3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

მასწავლებლის როლი სახვითი ხელოვნების სწავლებისას

spot_img
ნინო გოგილაშვილი
სსიპ . დედოფლისწყაროს 1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი

 

 

ხელოვნებათმცოდნეობის თანამედროვე გაგებაზე, დიდწილად, გავლენა მოახდინა ვიგოტსკის თეორიებმა სწავლის სოციოკულტურული ბუნების შესახებ, რომელიც ვარაუდობს, რომ ბავშვების მხატვრული შესაძლებლობები შეიძლება გაიზარდოს სხვებთან ურთიერთქმედებით.

განათლებისადმი სოციოკულტურული მიდგომები ამტკიცებს, რომ ბავშვების ერთობლივი აქტივობები, მასწავლებელთან და უფრო გამოცდილ თანატოლებთან ერთად, მნიშვნელოვანია მოსწავლეთა განვითარების ხელშესაწყობად. ბავშვები, სახვითი ხელოვნების შესახებ, მასწავლებლებთან და თანატოლებთან ურთიერთობისას სწავლობენ, სანამ თვითონ განავითარებენ ამ უნარებსა და ცოდნას. ეს ნიშნავს, რომ მათ თვითგამოხატვას საუკეთესოდ უჭერს მხარს საგულდაგულოდ შემუშავებული და მიზანმიმართული სწავლება, რომელიც ხელს უწყობს უნარებისა და ცოდნის განვითარებას. დაწყებითი განათლების თანამედროვე პრაქტიკა, რომელიც დაფუძნებულია სწავლის სოციოკულტურულ თეორიებზე, განიხილავს ვიზუალურ ხელოვნებას, როგორც აზროვნებისა და კვლევის ინსტრუმენტს. ბავშვებს ურჩევენ, ხელოვნება სამყაროს შესახებ ფიქრისა და გაგებისთვის და პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენონ.

სახვით ხელოვნებაში უნარებისა და კომპეტენციების გასავითარებლად, ბავშვები მასწავლებელთა მხარდაჭერით სარგებლობენ.

არსებობს მთელი რიგი მიზანმიმართული სტრატეგიები, რომლებიც მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ხელოვნების სფეროში ეფექტური სწავლისა და განვითარებისთვის. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

  • წაახალისეთ ბავშვები, დახატონ თავიანთი იდეები და აზრები, რადგან ხატვა ხელს უწყობს კოგნიტური უნარების განვითარებას;
  • განიხილეთ ბავშვთა ნამუშევრები იმ გზავნილის ან იდეის მიხედვით, რომლის გადმოცემაც დაისახა ბავშვმა მიზნად და არა ნაწარმოების ესთეტიკური თვისებების მიხედვით, ან რამდენად რეალისტურადაა ნამუშევარი შესრულებული;
  • მოსწავლეებს მიაწოდეთ მაღალი ხარისხის, საინტერესო და სწორად შერჩეული მასალები, უსაფრთხო და კომფორტულ სივრცეში, რომელიც გამოყოფილია ხელოვნების გაკვეთილებისთვის – ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნას;
  • წაახალისეთ ბავშვების სოციალური ურთიერთობები გარშემომყოფებთან. როდესაც ხატავენ ან ქმნიან, მათ აზრების გაცვლა უნდა შეძლონ იმის შესახებ, თუ რას ხატავენ და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს, მასალებისა და რესურსების კონკრეტული გზებით გამოყენებაში;
  • წაახალისეთ ბავშვები, ისაუბრონ, გაუზიარონ ერთმანეთს, განიხილონ თავიანთი ნამუშევრები;
  • გამოფინეთ მოსწავლეთა ნამუშევრები ისე, რომ გამოჩნდეს მათი განსხვავებული ხედვა, აზროვნება;
  • წაახალისეთ ბავშვები, დააკვირდნენ და უფრო მჭიდროდ დაათვალიერონ ვიზუალური დეტალები, ვიდრე ჩვეულებრივ აკეთებდნენ, რათა დაინახონ ისეთი რამ, რაც სხვაგვარად შეიძლება არ ჩანდეს;
  • დაეხმარეთ ბავშვებს შეაფასონ ის, რაც გააკეთეს, განსაკუთრებით მათ იდეებთან და განზრახვებთან დაკავშირებით და კრიტიკულად დაფიქრდნენ მიმდინარე სამუშაოზე. ჰკითხეთ, რა გაუჭირდათ, როგორ გადაჭრეს პრობლემა და რა შეიძლება გააკეთონ სხვანაირად შემდეგ ჯერზე.
  • წაახალისეთ ბავშვები უკვე მიღწეულ შედეგის გამო და უბიძგეთ, განავითარონ თავიანთი იდეები, გამოიკვლიონ კიდევ რა შეიძლება იყოს შესაძლებელი, ხოლო შეცდომები სწავლის აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნიონ;
  • მიეცით უკუკავშირი, რომელიც მიზანმიმართულად ორიენტირებულია კონკრეტულ უნარზე, რომლის განვითარებაშიც ეხმარებით ბავშვს. მაგალითად, შეგიძლიათ კომენტარი გააკეთოთ ბავშვის ყურადღებით დაკვირვების უნარზე ან მიუთითოთ რა შეიძლება საჭიროებდეს დამატებით ყურადღებას.

დაბოლოს, მასწავლებელსა და ბავშვებს შორის აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი ჩართულობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა განვითარებას სახვით ხელოვნებაში და აამაღლებს სწავლის ხარისხს.

 

წყარო: https://theeducationhub.org.nz/what-role-should-teachers-take-in-childrens-visual-arts-experiences/

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები