ეკატერინე მხეიძე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
სოფ. ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარება კონსტრუქტივისტული სწავლების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ამ უნარების განვითარებაზე მუშაობა, მოცულობითი ტექსტების სწავლებისას, ერთგვარი თავისუბურებებით ხასიათდება. მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, ნაწარმოების ამა თუ იმ მონაკვეთში დასმული პრობლემების გადაჭრის გზები სხვადასხვანაირად დასახონ და არაერთგვაროვანი ვარიანტები შემოგვთავაზონ. ამ შემთხვევაში, ბავშვები მწერლის თანაავტორები ხდებიან, ეს კი ხელს უწყობს ნაწარმოების არა მხოლოდ საფუძვლიანად გაგება-გააზრებას, არამედ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
ი. გოგებაშვილის მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა?!“, ამ თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო ნაწარმოებია. ტექსტში მოცემული თემები შეიძლება სხვადასხვა კატეგორიებად დავყოთ — ლინგვისტური, ფსიქოლოგიური, სამართლებრივი, სოციალური, ტოლერანტული. ეს ის საკითხებია, რომელზე დაფიქრებაც სტიმულს აძლევს აზროვნების გააქტიურებას, ყურადღების კონცენტრაციას და დამოუკიდებელი დასკვნების გამოტანას.
ამჯერად, ჩვენს ყურადღებას იქცევს ნაწარმოებში წამოჭრილი საჭირბოროტო საკითხი — ქეთოს რომელიმე მხარისადმი მიკუთვნებულობასთან დაკავშირებით. ამ დროისათვის, ტექსტის დამუშავების პროცესი მიმდინარეობს და ჯერ კიდევ უცნობია, როგორ გადაიჭრა ეს პრობლემა მოთხრობაში.
როგორც ცნობილია, ბავშვზე პრეტენზიას აცხადებს ორი მხარე: ბიოლოგიური მშობლები (ზურაბი და მაგდანი) და მისი გამზრდელები (ნაიბი და მისი ცოლი). ორივე მხარე თავისებურად მართალია, მათ მტკიცე არგუმენტები აქვთ თავიანთი პოზიციების დასასაბუთებლად. ეს ძალზე პრინციპული საკითხია. ამ პრობლემის ძალადობით გადაწყვეტა, ერთი მხრივ, სამართლიანობის ცნებას უპირისპირდება, მეორე მხრივ კი, ზოგჯერ, ობიექტური ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, საჭიროა უკვე არსებული ლოგიკური წესრიგის დარღვევა.
ნაწარმოებში მოცემული ეს დილემური საკითხი მოსწავლეებისათვის ერთგვარ თავსატეხს წარმოადგენს, სამაგიეროდ ააქტიურებს მათ დამოუკიდებელ აზროვნებას. არგუმენტირებული და ლოგიკური მსჯელობისათვის განაწყობს მოსწავლეებს T დიაგრამის გამოყენება. ისინი ერთ სვეტში ჩამოწერენ ზურაბის სიმართლის გამამყარებელ არგუმენტებს, მეორე სვეტში კი — ნაიბისას.
რადგან მკითხველი ორივე მხარის მიმართ დიდი სიმპატიითაა განმსჭვალული, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს დავა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს ან დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. სად არის გამოსავალი? ამ შემთხვევაში, ძალზე ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს ამა თუ იმ სფეროდან პარალელური თემების მოხმობა. აზროვნების გააქტიურების წასახალისებლად, ამჯერად, ბიბლიურ პარალელს მოვიხმობთ.
ისრაელის მეფე სოლომონის ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებში არის ერთ-ერთი მონაკვეთი, სადაც ორ ქალს აქვს პრეტენზია ბავშვის დედობაზე (III მეფეთა, თ.3. 16-27). ეს კონფლიქტი, საბოლოოდ, სოლომონ ბრძენმა მოაგვარა, როცა თქვა: „ორად გაჭერით ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთ ქალს მიეცით, მეორე ნახევარი — მეორე ქალს“. ბავშვის დედას გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი შვილის გამო და წამოიძახა: „ოღონდ ნუ მოკლავთ და მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი!“ სოლომონ მეფემ, ამ ეპიზოდში, თავისი დიდი გონიერებისა და სიბრძნის წყალობით, განაჩინა სამართალი.
მსგავსი პრობლემაა დასმული ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრეში“ (დაიდგა რუსთაველის თეატრში, 1975 წელს, რეჟისორი — რობერტ სტურუა). ბავშვებს მოკლედ ვაცნობთ აქ წარმოდგენილ ამბავს და პროექტორით ვაჩვენებთ სასამართლო პროცესის დამონტაჟებულ კადრებს, სადაც ბავშვის დედობის საკითხი განიხილება. აქაც ორი მხარე აცხადებს პრეტენზიას: მოახლე ქალი, მიხეილის გამზრდელი გრუშე ვაჩნაძე და ბიოლოგიური დედა, გუბერნატორის ცოლი, ქალბატონი ნათელა. მოსამართლე (რომლის როლსაც ბრწყინვალედ ასრულებდა რამაზ ჩხიკვაძე) ბრძანებს, ცარცით დახაზონ წრე და შიგ ყმაწვილი დააყენონ. ორივე მხარე უნდა მოეჭიდოს მას და ვინც თავის მხარეს გადაძალავს, ბავშვიც მას დარჩება. მიმდინარეობს ჭიდილი, გრუშე ხელს უშვებს ყმაწვილს და წამოიძახებს: „შუაზე ხომ არ გავხლეჩ!“ მოსამართლეს გამოაქვს განაჩენი და ბავშვს გრუშეს აკუთვნებს.
როგორც პიესაში, ისე ბიბლიურ ეპიზოდში მშობლები ბავშვების სასარგებლოდ თმობენ თავიანთ პოზიციას, მათთვის მთავარია, შვილები იყვნენ კარგად და ჯანმრთელად. ეს თვითუარყოფას, თავგანწირვას ნიშნავს და ჰუმანიზმის, დიდსულოვნების, კეთილშობილების გამოხატულებაა.
მოხმობილი პარალელები ბავშვებს ეხმარება, შეადარონ ერთმანეთს პრობლემების წინაშე მდგარი მშობლების ქცევა. მოსწავლეები მსჯელობენ და კამათობენ შემდეგ თემებზე: რამდენად სამართლიანია ზურაბის გადაწყვეტილება ქალიშვილის მოტაცების შესახებ? ითვალისწინებს თუ არა იგი, რომ ქეთომ შეიძლება მძიმე ფსიქიკური ტრავმა მიიღოს, მითუმეტეს, რომ ერთხელ უკვე განიცადა მსგავსი ტკივილი? როდესაც პრობლემების წინაშე ვდგავართ, როგორ მოვახერხოთ გონიერებისა და ემოციის შეთანხმება? აქ ბუნებრივად იმართება დისკუსია, რაც კარგი სტიმულია კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის.
პრობლემის გადაჭრის უნარების გააქტიურებას ხელს უწყობს სასამართლო პროცესის იმიტაციის მოწყობა. მოსწავლეებს მიეცემათ კონკრეტული დავალებები. მათ უნდა გაითავისონ როლები და თავი წარმოიდგინონ ამა თუ იმ პერსონაჟის ადგილას. დავალებები ასეთი შინაარსის იქნება: 1) როგორ დაიცავდა თავის პოზიციას ზურაბ ქართველაძე; 2) როგორ დაიცავდა თავის პოზიციას ნაიბი; 3) რა არგუმენტებს მოიყვანდა ადვოკატი ზურაბის გასამართლებლად; 4) რა არგუმენტებს მოიყვანდა მეორე ადვოკატი ნაიბის გასამართლებლად; 5) როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე.
მოცემული დავალებები ხელს უწყობს არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის უნარების განვითარებას. ბავშვები ხალისით ებმებიან „სასამართლო პროცესში“, რაც ხელს უწყობს ცოდნის ტრანსფერს.
დასკვნის სახით, ვსვამთ შემაჯამებელ კითხვებს: შეიძლება თუ არა, მომავალში, ნაიბისა და ზურაბის შეთანხმება? როგორ წარმოგიდგენიათ ეს? როდესაც ორი მხარე ერთმანეთს ედავება, როგორ წარმოგიდგენიათ კონფლიქტის მოგვარების გზები?
მიღებული გამოცდილებიდან, შემიძლია განვაცხადო, რომ ბავშვები ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომ არ დაირღვეს ქეთოს უფლებები. ისინი ძალიან ემოციურები და ემპათიურები არიან.