30 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2022

მასწავლებლობა, როგორც გამოწვევა, ანუ როგორ „შემომეინგლისურა“

spot_img

იცით, რა მიყვარს ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად? მუდმივი განვითარების შესაძლებლობა. უფრო თუ დავაზუსტებთ, შესაძლებლობა კი არა, მოვალეობა. როცა ბედავ, სხვისთვის რაღაცის სწავლების პრეტენზია გქონდეს, პირველ რიგში, შენ უნდა იყო მუდმივ მზადყოფნაში რაიმე ახლის სასწავლად.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემი ძირითადი სპეციალობა ქართული ფილოლოგიაა. უცხო ენების სწავლა ყოველთვის მომწონდა და მემარტივებოდა. ვთარგმნი კიდეც რუსულიდან, ინგლისურიდან ჩემს საყვარელ პოეტებს. მაგრამ, არასდროს მიფიქრია ინგლისური მესწავლებინა. ჩემი პერფექციონიზმის ზღვარზე მყოფი პასუხისმგებლობის გამო, ვცდილობ ხოლმე მოვერიდო რაღაცის კეთებას, თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს საქმე ძალიან კარგად გამომივა. ამას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. დეტალურ განხილვას აღარ შევუდგები. ვფიქრობ, ყველაფერი ისედაც გასაგებია.

როდესაც შემომთავაზეს ინგლისურიც მესწავლებინა ბავშვებისთვის, საკმაოდ ბევრი ვიყოყმანე და გულში დანაკლისის შეგრძნებით დავთანხმდი. სულ იმაზე მეფიქრებოდა, თუ როგორ გავართმევდი თავს ამ პასუხისმგებლობას. რამდენიმედღიანი თვითგვემის შემდეგ, თავი ხელში ავიყვანე. მოვიძიე სახელმძღვანელოები, დამატებითი ლიტერატურა, გადავატრიალე ინტერნეტი საინტერესო რესურსების მოსაძიებლად და დავიწყე… პროცესი იმდენად აზარტული აღმოჩნდა, იმდენად მომეწონა ინგლისურის მასწავლებლის როლში ყოფნა, რომ სულ ახლახან მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე კიდევ ერთხელ გავედი, რათა სწავლების ოფიციალური უფლება მომეპოვებინა.

მივადექით მთავარს: რატომ მოვყევი ეს ყველაფერი? მასწავლებელი მხოლოდ ამა თუ იმ საგანს კი არ უნდა აწავლიდეს, თავად უნდა იყოს მოსწავლისთვის მაგალითი. მარტივია მოსწავლეს ელაპარაკო განათლებისა და პიროვნული განვითარების აუცილებლობაზე, ეჩიჩინო, რომ მას უფლებებთან ერთად მოვალეობებიც გააჩნია…. ბევრად უფრო რთულია ამ ყველაფრის პირადი მაგალითით განმტკიცება. სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანიო, ნათქვამია. ასე რომ, ძვირფასო მასწავლებლებო, არ შეგეშინდეთ და ხშირად გამოდით კომფორტის ზონიდან, მოსინჯეთ თავი სხვადასხვა კუთხით. იქნებ, სრულიად შემთხვევით, მიძინებული უნარებიც გამოაღვიძოთ, რომელთა შესახებ წარმოდგენა არ გქონდათ ან იცოდით და დაგავიწყდათ.

მასწავლებლობა არ არის ფინიში. ის, როგორც ცხოვრება, ერთი დიდი გამოწვევაა. ასე რომ, არ მოდუნდეთ და „carpe diem!“ (ლათ. „დაიჭირე წამი“).

ლალი კუკავა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები