სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს ხალხური ლეგენდა. თქმულების თანახმად, სოფელში ყველაზე მაღალ მთაზე იყო ეკლესია, სადაც ესვენა ძვირფასი ქვებით და ოქროთი შემკული ღვთისმშობლის ხატი. ეკლესია ოსმალებს დაუნგრევიათ, მოსახლეობამ ხატი სხვა ეკლესიაში დამალა. შემდგომი ლაშქრობის დროს, ეს ეკლესიაც დაუნგრევია მტერს. ხატი ამჯერადაც გადამალეს და, XIX საუკუნის შუა წლებამდე, თურმე, ღვედის ეკლესიაში იყო, რომელიც სიძველის გამო დაინგრა, ხატი კი დაიკარგა. ხატსა და სოფელს მჩოჩავი ხატი უწოდეს. სოფლის სახელწოდებამ ცვლილება განიცადა: მჩოჩავი ხატი – ჩოჩხატი – ჩოჩხათი.
ჩოჩხათში დაწყებითი სკოლა 1879 წელს გაიხსნა და ფუნქციონირება ხის პატარა შენობაში დაიწყო. სკოლაში, 1879-1885 წლებში, ასწავლიდა ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილი. სკოლის ტერიტორიაზე შემორჩენილია სოფლის კანცელარიის ნანგრევები, სადაც დატუსაღებული იყო ეგნატე ნინოშვილი. 1925 წელს ჩოჩხათის სკოლა 7-კლასიან სკოლად გადაკეთდა, 1938 წლიდან კი საშუალო სკოლა გახდა, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.
ჩოჩხათის სკოლის პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის მოსწავლის უპირატესი ინტერესები და პედაგოგთა მაღალი პროფესიონალიზმი. განათლების მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, ჩოჩხათის საჯარო სკოლა ინოვაციისა და მომავალი თაობის განვითარების ეპიცენტრში დგას. თითოეული მასწავლებელი, განხორციელებული აქტიობებით, ხელს უწყობს მოსწავლეში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას და ამკვიდრებს ღირებულებებს, რომლებიც სცილდება საკლასო ოთახის საზღვრებს. ჩვენი მიზანია, მომავალი თაობა იმ გამოწვევებისთვის მოვამზადოთ, რომლებიც მათ მუდმივად ცვალებად სამყაროში ელოდებათ. ყოველი ინიციატივა თუ პროექტი, სწავლების უახლესი მეთოდოლოგიებიდან დაწყებული თანამშრომლობით სასწავლო გარემოებამდე, ემსახურება პიროვნების ჩამოყალიბების პროცესს.
სკოლის 36 მასწავლებლიდან 18 წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგია, მათ შორის ერთს, მარინა თავართქილაძეს, საუკეთესო პედაგოგის სტატუსი აქვს, რომელიც, ამავე დროს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის უცხოური ენების საგნობრივი ექსპერტია. 2023 წელს, სკოლის ყოფილ დირექტორს, ამჟამად მათემატიკის მოქმედ პედაგოგსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მათემატიკის საგნობრივ ექსპერტს, დალი კვერენჩხილაძეს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
სკოლას 2014 წლიდან ვხელმძღვანელობ, ვარ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი ლიდერობის მიმართულებით. სკოლაში მაღალ დონეზე მიმდინარეობს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება, რომელსაც ხელმძღვანელობს მორის გუმბარიძე, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი, ისტ-ის მიმართულებით.
2020 წლიდან, ჩოჩხათის სკოლისა და არასამთავრობო ორგანიზაციის MAC Georgia თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება შემდეგი აქტივობები:
- საშაბათკვირო აკადემია, რომლის მიზანია მოსწავლეებში ლიდერობის უნარის განვითარება;
- საზაფხულო აკადემია – კათედრებთან თანამშრომლობით ხორციელდება სახალისო აქტივობების დაგეგმვა;
- სტუდენტთა საგრანტო სისტემა – ორგანიზაცია MAC Georgia, ყოველწლიურად, 100%-იანი გრანტით აფინანსებს ორ ან მეტ სტუდენტს. საჭიროების შემთხვევაში, პროექტის ბენეფიციარებს უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართით და დასაქმების პერსპექტივით. ამჟამად, სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლიდან, პროექტის ბენეფიციარია 7 სტუდენტი;
- პედაგოგთა გადამზადება – პედაგოგები გადამზადნენ შემდეგ მიმართულებებზე: 1. ინკლუზიური განათლება; 2. კვლევა, პროექტი; 3. კომუნიკაცია, პრეზენტაცია, ფუნქციური წერა; 4.მდგრადი განვითარება; 5. მოქალაქეობრივი განათლება; 6. საკანონმდებლო აქტები;
- დირექტორისა და ლიდერი მასწავლებლის გადამზადება;
- ინგლისურის კლუბი, ხელმძღვანელი – ნინო ხომასურიძე, რომლის თაოსნობით განხორციელდა არაერთი სოციალური თუ საერთაშორისო პროექტი. საერთაშორისო პროექტებიდან აღსანიშნავია ის, რომ კლუბის წევრებმა ბანგლადეშელ მოსწავლეებს გააცნეს ქართული ანბანი და საჩუქრად გადასცეს მსოფლიო ლიტერატურის შედევრები.
- თეატრალური დასი, ხელმძღვანელი – სოფიო გოგუაძე. მისი ხელმძღვანელობით, ჩოხატაურის სახალხო თეატრში დაიდგა სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით – „სისხლი“. მთავარი როლის შემსრულებელმა, ლიზი შანიძემ, მიიღო ტიტული „წლის აღმოჩენა“, დაჯილდოვდა სიგელით და ჭკვიანი საათით; ხონის და ჩოხატაურის სახალხო თეატრში დაიდგა სპექტაკლი „ჩვენ მახინჯები ვართ?“, რომელმაც რამდენიმე პრიზი დაიმსახურა: 1. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება; 2. ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ ანა კვერენჩხილაძესა და ნინი მოდებაძეს;
- ქართული ცეკვების შემსწავლელი წრე, ხელმძღვანელი – ნუგზარ ხუხუნაიშვილი.
- მკითხველთა კლუბი – პროექტში ჩართული არიან XI-XII კლასების მოსწავლეები. კონფერენციაზე განიხილეს ჯორჯ ორუელის „1984“. გაიმართა დისკუსია.
სკოლაში ამჟამად წარმატებულად მიმდინარეობს პროექტები:
- „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომლის მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. კლუბის ხელმძღვანელი ია ღლონტი;
- „კინო სკოლაში“ – სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროექტი, რომლის მიზანია, კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება. კლუბის ხელმძღვანელი – ლალი გოროზია.
- ქართული სიმღერების შემსწავლელი წრე, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სასკოლო თუ კულტურულ ღონისძიებებში. წრის ხელმძღვანელი – ხათუნა კვერენჩხილაძე.
სკოლა მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს, რაც კურსდამთავრებულების წარმატებებით დასტურდება. წარმატებულ კურსდამთავრებულთა მხოლოდ მცირე ჩამონათვალს მოვიტან:
- ემზარ ზენაიშვილი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი, რომელიც 2023 წლის 21 ნოემბერს ეწვია სკოლას, ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძესთან და კარატეში მსოფლიო ჩემპიონ გოგიტა არქანიასთან ერთად.
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სკოლას გადასცა სპორტული ინვენტარი, სეოკ-ის მიერ სპორტულ და ოლიმპიურ თემატიკაზე გამოცემული ლიტერატურა;
- ალექსანდრე სარიშვილი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი;
- გიგა კვერენჩხილაძე – ადვოკატი და „რა? სად? როდის?“ მოაზროვნეთა გუნდის უცვლელი წევრი;
- რევაზკვერენჩხილაძე – მწერალი და საზოგადო მოღვაწე;
- დიმიტრი ტიკარაძე – შპს „კლიპარტის“ დამფუძნებელი და შპს „Admixer.ge“-ს გენერალური დირექტორი;
- ბიძინა გუჯაბიძე – ცნობილი მთამსვლელი და „მთის ჯიქად“ წოდებული, საერთაშორისო გიდი ალპინიადაში;
- რეზო კვერენჩხილაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
- გენადი კვერენჩხილაძე – სანიტარიულ მეცნიერებათა ასისტენტ-პროფესორი;
- რომან კვერენჩხილაძე – პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი;
- მამუკა გოგელია – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი…
წარმოგიდგენთ ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნააზრევს:
ანნა კვერენჩხილაძე
XII კლასის მოსწავლე
ჩემი ცხოვრების ყველაზე მრავალფეროვანი, მხიარული და შემეცნებითი მონაკვეთი, რომელიც ბოლო სამ წელს მოიცავს, MAC Georgia-ს რეგიონული განვითარების ფონდის ჩვენს სკოლაში მოღვაწეობას უკავშირდება. მათთან მყარმა და აქტიურმა ურთიერთობამ დამაძლევინა უამრავი კომპლექსი, მასწავლა საკუთარ თავზე მუშაობა, დამეხმარა ჩემი შესაძლებლობების აღმოჩენაში, გამხადა გაცილებით თვითდაჯერებული, გამიფართოვა ხედვები, მომცა მზაობა ცხოვრების მომდევნო ეტაპებზე გადასასვლელად. ჩამომიყალიბა სწორი დამოკიდებულებები და მასწავლა ეფექტური კომუნიკაცია. მაქცია ლიდერად… ორგანიზაციიდან მიღებული უამრავი ბენეფიტიდან სწორედ ამ ნაწილს გამოვყოფდი. ჩემს სამწლიან ლიდერობას ჩოჩხათის სკოლაში ცხოვრების ყველაზე დიდ მიღწევად ვთვლი. და რა უნდა იყოს იმაზე პროდუქტიული, როცა ახალგაზრდებში არსებულ პოტენციურ ენერგიას ათავისუფლებ, აძლევ რესურსს პიროვნული განვითარებისთვის, ზრდი აქტიურ, განათლებულ და განვითარებულ თაობას, ქმნი ქვეყნის ნათელ მომავალს აქ და ახლა!
ანა ძიმისტარიშვილი
XI კლასის მოსწავლე
მოგესალმებით, მე მინდა გიამბოთ ჩემი და ჩემი სკოლელების საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების შესახებ.
ახალგაზრდობის ნომერ პირველი პრობლემა, დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში, არის იმ უნარების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს დაიმკვიდრო და იპოვო საკუთარი თავი ამ გლობალურ სამყაროში. ეს უნარებია: გადაწყვეტილების მიღების და კრიტიკული აზროვნების, ემპათიისა და თანაგანცდის, პოზიტიური განწყობის შექმნის და თანატოლებთან სწრაფი კომუნიკაციის… დიახ, ამ უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდა შეძლებს გაუმკლავდეს დღევანდელ გამოწვევებს და ღირსეულად დაიმკვიდროს თავი ცხოვრებაში. სწორედ ამ უნარების განვითარებაში დაგვეხმარა ორგანიზაცია მაკ ჯორჯია. ის კი არადა, მიძნელდება ვისაუბრო მაკ ჯორჯიაზე, როგორც ორგანიზაციაზე, ასე მგონია, ის ჩემი მეორე ოჯახია, იმიტომ რომ, როგორც ოჯახი ეხმარება ჩვილს გადადგას პირველი ნაბიჯები, ასევე მაკ ჯორჯია დაგვეხმარა თითოეულ ჩვენგანს, ვინც კი მასთან ერთად ვართ უკვე მესამე წელია, რომ ნაბიჯები აგვეწყო საკუთარი თავის პოვნის გზაზე, უფრო ლაღი და ბედნიერი გზებით სავალზე, ჩვენ ირგვლივ მეგობრული გარემოს შექმნაზე… და მოგიყვებით იმ ღონისძიებების შესახებ, რამაც ჩემზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. მაკ ჯორჯიამ დააფუძნა ჩვენთან და მუშაობს ცეკვის წრე, თეატრის წრე, ინგლისურის წრე, წიგნის კლუბები და არა მარტო ქართულად, არამედ ინგლისურადაც და ამ წრის ხელმძღვანელი გახლდათ უცხოელი მასწავლებელი კრისტოფერი, რომელიც მხოლოდ ინგლისურად ახერხებდა კომუნიკაციას. ამან ჩვენზე ფასდაუდებელი ზეგავლენა მოახდინა და ჩვენც ინგლისურ ენაზე ვახერხებდით წაკითხული წიგნების შესახებ მსჯელობას. გარდა ადგილზე ჩატარებული სამუშაოებისა, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა ლიდერთა ეროვნულმა კონფერენციამ, საზაფხულო ბანაკმა. ეს იყო ადგილი, სადაც არც ერთ ჩვენგანს არ ახლდა მშობელი და ოჯახის წევრი, თუმცა ყველა ვგრძნობდით თავს როგორც საკუთარ ოჯახში, მეგობრობით, თანაგანცდით, ემპათიით გარემოცულ ატმოსფეროში. ეს იყო უბედნიერესი 1 კვირა ცეკვის, თამაშის, მხიარული განწყობის, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის მომზადების, საკუთარი თავის პოვნის, ოპტიმისტური განწყობის შექმნის და, რაც მთავარია, მადლიერების იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ზრუნავდნენ ჩვენს უსაფრთხოებაზე და ყოველი წამის გონივრულ გამოყენებაზე. და ეს ბედნიერება იქ არ დამთავრებულა, წერტილი არ დასმულა, ჩვენ თვითონ — ლიდერები ვაგრძელებთ ჩვენს სკოლაში ურთიერთობის ამ კულტურის დანერგვას, განვითარებას, რისთვისაც, პერიოდულად, ვატარებთ აკადემიებს და მასში მონაწილეობა თითოეული მოსწავლისთვის ისეთივე სახალისოა, როგორც ჩვენთვის. საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებთან ურთიერთობა, რომელიც ბანაკში დაიწყო, გრძელდება, გვეიმედება, რომ სტუდენტობის დროს ჩვენ ისევ შევხდებით ერთმანეთს, ისევ გაგრძელდება ჩვენი მეგობრობა და მაკ ჯორჯიას ხელდასმული ახალგაზრდები შევძლებთ, ვიყოთ საქართველოს ღირსეული შვილები და ერთად შევძლებთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, უამრავი გამოწვევის დაძლევას და გადალახვას.
ია ღლონტი – ჩოჩხათის საჯარო სკოლის დირექტოტი