20 მაისი, ორშაბათი, 2024

მაია ხაჯიშვილი სამინისტროს საქმიანობის გასულ წელსა და სამომავლო გეგმებზე

spot_img

26 აპრილს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, განათლებისა და ახალგაზრდული მიმართულებით, სამინისტროს საქმიანობის გასული წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებზე, რომლებიც მასწავლებელთა მხარდაჭერას, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ინკლუზიურობას გულისხმობს.

აღნიშნა ისიც, რომ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. 2023 წელს 3 საჯარო სკოლის მშენებლობა და 40-ის სრული/ნაწილობრივი რეაბილიტაცია დასრულდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად, სასკოლო ცხოვრების მრავალფეროვნებისა და მოსწავლეთა ინტერესების, უნარების რეალიზებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. 2024 წელს სასკოლო ინვენტარით, ტექნოლოგიებით, მხატვრული ლოტერატურით, სპორტული ინვენტარით და მუსიკალური ინსტრუმენტებით, ჯამში, აღიჭურვება 90 საჯარო სკოლა. ამასთან, მოეწყობა საბიბლიოთეკო და სახელოვნებო სივრცეები არანაკლებ 13 სკოლაში,აღნიშნა მინისტრმა.

⇒ ინკლუზიურ განათლებაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ქობულეთში, ქედასა და ბათუმში ინკლუზიური განათლების სამი ცენტრი ფუნქციონირებს. წელს ასევე იგეგმება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ანალოგიური ცენტრის მოწყობა.

⇒ მასწავლებელთა ხელშეწყობისა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვისათვის დაწყებულია რიგი პროექტებისა, მათ შორისაა „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“, რომელიც წელს პირველად განხორციელდა და წარმატებით მიმდინარეობს.

⇒ უმაღლესი განათლების მიმართულებით აღინიშნა, რომ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში, 2023 წელს, 950-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა და ეს რიცხვი 2024 წელს 1400-მდე გაიზრდება.

⇒ სწავლა საზღვარგარეთ პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს, გაიცა 38 სასწავლო გრანტი, ხოლო საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში – 50 სასწავლო გრანტი. ასევე დაფინანსდა 115 სტუდენტის პროფესიული სტაჟირება საზღვარგარეთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაგეგმილია ბათუმში მოქმედი სამი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის 800-1000 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსების მშენებლობა.

ახალგაზრდობის საკითხებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს, სხვადასხვა მიმართულებით, 150-მდე ღონისძიება აქვს განხორციელებული.

არაფორმალური განათლებისა და თავისუფალი დროის სწორად მართვის ხელშეწყობის მიზნით ცენტრის პროექტებში ყოველწლიურად 10 000-მდე ახალგაზრდაა ჩართული აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან. ცენტრის პრიორიტეტული მიმართულებებია: ახალგაზრდების კარიერული განვითარება, თავისუფალი ინიციატივებისა და ახალგაზრდული ეკონომიკის ხელშეწყობა,

საერთაშორისო გამოცდილების მიღება და გაზიარება, ასევე მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც ხაზს უსვამს, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხების სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულობას.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძე, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ გაბაიძე და ცენტრის წარმომადგენელი მარიამ ბაიდოშვილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები