მინდა, გაგიზიაროთ გამოცდილება იმ აქტივობის შესახებ, რომელსაც ჩემი მოსწავლეები მეორე წელია ხალისით ასრულებენ. ამ დროს ბავშვები ერთმანეთს უკავშირებენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში შესწავლილ საკითხებს. ხდება საგანთა ინტეგრირება.
მათემატიკურ ამოცანას ისინი ადგენენ შესწავლილი იგავ-არაკის, მოთხრობის, ზღაპრის, ლეგენდის, ამბის მიხედვით. ამოცანის პირობაში გადმოაქვთ ნაწარმოების შინაარსი, სიუჟეტი, ეპიზოდი… აცოცხლებენ გარემოს, სადაც გმირები თამაშობენ, მეგობრობენ, ატყუებენ, ეხმარებიან… შემოჰყავთ სხვადასხვა პერსონაჟი და გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას… იყენებენ სხვა საგანში მიღებულ ცოდნას. ხდება ტრანსფერი.
ეს აქტივობა ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრება-განმტკიცებას. კერძოდ, შესწავლილი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით მოსწავლემ უნდა მოიფიქროს ამოცანა. ის ასრულებს სავარჯიშოს, რომელიც ახალი სიტყვებითა და ფრაზებით არის გაჯერებული. ამ დროს იკვეთება, როგორ გაიგო მან ახალი სიტყვების მნიშვნელობა, შეუძლია თუ არა მისი გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში.
ასეთი ფორმით შედგენილი ამოცანების ამოხსნით მოსწავლეებს უვითარდებათ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა არითმეტიკული მოქმედებების შესრულება და სიტყვიერი აღწერა, მარტივი კანონზომიერების ამოცნობა და გავრცობა, სიგრძის გაზომვა საზომი ერთეულების გამოყენებით და სხვა.
აქტივობამ დადებითი გავლენა მოახდინა მოსწავლეთა ურთიერთშეფასებასა და თვითშეფასებაზე. ურთიერთშეფასების დროს მოსწავლეებმა გაცვალეს და ამოხსნეს თანაკლასელების მიერ შედგენილი ამოცანები. ამით წავაქეზე ისინი, არა მარტო შეემოწმებინათ მეწყვილის დავალება, არამედ საკუთარი წვლილი შეეტანათ მის დასრულებაში. პროცესი აქტიური გახდა. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ აქტივობა მოეწონათ. შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რომელიც კლასმა წინასწარ შეიმუშავა, მათ შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევარი.
ვიცოდი, რომ აქტივობის დანერგვის საწყის ეტაპზე შეცდომები, მოსწავლეთა მხრიდან, გარდაუვალი იქნებოდა. თვითშეფასების დროს კი ბავშვებს ვუბიძგე, თვითონ აღმოეჩინათ და გამოესწორებინათ ამოცანის შედგენის დროს დაშვებული ხარვეზები.
თავიდან ბავშვები რვეულში და სამუშაო ფურცელზე ქმნიდნენ ამოცანებს, შემდეგ კი ბუკებში. შესწავლილი ნაწარმოების მიხედვით დავალებაზე ასეთი სახით მუშაობამ საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების, კერძოდ, ბუკის, მიზანმიმართულად გამოყენება უზრუნველყო. პროცესი სახალისო, საინტერესო და გამჭვირვალე გახდა, მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია.
ახლა კი გაგიზიარებთ ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი ამოცანების ნიმუშებს.
სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „თხა და მელა“
ამოცანა: თხამ და მელამ მოსავალი ასე გაინაწილეს: თხას შეხვდა 65კგ ხორბალი, მელას კი – 23კგ-ით მეტი. რამდენი კგ ხორბალი შეხვდა მელას?
ამოცანა: მელამ, მტყუან-მართლის გასარჩევად, ბიძა – მგელი მოიყვანა. თხამ უშველებელი მგელი რომ დაინახა, თვალთ დაუბნელდა. ჩამოთვლილთაგან, დაახლოებით, რამდენი კგ იქნებოდა მგელი?
ა) 15კგ ბ) 56კგ გ) 79კგ
ამოცანა: გააგრძელე მიმდევრობა. რა ცხოველი იქნება მიმდევრობის მე-14 წევრი?
გიორგი შატბერაშვილის „ონავრები“
ამოცანა: გუჯას გუნდში, რომლის კაპიტანიც თვითონ არის, 11 მოთამაშეა. ფორეს გუნდშიც ამდენივე. უფროსი ძმის გუნდიდან ერთმა მოთამაშემ წითელი ბარათი მიიღო. რამდენი ფეხბურთელია ახლა მოედანზე?
ქართული ხალხური ზღაპარი „ჭინჭრაქა“
ამოცანა: ჭინჭრაქამ სადურგლო იარაღებით დევის კიდობანის გაკეთება დაიწყო. პირველი კიდობანის დასამზადებლად 120 ფიცარი გამოიყენა, მეორესთვის – 90-ით მეტი, ხოლო მესამესთვის იმდენი, რამდენიც პირველი და მეორე კიდობანისთვის ერთად. სულ რამდენი ფიცარი გამოიყენა ჭინჭრაქამ?
ელზა მორანტეს „შვიდი ბავშვის სახლი“
(იტალიურიდან თარგმნა მაია ტურაბელიძემ)
ამოცანა: ზამთარი რომ დადგა, დედამ, შვილებს არ შესცივდეთო და, შვიდი წყვილი ფეხსაცმელი შეკერა. უფრო სწორად, ბოლოს ტყავი და ქსოვილი გაუთავდა და მეშვიდე წყვილიდან ცალი ფეხსაცმლის შეკერვა ვეღარ მოახერხა. რამდენი ცალი ფეხსაცმელი შეკერა დედამ?
ამოცანა: დედას ერთი წყვილი ფეხსაცმლის შესაკერად 1მ 4სმ ძაფი დასჭირდა, მეორესთვის – 2მ-ით მეტი, ხოლო მესამე წყვილისთვის – 4მ 9სმ. სულ რამდენი მეტრი ძაფი დასჭირდა დედას?
ამოცანა: მბჟუტავმა ვარსკვლავმა მოსვენება დაჰკარგა. ძალიან უნდოდა ღარიბ ბავშვებს დახმარებოდა და იმ ერთადერთი ვერცხლის ძაფით ფეხსაცმლის ქსოვას შეუდგა. რომ დაამთავრა, ჩაიტანა და მეშვიდე წყვილს, რომელსაც ერთი ცალი აკლდა, გვერდით მიუდო. რამდენი ცალი ფეხსაცმელი აქვთ ახლა ღარიბ ბავშვებს?
ამოცანა: შუაღამისას, როგორც ყოველთვის, ფერიამ ჩამოიარა. ამჯერადაც ქურქში იყო გახვეული და ჩქარობდა, მაგრამ ბეღურას მითითების შემდეგ ძირს დაიხედა და კართან დადებული შვიდი წყვილი ფეხსაცმელიც დაინახა. მიუახლოვდა, ფუთა გახსნა და საჩუქრები ყველაში სათითაოდ ჩაალაგა: ერთი თეთრი პური, ერთი შალის შარფი და ერთი კონა სალათი. რამდენი საჩუქარი ჩაალაგა ფერიამ ფეხსაცმელებში სულ?