27 ივლისი, შაბათი, 2024

ლიტერატურული კონკურსის „ვწერ მასწავლებლისთვის“ გამარჯვებულების  დაჯილდოების ცერემონია

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის „ვწერ მასწავლებლისთვის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

 

კონკურსში პირველ ადგილზე იუნონა გურული გავიდა, რომელმაც შექმნა მოთხრობა „ჩემი საყვარელი გერმანული სიტყვა“;

მეორე ადგილი წილად ხვდა ცოტნე ავსაჯანიშვილს მოთხრობისთვის „უახლესი ისტორია“;

მესამე ადგილის მფლობელი გახდა მიშა ბახსოლიანი, ნაწარმოებისთვის „მშვიდობიანთკარი“.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კონკურსანტებმა და ჟიურის წევრებმა. შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ, რომელმაც წარმატება უსურვა კონკურსის ფარგლებში შერჩეული საუკეთესო მოთხრობების ავტორებს. ცენტრის ხელმძღვანელმა მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მსგავსი სახის კონკურსების არსებობა მასწავლებლის საქმიანობის წარმოჩენისა და დაფასებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის „ვწერ მასწავლებლისთვის“ მიზანია მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და სახავდეს მათი დაძლევის გზებს.

წლევანდელი კონკურსის თემა იყო : ჩავალ ეზოში, გადავხედავ პატარა ბავშვებს. ცარცით ასფალტზე შემოვხაზავ დიდ კითხვის ნიშანს  (ზაზა თვარაძე).

კონკურსის სპეციალურმა ჟიურიმ შემოსული 61 მოთხრობიდან ათი საუკეთესო ნაწარმოები შეარჩია:

  1. იუნონა გურული – „ჩემი საყვარელი გერმანული სიტყვა“;
  2. ფიქრია ყუშიტაშვილი – „არჩევანი“;
  3. ლევან ლორია – „პირველყოფილი“;
  4. გურო დავითლიძე – „სომეხა“;
  5. ირმა კახურაშვილი – „რატომ არ მოვკალი მიშო“;
  6. ცოტნე ავსაჯანიშვილი – „უახლესი ისტორია“;
  7. მიშა ბახსოლიანი – „მშვიდობიანთკარი“;
  8. გიორგი შერვაშიძე – „ჰეი, ფიზკულტურა“;
  9. სოფო გოგალაძე – „დილა მშვიდობისა მეგობრებო ანუ guten morgen freunde“;
  10. მარიამ კაშია – „სკოლის დღე“.

გამარჯვებულ ავტორებს გადაეცათ სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო კონკურსის პარტნიორ ლიბერთი ბანკისგან. ლიბერთი ბანკმა ასევე დააჯილდოვა თავისი რჩეული მოთხრობა. კონკურსის სიმბოლო – ოქროს ვაშლი, გადაეცა გერმანიაში მცხოვრები, გამარჯვებული ავტორის, იუნონა გურულის, დედას.

კონკურსის ფარგლებში შერჩეული ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და მიეძღვნება ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი.

კონკურსის მხარდამჭერები არიან: გამომცემლობა „ინტელექტი“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია.“

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები