4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საზაფხულო ტრენინგების ციკლი დასასრულს მიუახლოვდა

spot_img

პანდემიის დაწყებისთანავე, როდესაც ქვეყანაში სასწავლო პროცესი დისტანციურ/ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, სკოლები და მასწავლებლები ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. ამის საპასუხოდ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მიიღო სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილება – მასწავლებლებისათვის უსაფრთხო პროფესიული განვითარების მიზნით შეექმნა და შეეთავაზებინა, ონლაინ/დისტანციური  ტრენინგები, ვებინარების ციკლი, სასწავლო კურსები და სხვ.

ცენტრის ეგიდით შეიქმნა ტრენინგმოდული: „დისტანციური სწავლება  Microsoft Teams სერვისების გამოყენებით“ და უმოკლეს ვადაში დაახლოებით 18-000მდე მასწავლებელი გადამზადდა. შესაბამისად, მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა სრულფასოვანი საგაკვეთილო პროცესის წარმართვის.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, Microsoft Teams პლატფორმაზე სწავლების მექანიზმები წელსაც პრიორიტეტულია და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები – ტრენინგები, მასტერკლასები, ვებინარები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები და სხვ. კვლავ დისტანციურ/ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. ცხადია, ონლაინ სწავლების ერთ-ერთი დადებითი მხარე, გარდა იმისა, რომ ტრენინგი თუ სხვა აქტივობა მასწავლებლისთვის სასურველ დროსა და ადგილას ტარდება, როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ონლაინ ფორმატზე გადასვლის დადებითი მხარე ისიც არის, რომ მასწავლებლები უკეთ დაეუფლნენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. ტრენინგების ციკლი არ წყდება, მეტიც იანვრიდან დღემდე ონლაინ რეჟიმში, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მასწავლებლის კომპეტენციის განვითარების ხელშემწყობი 5 კრედიტიანი ტრენინგები, მაძიებელ მასწავლებელთა ტრენინგები, სკოლამდელი დაწესებულების წარმომადგენელთა ტრენინგები და სხვ.

ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელთა ტრენინგები. ცენტრის მიერ გამოცხადებული რეგისტრაციის საფუძველზე დარეგისტრირებული, დაახლოებით, 33 000 მასწავლებლისათვის, სხვადასხვა საგნობრივი და შინაარსობრივი მიმართულების 52 დასახელების შეთავაზებულ მოდულზე. მათი გადამზადება ივლისის ბოლოს დასრულდება და ეს იქნება დროებითი პაუზა, მხოლოდ იმის გამო, რომ მასწავლებლებმა საშვებულებოდ განკუთვნილი დრო დასასვენებლად გამოიყენონ. სექტემბრიდან ტრენინგები კვლავ განახლდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების პროგრამის ხელმძღვანელი ნინო გორდეზიანი ამბობს, რომ მასწავლებელთა საჭიროების დასადგენად, ცენტრის ეგიდით ჩატარდა კვლევა, და კვლევაზე დაფუძნებით,ცენტრის საგნობრივმა ექსპერტებმა და ექსპერტ-კონსულტანტებმა შექმნეს სრულიად ახალი ტრენინგ-მოდულები უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებისათვის. „ახალი ტრენინგ-მოდულები იმ მოთხოვნებსა და საჭიროებებს ეფუძნება, რაც დღესდღეობით ჩვენს მასწავლებლებს აქვთ, თავისთავად, ეს ხელს შეუწყობს, საუკეთესოდ დაგეგმონ და წარმართონ სწავლების პროცესი. სწორედ ამ მიზნით, აპრილის შუა რიცხვებში, ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.tpdc.ge გამოვაცხადეთ რეგისტრაცია და დაახლოებით 33 ათასმა მასწავლებელმა გამოთქვა სურვილი და მზაობა, გაიარონ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგები. ქვე გეტყვით, რომ ცენტრი მასწავლებლებს მრავალფეროვანი მოდულების  არჩევანის შესაძლებლობას აძლევს. ტრენინგი ყველა სტატუსზე მყოფი მასწავლებლებისთვის ტარდება და განსხვავებულია საკონტაქტო საათებიც – უფროსი სტატუსის მასწავლებლისთვის 20 საკონტაქტო საათია განსაზღვრული, წამყვანისთვის -12 , მენტორისთვის – 6.

ტრენინგ-მოდულები სტატუსის შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნობრივი  მიმართულებისაა. გარდა ამისა, გვაქვს გამჭოლი პრიორიტეტის მოდულები – როგოროცაა მდგრადი განვითარება, კვლევა, ციფრული მოქალაქეობა და ა.შ. გარდა ამისა, ზოგადი პროფესიული უნარები, ინკლუზიური განათლება.

ონლაინ ტრენინგები მაისის ბოლოდან დავიწყეთ და დღემდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს – Microsoft Teams პლატფორმაზე დღეში, ერთდროულად, დაახლოებით, 100-120 ჯგუფთან ტარდება ტრენინგი. პროცესში აქტიურად არიან ჩართული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები, პროგრამის კოორდინატორები, ასისტენტები, ცენტრის თანამშრომლები, ტრენერთა კორპუსი. ძალიან დიდი საქმეა მოცულობით და, შესაბამისად, დიდ შრომას და უნარებს მოითხოვს. შეიძლება, ბოლო ტრენინგი საღამოს ცხრა საათზეც კი დაიგეგმოს. მოგეხსენებათ, მასწავლებლებზეა დამოკიდებული რას აირჩევს – რომელ საათზე, დღის რომელ მონაკვეთში შეძლებს ტრენინგზე დასწრებას. ძალიან ვუწყობთ ხელს და მაქსიმალურად ვერგებით მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს. ონლაინ ტრენინგების ერთ-ერთი პლუსი ესეც არის, რომ მასწავლებელს, სახლიდან გაუსვლელად, მისთვის სასურველ დროს შეუძლია ტრენინგში ჩართვა.

ჩვენთან საუბრისას, ნინო გორდეზიანი კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას: „მასწავლებლებს, რომლებმაც, რაღაც მიზეზთა გამო (მაგალითად, ტექნიკური ხარვეზი, ინფორმაციის არქონა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.) ვერ ჩაერთვნენ ტრენინგებში და აქვთ სურვილი, გაიარონ მათთვის სასურველი მოდული, ცენტრი აძლევს შესაძლებლობას, რათა მოგვმართონ წერილობით. ცენტრი გამოხატავს მზაობას, სექტემბრიდან ჩაუტაროს მათთვის სასურველი ტრენინგები. დღევანდელი მონაცემებით, 5 ათასამდე მასწავლებელმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და უკვე მოგვმართა თხოვნით. ისინი ინფორმირებულები არიან, რომ 1-დან 15 სექტემბრის შუალედში მათ აუცილებლად ჩავუტარებთ ტრენინგებს.“ 

✔️⚫️თამარ კვიციანი, ატოცის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი:

„ამ ზაფხულს გავიარე პროფესიული უნარების ტრენინგი, მიუხედავად იმისა, რომ, გარკვეულწილად, ადრე უკმაყოფილო ვიყავი ხოლმე ტრენინგებით. ჩემი უკმაყოფილება, ძირითადად, უკავშირდებოდა ტრენინგის ხანგრძლივობას – ხანდახან 5-6 საათი ვიჯექით ხოლმე თითო ტრენინგზე, რაც ძალიან დამღლელი იყო, თან ამდენი ინფორმაციის გაანალიზებაც რთული. ამის გარდა, მეტი ქექვა და შრომა გვიწევდა ტრენინგზე მოწოდებულ მასალებში, შემდეგ ჩვენით დასწავლა და ა.შ. თან იმასაც ვფიქრობდი, რომ ტრენინგები ბევრს არაფერს მაძლევდა. თუმცა, წლევანდელი ონლაინ ტრენინგით ეს დამოკიდებულება საერთოდ შემეცვალა. მართლაც ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა. თითო ტრენინგი 2 საათი გრძელდებოდა და გაცილებით მეტი მომცა, ვიდრე 5-საათიანმა – ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე.

2012 წელს ჩავაბარე გამოცდა პროფესიულ უნარებში და ვფიქრობდი, რეალურად ახალი არაფერი იქნებოდა. ეს, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ტრენერის, ქალბატონი მაკა მამფორიას დამსახურებაა, ამაში უდავოდ გაგიმართლა.  ტრენერის მიერ გადმოგზავნილ მასალებს ვეცნობოდით და შემდეგ დეტალურად გვისხნიდა თითოეულ საკითხს. რაც მთავარია, აქტივობები იყო დაგეგმილი და პრაქტიკულად ვასრულებდით მოსმენილ მასალას. ეს, ჩემი აზრით,  ყველაზე მნიშვნელოვანია – რაღაცას რომ გასწავლიან და შემდეგ, იქვე, პრაქტიკულად ახორციელებ. ამისთვის იქმნებოდა ჯგუფები და გვაძლევდნენ დავალებებს შესასრულებლად. იქვე გვქონდა უკუკავშირიც – რა გავიგეთ, თუ  ვერ გავიგეთ, თითოეულ საკითხს თავიდან გავდიოდით დეტალურად. მოკლედ, ასეთი  საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგი არასდროს გამივლია. ამიტომ, ვფიქრობ, ეს უდავოდ ტრენერის დამსახურებაა და ასევე, მოდულის, რომელიც ძალიან კარგად იყო შედგენილი – საჭირო მასალა და საჭირო უნარები, ზედმეტი ინფორმაციის გარეშე.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ წლევანდელი ტრენინგები ძალიან კარგად იყო  ორგანიზებული – მასწავლებლები კარგად ვიყავით ინფორმირებული, გათვალისწინებული იყო ჩვენი საჭიროებები და ამაზე იყო მორგებული ყველაფერი. დროის ფაქტორი ვახსენე და კიდევ გავიმეორებ, რომ, ამ თვალსაზრისითაც, ძალიან შეგვიწყვეს ხელი, შეგვეძლო ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ტრენინგზე დასწრება და, რაც მთავარია, ჩვენთვის ხელსაყრელი დროის შერჩევა. ამიტომ ვამბობ, რომ მოქნილი ფორმით ჩატარდა. მე პირადად, პროფესიული უნარები ავირჩიე, რადგან წამყვანი მასწავლებელი ვარ და მუდმივად ვცდილობ, განვვითარდე იმისთვის, რომ განვითარდეს ჩემი მოსწავლეც. თუმცა, შემეძლო ამერჩია კომპიუტერული უნარ-ჩვევების ტრენინგი, მაგრამ, როგორც გითხარით, უპირატესობა მაინც პროფესიულ უნარებს მივანიჭე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ არჩევანით. სასურველი იქნებოდა, საგნობრივი ტრენინგებიც რომ გამევლო.  საჭიროება იმისა, რომ მასწავლებელს, პერიოდულად, მიეცეს განვითარების შესაძლებლობა, იქნება ეს ტრენინგების თუ სხვა აქტივობების სახით, რა თქმა უნდა, არის და თუ ამ ფორმატით და ასე კარგად დაგეგმილ ტრენინგებზე ხელმისაწვდომობა გვექნება, მიუხედავად ჩვენი დატვირთული გრაფიკისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

სკოლა, სადაც ვასწავლი, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. თავისთავად, ძალიან ბევრი პრობლემაა. თუმცა, როცა სკოლაში მივედი მასწავლებლად, მაშინ გაცილებით მეტი და მწვავე პრობლემები იდგა – სკოლას სერიოზულად ჰქონდა კვალიფიციური კადრების დეფიციტი. აქედან გამომდინარე, მოსწავლეები ვერ იღებდნენ სათანადო განათლებას (ამ შემთხვევაში, ჩემს საგანზე ვსაუბრობ). ამის გარდა, ძალიან რთული იყო სკოლაში მისვლაც. ძირითადად, ჩასული მასწავლებლები ასწავლიდნენ და ეს რეალურად  იყო დილემა – ტრანპორტი არ დადიოდა, არც ახლა დადის, მაგრამ გზა  შეკეთდა და ცოტა გაადვილდა სკოლაში მისვლა, მასწავლებლების უმეტესობა ახლა საკუთარი მანქანით გადაადგილდება, მათ შორის მეც  (ხაშურიდან დავდივარ და ნახევარი საათი მჭირდება გზაში). ხანდახან მანქანაც აღარ გვშველის, რადგან სოფელში შეიძლება ისე მოთოვოს, რომ ფეხით დაგჭირდეს გარკვეული მონაკვეთის, კილომეტრების გავლა. მიუხედავად ასეთი პირობებისა, სკოლა ნელ-ნელა შეივსო კვალიფიციური კადრებით. ატოცის გარდა, მეზობელი სოფლის – ბრეძის სკოლაშიც ვასწავლი, რომელიც პირდაპირ საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. ამ სოფლებს ერთმანეთს, დაახლოებით, სამი კილომეტრი აშორებს. იქაც იგივე მდგომარეობაა, თუმცა, კადრების დეფიციტი იქაც მოგვარდა.

რაც შეეხება დისტანციური სწავლების გამოწვევებს, რასაკვირველია, იყო. ჩვენს სკოლაში მოსწავლეები სოფელ ჭვრინისიდანაც დადიან, სადაც სკოლა არ არის, მათ  ტრანსპორტი ემსახურებათ. რადგან სოფელში ინტერნეტი არ აქვთ, ძალიან გართულდა მათი ონლაინ გაკვეთილებში ჩართვა. ამიტომ, ტელეფონზე ვურეკვადით და ისე ვუტარებდით გაკვეთილებს (რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო). ზოგადად, პრობლემები იყო არა მხოლოდ ჩვენს სკოლაში, არამედ ბევრგან, თუმცა მცდელობა არც ერთ მასწავლებელს არ დაუკლია, რაღაც ფორმით მაინც გვქონოდა კონტაქტი ბავშვებთან და საერთოდ არაფრის გარეშე არ დაგვეტოვებინა.“

✔️⚫️ მარინა ჭელიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მენტორი მასწავლებელი:

„დიდი ხანია, რაც ტრენერად ვმუშაობ  – 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ტრენერთა სკოლა გაკეთდა. ამ ხნის განმავლობაში, ცხადია, სხვადასხვა მოდულებს წარვმართავდი. რაც შეეხება ბოლოდროინდელ ტრენინგებს, რომელიც დისტანციურად მიმდინარეობს, თუ ყველა სპექტრით განვიხილავთ, ვფიქრობდი, რომ პირისპირ ჩატარებული ტრენინგები უფრო ეფექტური იყო, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ,  გამოცდილებამ აჩვენა, რომ დისტანციური ტრენინგები უფრო ექფეტიანიცაა და ეფექტურიც, ორივე ერთად. რატომ ვფიქრობ ასე? ტრენინგების ერთ-ერთ სერიას, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში ვახორციელებდით, ასეთი წანამძღვარი ჰქონდა: „თუ ბედავ სწავლებას, თავად არასდროს შეწყვიტო სწავლა“. ფრაზა აჩვენებს, რომ, თუ მასწავლებელი თვითონ არ გაიზარდა პროფესიულად, ვერ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელმაც ოცდამეერთე საუკუნის მოსწავლე უნდა გაზარდოს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო მისი უნარების დახვეწა. ჩვენ, მასწავლებლები, თუ ფეხდაფეხ არ მივყევით დროს, სწავლების ეფექტანობაზე კი არა, უშუალოდ სასწავლო პროცესის განხორციელებაზეც კი ზედმეტია საუბარი – არც ერთ შემთხვევაში არ იქნება დამაკმაყოფილებელიც კი. როდესაც სხვა ინტერესები ჩნდება, მასთან ერთად,  სწავლების მეთოდიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ჯონ კოტონ დანას სიტყვები, რომელიც დასაწყისში ვახსენე, სწორედ ამას გულისხმობს –  მასწავლებლებიც მუდმივად უნდა ვიზრდებოდეთ პროფესიულად, ვხვეწდეთ სწავლების პროცესს, მეთოდებსა და  სტარტეგიებს, რომ უფრო მეტად ეფექტურიც და ეფექტიანიც გავხადოთ. მთავარია, მოსწავლეების მოტივაცია გავზარდოთ და მათ ისეთი ცოდნა მივაწოდოთ, რომელიც რეალურად გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფაქტობრივად, ეს ყველაფერი კონსტრუქტივიზმზე უნდა ავაგოთ, თან ისეთი მეთოდები შევთავაზოთ, რომ  დავაინტერესოთ.

დისტანციურ სწავლებას რაც შეეხება, დიდი ხნიდან იღებს სათავეს და ეს არ არის  ბოლო პერიოდში განხორციელებული და ახალი, უბრალოდ, ვითარებამ გვაიძულა, რომ სწრაფად დაგვეგეგმა ყოველდღიურ ცხოვრებაში, პანდემის დროს.

რაც შეეხება ტრენინგების დისტანციურ ფორმატზე გადასვლას, მასწავლებლების უმეტესობა ამას ძალიან პოზიტიურად შეხვდა, რადგან დროის თვალსაზრისით უფრო მეტად მორგებული აღმოჩნდა თითოეულ მათგანზე. პირველი დადებითი, რაც ამ პროცესმა მოიტანა, ის არის, რომ პირისპირ ტრენინგებს რეგიონებისა და რაიონების მიხედვით შექმნილ ჯგუფებში ვატარებდით, ამ შემთხვევაში კი, ჯგუფებში მასწავლებლები შემთხვევითობის პრინციპით იყვნენ გაერთიანებული. ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი ინტეგრაციასა და თანამშრომლობითი ურთიერთობების გაღვივებას. პედაგოგები, ტრენინგების შემდგომ პერიოდშიც, აგრძელებენ ერთმანეთთან კონტაქტს და გამოცდილების გაზიარებას. უკუკავშირით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტად იგივე დამოკიდებულებაა. ტრენინგებს ვიწყებთ მათი მოლოდინების განსაზღვრით. საბოლოო ჯამში, უკვე ფინალისკენ, მასწავლებლების უმეტესობამ დააფიქსირა, რომ ტრენინგი გაცილებით უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა, ვიდრე ამის მოლოდინი ჰქონდათ.

ამის მიზეზსაც გეტყვით – თითოეულ მათგანს, გარდა იმ პროგრამებისა, რომელიც  მოდულის მიხედვით უნდა გავიაროთ (ამჯერად ვატარებდი ტრენინგს „აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველების სასწავლო პროცესში“ – ეფექტური სტრატეგიები, მოტივაციის ზრდა, სხვადასხვა უნარების გამომუშავება: კველა-ძიება, მეტაგოკნიტური უნარები და ა.შ.), პარალელურად, ტრენერები და მთელი ჯგუფი, მოდულის ავტორის  ხელმძღვანელობით, ვცდილობთ, სწავლების ისეთი მეთოდები შევთავაზოთ, რომელიც  დისტანციური სწავლების პროცესშიც გამოადგებათ. ამ ყველაფრის გამოყენებას ელექტრონულადაც შეძლებენ, დისტანციური სწავლებისას. რეალურად, ეს  ჩვენი მოდულის საქმე არ არის, მაგრამ გვინდა დავანახოთ, რომ ძალიან მარტივად და იოლად შეიძლება პირისპირ სწავლებისას გამოყენებული მეთოდების ონლაინ გამოყენება. ცხადია, ეს მათ მოსწონთ და სჭირდებათ. ამიტომაც არიან ძალიან კმაყოფილები.

ზაფხულის ტრენინგების ციკლი ახლახან დავასრულე, ხუთი ჯგუფი გადავამზადე, მთლიანობაში კი, დაახლოებით, 250 ადამიანი, რადგან ტრენინგი ონლაინ მიმდინარეობს, ჯგუფებში მსმენელთა  რაოდენობა საკმაოდ დიდია.

ტრენინგების მოდულების საათების რაოდენობა სტატუსების მიხედვითაა განსაზღვრული. ეს ტრენინგები, ერთი მხრივ, სავალდებულო არ არის, რადგან მათ  ამ ვალდებულებას არც სამინისტრო უწესებთ და არც მასწავლებელთა სახლი, მაგრამ, რადგან შეთავაზება სწორედ მათი საჭიროებიდან გამომდინარეობს, თავად უნდა განსაზღვრონ კონკრეტულად რა სჭირდებათ, სად უნდათ დახმარება და ამის მიხედვით აირჩიონ ტრენინგი, რომ პროფესიულად განვითარდნენ. აქედან გამომდინარე, ეს, თავისთავად, სავალდებულოდ ხდის ტრენინგს, მათივე პროფესიული ზრდისთვის.

როდესც ბუნებისმეტყველებაზე ვსაუბრობთ, მასწავლებლებს მართლა უჭირთ დისტანციურად სწავლება, რადგან ეს მიმართულება კვლევებზეა დაფუძნებული და დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, დისტანციური სწავლებისას, ლაბორატორიებს ვერ ვიყენებთ. ამიტომ, მართლა აუცილებელი და საჭიროა იმ ახალი მიდგომების, მეთოდებისა და სტრატეგიების სწავლება, რომლის საშუალებითაც შეძლებენ პედაგოგები სრულფასოვანი გაკვეთილების ჩატარებას. ტრენინგებიც სწორედ ამას ემსახურება – ვასწავლოთ,  როგორ გააკეთონ ეს,  რით შეიძლება დისტანციურ რეჟიმში ლაბორატორიების  ჩანაცვლება. მაგალითად, სადემონსტრაციოდ, მასწავლებელმა შეიძლება ჩაატაროს რაიმე მარტივი ცდა, გამოიყენოს ვიდეორესურსი ან ვირტუალური ლაბორატორია. ბევრი კარგი რესურსია, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ, სხვათა შორის, ქართულ ენაზეც ბევრია ნათარგმნი. ასევე, მაგალითად, შეიძლება გამოიყენონ საშინაო ექსპერიმენტები და ა.შ. მთავარია, მასწავლებელმა მოსწავლე იმისთვის მოამზადოს, რომ შემდეგ დამოუკიდებლად შეძლოს სახლში ექსპერიმენტის განხორციელება. უამრავი მეთოდის გამოყენება შეიძლება, მთავარია, ასეთი ტიპის აქტივობები სწორად დაიგეგმოს  – მაგალითად, ვაჩვენოთ ექსპერიმენტი, მაგრამ არ ავუხსნათ,  მივცეთ ფიქრის საშუალება, დააკვირდეს პროცესს, თავად მივიდეს რაღაც დასკვნამდე (ესეც ხომ კვლევითი უნარის განვითარებაა); აგრეთვე, შეიძლება გამოვიყენოთ მოდელირება, რომელიც ძალიან მარტივად გადის კვლევის უნარებზე; თამაშები – ბევრი დიდაქტიკური ან როლური თამაში და ა.შ. აი, ამის გადაცემის და პრაქტიკაში განხორციელების გზებს ვასწავლით.

რაც შეეხება მათ ჩართულობას და ტრენინგებზე დასწრებას, ძალიან მაღალია და ბოლომდე მოგვყვებიან.  ჯგუფში, დაახლოებით, 50 მსმენელია და იმდენად დიდია მათი ინტერესი, რომ ხშირად ტრენერსაც კი ასწრებენ ონლაინ სივრცეში შემოსვლას. საკმაოდ კარგი გამოხმაურებაა მათი მხრიდან, არის ხოლმე შეძახილები:  როდის დაიწყება სწავლა, რომ ეს ყველაფერი გაკვეთილზე გავაკეთო! ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ტრენინგით კმაყოფილები არიან. ამის გარდა, გვაქვს უკუკავშირის ფორმა, რომელსაც მასწავლებლები ანონიმურად ავსებენ. საკმაოდ კარგი უკუკავშირები მოდის.

დაბოლოს, ჩემთვის, როგორც ტრენერისთვის, მთავარია, რომ მე თვითონ ვარ მასწავლებელი და დარწმუნებული ვარ, ალბათ, მოქმედი მასწავლებელი რომ არ ვიყო, ვერ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ვარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, როცა კარგად იცი, რა გჭირდება და შემდეგ მსმენელსაც, მასწავლებელსაც, ამას სთავაზობ, ისიც იოლად იღებს და ხვდება ყველაფერს. მოდულის ფარგლებში, გვინდოდა მასწავლებლებისთვის კარგად მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის დროს გაითვალისწინონ მოსწავლეთა ინდივიდუალური და ასაკობრივი საჭიროებები, დაგეგმონ აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მათში კვლევითი უნარების გავითარებას, შესთავაზონ სწავლების ეფექტური გზა და სტრატეგიები, რაც, საბოლოო ჯამში, მეტაკოგნიტური უნარების განვითარების წინაპირობა იქნება.“

ლალი ჯელაძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები