მასწავლებელთა ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის ⇒ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და UNICEF- საქართველო ერთობლივ ღონისძიებებს ჩაატარებენ

699

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც პედაგოგთა და პროფესორ-მასწავლებელთა ვაქცინაციის გეგმები განიხილეს – შეხვედრისას  მხარეები შეთანხმდნენ 3-თვიან გეგმაზე, რომელსაც ერთად განახორციელებენ ქვეყანაში ვაქცინაციის მხარდასაჭერად.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებისა და სტუდენტების ჯანმრთელობის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რისთვისაც აუცილებელია განათლების სისტემაში დასაქმებულთა იმუნიზაცია და ამ გზით უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

მინისტრმა ღასან ხალილს განათლების სისტემის წარმომადგენელთა ვაქცინაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი სასურველი ვაქცინით. მინისტრის თქმით, ამგვარი პირობები შეიქმნა იმისათვის, რომ განათლების სექტორში დასაქმებულებმა მარტივად შეძლონ ვაქცინაცია და ამ გზით ერთმანეთისა და მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ღასან ხალილმა განაცხადა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველოს მასშტაბით,  მასწავლებლებისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. შეხვედრები მიზნად ისახავს აუდიტორიისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და მას ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები უძღვებიან. ღასან ხალილმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრების შემდეგ ბევრი მასწავლებელი ერთვება იმუნიზაციის პროცესში.

შეხვედრის დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს, რისთვისაც საქართველოს მასშტაბით სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება დაიგეგმა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღასან ხალილის მოადგილე ემი ქლენსი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დატოვეთ კომენტარი