27 ივლისი, შაბათი, 2024

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-სასწავლო პროცესი და მისი ინდიკატორები

spot_img

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთი მიზანია სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესება. ეს კი სწორად დაგეგმილი და წარმართული სასწავლო პროცესით მიიღწევა. სტანდარტი სასწავლო პროცესში მოიაზრებს:

პოზიტიური, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას და კლასის მართვას – თუ სასწავლო გარემო არ არის პოზიტიური, უსაფრთხო და მოსწავლეზე ორიენტირებული, ირღვევა ბავშვის უფლებები, უპირველესად – განათლების უფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლითაა დაცული. თუ კლასი არ იმართება, ეს ნიშნავს იმას, რომ სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს;

სასწავლო პროცესის დაგეგმვა იწყება ე.წ. „კურიკულუმის“, ანუ სასწავლო გეგმის შედგენით, რომელიც დგება სასწავლო წლის დასაწყისში. კურიკულუმი არის ერთგვარი სცენარი, რომელიც შეიძლება სრულად შესრულდეს, შეიძლება რაღაც დააკლდეს, შეიძლება გაკეთდეს უფრო მეტიც, ვიდრე დაგეგმილი იყო;

სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება-სწავლა-სწავლების უამრავი სტრატეგია(ხერხი) არსებობს. აქ, ძირითადად, იგულისხმება მეთოდოლოგიური მხარე. მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი გაკეთდეს კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე, ცოდნის აგებაზე და არა – დამახსოვრებაზე;

სასწავლო რესურსების გამოყენებას – რესურსი შეიძლება იყოს მატერიალური, ასევე ციფრული ტექნოლოგიები. სასწავლო რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესის ნაწილია;

მოსწავლეთა შეფასებას – მოსწავლეთა შეფასება არის ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი და მნიშვნელოვანი ნაწილი სასწავლო პროცესისა.ის სასწავლო პროცესისაგან მოწყვეტით არასდროს მოიაზრება. შეფასება არ გახლავთ რევიზია მოსწავლის ცოდნისა.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით, სასწავლო პროცესის თითოეული კომპონენტისათვის განსაზღვრულია შესაბამისი ინდიკატორები. კონკრეტულად:

♦ პოზიტიური, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისა და კლასის მართვის ინდიკატორებია:

♦ თანასწორობის პრინციპებზე აგებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ზრუნვა მოსწავლეებთან ერთად და მოსწავლეებს შორის;

♦ კეთილგანწყობილი, მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოს ორგანიზება უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესაბამისად;

♦ ყველა მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შემდგომში – სსსმ მოსწავლეების) ჩართვა სასწავლო პროცესში;

♦კულტურული მრავალფეროვნების, დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის აღიარება და პატივისცემა;

♦ კლასის მართვის ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება;

♦ მოსწავლეების თვითრეგულირებადი ქცევის წახალისება;

მოსწავლეებში მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;

♦ მოსწავლეებთან კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება;

♦მოსწავლეებისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა;

♦ მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;

♦ კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება.

სასწავლო პროცესის დაგეგმვის ინდიკატორებია:

⇒ სხვადასხვა ტიპის საგნობრივი სასწავლო გეგმების ცოდნა და შემუშავება;

⇒ სასწავლო პროცესის დაგეგმვისას კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპებისა და დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინება;

⇒ კლასგარეშე (ექსტრაკურიკულარული)/არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით;

⇒ სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება და ციფრული მოქალაქეობის პრინციპების გათვალისწინება

⇒ სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინება

სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენების ინდიკატორებია:

⇒ სასწავლო პროცესში სხვადასხვა დონის კურიკულუმების გამოყენება და მოდიფიცირება გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, ასევე მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით;

⇒ თითოეული მოსწავლის, მათ შორის სსსმ მოსწავლის, საჭიროებასა და ინტერესებზე მორგებული სასწავლო მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება;

⇒ მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით შესაბამისი მრავალფეროვანი, ინტერაქციული სტრატეგიების გამოყენება;

⇒ მოსწავლეებში ბუნებრივი და სოციალური გარემოსადმი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა – მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული სტრატეგიების გამოყენება;

⇒ მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება;

⇒ მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების (დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება) განვითარებასა და სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება;

⇒ თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება;

⇒ მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების (მაგ., საგნობრივი წრეები/კლუბები, სპორტული, სახელოვნებო ღონისძიებები და სხვ.) განხორციელება.

სასწავლო რესურსების გამოყენების ინდიკატორებია:

⇒ მრავალფეროვანი, სასწავლო მიზნის შესაბამისი, სკოლაში და სკოლის გარეთ არსებული რესურსების ადაპტირება და ეფექტიანი გამოყენება;

⇒ მოსწავლეებისათვის სასწავლო რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო გამოყენება;

⇒ სასწავლო მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო რესურსის მოძიება ან/და მომზადება მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით;

⇒ სასწავლო რესურსის მოძიება, მომზადება და გამოყენება მოსწავლეთა კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით;

⇒ სასწავლო მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო რესურსის მოძიება ან/და მომზადება მედიაწიგნიერების პრინციპების გათვალისწინებით.

მოსწავლეთა შეფასების ინდიკატორებია:

⇒ მოსწავლეთა შეფასებისას შეფასების ძირითად პრინციპებზე ორიენტირება;

⇒ სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების ფორმების გამოყენება;

⇒ ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების/უკუკავშირის მიწოდება;

⇒ მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზი ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით და სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასზე დაფუძნებით;

⇒ მოსწავლეთა შედეგების შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიების/ინსტრუმენტების გამოყენება.

უნდა გვახსოვდეს, რომ სწავლა-სწავლების პროცესი სრულფასოვნად მაშინაა დაგეგმილი და წარმართული, თუ ის უსაფრთხო, პოზიტიური,მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნით იწყება და მოსწავლის შეფასებით სრულდება.

 

მაია კურეტიშვილი

სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებელი

 

ზაზა შულაია

სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებელი

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები