისკუსია.

თვითშეფასებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ასეთი რუბრიკა

მედიაგზავნილის შეფასების რუბრიკა

კითხვები შეფასებისთვის

 

 
რა არის მედიაგზავნილის თემა?  

 

რა არის მედიაგზავნილებს შორის საერთო?  

 

 

რა არის მედიაგზავნილებს შორის  განსხვავებული?

 

 
არის თუ არა მედიაგზავნილებში გამოტოვებული ისეთი რამ, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანია?  

 

რა ტექნიკაა გამოყენებული მედიაგზავნილებში?  

 

როგორ გადმოგვცემს გამოყენებული ტექნიკა შეტყობინებას?  
დარწმუნების მეთოდთან გვაქვს საქმე თუ მანიპულაციის სხვა რომელიმე ხერხთან?

 

 
რა არის მედიაგზავნილების იდეა? მიზანი? რა გვაძლევს ამის საფუძველს?  
როგორ შეიძლება გაიგოს სხვადასხვა ადამიანმა ეს შეტყობინება?  
როგორია ჩემი ინტერპრეტაცია?  

 

რა არის მედიაგზავნილებში ფაქტი?  

 

როგორია მედიაგზავნილებში მოსაზრება/შეხედულება/დამოკიდებულება?  
რა მტკიცებულებებს ეფუძნება მედიაგზავნილები?  

 

 

რამდენად არგუმენტირებულია მედიაგზავნილებით გადმოცემული შეტყობინება?  
არის თუ არა მედიაგზავნილები სანდო?

 

 

 

 

არის თუ არა დაცული სტატიისათვის დამახასიათებელი სტილი და გრამატიკული ნორმები

 

 

 

გაკვეთილის თემა და მიზანი სრულიად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს: მოსწავლეები ჟანრულ-კომპოზიციურ ელემენტებსა და ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს (ხედვის კუთხეს) იყენებენ ტექსტის კრიტიკულად გაანალიზებისა და ინტერპრეტირებისათვის. ნაწარმოებს აღიქვამენ კონტექსტური ფაქტორების მიხედვით და აკეთებენ ინტერპრეტაციებს როგორც შექმნის თანადროული ეპოქის, ისე თანამედროვეობის ჭრილში; ქმნიან სხვადასხვა ფორმატის ტექსტს, ამ შემთხვევაში (სტატიას) სხვადასხვა მიზნით; ითვალისწინებენ ჟანრულ-კომპოზიციურ და ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს, სტილის ელემენტებს მიზნის შესაბამისად; მედია წიგნიერებასთან ინტეგრირებით მოსწავლეებს უვითარდებათ მედიაგზავნილზე მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, დეტალებზე დაკვირვებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები.

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამოცდები გრძელდება

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები