24 ნოემბერი, კვირა, 2024

მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომ სტატუსი გაიუმჯობესონ და გაზრდილი სახელფასო დანამატით ისარგებლონ

spot_img

 

ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ სახელფასო ზრდა მასწავლებლის რეგულირებისა და წახალისების ერთ-ერთი კომპონენტია. „ჩვენ ახლა გარდამავალ პროცესში ვიმყოფებით და მასწავლებლები, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ კრედიტქულების დაგროვება და მნიშვნელოვანი მიღწევებიც აქვთ ამ კუთხით, 2019 წლის ბოლომდე, ამავე სისტემით ისარგებლებენ – შენარჩუნდება მოქმედი კრედიტქულების დაგროვების გზა, მაგრამ, პარალელურად, ეტაპობრივად, მასში ცვლილებები განხორციელდება, რაც მეტი შესაძლებლობების გაჩენას გულისხმობს.   2020 წლიდან ახალი რეგულაციები შემოვა და მაქსიმალურად შემცირდება ბიუროკრატიული ელემენტები სქემაში.“

მისივე თქმით, ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც უახლოეს დღეებში განხორციელდება, იქნება მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარის არასავალდებულოდ გამოცხადება, რადგან შიდა კვლევების მიხედვით, ეს ბევრ ტექნიკურ და ბიუროკრატიულ პროცესთან იყო კავშირში.

მეორე მნიშვნელოვან ცვლილებად მინისტრის მოადგილემ,   არსებული სქემის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის დაწესებული კრედიტქულების დაგროვების შეზღუდვის მოხსნა დაასახელა, რომელიც მასწავლებელს, აქტივობებით, მხოლოდ 5 კრედიტის დაგროვების უფლებას აძლევდა.

„შეზღუდვა იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ყველაფრის პარალელურად, რა გზითაც მიდიან პედაგოგები, მათთვის დამატებითი შესაძლებლობები იხსნება. განსაკუთრებით ახლა, როცა სახელფასო ზრდის ინიციატივა დავაანონსეთ, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომ სტატუსი გაიუმჯობესონ და გაზრდილი სახელფასო დანამატით ისარგებლონ.

 5-კრედიტიანი შეზღუდვის მოხსნა, მარტივად რომ ვთქვათ, გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია მასწავლებელს გამოცდები წარმატებით ჰქონდეს ჩაბარებული, მაგრამ უფროსი მასწავლებლის საფეხურზე გადასასვლელად საკმარისი კრედიტქულა არ ჰქონდეს, ამ შეზღუდვის მოხსნით, მათ მივცემთ შესაძლებლობას, მეტი კრედიტქულა დააგროვონ, შესაბამისად, პროფესიული განვითარების მეტი აქტივობები განახორციელონ. ამით კი, იზრდება შანსი, რომ 2019 წელს უფროსი მასწავლებლის საფეხურზე გადავიდნენ, რაც მათ მყისიერ სახელფასო ცვლილებას მოუტანს 2020 წლიდან. ეს ორი მნიშვნელოვანი ცვლილება უკვე ინიცირებულია. პარალელურად, ვემზადებით, რომ პროფკავშირთან, მასწავლებლებთან და სკოლებთან დავიწყოთ ახალი სქემის   რეგულირების დოკუმენტის განხილვები, რომელიც 2020 წლიდან შევა ძალაში.“

 კიდევ ერთი სიახლე, რომლის შესახებაც დღეს გახდა ცნობილი, არის, გამონაკლისის სახით, გამოცდების შემოდგომაზე, დამატებით, ჩატარება. ამის მიზეზად მინისტრის მოადგილე იმას ასახელებს, რომ „მასწავლებლები ძალიან სწრაფად წავიდნენ წინ, სახელფასო მატებისკენ. შემოდგომაზე მეორედაც გამოვაცხადებთ გამოცდას მათთვის, ვისაც ზაფხულის გამოცდის შედეგების გაუმჯობესების ან გამოცდის გამეორების სურვილი ექნება. შუალედში, ზაფხულის შემდეგ, ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ მასწავლებლებს პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობას, რომლებსაც არა მხოლოდ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, არამედ სხვა ორგანიზაციებიც განახორციელებენ. პროექტი უკვე მზად გვაქვს და რომელი ორგანიზაციაც გაივლის აკრედიტაციას (არასამთავრობო ორგანიზაციები, შესაძლებელია, უნივერსიტეტები ან საერთაშორისო ორგანიზაციები), შემოდგომის გამოცდებისთვის მასწავლებლები, მისი დახმარებით, უკეთ მოემზადებიან. სურვილის შემთხვევაში, ისინი ტრენინგებს უფასოდ გაივლიან.“

რაც შეეხება საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებლებს, პენსიაზე გასვლის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ, ჯილდოს სახით, ორი წლის ოდენობის ხელფასის თანხის შეთავაზებას, ირინა აბულაძე ამბობს, რომ მასწავლებლებმა, შესაძლოა, ამის სურვილი იმ შემთხვევაშიც გამოხატონ, თუ ზაფხულის გამოცდის შედეგით არ იქნებიან კმაყოფილი ან შედეგით კმაყოფილი იქნებიან, მაგრამ მაინც გადაწყვეტენ, რომ გავიდნენ პენსიაზე. მასწავლებლებს ჯილდოს მიმართულებით სურვილის დაფიქსირების შესაძლებლობა 2019 წლის ბოლომდე ექნებათ.

მისი აზრით, ეს ინიციატივა და მიდგომა აუცილებლად შეცვლის პროფესიაში არსებულ სურათს: „პროფესია დაიწყებს უფრო მეტად გაცოცხლებას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სტატუს-კვო, მაგალითად, დღეს სისტემაში 33 ათასი პრაქტიკოსი მასწავლებელი გვყავს, მათგან ნაწილს გამოცდა ჩაბარებული აქვს, ნაწილს – 21 ათას მასწავლებელს კი არა. ეს ინიციატივა სწორედ ამ მასწავლებლებს გაუჩენს მოტივაციას, მიიღონ ბევრად გაზრდილი ხელფასი, თუკი ამის სურვილი და ენერგია აქვთ და სურთ, სისტემაში ხარისხიანი განათლების მიწოდებისთვის იმუშაონ. აუცილებლად გააჩენს, ასევე, ინტერსს სისტემის გარეთაც – სტუდენტებში და პროფესიაში ახალი კადრების შემოდინება დაიწყება. ეს ეტაპობრივად განხორციელდება და დარწმუნებული ვარ, სახელფასო დანამატის გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლისთვის, მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება, მინიმუმ, 1500 ლარი უნდა იყოს, ბევრ პროფესიას გაუწევს კონკურენციას, განსაკუთრებით რეგიონებში.

ითქვა, რომ ამ ინიციატივებისთვის, ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 250 მილიონი ლარის გამოყოფა გახდება საჭირო. არის თუ არა ეს რესურსი მოძიებული? ირინა აბულაძე ამბობს, რომ ბიუჯეტში რესურსების მობილიზება ზაფხულში მოხდება. „პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რა ვითარება გვექნება – რამდენი მასწავლებელი გაიუმჯობესებს სტატუსს. მაისის ბოლომდე, მივიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი პედაგოგი დარეგისტრირდება გამოცდებზე, ასევე მაისის ბოლომდე, მივიღებთ ინფორმაციას იმის შესახებაც, თუ რამდენი პედაგოგი მოისურვებს ჯილდოთი სარგებლობას. ივნისში, შექმნილი ვითარებისა და მონაცემების საფუძველზე, საბიუჯეტო კორექტირება განხორციელდება და სახელფასო ზრდა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება. ცხადია, ამ თემასთან დაკავშირებით, ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან.“

 

 მოამზადა ლალი ჯელაძემ 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები