12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

მასწავლებლების მიერ მოპოვებულ სტატუსებს არაფერი არ ემუქრება

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა, რომ ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარება არის ყველა მასწავლებლის ვალდებულება, მას სტატუსიც რომ არ ჰქონდეს, მაგრამ სკოლას უამრავი ფუნქცია აქვს შესასრულებელი.

„სკოლის ორგანიზაციული მოწყობა არის უნიკალური და არც ერთი სხვა ორგანიზაცია მას არ ჰგავს, სკოლა არის ორგანიზაცია, სადაც დაწინაურების საშუალება არ არსებობს და ამ სტატუსებმა გარკვეულწილად, შექმნა დაწინაურების საშუალება.

სკოლაში არის დირექტორი, არის ერთი მოადგილე და 180 მასწავლებელი. ამიტომ, ამ სტატუსებმა გარკვეულწილად, შექმნა დაწინაურების საშუალება. ისევე, როგორც უნივერსიტეტში მე მინდა, რომ ვიყო მაგალითად, სრული პროფესორი და არ მინდა, ვიყო ასისტენტ პროფესორი.

ახლა ძალიან დიდი აქცენტი კეთდება მაგალითად, ავტორიზაციაზე და ავტორიზაციისთვის სტანდარტებით დადგენილი საჭიროებების შესრულებას მარტო დირექტორი ვერ გააკეთებს. მას სჭირდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც სწავლა-სწავლების გარდა, ასევე, სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულებაში დაეხმარებიან დირექტორს და მის მოადგილეს, რომ სკოლამ მიიღოს ავტორიზაცია, ჰქონდეს ავტორიზებულის სტატუსი და თავისი მოსწავლეების წინაშე ასე წარსდგეს“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

როგორც ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, ის განათლების სისტემაში დიდი ხანია მუშაობს, ხედავს სქემის განვითარებას და მოხდა ძალიან ცუდი რამ, როდესაც მოხდა სახელფასო პოლიტიკის მიბმა სტატუსთან მიმართებაში. „ეს უფრო უკეთ შეიძლებოდა, ყოფილიყო. მასწავლებლის ხელფასი იყო მცირე და სტატუსის დანამატი იყო მაღალი, ახლაც ასეა და ამან გამოიწვია ეს ციებ-ცხელება, რომ სტატუსებზე მეტი აქცენტი გაკეთებულიყო.

მუშაობა მიდის რამდენიმე ვერსიაზე და მინისტრი გადაწყვეტილებას დეკემბერში გამოაცხადებს. ერთი, რაც მინდა, ვთქვა, არის ის, რომ არაფერი ისე დრამატულად არ შეიცვლება, რაც ვინმეს დააზარალებს. არც ერთ მასწავლებელს ეს არ დააზარალებს. მასწავლებლების მიერ მოპოვებულ სტატუსებს არაფერი არ ემუქრება“, – განაცხადა შუკაკიძემ.

ამასთან, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა მასწავლებელთა ხელფასის ზრდას და თქვა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ისეთი სახელფასო ზრდა არც ერთ პროფესიას არ ჰქონია, როგორც მასწავლებელს 2024 წელს ექნება.

ბერიკა შუკაკიძემ ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებას ახსოვს სამინისტროს ისტორია და ასეთი ღიაობა, როგორიც უწყებას ახლა აქვს, არასოდეს ყოფილა.

„საზოგადოებას არ ახსოვს ასეთი ღიაობა, ამდენი შეხვედრა პედაგოგებთან, დისკუსია და ამ შეხვედრებზე იმის თხოვნა, მოდით, თქვენ ისაუბრეთ, ოღონდ, დასაბუთებულად, იმაზე, თუ რა პრობლემები არსებობს დღეს და რა გიშლით ხელს, რომ უფრო მეტად ხარისხიანი განათლება მივაწოდოთ ჩვენ სისტემას“.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები