7 ოქტომბერი, პარასკევი, 2022

მასწავლებელთა გამოცდები 2022 – სტატისტიკა

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გთავაზობთ  2022 წლის საგნის, პროფესიული უნარების და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების სტატისტიკურ მონაცემებს.

როგორც ცნობილია, წელს პირველად ჩატარდა პროფესიული უნარების გამოცდა უფროსი/წამყვანი პედაგოგებისთვის. რამდენმა მასწავლებელმა მიიღო გამოცდებში მონაწილეობა და რამდენმა შეძლო სტატუსის მიხედვით დაწესებული ზღვრის გადალახვა?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროფესიული უნარების გამოცდაზე უფროსი/წამყვანი პედაგოგებისთვის დარეგისტრირებული იყო 9315 უფროსი მასწავლებელი, გამოცდაზე გავიდა 8102, მათგან ზღვარი გადალახა 2456-მა აპლიკანტმა. პროცენტულად, შედარებით ნაკლები აღმოჩნდა იმ წამყვანი მასწავლებლების რაოდენობა, რომლებმაც პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება შეძლეს – დარეგისტრირდა 3313 წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებელი, გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 2744-მა აპლიკანტმა და ზღვრის გადალახვა მხოლოდ 184-მა შეძლო.

წლევანდელი საგამოცდო სეზონი განსაკუთრებული შედეგის მომტანი არც უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდის მონაწილეებისთვის აღმოჩნდა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე  692-მა აპლიკანტმა სცადა ბედი (დარეგისტრირებული იყო 749) და ზღვრის გადალახვა 226-მა მონაწილემ შეძლო.  სამაგიეროდ, ორმაგად მეტმა მსურველმა შეძლო სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის დაწესებული ზღვრის გადალახვა – დარეგისტრირდა 1761 სპეციალური მასწავლებლობის მსურველი, გამოცხადდა 1570, მათგან დაწესებული ზღვრის გადალახვა შეძლო 586-მა აპლიკანტმა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე.

წლევანდელ გამოცდებზე მასწავლებლობის მსურველთა რეიტინგული სიის ტოპ სამეული ასე გამოიყურება:

ლიდერობენ უფროსი სპეციალური მასწავლებლობის მსურველები – 586; შემდეგ მოსდევს ინგლისური ენა (I- XII) – 369 და მესამე ადგილი უჭირავს ბუნებისმეტყველებას (I-VI) – 323.

მასწავლებლობის მსურველთა სტატისტიკაში საყურადღებოა დაწყებითი (I-IV) საგნის გამოცდაზე გამსვლელთა შედეგები – დარეგისტრირდა 3068, გამოცდაზე გავიდა 2618 და და ზღვრის გადალახვა მხოლოდ 94-მა  აპლიკანტმა შეძლო.

სრული მონაცემები იხილეთ ცხრილში:

რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებელთა სტატისტიკას, შეგახსენებთ, რომ, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს: „ზღვრის გადალახვის ვალდებულება აქვთ მხოლოდ მასწავლებლობის მსურველ პირებს. პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის კი მიღებული შეფასების მიხედვით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განსაზღვრავს კრედიტქულების ოდენობას“.  

გამოცდებში მონაწილეობის მიხედვით კი, წელს ყველაზე მეტი – 342 აპლიკანტი – ბუნებისმეტყველების (I-VI)  გამოცდაზე დარეგისტრირდა, გამოცხადდა 286; სომხური ენის გამოცდაზე დარეგისტრირდა 296, გამოცხადდა 270; აზერბაიჯანული ენის გამოცდაზე დარეგისტრირდა 266, გამოცხადდა 239; მათემატიკის გამოცდაზე (I-VI) დარეგისტრირდა 249, გამოცხადდა 213;  სპორტის გამოცდაზე დარეგისტრირდა 121, გამოცხადდა 81; ქართული როგორც მეორე ენა – დარეგისტრირდა 120, გამოცდაზე გამოცხადდა 92.

ყველაზე ნაკლები პრაქტიკოსი მასწავლებელი შემდეგ საგნებში დარეგისტრირდა:

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე – 6, გამოცხადდა 3;

გერმანული ენის გამოცდაზე (I-XII) – 3, გამოცხადდა 1;

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე (I -VI) – 2, გამოცხადდა 2;

ფრანგული ენის გამოცდაზე (I-XII) – 1, გამოცხადდა 1;

ქართული ენისა და ლიტერატურის (VII-XII) გამოცდაზე – 1 და გამოცხადდა 0.

სრული ინფორმაცია წლევანდელ გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლების მონაწილეობის შესახებ იხილეთ ცხრილში:

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები