ლექსის ანალიზი

1830

მხატვრული ტექსტის ანალიზი (ანალიტიკური ნაშრომი) არამხატვრული ჟანრის ტექსტია, რომელიც იწერება აუცილებლად მწიგნობრული სტილით. ამ ტიპის ნაშრომი გულისხმობს ანალიზის, სინთეზისა და შეფასების მომენტებს, რომლებიც აუცილებლად ეყრდნობა ტექსტს, მის კულტურულ, ჟანრობრივ, გამომსახველობით და ფსიქოლოგიურ კოდებს.

ლექსის ანალიზი, ისევე, როგორც სხვა ჟანრის ნაწარმოებების გარჩევა, ხდება რამდენიმე მიმართულებით: იდეური, თემატური, მხატვრული, ლინგვისტური… უმეტეს შემთხვევაში, იდეურ-თემატური და მხატვრული ანალიზი თავმოყრილია ერთ ნაშრომში.

ანალიტიკურ ნაშრომში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

♦ ნაწარმოების სათაური, ავტორი (მაგალითად, აკაკი წერეთლის შემოქმედებასა და, ზოგადად, ქართულ პოეზიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს „განთიადს“);

♦ ნაწარმოების დაწერის ისტორია და მოტივაცია, თუ ეს ზუსტადაა ცნობილი (აკაკიმ „განთიადი“ დაწერა დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების გამო);

♦ რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიეკუთვნება ავტორი (აკაკი და ილია – კრიტიკული რეალიზმი, ტატო – რომანტიზმი);

♦ ნაწარმოების თემა, იდეა – რა საკითხზეა საუბარი ნაწარმოებში, რა არის ავტორის სათქმელი, მიზანი. ვურთავთ პარაფრაზებს/ციტატებს მოსაზრებების გასამყარებლად;

♦ ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები (ტროპის სახეები, მხატვრული ხერხები), რომელიც ლირიკულ გმირს უკეთ „ხატავს“; ასევე საგულისხმოა, ზოგჯერ ლირიკულ ნაწარმოებში წარმოდგენილია მოქმედების განვითარების „მარცვლები“ (მაგალითად, ექსპოზიცია);

♦ ლექსის სტროფია/ასტროფია, სალექსო ზომა, რითმა, რიტმი, ვერლიბრულ/კონვერსიული ფორმა;

♦ მოკლე შეჯამება, რომელშიც ვეთანხმებით/ვეწინააღმდეგებით ლექსთან დაკავშირებულ მოსაზრებას/მოსაზრებებს, ან კიდევ – დასკვნით საკუთარ მოსაზრებას წარმოვადგენთ.

დავიმახსოვროთ, რომ მნიშვნელოვანია მხატვრული ტექსტის ანალიზის სტრუქტურის დაცვა.

მხატვრული ტექსტის ანალიზი, როგორც ნებისმიერი ანალიტიკური ტექსტი, შედგება სამი ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა. თუ ანალიზის დროს ერთ-ერთი მათგანი მაინც იქნება უგულებელყოფილი, ნაშრომი არასრულფასოვნად მიიჩნევა.

შესავლის ფუნქციაა საკითხ(ებ)ის დასმა, პრობლემის შესახებ მკითხველისათვის ძირითადი და წინასწარი ინფორმაციის მიწოდება.

ძირითად ნაწილში უნდა განიხილოთ ზემოთ წარმოდგენილ პრობლემათაგან თქვენთვის საჭირო და თქვენს მიზანთან დაკავშირებული.

რაც შეეხება დასკვნას, მისი მიზანია, შეაჯამოს, განაზოგადოს მსჯელობა და მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილოს ძირითად სათქმელზე.

ანალიტიკური ტექსტის შექმნის დროს გაითვალისწინეთ:

⇒ შესავლის შექმნისას თავი აარიდეთ იმ ზოგადი ინფორმაციის გადმოცემას, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება თემას;

⇒ არ წარმოადგინოთ ემოციური, სუბიექტური დამოკიდებულება;

⇒ შესავალი და დასკვნა უნდა იყოს კონკრეტული;

⇒ შესავალი და დასკვნა არ უნდა იყოს ძალიან ვრცელი;

⇒ არ არის საჭირო შესავალში დეტალურად იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია ავტორის შესახებ;

⇒ თავი აარიდეთ ვრცელ და მაღალფარდოვან წინადადებებს;

⇒ მხატვრული ნაწარმოების ანალიზი უნდა იყოს არგუმენტირებული. ტექსტური მასალიდან წარმოდ­გენილი უნდა იყოს სათანადო არგუმენტები, კონ­კრეტული მაგალითები, ფაქტები, მტკიცებულებანი;

⇒ სასურველია, რომ მოვიხმოთ ალუზია, ინტერტექსტუალობა;

⇒ ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ციტირებისა და პერიფრაზის (პარაფრაზირების) ხერხები.

როლანდ ხოჯანაშვილი

დატოვეთ კომენტარი