„მიდიოდნენ ერთად, მაგრამ ისე, თითქოს ვერც ამჩნევდნენ ერთმანეთს, თითოეული თავისთვის, თავის ფიქრებში წასული. ასე ხშირად დადიან ძმები, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარები არიან.“ გურამ გეგეშიძე — „შურისძიება“
„მათ ნატყვიარი აკრავთ წარბებზე,
გული სავსე აქვთ შხამის წვეთებით,
ამ დროს მოლხენით არის დარბაზი,
ორკესტრი გრგვინავს თავგამეტებით.“
გალაკტიონი
„სიყვარულის უნარი“ — ასე დაარქვა სახელად ფრიც რიმანმა თავის ერთ-ერთ წიგნს და ნაწარმოებში ბევრჯერ ახსენა, რომ სიყვარულიც ჩვეულებრივი უნარია, რომელიც ადამიანს ადრეულ ბავშვობაში ან გამოუმუშავდება, ან არა. იმისთვის, რომ მოზრდილმა ადამიანმა გასცეს სიყვარული, ბავშვობაში მას უნდა უჩვენონ ეს გრძნობა.
არათუ სიყვარულის ნაკლებობა, მიკუთვნებულობის განცდის არქონაც კი ადამიანისთვის ზიანის მომტანია, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს კი ორივეს ნაკლებობა აქვთ ამოსავსები. არც სიყვარული, არც მიკუთვნებულობა, შიში და საკუთარი თავის იმედზე ყოფნა, რაც არათუ ბავშვისთვის, ზრდასრულისთვისაც რთული ასატანია.
ამ თემას თან სდევს კონტრასტი. ასეთ კონტრასტებს ხშირად ვნახავთ გურამ გეგეშიძის მოთხრობაში „შურისძიება“. ერთი მხრივ, სიმშვიდე, დედობრიობა და სითბო, მეორე მხრივ კი, უიმედობა და სიცივე, ქუჩის „უნუგეშო სევდა“.
„ეზოს რკინის ჭიშკართან გრძელხალათიანი სქელი ქალი იდგა, ხელში ცარიელი ვედრო ეჭირა და როცა ძმები ხალათიან სქელ ქალს გაუსწორდნენ, ქალმა დედობრივი, ტკბილი ხმით სთხოვა უფროსს:
— ბიჭიკო, თუ ღმერთი გწამს, წყალი მომიტანე!
მაგრამ ბიჭი არ გაჩერდა და თავაზიანად უპასუხა:
— არ მწამს, დეიდა, ღმერთი…“
ასეთია რეზიკოს პასუხი, მოულოდნელი, ქალისთვის, რომელსაც დედობრივი ხმა აქვს და ოდნავ ჩასუქებულია, რაზეც რეზიკო გესლიანად გაიფიქრებს, რომ ქალი ჭამითაა ასე და არა ავადმყოფობით. პასუხი მოულოდნელია, თუმცა, რეზიკოს პერსპექტივიდან სავსებით ბუნებრივი, რადგან არც ამ ქალის სითბო და არც მისი დედობრიობა რეზიკოსთვის და მისი პატარა ძმისთვის არაა განკუთვნილი.
კონტრასტულია რეზიკოს პატარა ძმის აღწერაც, რითაც ავტორი უკეთ წარმოგვიდგენს ბავშვის დაუცველობას და უმწეობას შეუფერებელ გარემოში:
„ეს იყო ნაზი, ფუნჩულა ბიჭი, დაახლოებით ექვსი-შვიდი წლისა. მორცხვი, ცისფერთვალება და ლოყაწითელი… მას ჰქონდა თეთრი ქათქათა ტანი, რომელსაც მოუვლელობა ძალზე ეტყობოდა. ის ბევრ ადგილას იყო დაკაწრული, გარდა ამისა, ფართო, ჭუჭყიანი ლაქები აჩნდა მკერდზე და კისერზე, რაც თვალში ძლიერ გეცემოდათ იმისი ტანის სითეთრის გამო. მუხლს ქვემოთ, შიშველი ფეხები შემხმარი ტალახით ჰქონდა დასვრილი. ყოველივე ეს არ ეხამებოდა ამ ბავშვის სინაზესა და ფაქიზ გარეგნობას. ის იდგა თავისი ძმის უკან, ტირიფებს შორის, მაღალ, ხმელ ბალახში და ხელები ზურგს უკან დაეწყო.“
ამბის კულმინაციისთვის მზადება იწყება რეზიკოს აგრესიით, რომელსაც ის ჯერ თავისი ძმისადმი შეუბრალებელი მოპყრობით (ცემით ) ავლენს, შემდეგ საზამთროების ქურდობით აგრძელებს და საბოლოოდ — მერაბაზე შურისძიებით ასრულებს. ეს ამბავი რეზიკოს ამბავია, თითოეული მისი ქმედება მასში რაღაც კვალს ტოვებს და უამრავ კითხვას უჩენს, რაზეც პასუხი თვითონაც არ იცის, ხშირად იმასაც ვერ ხვდება — რატომ იქცევა ასე. ბრაზი, სიბრალული, სინანული — ამ გრძნობების ნარევია მოზარდის არსებაში და არ იცის, რომელს გაჰყვეს ბოლომდე.
მოთხრობაში კონტრასტი კიდევ ერთხელ მაშინ შემოდის, როცა რეზიკო თავისზე ბევრად ძლიერ ბიჭზე, ომარაზე შურის საძიებლად მიდის. ომარას სახლი მოვლილია, ეზოში ხეხილია დარგული, რეზიკოსთვის კი რკინის ჭიშკარია მხოლოდ ნაცნობი:
„ომარას სახლი ეზოს სიღრმეში იდგა. ეს იყო აგურის ახალი სახლი. ეზოს რკინის ჭიშკარი ჰქონდა. რეზიკოს არ უყვარდა რკინისჭიშკრიანი ეზოები, რადგან იმ სასაფლაოს, სადაც მისი დედ-მამა იყო დამარხული, რკინის ჭიშკარი ჰქონდა. რკინის ჭიშკარი რეზიკოს სიკვდილს აგონებდა და უსიამოვნო გრძნობას უქმნიდა. ახლა ის იდგა ქუჩაში, ფეხშიშველი, გამხდარი, მოკლე ტრუსით, გახუნებული მაისურით, რომლის უბეში ცივი ქვები ეწყო, იხედებოდა ხეხილით სავსე, მოვლილ-მოსუფთავებულ ეზოში და გრძნობდა ამ ოჯახის სიმაძღრეს და უზრუნველყოფას.“
კონტრასტი ომარას დედის დახასიათებით გრძელდება:
„ეს იყო ჭაღარათმიანი, ლამაზი ქალი, რომელიც ალერსით და სიყვარულით უყურებდა რეზიკოს სახეში, და რეზიკომ გაკვირვებით შენიშნა, რომ მოსწონდა ამ ქალის მზრუნველი და თბილი ხმა, მოსწონდა გემრიელი სადილის სურნელით გაჟღენთილი მისი წინსაფარი და, საერთოდ, ყველაფერი მოსწონდა ამ ქალისა, თუმცა ეს ქალი მტერი იყო.“
ამის შემდეგ აღარ არის გასაკვირი, რომ ქუჩის ბავშვების ცნობიერებაში უსამართლობის რწმენა მყარია. თუმცა, რეზიკო ჯერ კიდევ არ არის მთლად ქუჩის ბავშვი, სიღარიბის და საზამთროების მონატრების მიუხედავად, მას სახლში მაინც ელოდება მოხუცი ბებია და კიდევ პატარა ძმა, რომლის გამოც ახლა მან შური უნდა იძიოს. ასეც მოიქცევა. ომარაზე შურისძიების შემდეგ კი მაინც ვერ გრძნობს ბედნიერებას, რადგან ბედნიერება მხოლოდ სიყვარულს შეუძლია აგრძნობინოს. სიყვარული კი, როგორც ფრიც რიმანი ამბობს, ერთი ჩვეულებრივი უნარია, ის უნარი, რომელიც ბავშვებს უნდა აჩვენონ იმისათვის, რომ თავადაც გასცენ.
ასეთი ბავშვები და საერთოდ, ბავშვები მუდმივად სიყვარულის იდეას ეძებენ და ებღაუჭებიან. არის ასეთი მონაკვეთი ნუგზარ შატაიძის მოთხრობაში „მოგზაურობა აფრიკაში“:
„ჯამი ცეცხლიდან გადმოვდგი, წყალი გადავწურე.
ისევ ის ბეჭედი მედგა თვალწინ და უეცრად გავიფიქრე, რა იქნება, რომ ავდგე და მამის მოსაძებნად წავიდე-მეთქი. ამ აზრმა ისე ამაგდო, ხელები ამიცახცახდა და მეორე კვერცხი ვეღარ გავფცქვენი — ეგეთი ფეთიანი ვარ, ყველაფერზე ეგრე ვიცი გაგიჟება. ჭამის დროს სულ გამგზავრებაზე ვფიქრობდი და გული გამალებით მიცემდა.“
ბავშვი ყველაფერს მიატოვებს და სოხუმში მამის საძებნელად წავა, რადგან თბილისში დედა მასზე აღარ ზრუნავს, ერთადერთი მეგობარი კი სიცივეს შეეწირა. ბავშვმა უამრავი დაბრკოლება უნდა გაიაროს, მაგრამ თუ მამას ნახავს, დაკარგული სიყვარული შეუძლია დაიბრუნოს, ამიტომ, უღირს ამისთვის თავგანწირვა.
ასეთი მოთხრობები კიდევ ერთხელ გვახსენებენ, თუ რა დიდი ადამიანები არიან ბავშვები და ამავდროულად, ზოგიერთ მათგანს რამდენის ატანა უწევს ბავშვური მხრებით.
ნატალი აბესაძე – ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი