13 ივლისი, შაბათი, 2024

მარტივი და სახალისო გზა STEM საგნებისა და მათემატიკის სწავლებისათვის

spot_img

22 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია „CK-12 ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისთვის“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ კონსულტანტ-მასწავლებლები სხვადასხვა  რეგიონიდან, ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები. კონფერენციის მიზანი იყო საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის გავრცელების გამოცდილების შეჯამება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის დანერგვის მთავარი მიზანია საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე ხელმისაწვდომობა საბაზო საფეხურზე. ორი წლის თავზე უკვე არსებობს ქართული ვებგვერდი, რომელზეც STEM-საგნების ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს შეუძლია ისარგელობს ელექტრონული სახელმძღვანელოებითა და სხვა რესურსებით.

გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს  ციფრული სწავლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გაძლიერებას საქართველოში. პროგრამის მიზანია საჯარო სკოლებში ინოვაციური სწავლებისა და სწავლის მეთოდების ხელშეწყობა, სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის განკუთვნილი ციფრული რესურსების გამდიდრება. ამ პროექტის მეშვეობით ჩვენ მასწავლებელს ვაძლევთ  პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესების საშუალებას, რაც აუცილებელია მუდმივი პროფესიული ზრდის უზრუნველსაყოფად,  განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ემი ქლენსმა.

ძალიან ბევრი სკოლა არათუ იცნობს Ck-12 პლატფორმაზე განთავსებულ რესურსებს, მისი აქტიური მომხმარებელიცაა. განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე ამბობს, რომ პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რამდენად მარტივი და სახალისო გზაა საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისათვის. ბოლო წელს ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ 75 სკოლასთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ვნახეთ, როგორ შეიძლება ახალი, დამატებითი რესურსების გამოყენება, რომ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესი საინტერესო გახდეს მოსწავლეებისთვის. იმედი მაქვს, ის პოზიტიური გამოხმაურება, რაც დღეისთვის გვაქვს, შენარჩუნდება და მომავალში გაცილებით მეტი მასწავლებელი და მოსწავლე გაიხალისებს სწავლასწავლების პროცესს CK-12-ის პლატფორმის ქართული რესურსებით.

ბოლო წელს, რომლის შედეგებსაც დღევანდელ კონფერენციაზე შევაჯამებთ, CK-12-ის სასკოლო ქსელში ჩართული სკოლებიდან ვავლენდით  სკოლებს,  რომლებიც რესურსების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკებს გვიზიარებდნენ. ჩვენ მიერ შერჩეულ საუკეთესო 5  სკოლას შორისაა: ქუთაისის 23 და 33 საჯარო, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. რეხის, ნინოწმინდის 1 და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ალპანის საჯარო სკოლები. ვულოცავ გამარჯვებული სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს და მიხარია, რომ მათ ჯილდოდ გადავეცით ონლაინ რესურსების გამოყენებისთვის აუცილებელი აღჭურვილობა ეკრანი და პროექტორი, – ამბობს განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე.

საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის ქართული რესურსები რომ სახალისო და მიმზიდველი აღმოჩნდა საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის სწავლებისას, ამას კონფერენციაზე გამომსვლელი პედაგოგები ერთხმად ადასტურებენ. განსაკუთრებული ყურადღება მაინც 213-ე და 107-ე სკოლების კონსულტანტ-მასწავლებელმა, თამარ ოლიშვილმა მიიქცია, რომელმაც აღნიშნული პლატფორმით სსსმ ბავშვებთან მუშაობის საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა: „20 წელზე მეტი პედაგოგიური გამოცდილება მაქვს, მათ შორის სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის. CK-12 ნამდვილად ახალი შესაძლებლობაა. მიმდინარე წელს მცირე, ზოგადი ხასიათის კვლევაც ჩავატარე, აქცენტი არ გამიკეთებია კონკრეტული სირთულის მქონე მოსწავლეზე. მაინტერესებდა, რამდენად ეფექტური იყო CK-12 პლატფორმის რესურსებით სწავლება გაკვეთილებზე დასწრების, ჩართულობის, სასწავლო მასალის, მათ შორის, ინდგეგმების დაძლევის, კომპიუტერული უნარჩვევების გამომუშავებისა და სწავლის მოტივაციის ამაღლების კუთხით. შედეგებმა მიჩვენა, რომ CK-12-ის რესურსების გამოყენებით ეს მაჩვენებლები საშუალო დონისაა. თუმცა, პედაგოგები აღნიშნავენ, რომ სსსმ მოსწავლეები დახმარების გარეშეც გამოიყენებენ პლატფორმის რესურსებს, მათ შორის, ფლიქსებსა და სიმულაციებს. ზოგადად დიდია მოსწავლეთა ინტერესი ამ რესურსების მიმართ, რაც მათ გააქტიურებაზე აისახება. ამ კუთხით უარყოფითი პასუხი საერთოდ არ დაფიქსირებულა. კვლევის პროცესში სსსმ მოსწავლეებთან მომუშავე პედაგოგებისთვის დასმულ შეკითხვებზე პასუხებმა აჩვენა, რომ CK-12 პლატფორმის გამოყენება ხელს უწყობს სსსმ მოსწავლეების მიერ ინფორმაციის აღქმას, გაგებაგააზრებას და დამახსოვრებას. ძირითადი გამოწვევა, რაც კვლევამ გამოავლინა, ესაა არასაკმარისი კომპიუტერული უნარები და ინგლისური ენის არასათანადო დონეზე ცოდნა“. ქალბატონმა თამარმა აღნიშნა, რომ შეკითხვაზე – დაეხმარათ თუ არა ეს პლატფორმა სსსმ მოსწავლეებთან მუშაობაში, პედაგოგთა 55%-მა დადებითი პასუხი გასცა. უკეთესი შედეგის მიღწევის მიზნით, მან გაუსვა ხაზი ფოკუსჯგუფების შექმნასა და მათთან მუშაობის აუცილებლობას.

CK-12 საგანმანათლებლო პლატფორმის უპირატესობის შესახებ ისაუბრა თანამედროვე განათლების აკადემიის მათემატიკის მასწავლებელმა, მირანდა გაბრიჭიძემ და განსაკუთრებული აქცენტი, სხვა რესურსებთან ერთად, სახელმძღვანელოზე გააკეთა: ზოგადად არაჩვეულებრივი პლატფორმაა, თანამედროვე მოსწავლეები ხომ დიდი ენთუზიაზმითმეგობრობენტექნოლოგიებთან და ამ მხრივაცაა უკეთესი. გარდა ამისა, მოქმედი სახელმძღვანელოსგან სტრუქტურულად განსხვავებულია, საკითხები თემატურადაა დალაგებული, რაც მოსწავლეს უადვილებს ინფორმაციის მოძიებას, სიმულაციებიც ადვილად აღქმადია. ასე რომ, რაც მეტი სკოლა ჩაერთვება პროგრამაში, მით მეტად გაიზრდება ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის მიმართ, – აღნიშნა მირანდა გაბრიჭიძემ.

CK-12 პლატფორმის მიერ შემოთავაზებული სახელმძღვანელოს უპირატესობაზე ისაუბრეს ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა, ნელი ბოდოსიანმა და ბიოლოგიის მასწავლებელმა, არუსიაკ მღდესიანმა. ისინი ამბობენ, რომ აქტიურად იყენებენ სწავლა-სწავლების პროცესში ელექტრონულ რესურსებს, ჩვეულებრივ გაკვეთილზე მეტად მათ მოსწავლეებს პლატფორმის რესურსებით ჩატარებული გაკვეთილი მოსწონთ, ინტერესი და ჩართულობა აქ უფრო მეტია, ხალისით აკეთებენ ტესტებს, იყენებენ სიმულაციებს, თემა უფრო კარგადაა გახსნილი, ვიდრე წიგნებში. ჩვენი სკოლა სომხურენოვანია და ერთი წელია, ჩართული ვართ ამ პროექტში. ჩვენი კონსულტანტი მირანდა გაბრიჭიძეა, ხშირი ონლაინ შეხვედრები და საუბრები გვაქვს პლატფორმასთან დაკავშირებით. როცა კარგად გავერკვიეთ ყველაფერში, გამოცდილებაც დავაგროვეთ, სხვა სკოლებსაც გავუზიარეთ. ახლა მთელმა რაიონმა იცის ამ პლატფორმის შესახებ. ნინოწმინდის სომხური და 4 ქართული სკოლები დაინტერესდნენ, ჩვენი პრეზენტაციების შემდეგ, იყენებენ კიდეც გაკვეთილებზე CK-12-ის ქართულ რესურსებს“.

როგორც გაირკვა, ამ ახალგაზრდა პედაგოგებმა საკმაოდ დიდი შრომა გასწიეს იმისათვის, რომ პლატფორმის ელექტრონული რესურსები მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომი ყოფილიყო სომხურენოვანი პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის. ამასვე ადასტურებს ნინო ფსუტური, გორის №8 საჯარო სკოლის პედაგოგი და გამარჯვებული რეხის სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი. მანაც დიდი შრომა გასწია რეხის სკოლაში კოლეგების დაინტერესებისა და პროექტში ჩართვისთვის. ამბობს, რომ საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის მასწავლებლები (რეხის სკოლის) გაკვეთილებზე ინტენსიურად იყენებდნენ სხვადასხვა მულაჟებს, სიმულაციებს, ატარებდნენ ინტეგრირებულ გაკვეთილებს, მიმართავდნენ მეთოდსსწავლა კეთებით; პლატფორმაზე განთავსებული რესურსებით აწყობდნენ სხვადასხვა სახის მულაჟებს, მაგ.: ბიოლოგიაში დნმ მოდელს, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოდელს და .. მოსწავლეს ყოველთვის მოსწონს, როცა წიგნის გარდა სხვა თვალსაჩინოებას სთავაზობ, მით უმეტეს, თუ რესურსი ელექტრონულია. თანამედროვე მოსწავლისთვის ტექნოლოგიებს განსაკუთრებული მიზიდულობის ძალა აქვს, ინტერნეტს ისინი აქამდეც იყენებდნენ, მაგრამ არა საგანმანათლებლო მიზნით. ამ შემთხვევაში, ეს ურთიერთობა შემეცნებით ხასიათს ატარებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პლატფორმის რესურსებით სწავლების უპირატესობა სსსმ მოსწავლეებისთვის. იქ ბევრი საინტერესო ინფორმაციაა, რომლის მოდიფიცირებაც იმგვარად შეუძლია პედაგოგს, რომ ვიზუალური ეფექტით გააღვიძოს მოსწავლის ინტერესი, რაც უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესში მის ჩართულობას. ამიტომაც ვუწევთ პოპულარიზაციას CK-12-ის საგანმანათლებლო პლატფორმას არა მხოლოდ სკოლებსა და პედაგოგებში, არამედ მშობლებშიც. განსაკუთრებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებს მოვუწოდებთ, დაინტერესდნენ ამ რესურსებით, ეს აუცილებლად წაადგება მათი შვილების განვითარების საქმეს.“

განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო გამარჯვებული სკოლების დაჯილდოების ცერემონიალი კონფერენციის ბოლოს. ასეთ ეკრანზე და პროექტორზე სულ ვოცნებობდითო, – გვითხრეს ნინოწმინდის №1 სკოლის პედაგოგებმა.

თუ იმდღევანდელი შემაჯამებელი კონფერენციის შედეგებით ვიმსჯელებთ, მომავალი სასწავლო წლის დასასრულს CK-12 პლატფორმით მოსარგებლე და მეტი გამარჯვებული, ე.ი. გაძლიერებული სკოლა გვექნება ქვეყანაში. საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში ქართულ ენაზე არსებული დამატებითი ელექტრონული რესურსის ხელმისაწვდომობის ზრდა უთუოდ იქნება ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის წინაპირობა.

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენცია ორგანიზებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის სამწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

ანა ფირცხალაიშვილი

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები