13 აპრილი, შაბათი, 2024

ლანჩხუთში კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლანჩხუთში კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა.

მინისტრის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს პროფესიული განათლების განვითარება და ქვეყნის მასშტაბით პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს: „პროფესიული განათლების ახალი ხედვაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ის გულისხმობს საქართველოს მასშტაბით როგორც პროფესიული კოლეჯების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე დამსაქმებლების კიდევ უფრო მეტ ჩართულობას პროფესიულ განათლებაში – დასაქმების მაღალი მაჩვენებლის უზრუნველსაყოფად“.

გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ კოლეჯ „ჰორიზონტის“ ლანჩხუთის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობაც სწორედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა, მშენებლობაზე 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

პროფესიული სასწავლებელი, რომლის შენობა, ჯამში, 1200კვ.მ ფართს მოიცავს, 250 სტუდენტზეა გათვლილი, ხოლო ტერიტორია, ეზოს ჩათვლით, 1 ჰექტარს შეადგენს.

მულტიპროფილური სასწავლებლის თანამედროვე ტიპის შენობა სრულადაა აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე: მოწყობილია პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები; შენობაში, რომელშიც განთავსებულია თეორიული და პრაქტიკულის სასწავლო სივრცეები, ადმინისტრაციული ნაწილი და კაფეტერია, უზრუნველყოფილია თანამედროვე სისტემებით.

კოლეჯის ეზოში მოწყობილია ამფითეატრი, გამწვანებული რეკრეაციული სივრცეები, ავტოსადგომი და ველოსიპედების სავალი ნაწილი. სასწავლებელი სრულადაა აღჭურვილი სასწავლო და საოფისე ინვენტარით, ავეჯითა და ტექნიკით; ინტეგრირებული პროგრამებისთვის – შესაბამისი მეცნიერული და პრაქტიკული სწავლების ლაბორატორიებით: ელექტრობის, ქიმია-ფიზიკის, სამკერვალო, სასტუმრო, თმის მომსახურების და ვებტექნოლოგიების ლაბორატორიებით.

2023 წლის მიღების ფარგლებში, კოლეჯში 102 სტუდენტი ჩაირიცხა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები