25 მაისი, შაბათი, 2024

მეგობრობა ამსხვრევს სტერეოტიპებს

spot_img

თანამედროვე სამყაროში სასკოლო განათლება ხელს უნდა უწყობდეს მოზარდებში იმ ძირითადი ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების შეძენა-ჩამოყალიბებას, რაც მათ, როგორც გლობალურ მოქალაქეებს, დაეხმარება შეძლონ სწრაფვა გარემოს გარდაქმნისკენ, ასევე, ინფორმაციის გაზიარება, ჰქონდეთ განსხვავებულობის მიმღებლობის, ემპათიისა და სოლიდარობის განცდის უნარი.

პროექტებით სწავლება, გლობალური მოქალაქის აღზრდისკენ მიმავალ გზაზე, ერთ-ერთი საშუალებაა. პროექტების განხორციელება საუკეთესო შედეგს იძლევა სასკოლო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით.

მიმდინარე სასწავლო წელს, საბაზო საფეხურის მოსწავლეები და მათი მშობლები ჩავრთეთ პროექტში, სახელწოდებით – „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“, რომელიც შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით, შვედეთის ქალაქ ჰუდიკსვალის ორგანიზაცია ,,გლადა ჰუდიკ თეატრის“ მიერ, განხორციელდა.

პროექტის მიზანი იყო:

  • ადამიანებს შორის არსებული განსხვავებების დადებითად აღქმის გააზრება;
  • სხვადასხვა შესაძლებლობისა და უნარის მქონე ადამიანების დაფასება;
  • მოსწავლეებში ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ბავშვთა უფლებების კონვენციას, რომლის საფუძველზეც, შეიმუშავეს საკუთარი სკოლის კონვენცია; განიხილეს დემოკრატიული ღირებულებები, გაიაზრეს მსგავსება-განსხვავებულობის მნიშვნელობა. მათ აღნიშნეს, რომ განსხვავებულობა შესაძლებელს ხდის, თითოეულმა ჩვენგანმა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ საზოგადოების ცხოვრებაში და რომ ერთფეროვნება მოსაწყენი იქნებოდა.

იმსჯელეს რისი გაკეთება შეიძლება სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის შესამცირებლად. მსჯელობის შედეგად, შექმნეს საკუთარი სასკოლო „შუქნიშანი“.

ძალიან საინტერესოდ წარიმართა საუბარი თემაზე: „მეგობრობა და ურთიერთობები“. ღიად ისაუბრეს მეგობრების ყოლის მნიშვნელობაზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება დააღწიო თავი უსიამოვნო სიტუაციებს, განცდებს, მეგობრების დახმარებით.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა, ერთობლივად, ნახეს ორი ფილმი: „მოდების ჩვენება გლადა ჰუდიკიდან ნიუ-იორკამდე“ და „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“, შემდეგ კი გამართეს დისკუსია თემაზე: „ყველა ერთნაირად ღირებულია“, სადაც ისაუბრეს სტერეოტიპულ დამოკიდებულებებზე შშმ პირების მიმართ. აღნიშნეს, რომ განვითარების დარღვევის მქონე ადამიანს, საზოგადოების მხრიდან, მხარდაჭერა და სწორად შერჩეული სტრატეგიები, მიდგომები სჭირდება, რათა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში შეძლოს განვითარება.

ნანახმა ფილმებმა მოსწავლეებს ინტერესი გაუღვივა, მოეძიათ ინფორმაცია დაუნის სინდრომის მქონე იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს. PPT პრეზენტაციის საშუალებით, მათ პაბლო პინედას, მედლინ სტიუარტის, კოლეტ დევიტოს, კრის ნიკისის და რონალდ ჯენკინსის მიღწევები წარმოადგინეს.

გარდა ამისა, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, თავიანთი დამოკიდებულებები სხვადასხვა ფორმით გამოეხატათ. შექმნეს პოსტერი და განათავსეს სასკოლო სივრცეში.

პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტები – „ჩანახატი“, „ესე“, „ნახატები“ – ნათლად აჩვენებს მოსწავლეთა განცდებს, რომელთა გაზიარება და მსმენელამდე მიტანა პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.

გვინდა შემოგთავაზოთ მოსწავლეთა ნამუშევრები, სადაც ნათლად ჩანს პროექტის მიმდინარეობისას განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობის შედეგად შეცვლილი ხედვა, დამოკიდებულებები და სოლიდარობის განცდა შშმ პირების მიმართ.

♦♦♦

ზღვა ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია. ზაფხულობით ყოველთვის მივდივარ. მიყვარს სანაპიროზე დიდხანს ჯდომა. იმ საღამოსაც იქ მივედი. ცოტა უგუნებო ხასიათზე ვიყავი, ამინდიც ცივი და სუსხიანი იყო, მაგრამ გადავწყვიტე მაინც დავრჩენილიყავი. ერთმა ოქროსთმებიანმა და წითელლოყება გოგონამ ჩემი ყურადღება მიიპყრო, ზღვასავით ლურჯი, უსაზღვრო თვალები ჰქონდა. გული მეტკინა, როცა მივხვდი, რომ გადაადგილება უჭირდა, იჯდა და გასცქეროდა ზღვას. მომინდა ახლოს გამეცნო იგი. მივუახლოვდი და მივესალმე, მაგრამ არ მიპასუხა. მორიდებით შემათვალიერა და ზღვის ცქერა განაგრძო. ხელში დღიური ეჭირა, ხატავდა სევდიან და მუქ ფერებში. მე გამიკვირდა და ვკითხე, თუ რატომ არ იყო მის ნახატში მზე, ცისარტყელა, მხიარული და ცოცხალი ფერები. მან კი მიპასუხა: ჩემს სამყაროში მზეს რა უნდაო. მინდოდა კიდევ მეკითხა რამე, მაგრამ ჩემთან საუბარი აღარ მოისურვა. დავღონდი და იმაზე ფიქრი დავიწყე თუ რა გამეკეთებინა მის გასამხიარულებლად.

მეორე დღეს ფანქრებითა და ფუნჯებით სავსე ყუთი მივიტანე და მას ვაჩვენე. დაათვალიერა და წითელი ფანქარი აიღო, დაიწყო ხატვა. ფერებს ლამაზს არჩევდა, მაგრამ გაურკვევლად ხატავდა. მე მიკვირდა რატომ იყო ასეთი სევდიანი, რატომ იყო ყოველთვის მარტო ამ სანაპიროზე. თურმე ყოველ დღე მის მშობლებს მოჰყავდათ და აქ ტოვებდნენ. ისიც იჯდა და გაჰყურებდა ჰორიზონტს. ისეთი მარტოსული გამოხედვა ჰქონდა, არ მინდოდა მარტო დამეტოვებინა. ხშირად ვესაუბრებოდი, ვუზიარებდი ჩემს ფიქრებს. თავიდან უნდობლად მიყურებდა, მაგრამ შემდეგ გამიშინაურდა. ყველაზე მეტად რამაც გამახარა, იყო იმ შიშისა და უნდობლობის დაძლევა, რომელიც მას ჩემდამი ჰქონდა.

ერთს საღამოს სიჩუმეში მომესმა: იცი, ყოველდღე, როცა აქ მოვდივარ, მინდა ზღვას შევეხო, მაგრამ მეშინიაო. ძალიან გული დამწყდა, რომ მას არ შეეძლო ზღვასთან მისვლა, მაგრამ ჩვენ ეს შიში ერთად დავძლიეთ და ახლა ერთად ვაგროვებთ კენჭებს სანაპიროზე. ის ნახატი, რომელიც დღეს ჩემს ოთახს ამშვენებს, სწორედ ლინამ დამიხატა, იმ გოგომ, რომელმაც ყველაფერი წითელი ფერით დაიწყო. წითელმა ფერმა მას სიმტკიცე და საკუთარი თავის რწმენა შემატა. ზღვა კიდევ უფრო შემაყვარა ლინამ, რომელმაც იმაზე მეტი მასწავლა, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ.

♦♦♦

ჩემი ნათელი წერტილი…

დიახ, ნათელი წერტილი. აი ასე ვიწყებ იმ ამბის მოყოლას, რაც ჩემ ირგვლივ ხდება და ყოველდღე უფრო და უფრო ანათებს სამყაროს. ეს ჩემი დაიკოს ისტორიაა. ის განსხვავებულია თავისი შესაძლებლობებით და იმ უნარებით, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში განვითარებასა და სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბებაში გვეხმარება. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და სირბილი, თავის თანატოლებთან ერთად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემზე მეტად შეუძლია იმ სიხარულის გადმოცემა, რასაც მე ვერ აღვიქვამ. მას მთელი გულით შეუძლია სითბო გადმოსცეს, მთელი გულით შეუძლია ჩაგეხუტოს. მის ფიქრებში არ არსებობს ბოროტული აზრები. სწორედ ამიტომ არის ის ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში. ძალიან თბილი და საყვარელია თავისი გულუბრყვილო მზერით, ყველას აყვარებს თავს და მეც მიბიძგებს სიკეთისკენ. ის განსხვავებულია არა მარტო შესაძლებლობებით, არამედ გულითა და სულით. მე ვეხმარები მას, რომ გახდეს სრულფასოვანი ადამიანი და ის მეხმარება მე, რომ მქონდეს კეთილი გული. აი, სწორედ ამიტომ ვამბობ, ჩემი დაიკო არის ჩემთვის ნათელი წერტილი. ის ყველგან სითბოს და სიკეთეს ასხივებს.

ამრიგად, ჩვენ მიერ განხორციელებულმა პროექტმა ნათლად დაგვანახა, რომ ერთობლივად დაგეგმილი აქტივობები მნიშვნელოვანია მოზარდებში ჯანსაღი ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად. მშობელთა ჩართულობა ხელს უწყობს ურთიერთგაგებისა და ემპათიის ზრდას. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, ღიად იმსჯელონ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: გარიყულობა, დისკრიმინაცია, ბულინგი, ჩაგვრა, ბავშვის უფლებები და გაიაზრონ მათი, როგორც მომავალი გლობალური მოქალაქის როლი საზოგადოებაში.

 

ნონა მაჭარაშვილი

სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი

ირინე კუჭავა

სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

 

გამოყენებული ლიტერატურა: https://ghtproject.org/login/

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები