ლულა ხვიჩავა
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ეკოსკოლის კოორდინატორი
2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ჩხორიის საჯარო სკოლა შეუერთდა ეკოსკოლების პროგრამას, რომლის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება, რათა მათ თავიანთი წვლილი შეიტანონ დედამიწის მდგრად განვითარებაში პოზიტიური ქცევით, ქმედებაზე ორიენტირებული ინიციატივებით, სასწავლო და კვლევითი აქტივობებით, ურთიერთთანამშრომლობით.
საქართველოში ეკოსკოლების პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე!“, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცოდნის და უნარების განვითარებაა. სწორედ ამიტომ, 2020 წლიდან, ორგანიზაცია გახდა საერთაშორისო გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ადგილობრივი წარმომადგენელი. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ჩხორიის საჯარო სკოლაში, ერთიანი საარჩევნო პროცესის შედეგად, საარჩევნო განცხადებებით, პლაკატებით, ბიულეტენებით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისგან, შეიქმნა სკოლის ეკოკომიტეტი, რომელშიც ჩაერთვნენ სკოლის საზოგადოების წარმომადგენლები. ამის შემდგომ ეკოსკოლის კოორდინატორად ამირჩიეს. ეკოკომიტეტში პატივისცემისა და ნდობის ატმოსფეროა, ყველას აქვს ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობა, აზრის გამოხატვის უფლება. მოსწავლეთა და მასწავლებელთა გამოკითხვის საფუძველზე გაირკვა, რომ სასკოლო საზოგადოების უმეტესობისთვის საინტერესო იყო ბიომრავალფეროვნების თემა, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის გარშემო არსებული ფლორისა და ფაუნის შესწავლას, ბიომრავალფეროვნების გაზრდას და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. გავრცელდა ინფორმაცია სკოლის ბიომრავალფეროვნებაზე პასუხისმგებელი პირების პოზიციაზე, არჩევნების მსურველებმა ჩაატარეს წინასაარჩევნო შეხვედრები და წარმოადგინეს პროგრამები. არჩევნების შედეგად შეირჩნენ ბიომრავალფეროვნებაზე პასუხისმგებელი პირები. სკოლის ეკოკომიტეტმა ჩაატარა კვლევა სასკოლო საზოგადოებისა და მასთან დაკავშირებული პირების ცნობიერების განსაზღვრის მიზნით. ბიომრავალფეროვნების თემატიკაზე კვლევა განხორციელდა ელექტრონულად, გამოკითხვის მეთოდით. კვლევის შედეგად გამოიკვეთა ძლიერი და სუსტი მხარეები და, აუდიტის შედეგების საფუძველზე, მოსწავლეთა მონაწილეობით, შეიქმნა სამოქმედო გეგმა, სადაც განისაზღვრა საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებიც ხორციელდებოდა პროექტის მსვლელობისას; განისაზღვრა როლები და ფუნქციები, კონკრეტულ აქტივობებზე პასუხისმგებელი პირები, ასევე, განისაზღვრა თუ რა სიხშირით შეიკრიბებოდა ეკოკომიტეტი, როგორ გავრცელდებოდა ინფორმაცია.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები მოსწავლეებთან, საუბრები ბიომრავალფეროვნებაზე. ეკოსკოლელებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს სკოლის ეზოში გაშენებული მრავალი სახეობის ხეებზე,ბუჩქებსა და მცენარეებზე. სკოლის ეზოში მოეწყო ეკოსკვერი, რომლის დაგეგმარებაში გათვალისწინებულ იქნა მოსწავლეთა ხედვები. 22 ოქტომბერს აღინიშნა ხის დარგვის საერთაშორისო დღე! ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა დარგეს ტუიას ხე. მათ ჩაუტარდათ ლექცია ნერგის დარგვის, მოვლისა და მნიშვნელობის შესახებ.
მშობელთა აქტიური ჩართულობით, დამონტაჟდა ფრინველთა საბუდარები, საკვებურები, რითაც მოსწავლეები დაეხმარნენ ჩვენთან დარჩენილ ფრინველებს. დაირგო ბუჩქოვანი მცენარეები და ყვავილები, კირით შეთეთრდა ხეები, მოეწყო დასუფთავების აქცია, დამონტაჟდა მაგიდა და სკამები, სადაც შესაძლებელია მცირე ჯგუფების შეხვედრები; ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია ბიომრავალფეროვნების თემაზე, მომზადდა პრეზენტაციები პესტიციდებზე, შეიქმნა პოსტერები, ნახატები, პლაკატები, მაკეტები დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში; გაიმართა დეივიდ ატენბოროს ფილმის „ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე“ ჩვენება და დისკუსია ფილმის გარშემო. მოსწავლეები გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს, მსჯელობდნენ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ მათ გლობალური პრობლემების გადაწყვეტის პროცესში. ფილმის შინაარსიდან გამომდინარე აშკარაა ბიომრავალფეროვნების პროცენტული შემცირება წლების მიხედვით, რაც კლიმატის ცვლილებაშიც აისახება. ფილმში კარგად ჩანს, რომ ადამიანმა, თავისი არსებობის მანძილზე, მრავალი სახეობა გაანადგურა ველურ ბუნებაში, ბევრი კი განადგურებისა და გადაშენების პირას მიიყვანა. თავისი საქმიანობით ადამიანი ჩაერია ბუნებაში, დაანგრია მისი მდგრადობა, მოსპო დაბალანსებული ურთიერთობა ადამიანსა და ბუნებას შორის. მოსწავლეების აზრით, საჭიროა: დავიცვათ ველური ბუნება განადგურებისაგან; ვიზრუნოთ საკუთარი მწვანე მომავლისთვის; ხშირად მოვაწყოთ დასუფთავებისა და გამწვანების აქცია.
დაინტერესებულ ახალგაზრდებს მყნობის მასტერკლასი ჩაუტარა სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა, რომლის შემდეგაც ეკოსკოლელებმა პრაქტიკულად განახორციელეს მყნობის პროცესი, დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები, რაზედაც ამომწურავი პასუხები მიიღეს. მასწავლებელმა ატმისა და ალუბლის ნამყენი ნერგები. მოხდა ყუთებში ჩარგული ჭანჭყატების მიწის განოყიერება, ჭანჭყატების დაკალმება. დასასრულს, მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში.
ეკოკომიტეტის ინიციატივით, მოეწყო ექსკურსია შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პარკში არსებული ხეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. მათ დაათვალიერეს მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექცია, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის ორიგინალური განაშენიანებით, ენდემური ჯიშის ხეები, სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ეგზოტიკური სახეობის ათასწლოვანი მცენარეები. ასევე, დაუვიწყარი სანახაობა იყო ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე, მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მოსწავლეებმა გადაიღეს ფოტოები და ნანახის შესახებ შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს პრეზენტაციების სახით.
ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, გამოცხადდა ბიომრავალფეროვნების კვირეული, რომლის ფარგლებშიც, განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
- ჩატარდა ფოტოკონკურსი „ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში“;
- შეიქმნა ნახატები და ელექტრონული პოსტერები ბიომრავალფეროვნებაზე;
- მეორადი მასალების გამოყენებით, დამზადდა ყვავილები, მოიხატა ქვები და ყვავილების ქოთნები, მოეწყო გამოფენა;
- შედგა ვიზიტი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში. არაჩვეულებრივი გიდობა გაგვიწია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციების მართვის განყოფილების უფროსმა, ლარისა თირქიამ. მან მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ბაღში გაშენებული მრავალი სახეობის ხეებზე, ბუჩქებსადა მცენარეებზე.
ეკოსკოლელები დაინტერესდნენ მაგნოლიის, მუხის, კედარის, ვერხვის სახეობებით და დაგეგმეს მათ შესახებ ინფორმაციების მოძიება და პრეზენტაციების მოწყობა სკოლაში. ორანჟერეაში მასპინძლობა გაგვიწია მაკა თოლორდავამ. ასევე, დავათვალიერეთ მის მიერ შექმნილი ჰერბარიუმები და ქალბატონი მაკა მათი დამზადების შესახებ გვესაუბრა. მოსწავლეებმა ნახეს ფარშევანგები და ხოხბები.
- მოეწყო დარგვისა და დასუფთავების აქცია;
- კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა ყვავილების ფესტივალი;
- კვირეულის დახურვისას, დაჯილდოვდნენ კვირეულში აქტიურად მონაწილე მოსწავლეები.
ჩვენი რეგიონის ბიომრავალფეროვნების შესწავლის მიზნით, მოსწავლეები, ასევე, სტუმრობდნენ ადგილობრივი მკვიდრის, ზურაბ არდიას გარდენიას. დაათვალიერეს გარდენიაში მოშენებული ყვავილები, ჩაწერეს ოჯახის ერთ-ერთი წევრი – საბა არდია, რომელმაც ყვავილების სახეობებისა და მათი მოვლა-პატრონობის შესახებ ისაუბრა.
შედგა ვიზიტი მოცვის პლანტაციაშიც. შევხვდით ადგილობრივ ფერმერს, რენოზ ხარებავას. მოსწავლეებმა ფერმერს დაუსვეს კითხვები ამ კულტურის გაშენებისა და მოვლის შესახებ და მისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ლურჯი მოცვის კულტურის შესახებ – რომ მოცვი არის მარადმწვანე მცენარე, ყვავის მაის-ივნისის თვეში. მისი ნაყოფი მომჟავო-ტკბილია, იჭმევა ნედლადაც, მისგან ამზადებენ მურაბას, შეიცავს C ვიტამინს და აქვს ბევრი სამკურნალო თვისება. ეკოსკოლელებმა მონაწილეობა მიიღეს მოცვის დაკრეფაში და დააგემოვნეს კიდეც ნაყოფი. ასევე, გამოთქვეს სურვილი, ხშირად ესტუმრონ ფერმერს.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები, ასევე,სტუმრობდნენ მეფუტკრეს, რეზო ზუმაძეს, რომლის ოჯახში ფუტკრის მოვლის კულტურა 20 წელზე მეტს ითვლის. მეფუტკრე, შესაბამისი ეკიპირებით, გაუძღვა მოსწავლეებს საფუტკრისკენ. გვიამბო თუ როგორ დაიწყო, თავდაპირველად, ორი სკით და დროთა განმავლობაში დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ როგორ შეუწყო ხელი სკის გამრავლებას. ბატონი რეზო ესაუბრა მოსწავლეებს ფუტკრის ოჯახის შესახებ – როგორ აგროვებს და ინახავს ფუტკარი თაფლს, როგორ ხდება მათი გამრავლება, ასევე, ისაუბრა ფუტკრის ნაწარმზე და მის სასარგებლო სამკურნალო თვისებებზე.
ეკოსკოლელები, 2022 წლის 20 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, შეუერთდნენ „გლობალური ქმედებების დღეების“ ათდღიან კამპანიას, რომლის მიზანია, შთააგონოს ყველა ადამიანს დაიცვას ჩვენი პლანეტის ბიომრავალფეროვნება. კამპანიის მსვლელობისას მოსწავლეებმა თავიანთი ემოციები გამოხატეს ნახატებით; „დაუახლოვდი ბუნებას!“ – ამ მოწოდების ფარგლებში საინტერესო ფოტოები გადაუღეს მცენარეებს, ყვავილებს და აღწერეს ისინი; კამპანიის „სიცოცხლე საფრთხეშია!“ ფარგლებში, აიმაღლეს ცნობიერება გადაშენების პირას მყოფ ფრინველთა და ცხოველთა სახეობებზე; ხოლო კამპანიის „მოაწყვეთ მწვანე პარტია!“ მიმდინარეობისას დაასუფთავეს სკოლის ეზო, მიმდებარე ტერიტორია და აქტიურად ჩაერთნენ გამწვანების აქციაში.
კამპანიის დასასრულს მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გარემოსდაცვითი განათლების ფონდმა გადასცა სერტიფიკატები.
პროექტის გარშემო გაერთიანდა მთელი სასკოლო საზოგადოება, აქტიურად ჩაერთნენ მშობლები, შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ გუნდური მუშაობის, ლიდერობის, გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები, შეიძინეს დემოკრატიული პრინციპების მიმართ გამოცდილება, ისწავლეს, როგორ აიღონ პასუხისმგებლობა თავის თავზე, გაუჩნდათ რწმენა, რომ შეუძლიათ შეცვალონ გარემოსდაცვითი პოლიტიკა. ამაღლდა საზოგადოების ცნობიერებაც ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა კარგად გააცნობიერეს, რომ სწორი მოქმედებით შეუძლიათ დადებითი ზეგავლენა მოახდინონ ეკოლოგიურ პროცესზე. გახდნენ ფლორასა და ფაუნაზე მზრუნველები. მოეწყოპრეზენტაციები, შეიქმნა პოსტერები, ნახატები, მაკეტები, ვიდეორგოლები.
ეკოსკოლის საქმიანობა უფრო ხილვადი გახადა სკოლაში მოწყობილმა გამოფენებმა, ეკოკომიტეტის ფეისბუქგვერდმა, „ეტალონში“ გაშუქებულმა ინფორმაციებმა ჩატარებული აქტივობების შესახებ, კოლექტიურმა გასვლითმა ღონისძიებებმა.
სასწავლო წლის ბოლოს დავასრულებთ ეკოპროგრამის შვიდივე საფეხურს და ვაპირებთ განაცხადის გაკეთებას „მწვანე დროშის“ მისაღებად, რათა ჩვენ მიერ გაწეული საქმიანობა დავანახოთ საზოგადოებას.
ეკოსკოლების პროგრამაში ჩართვამ და პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში მდგრადი განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებასა და განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დღის წესრიგის განხორციელების საქმეში.