27 ივლისი, შაბათი, 2024

მედიაწიგნიერების კლუბი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლაში

spot_img
ეკა ნინიძე
სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის მედიაწიგნიერების კლუბის ხელმძღვანელი

 

XXI საუკუნე გლობალური გამოწვევების საუკუნეა. სულ ცოტა, ბოლო 50-წლიან ინტერვალში, ფაქტობრივად, ტექნიკური რევოლუციის მომსწრენი გავხდით. ერთ დროს ფანტასტიკისა და მისტიკის სფეროს მიკუთვნებული სასწაულები დღეს კომპიუტერებად, მობილურებად, ინტერნეტად და კიდევ უამრავ ტექნიკურ მიღწევად დაგვიბრუნდა უკან. ტექნოლოგიურმა ერამ ინფორმაციული ნაკადების უთვალავი არხი გახსნა და მთელი სპექტრი შეიქმნა ჭორისა და მართალის, რაც დიდ გამოწვევად იქცა განათლების სისტემისთვის. მოსწავლესა და მასწავლებელს ამ უკიდეგანო მორევში უწევს ლავირება ჭორსა და მართალს შორის. მათ უნდა მოახერხონ გაფილტრვა და მათთვის საჭირო, სანდო და ოპერატიული ინფორმაციის შერჩევა.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მედიაწიგნიერება ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. მედიაწიგნიერების უნარები მოსწავლეს ყველა საგნობრივ ჯგუფში უნდა განუვითარდეს. მან უნდა შეძლოს როგორც ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედიური ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, ასევე მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევნის გაკეთება, ინფორმაციის „გაფილტვრა“ და კრიტიკულად შეფასება.

მედიაწიგნიერების კონცეფცია დაკავშირებულია კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან. კერძოდ, თუ მედიაწიგნიერებას განვიხილავთ, როგორც, ერთი მხრივ, ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში ორიენტირების, ინფორმაციის გაფილტვრის და, მეორე მხრივ, ახალი ინფორმაციის/ცოდნის შექმნისა და გაზიარების ინსტრუმენტს, ადვილია დავინახოთ მისი კავშირი კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან. გასაგები ხდება, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მედიაწიგნიერი თაობა თანამედროვე გარემოში.

ინფორმაციის გაფილტვრა რთულია კრიტიკული აზროვნების უნარის გარეშე, ხოლო ახალი ინფორმაციის შექმნას კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება სჭირდება.

მედიაწიგნიერება პასუხია ციფრული საუკუნის გამოწვევებზე და გულისხმობს ინფორმაციაზე კონტროლის დამყარებას. რაც უფრო მაღალია ადამიანის მედიაწიგნიერების ხარისხი, მით უფრო დიდია რეალურ სამყაროსა და მედიის მიერ შექმნილ სამყაროს შორის არსებული საზღვრის დანახვის უნარი. როდესაც ადამიანი მედიაწიგნიერია, ეს მას ეხმარება, სწორად გაიკვალოს გზა ინფორმაციის სამყაროში. მედიაწიგნიერი ადამიანი იძენს გამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რომელიც მისთვის სასარგებლოა; ხოლო საზიანო ან ზედმეტ ინფორმაციას თავს არიდებს.

მედიაწიგნიერი ადამიანი არ ექცევა ინფორმაციის წნეხში და არ აძლევს მედიას საშუალებას, დააპროგრამოს მისი გონება და დღის წესრიგი. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მედიაწიგნიერების მიდგომები ფართოდ იქნეს გამოყენებული სწავლების პროცესში.

დღეს გაჯეტი, სმარტფონი, ლეპტოპი, კომპიუტერი ისეთივე აუცილებელი და საჭირო ნივთები გახდა, როგორი უალტერნატივოც იყო, განათლების მისაღებად, წიგნი, ამ 20-30 წლის წინ. მასწავლებლებს, მოსწავლეს და ნებისმიერ ადამიანს ყოველდღიურად უწევს აურაცხელი ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, გაფილტვრა. ეს უკვე ყოველდღიურობაა.

საშინაო დავალებასთან ერთად, მოსწავლეს სჭირდება ინფორმაციის მოძიება. დღეს კი ინფორმაციის უწყვეტი ნაკადები მოედინება ყველგან. სიმრავლე ყოველთვის სიმართლეს არ ნიშნავს და, ხშირად, ბავშვების წინაშე ახალ-ახალი გამოწვევა დგება: ერთია, მოიპოვო ინფორმაცია და მეორეა, რამდენად სანდოა ის. დამეთანხმებიან კოლეგები, რომ ხშირად მოსწავლეების სწორ გზაზე დაყენაბა გვჭირდება, თუ როგორ მოახერხონ ნამდვილისა და მოგონილის ერთმანეთისგან გარჩევა.

ინფორმაციის გავრცელების ყველაზე დიდი არეალი სოციალურ ქსელებსა და სოციალურ მედიას აქვს. ბავშვები კი დროის ყველაზე დიდ ნაწილს სწორედ სოცქსელებში ატარებენ. საფრთხეც ბევრია. ამ საკითხებზე არაერთხელ გვიმსჯელია, გზებიც გვიძებნია, არც თუ ცოტა შედეგზეც გავსულვართ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2023 წლის გაზაფხულზე გავიარე ტრენინგი სკოლაში მედიაწიგნიერების სწავლების მიმართულებით. ტრენინგზე ყოფნის დროს დავგეგმე ამ საკითხის, რაღაც კუთხით, სკოლაში შეტანა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მოძიება და გადაცემა, წლების განმავლობაში, ჩემი პირდაპირი საქმიანობა იყო (ვარ ჟურნალისტი და მიმუშავია სხვადასხვა გაზეთში), ტრენინგზე მიღებული ცოდნა ჩემთვისაც ახალი გამოწვევა აღმოჩნდა. მედიაწიგნიერების კლუბის დაფუძნება ყველამ ერთად დავგეგმეთ. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, შესაბამისად, არც ბიუჯეტის სიმსუყეს განვიცდით, მაგრამ სკოლის დირექტორი, ნათია მიქელაძე, აქტიურად დაგვიდგა გვერდში. გამოგვიყო დროებითი ფართი (ახალი წლიდან გვექნება ოთახი კლუბური შეხვედრებისთვის), საჭირო რესურსი და თავადაც მონაწილეობს ყველა შეხვედრაში.

შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ იმართება, საჭიროების მიხედვით უფრო ადრეც. კლუბის მუშაობას კლუბის წევრებისვე შემუშავებული წესდება აწესრიგებს:

♦ კლუბი ფუნქციონირებს კვირიკეთის საჯარო სკოლის ბაზაზე;

♦ კლუბში გაერთიანებული არიან საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მოსწავლეები;

♦ კლუბში მუშაობა მიმდინარეობს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით.

დღეს სკოლებში უამრავი პროფილის კლუბები არსებობს, რაც არაფორმალური გზით განათლების მიღების საუკეთესო საშუალებაა. ყველა სასკოლო კლუბს თავისი მიზანი აქვს, ამით არც ჩვენ ვართ განსაკუთრებულები.

მედიაწიგნიერების კლუბის მიზანია:

♦ მოსწავლეთა შორის სწორი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;

♦ საჯარო გამოსვლის ხელოვნების სწავლება;

♦ ინფორმაციის შეკრების, დახარისხების, ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხოდ „დაკარგვისა“ და ქსელში სანდო, გაფილტრული ინფორმაციის შერჩევის უნარის განვითარება;

♦ პასუხისმგებლიანი მოქალაქის ფორმირება;

♦ მოსწავლეთათვის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობის ხელშეწყობა;

♦ კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის, პრობლემების გადაჭრის, ინფორმაციის გავრცელებისათვის საჭირო უნარების განვითარება;

♦ სხვადასხვა რესურსის მოძიება და გამოყენება სასწავლო პროცესში.

კლუბს ჰყავს ხელმძღვანელი – მასწავლებელი და ფასილიტატორი – მოსწავლე; აქვს სამუშაო გეგმა და დაგეგმილია წლის განმავლობაში ჩასატარებელი აქტივობები.

საკლუბო მუშაობა ჩემთვისაც, როგორც მასწავლებლისთვის, სერიოზული გამოწვევა იყო. თუმცა, მაქვს მნიშვნელოვანი მოლოდინები. რას ველოდები მედიაწიგნიერების კლუბიდან:

♦ უმთავრესად, მედიაწიგნიერ მოქალაქეს, რომელსაც შეეძლება აიღოს პასუხისმგებლობა მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე;

♦ ასევე მოქალაქეს, რომელიც შეძლებს ტროლ-ბოტი და ნამდვილი ინფორმაცია გაფილტროს და შეძლოს მისი გამოყენება;

♦ და თუ თანამედროვე მოქალაქეს ეს კომპეტენცია აქვს, ის სრულფასოვანი მოქალაქეა და აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

დამერწმუნებით, ეს ცოტა არაა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები