28 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2022

მასწავლებლებსაც გვახარებს დადებითი უკუკავშირი გაწეული საქმიანობისთვის

spot_img

სოფიო ძიგრაშვილი ქუთაისის №33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი

✅ საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა! უფრო ვღელავდი, ვიდრე 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის დასახელების დროს, რადგან ათეულში მოხვედრის შემდეგ, ჩემი პასუხისმგებლობა სკოლის, მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და განსაკუთრებით სპეციალური მასწავლებლების წინაშე მნიშვნელოვნად გაიზარდა! ამაღელვებელი იყო ის ფაქტი, რომ 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები, უკრაინის გლობალური ჯილდოს 2017-2021 წლების გამარჯვებულმა მასწავლებლებმა დაასახელეს.

ჩემს კოლეგებს, 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრებს, წარმატებებს ვუსურვებ! ამ დროის მანძილზე, უკეთ გავიცანით ერთმანეთი, დავმეგობრდით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება და ერთად ბევრ კარგ საქმეს ჩავუყრით საფუძველს!

✅ მადლობა მინდა გადავუხადო 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჟიურის წევრებს, რადგან კონკურსის არსებობის განმავლობაში, სპეციალური მასწავლებელი პირველად დასახელდა ათეულში და უკვე ხუთეულშიც! ეს დიდი მოტივაციაა თითოეული სპეციალური მასწავლებლისთვის. ასევე, შესაძლებლობა იმისა, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პროფესია, უფრო განვვითარდეთ, მეტი შევძლოთ ჩვენი მოსწავლეებისათვის, ინკლუზიური გარემოს ფორმირებისა და სასკოლო კლიმატის გაუმჯობესებისათვის!

✅ ჩემი აზრით, პირველ რიგში, აუცილებელია, მასწავლებელს ჰქონდეს მიმღებლობისა და ემპათიის მაღალი უნარი. უნდა შეძლოს გულწრფელი, პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა მოსწავლეებთან და მშობლებთან; საგნის სწავლებასთან ერთად, უნდა იზრუნოს მოსწავლის ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის და მოამზდოს ის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. და მთავარი: უყვარდეს საქმე, რომელსაც ემსახურება, იყოს სამართლიანი, ყველა მოსწავლის უფლებებისა და ინტერესების  დამცველი.

✅ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები, საგაკვეთილო პროცესის დროს, ქმნიდნენ ისეთ გარემოს, სადაც განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ექნება ყველას, განურჩელად აკადემიური მოსწრებისა. მოსწავლეებს, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობის გარდა, ფუნქციური უნარების გამომუშავების მიზნით, სკოლა სხვადასხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ აქტივობებს უნდა სთავაზობდეს, მათ შორის, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, განსხვავებულობისადმი მიმღებლობის გამომომუშავების, ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბების კუთხით.

✅ და კიდევ, სკოლამ უნდა ითანამშრომლოს მშობლებთან, ხშირად შეხვდეს მათ, გააცნოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სერვისები, აქტივობები, წარმატებები თუ საჭიროებები; განუმარტოს მათი და არასრულწლოვნების უფლება-მოვალეობები, მოწვეული სპეციალისტებისა თუ სასკოლო კადრის დახმარებით, ესაუბროს საინტერესო თემებზე, მაგ.: პოზიტიური მშობლობა, ძალადობის ფორმები, გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული სირთულეები, აღზრდის სტილი და ა.შ.

მსგავსად დაგეგმილი და წარმართული სასკოლო მუშაობა უზრუნველყოფს ინკლუზიური გარემოს ფორმირებას საგანმანათლებლო სივრცეში, რაც წინაპირობაა გაზიარებული პასუხისმგებლობის – მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს შორის; ამავე დროს,  სტიგმისა და ძალადობისაგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბებას, ყველა ბავშვისათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, შესაძლებლობებზე მორგებულ მრავალფროვანი აქტივობებით დატვირთულ საგაკვეთილო პროცესს.

✅ კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, მადლობას გადავუხდი მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს საორგანიზაციო ჯგუფს.

მსგავსი ტიპის ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია. მოსწავლეების მსგავსად, მასწავლებლებსაც გვახარებს დადებითი უკუკავშირი გაწეული საქმიანობისათვის. ჩემთვის ეს დიდი მოტივაციაა, ასევე უდიდესი პასუხისმგებლობა.

ახალი ძალებით, მეტი ენთუზიაზმით ვაგრძელებ მუშაობას ინკლუზიური განათლების დანერგვის მიმართულებით!

🔸🔸🔸

სოფიო ძიგრაშვილი ქუთაისის №33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი

2019 წელს დავიწყე მუშაობა ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში, სპეციალურ მასწავლებლად. გავხდი თვითმხილველი და მონაწილე იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დგას საგანმანათლებლო სისტემა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მიმართებით.

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან ვთანამშრომლობდი სკოლებთან სსსმ მოსწავლეების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად (არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების ფორმატით), მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემდეგ, უფრო ნათლად დავინახე ჩემი მოსწავლეების საჭიროებები და საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგების გაძლიერების აუცილებლობა ინკლუზიური განათლების მიმართულებით.

მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სსსმ მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ჩართვა, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, საგნის მასწავლებელთა მხრიდან მორგებული აქტივობისა და რესურსის შემუშავება, მშობლებთან კომუნიკაციის ნაკლებობა და შვილის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის სიმცირე. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სასკოლო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით, დავგეგმე და დღესაც ვახორციელებ შეხვედრებს პედაგოგებთან ინკლუზიური განათლების არსის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნისა და განხორციელების საკითხებთან მიმართებით – ბავშვთა განვითარების დარღვევების გაცნობისა და შესაბამისი სასწავლო სტრატეგიების შემუშავების მიზნით; მულტიმოდალური სწავლების მეთოდის დანერგვა/გამოყენების უზრუნველსაყოფად; უნივერსალური სასწავლო დიზაინის პრინციპებით სასწავლო პროცესის წარმართვის ხელშესაწყობად. პარალელურად, ჩამოვაყალიბე სკოლაში „მშობელთა კლუბი“, რომლის ფარგლებში, კლასების მიხედვით, ვხვდები მშობლებს და განვიხილავთ: ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს, ბავშვზე ძალადობას, ბრაზისა და ემოციის მართვას, პოზიტიური მშობლობის არსს, დასჯის შედეგებს, დისციპლინის უპირატესობას, ქცევის პოზიტიური განმტკიცების მეთოდებს.

სსსმ მოსწავლეებთან წარვმართე ინდივიდუალური მუშაობა, საბაზისო აკადემიური და კოგნიტური უნარების განვითარების მიმართულებით.

ვახორციელებ ჯგუფურ შეხვედრებს ყველა დაინტერესებული მოსწავლისათვის – ვუყურებთ ფილმებს, განვიხილავთ, ვამზადებთ საინფორმაციო ბროშურებს, ვიდეორგოლებს, ცნობიერების ამაღლების მიზნით. ვსაუბრობთ ბავშვთა უფლებებზე და მოვალეობებზე, ძალადობის ფორმებზე, ჯანსაღი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ა.შ. პარალერულად, ვარ ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი გუნდის წევრი, რაც მეხმარება სკოლაში განვახორციელო და შევაფასო რეფორმის ფარგლებში დანერგილი სიახლეები; მქონდეს კომუნიკაცია არა ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელთან, დირექციის წარმომადგენელთან და ერთობლივი მუშაობით ხელი შევუწყო ინკლუზიური გარემოს ფორმირებას საგანმანათლებლო სივრცეში.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები