პანდემიის თანმდევმა გამოწვევებმა და მუდმივმა სიახლეებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მასწავლებლის დატვირთვა და თანდათან უფრო შესამჩნევი გახდა პროფესიული გადაწვის სიმპტომები.
ფართოდ გავრცელებული განმარტების მიხედვით, პროფესიული გადაწვა არის ქრონიკული, ნეგატიური, სამსახურთან დაკავშირებული განწყობა ინდივიდებში, რაც ხასიათდება გამოფიტვით, თან ახლავს სტრესი, შემცირებული ეფექტურობის გრძნობა, შემცირებული მოტივაცია და სამსახურში დისფუნქციური დამოკიდებულებისა და ქცევის განვითარება.
მრავალი მიზეზი შეიძლება დასახელდეს პროფესიული გადაწვის გამომწვევად.
მათ შორისაა:
- არარეალისტურად მაღალი მოლოდინები დასაქმებულის მიმართ. შესაძლოა, თავად დასაქმებულს ჰქონდეს არარეალისტური მოლოდინები სამსახურის მიმართ და გამუდმებით ისწრაფვოდეს სრულყოფილებისკენ;
- გაჭიანურებული პროცედურები, ზედმეტი ბიუროკრატია და შემაფერხებელი ფაქტორების სიმრავლე კომფორტულად მუშაობის პროცესში;
- დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად არასაკმარისი რესურსები;
- თანამშრომლები, რომლებიც არ გამოირჩევიან კოლეგიალური დამოკიდებულებით და ხშირად არიან განწყობილი ნეგატიურად;
- წარმატების მიღწევის შემდეგ პოზიტიური უკუკავშირის არარსებობა.
დროთა განმავლობაში, ეს მიზეზები მძაფრდება და ვლინდება პროფესიული გადაწვის სიმპტომები:
♦ გრძნობთ, რომ ამოწურეთ თქვენი რესურსი და მარტივად ღიზიანდებით. სამუშაო დღის შემდეგ დაღლილობის შეგრძნება ნორმალურია, მაგრამ როდესაც სკოლაში წასვლამდეც თავს უკვე დაღლილად გრძნობთ და ებრძვით უძილობას, ეს გადაწვის ერთ-ერთი სიმპტომია.
♦ ხშირად გავიწყდებათ საჭირო ინფორმაცია და გიჭირთ კონცენტრაცია: უკვე პრობლემური ხდება ისეთი საკითხების შესრულება, რაც ადრე ნორმალური სირთულის იყო. უძილობა კიდევ უფრო ამძაფრებს ამ პრობლემას.
♦ განიცდით უმადობას და წონის პრობლემებს: შესაძლოა, შეამჩნიოთ წონის მნიშვნელოვანი კლება და ჯანმრთელობის გაუარესება. თავს იჩენს დეპრესია და შფოთვა. თანდათან დისტანცირდებით სხვებისგან, ხართ იზოლირებული და აღარ განიხილავთ თავს ჯგუფის წევრად. შეიძლება გამოხატოთ ცინიკური დამოკიდებულება როგორც სამუშაო გარემოს, ასევე მოსწავლეების მიმართ.
♦ გიქვეითდებათ თვითშეფასება, ფიქრობთ, რომ წარუმატებელი ხართ და არაკომპეტენტური. მიგაჩნიათ, რომ თქვენ მიერ გაკეთებული საქმე ყოველთვის დაბალხარისხიანია, სხვის მიერ გაკეთებულთან შედარებით, ამიტომ აზრს კარგავს მუშაობის პროცესი.
შედეგები კი საკმაოდ სავალალოა. პირველ რიგში, მასწავლებელი ხდება არაპროდუქტიული, მისი ეფექტიანობა და შედეგები საშუალოზე დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება; თითქმის აღარ ეხმარება კოლეგებს და აღარც ზრუნვით გამოირჩევა; უძლიერდება სურვილი, დატოვოს სამსახური, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარს იგი; უქრება მოტივაცია და შესაძლოა, მისი აპათია გადამდებიც აღმოჩნდეს. ამას თან ერთვის ჯანმრთელობის პრობლემები და კონფლიქტური სიტუაციების გახშირება. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი საზიანოა როგორც პიროვნებისთვის, ასევე ორგანიზაციისთვის.
როგორ შეიძლება ავირიდოთ პროფესიული გადაწვა?
ამისათვის საჭიროა:
♦ ყოველთვის გქონდეთ აქტივობა, რომელიც დაგეხმარებათ განცალკევდეთ ყოველდღიური ყოფისგან, მაგალითად ჰობი, მედიტაცია, იოგა;
♦ გააძლიერეთ პიროვნული და პროფესიული მზარდაჭერის სისტემა: აუცილებლად გაატარეთ დრო ოჯახის წევრებთან; კოლეგებსა თუ უფროსებთან ღიად და დიპლომატიურად იმსჯელეთ თქვენს სამსახურებრივ ბარიერებზე; სთხოვეთ დახმარება საჭიროების შემთხვევაში, აუხსენით თუ როგორ გაფერხებთ ესა თუ ის სირთულე;
♦ ისწავლეთ უარის თქმა; ნუ დაავალებთ საკუთარ თავს იმაზე მეტ საქმეს, ვიდრე შესრულება შეგიძლიათ, ეს, საბოლოოდ, თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება ცუდად; იკვებეთ ჯანსაღად; ივარჯიშეთ;
♦ არ დაელოდოთ დედლაინებს, ეცადეთ, წვრილმანი თუ სერიოზული საქმეები მოაგვაროთ მყისვე, რადგან დედლაინის ლოდინი გვძაბავს და ხელს გვიშლის განტვირთვაში;
♦ შეაფასეთ საკუთარი თავი ხშირად, დაუკვირდით და საწყის ეტაპზევე აღმოაჩინეთ პროფესიული გადაწვის ნიშნები.
გისურვებთ კეთილდღეობას!
გამოყენებული ლიტერატურა:
- EDUCATOR BURNOUT: SOURCES AND CONSEQUENCES, Richard l. Schwab, Susan E. Jackson, 1986
- მასწავლებელთა პროფესიული „გადაწვის“ ზოგიერთი პიროვნული და სოციალური ასპექტი. მაია ბიწაძე, 2013
ლაურა გოტიაშვილი,„ათეულთა კლუბის“ წევრი