27 ივლისი, შაბათი, 2024

კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება და ჯანსაღი საკლასო საზოგადოების შექმნა პირველ კლასში

spot_img

დიანა ბერიძე 

სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის №1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი

სკოლაში შესვლასთან ერთად მნიშვნელოვნად იცვლება ბავშვის ცხოვრება, უდარდელობას საქმიანი, ვალდებულებებით აღსავსე დღეები ენაცვლება და ბავშვს ახალი სოციალური სტატუსი – მოსწავლის სტატუსი ენიჭება. ამიტომაც მნიშვნელოვანია პირველკლასელის დახმარება ახალ საქმიან გარემოსთან შეგუებაში, ელემენტარული სასწავლო ჩვევების დაუფლებაში, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარის განვითარებაში. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, რაც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზანს წარმოადგენს.

ამ სასწავლო წელს ჩემს კლასში 28 პირველკლასელი ჩაირიცხა, ქართველ მოსწავლეებთან ერთად, სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეებიც არიან, ბელორუსიის და თურქეთის მოქალაქეები. მოსწავლეები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგნენ. კლასში რომ შეიქმნას ჯანსაღი სასწავლო გარემო, საჭიროა მათში ტოლერანტობის გრძნობის წახალისება და მოსწავლეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა.

ვცდილობ კლასში დავამკვიდრო კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება, რადგან მრავალფეროვნება სასარგებლოა როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის კულტურული  ჯგუფის მოსწავლეთათვის. მრავალფეროვნება „ამდიდრებს“ სასწავლო გარემოს. მრავალფეროვან გარემოში ინტერკულტურული განათლების  ელემენტების გამოყენებით მოსწავლეს უვითარდება:

* მრავალმხრივი ხედვა;

* კონფლიქტის თავიდან არიდების უნარი;

* საერთო ღირებულებების მიმართ პატივისცემა;

სადამრიგებლო საათს ვიყენებ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და შეძლონ თანამშრომლობა, ვინაიდან, კლასგარეშე საქმიანობა ბავშვის ინტერესების, ნიჭის გამოვლენისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს უკეთ ხდება მოსწავლის რეალური სოციალური საჭიროებების შესწავლა და კლასში სოციალური სიტუაციის გაუმჯობესება; ხდება მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვების განხილვა, სწავლისა თუ ურთიერთობისას წამოჭრილი სირთულეების გაცნობა, გადაჭრის გზებზე ზრუნვა. ინტერკულტურული მიდგომების საფუძველი სწავლისა და სწავლების პროცესში თანამშრომლობაა. სწორედ თანამშრომლობითი სწავლება წარმოადგენს ინტერკულტურული განათლების ქვაკუთხედს. უპირველეს ყოვლისა, კლასში შევქმენი ინტერაქტიული გარემო, რომელიც ემყარება თანამშრომლობით პრინციპებს, უვითარებს მოსწავლეს ერთიანობის გრძნობას, სოციალურ და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. ამიტომაც, სადამრიგებლო საათზე დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების, კერძოდ კი თანამშრომლობის უნარ-ჩვევების გასავითარებლად, პირველ ეტაპზე, მიზნად დავისახე, რომ მოსწავლეებს უკეთ გაეცნოთ ერთმანეთის ინტერესები, სხვადასხვა კულტურის თავისებურებები, სამუშაოს დაგეგმვამდე გაეკეთებინათ არჩევანი და ერთმანეთთან თანამშრომლობით შეექმნათ პროდუქტი.

აქტივობა 1. ერთმანეთის გაცნობა

კლასში ჯანსაღი საკლასო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა თანაკლასელების გაცნობა. ერთმანეთის უკეთ გასაცნობად მოსწავლეები ხატავენ ხელებს, ხელის გულზე წერენ თავიანთ სახელებს, ასახელებენ საყვარელ  ნივთს, სათამაშოს, ზღაპრის გმირს, ტკბილეულს, ფერსა და სხვას. მეორე ეტაპზე ხატავენ თავიანთ თავს, ნამუშევრებს ვაკრავ კედელზე, როდესაც ისინი კლასში არ არიან. მოსწავლეები მიდიან ნახატებთან, ამოიცნობენ მეგობარს და ასახელებენ მის საყვარელ ნივთს, სათამაშოს, ტკბილეულს და სხვა.

აქტივობა 2. ემოციების ამოცნობა

პირველკლასელებს უჭირთ საკუთარი მოქმედების კონტროლი, ამიტომაც აუცილებელია მათში რეფლექსიის უნარის, საკუთარი და სხვისი ემოციური მდგომარეობის გაგების და თვითკონტროლის განვითარება. ემოციების სამართავად გამოვიყენე ასეთი თამაში – მოსწავლეებს დარიგებული აქვთ ბარათები სხვადასხვა ემოციათა სახელწოდებით. მაგ. მოწყენილი,  შეშინებული, გაკვირვებული, გაბრაზებული, ბედნიერი, მხიარული და სხვა. მოსწავლეები გამოხატავენ ამ ემოციას და თანაკლასელებმა ეს უნდა ამოიცნონ, პასუხობენ შეკითხვას: რას გრძნობს ბავშვი? რას იგრძნობდით თქვენ ამ დროს? ასეთ დროს ბავშვები აცნობიერებენ, რომ ადამიანებს ერთსა და იმავე სიტუაციაში შეიძლება განსხვავებული ემოციები გაუჩნდეთ.

ემოციების ამოცნობის შემდეგ, ვსხდებით  წრეში და ვაწყობთ დისკუსიას – ჩვენი გარშემომყოფების რომელმა კეთილმა საქმემ შეიძლება დაგაყენოს  კარგ ხასიათზე. იდეების გენერირების შემდეგ კლასში ვირჩევთ მათთვის სასურველ კეთილ საქმეებს:

* ღიმილიანი მისალმება ნაცნობისადმი;

* მოწყენილი მეგობრისათვის სასაცილო ამბის მოყოლა;

* მეგობრისთვის კომპლიმენტის თქმა;

* ზამთრის ფრინველებისათვის საკვებურის მოწყობა;

* ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა და სხვა.

სასურველი საქმიანობის შესრულების შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად, კვლავ იმართება დისკუსია და შესრულებული საქმიანობის რეფლექსია. მოსწავლეები იხსენებენ მათ მიერ განხორციელებულ სიკეთეს და პასუხობენ – რა რეაქცია მიიღეს ამ დროს სხვა ადამიანებისგან. ამგვარი აქტივობები მეხმარება კლასში დადებითი კლიმატის შექმნაში.

აქტივობა 3. რამდენი ანბანია?

ქართული ანბანის პირველი ასოების გაცნობისას ყურადღებას ვამახვილებ სხვა ქვეყნების დამწერლობაზეც. მოსწავლეები ბელორუსული და თურქული ანბანის რამდენიმე ასოს კარგად ნაცნობი პერსონაჟი ჟირაფი ჟოზეს დახმარებით ეცნობიან. პირველკლასელები  აყვებიან ჟირაფ ჟოზეს სიმღერას ანბანზე. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ, თუ როგორ გამოითქმის ესა თუ ის სიტყვა თურქულ და ბელორუსულ ენებზე.

აქტივობა 4. ჩემი იავნანა

ვეცნობით და პატივს ვცემთ თანაკლასელების კულტურას. მოსწავლეებს ვასმენინებ სხვადასხვა ერების იავნანას, ისინი ამოიცნობენ ქართულ, ბელორუსულ და თურქულ იავნანას, აყვებიან ნაცნობ მელოდიას, წყვილებსა და ტრიადებში  თამაშობენ თოჯინობანას  და აძინებენ თოჯინას იავნანას სიმღერით.

აქტივობა 5. კულტურული თავისებურებები, საბავშვო სიმღერები, სამოსი და ტრადიციული კერძები

კულტურული მრავალფეროვნების განცდისა და მისი დაფასების უნარების გასავითარებლად ვიყენებ „კულტურათა დიალოგს“. თანაკლასელების უკეთ გასაცნობად  ვეცნობით ჩვენს ტრადიციულ სამოსს, რომელიც ეროვნულ საცეკვაო ფორმას წარმოადგენს, კლასში მოვაწყვეთ ეროვნული სამოსის დღე. პირველკლასელებმა, მშობლებთან ერთად, წარმოადგინეს ეროვნული სამოსი, მოუსმინეს და აყვნენ სამივე ეროვნების საბავშვო სიმღერებს, მშობლებთან ერთად წარმოადგინეს და დააგემოვნეს ტრადიციული კერძები.

აქტივობა 6. ჩემი საყვარელო ზღაპრის გმირი

მოსწავლეები ასახელებენ თავიანთი ქვეყნის საყვარელ ზღაპრის გმირს, უყურებენ სხვადასხვა ნახატ ფილმებს, ხატავენ ზღაპრის გმირს და აწყობენ გამოფენას.

აქტივობა 7. ჩემი საყვარელი ზღაპარი

მოსწავლეები ერთობლივი კითხვის მეთოდით კითხულობენ ზღაპრებს. მსჯელობენ დადებით და უარყოფით გმირებზე, მარტივად ახასიათებენ მოქმედ პირებს. ირჩევენ საყვარელ ზღაპარს.

აქტივობა 8. საყვარელი ზღაპრისგან ნახატი ფილმის შექმნა

ზღაპრების გაცნობის შემდეგ გადავწყვიტეთ ნახატი ფილმის შექმნა. განხილული ზღაპრებიდან, მოსწავლეთა უმრავლესობამ, აირჩია ზღაპარი „კომბლე“. ამიტომ ჩვენი მუშაობაც ამ ზღაპრის ილუსტრირებიდან დავიწყეთ.  ზღაპარს ანაწევრებენ სიუჟეტებად, ხატავენ სიუჟეტებს, ალაგებენ ტექსტის მიხედვით და ემზადებიან ნახატი ფილმის  შესაქმნელად. მოსწავლეებს ვაძლევ სტიმულს, ერთობლივად იმუშაონ ნახატი ფილმის შექმნაზე. ხელს ვუწყობ მათი თანასწორობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას, ვახალისებ პროსოციალურ ქცევებს და  ვუბიძგებ მუშაობისას ერთმანეთის დახმარებისკენ.

აქტივობა 9. ერთად შექმნილი ნახატი ფილმი

სიუჟეტების დახატვის შემდეგ მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად, მექსნიკური კამერის საშუალებით თანაკლასელებს აჩვენებენ ნახატ ფილმს „კომბლე“. აწყობენ 5 სიუჟეტისაგან შემდგარი ნამუშევრის პრეზენტაციას. მოსწავლეები მაქსიმალურად ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს და სწავლობენ მრავალფეროვან გარემოში ეფექტურ კომუნიკაციას, მედიაციას და თანამშრომლობას. მათ მიერ შექმნილი ნახატი ფილმი იძლევა იმედს, რომ ბევრ სხვა საინტერესო საქმეს დაეუფლებიან.

შედეგი – დასკვნა

უპირველეს ყოვლისა კლასში ვქმნი ინტერაქტიურ გარემოს, რომელიც ემყარება თანამშრომლობის პრინციპებს. თანამშრომლობა და პროსოციალური ქცევების წახალისება დამეხმარა კლასში საერთო კულტურისა და ემოციურად უსაფრთხო სასწავლო გარემოს ფორმირებაში. ზემოთ აღწერილი აქტივობებით ვცდილობ, მოსწავლეებს განვუვითარო ერთიანობის გრძნობა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები; შევქმნა მეგობრული და არა ეთნიკურ-კულტურული ნიშნებით დაყოფილი საზოგადოება. ასეთი თანამშრომლობითი გარემოს შექმნა არის წინაპირობა ლაღი, გაბედული, შემოქმედებითი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები