ინგა დვალი
სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი
დაწყებით საფეხურზე ტექსტის გაგება და მისი მნიშვნელობის კონსტრუირება არის უმთავრესი ამოცანა და ამასთანავე , წინაპირობა კრიტიკული აზროვნების განვითარებისა. კრიტიკული აზროვნებისათვის არსებითი ისეთი უნარების გამოვლენა, როგორებიცაა: ინფორმაციის გონებაში დახარისხება, დასკვნების გაკეთება, ავტორის სათქმელის გააზრება, ვარაუდების ჩამოყალიბება, შეფასება და შეჯამება, ნააზრევის თანატოლებისთვის გაზიარება – მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ მოსწავლე ახერხებს ტექსტის მნიშვნელობის გაშიფვრას. სწორედ ტექსტის გაგება-გააზრება არის პირველი ეტაპი, რომელიც საფუძველს ქმნის კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის გამჭოლი კომპეტენციის განვითარებისათვის.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ , რომ ,, სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები: კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა.“
სწავლა-სწავლება კომპლექსური პროცესია და მოითხოვს ამ შესაძლებლობების ურთიერთდაკავშირებულად გამოყენებას. მრავალი ცნობილი სტრატეგია, მეთოდი და რესურსი არსებობს, მაგრამ მათი გამოყენების ეფექტურობა მაინც ცალკეულ მასწავლებლებზეა დამოკიდებული,თუმცა გამოცდილების ურთიერთგაზიარება მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის.
გადავწყვიტე, გაგიზიაროთ ჩემ მიერ გამოყენებული მეთოდი „დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“ და წარმოგიდგინოთ, თუ როგორ შევცვალე ძირითადი მეთოდი გონივრულად და როგორ მოვარგე მოსწავლეების საჭიროებებს შედეგის მიღწევისთვის.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია ტექსტის დამუშავებისთვის დაწყებითი კლასებიდანვე გამოვიყენოთ მეთოდები, რომლებიც მოსწავლეს მასალაზე დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას მისცემს. ამ მიზნით ხშირად ვიყენებ ერთ-ერთ მეთოდს, რომლის პროცესშიც მოსწავლეები ინდივიდუალურად კითხულობენ ახალ ტექსტს და პასუხს სცემენ მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებულ კითხვებს. მეთოდის გამოყენება რეკომენდებულია მესამე კლასიდან, როცა მოსწავლეები უკვე გაწაფულები არიან კითხვაში. რა თქმა უნდა, უნდა გასათვალისწინებელია კონკრეტული კლასის მზაობა ამ მიმართულებით.
პრაქტიკაში ამ მეთოდს სხვადასხვა ფორმით ვიყენებ. დღეს მინდა ვისაუბრო ერთ–ერთ მოდიფიცირებულ ვარიანტზე. რევაზ ინანიშვილის ნაწარმოების „კეთილი ბებერი ბუები“ გაცნობის დროს, ეს მეთოდი გამოვიყენე „დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“ მეთოდთან კომბინაციაში. ვფიქრობ, ამ კომბინაციამ გაამართლა. კიდევ უფრო გააძლიერა მოსწავლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი (რომელსაც, თავისთავად, ორივე მეთოდი გულისხმობს). მოსწავლეებმა დამოუკიდებლად იმუშავეს, ითანამშრომლეს მეწყვილესთან, შეაფასეს საკუთარი ნამუშევარი და გაუზიარეს კლასს.
პროცესის ეფექტურობის გაძლიერებისათვის მიზანშეწონილად მივიჩნიე, პირველი ორი ეტაპის შემდეგ, გამომეყენებინა საერთო-საკლსო აქტივობა „პაუზებით კითხვა“, რომლის დროსაც დაზუსტდა ტექსტის შინაარსი, რის შედეგადაც მოსწავლეთა ნაწილმა გადაწყვეტილება მიიღო კორექტირება შეეტანა პასუხებში. გაზიარების ეტაპზე მათ პასუხი გასცეს რეფლექსიურ კითხვებს საკუთარი მუშაობის პროცესის შესახებ.
ვფიქრობ, ამ გზით მოსწავლეებს ხელი შევუწყვე გაეაზრებინათ კითხვისა და გაგების სტრატეგიები, განვუვითარე ტექსტში მოცემულ მინიშნებებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთების, ინფორმაციის დაზუსტებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები.
პროცესის ეფექტურად განხორციელებისთვის გავითვალისწინე მრავალი კონკრეტული დეტალი.
მსვლელობა
მოვამზადე ჩანაწერი მეთოდის მსვლელობის თვალსაჩინოდ წარმოდგენისთვის. (იხილეთ ვიდეო )
იმისთვის, რომ მოსწავლეებს გამარტივებოდათ ტექსტის დამუშავება, ვესაუბრე შერჩეული მეთოდის შესახებ, ავუხსენი, რომ მეთოდი ,,დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“ იყო სამ საფეხურიანი, დავაზუსტე რა მოეთხოვებოდათ თითოეულ საფეხურზე.
შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი ტექსტის სათაური, რომელიც მეწერა დაფაზე. შერჩეული ტექსტი მესამე კლასისთვის საკმაოდ დიდი მოცულობისაა და, ჩემი კლასის შესაძლებლობიდან გამომდინარე, გადავწყვიტე 3 ნაწილად დამეყო. თითოეული ნაწილი დაბეჭდილი იყო სამი სხვადასხვა ფერის ფურცელზე, ეს მოსწავლეებისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი იქნებოდა. დაფაზე, დიდ ფლიფჩარტზე, ჩამოწერილი მქონდა კითხვები. ამისათვის გამოვიყენე 3 სხვადასხვა ფერის მარკერი. მარკერის ფერები შეესაბამებოდა იმ ფურცლების ფერებს, რომლებზეც ტექსტის დანაწევრებული ნაწილები იყო წარმოდგენილი. თითოეული მონაკვეთისთვის მეტი წილი კითხვებისა იყო ფაქტობრივი და 1 ან 2 ისეთი, რომლებიც მოსწავლეებისგან დასკვნის გაკეთებას მოითხოვდა. კითხვები ჩავიკითხე ერთხელ და მივეცი მითითება, რომ დაკვირვებოდნენ ფერებს, ინდივიდუალურად გაეცათ პასუხები და ჩაეწერათ დარიგებულ „სამუშაო ფურცლებზე“.
მოსწავლეებს შეეძლოთ პასუხები წერილობითაც და ნახატითაც გადმოეცათ. გაზიარების ეტაპზე სწორედ ამ ფურცლების დახმარებით შეეძლოთ მარტივად გაეკეთებინათ პრეზენტაცია. ეს ფურცლები ჩემთვისაც იყო ერთგვარი ანგარიში, რაც გამომადგა, საბოლოოდ, მოსწავლეთა შესაფასებლად.
პირველ ეტაპზე მოსწავლეები ჩუმად ფიქრობდნენ თავიანთ პასუხებზე. ეს ეტაპი უმნიშვნელოვანესია. ე.წ. „ჩუმი ფიქრი“, საშუალებას აძლევს მოსწავლეს კარგად მოიფიქროს და ჩამოაყალიბოს სათქმელი. მუშაობის პროცესში დავდიოდი კლასში და ვაკვირდებოდი, რას წერდნენ, იყვნენ თუ არა აქტიურად ჩართულნი.
მეორე ეტაპზე – მოსწავლეებმა წყვილებში გაუზიარეს ერთმანეთს აზრები, განმეორებით დაფიქრდნენ პასუხებზე. მათ შეეძლოთ პასუხების შეცვლა და სამუშაო ფურცლებზე დაწერაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. (როგორც ვხედავთ); სამუშაო ფურცლები აძლევთ ამის შესაძლებლობას). ამ ეტაპზე მეწყვილეებმა შეაფასეს და შეაჯამეს აზრები. ასეთი თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია: წყვილებში მუშაობა ავითარებს საკომუნიკაციო უნარებს, მოსწავლეები ეჩვევიან საკუთარი აზრის გამოთქმას, მოსმენას, რაც საბოლოოდ მათ საპრეზენტაციო უნარებზეც აისახება. მორიდებული მოსწავლე უფრო თამამი ხდება: მეწყვილისათვის აზრების გაზიარება აჩვევს მას მსმენელის წინაშე საკუთარი პოზიციის გამოხატვას.
წყვილებში მუშაობის შემდეგ ტექსტი წავიკითხეთ პაუზებით, ყოველი ნაწილის წაკითხვის შემდეგ ერთ-ერთი მოსწავლე გადმოსცემდა შინაარსს. სხვები ისმენდნენ, ავსებდნენ პასუხებს. პარალელურად კითხვების დასმით ვაზუსტებინებდი მნიშვნელოვან დეტალებს. „პაუზებით კითხვამ“ კიდევ უფრო ნათელი გახადა ტექსტის შინაარსი. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დააზუსტეს ნააზრევი, რის შემდეგაც ვთხოვე გადაეკითხათ სამუშაო ფურცლებზე გაცემული პასუხები და, საჭიროების შემთხვევაში, შეეცვალათ ისინი. ბოლოს მათ გააკეთეს საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციები, უპასუხეს რეფლექსიურ კითხვებზე:
⇒ რომელ კითხვებზე პასუხი მოძებნე ტექსტში?
⇒ რომელ კითხვებზე პასუხი მოიფიქრე თავად?
⇒ შეცვალე თუა არა ნააზრევი წყვილებში მუშაობის შედეგად? პაუზებით კითხვის შემდეგ?
⇒ რა შეცვალე და რატომ?
⇒ დავალების შესრულებისას რა გაგიადვილდა და რა გაგიჭირდა?
⇒ რას და როგორ გააუმჯობესებდი, თავიდან რომ იწყებდე დავალების შესრულებას?
ტექსტზე მუშაობის შედეგების გაანალიზების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ დასახულ მიზანს ეფექტურად მივაღწიე. მთელი პროცესის განმავლობაში მოსწავლეები იყვნენ აქტიურები და მოტივირებულები. სამუშაო ფურცლების გაცნობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მათ შეძლეს ტექსტის საფუძვლიანად გაგება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საკუთარი ძალისხმევით ანალიზისა და თავიანთი ნააზრევის შეფასების საშუალება მიეცათ. სხვადასხვა ეტაპზე ჰქონდათ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და შეცვლის შესაძლებლობა. მუშაობის პროცესი იყო ღირებული, რადგან მოსწავლე თავად აკეთებდა დასკვნებს და იღებდა გადაწყვეტილებებს. რეფლექსიურ კითხვებზე პასუხებმა დაადასტურა, რომ შეგნებულად გამოიყენეს ტექსტის გაგება-გააზრების სტრატეგიები, რითაც გაუმჯობესდა მათი მეტაკოგნიტური უნარები.
შემდგომი მუშაობის პროცესმა ნათელყო, ტექსტის ამგვარმა გაცნობამ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა, ავტორის მთავარი სათქმელის გააზრების, ტექსტში წამოჭრილი პრობლემატიკის რეალური ცხოვრების კონტექსტში გააზრებისა და განზოგადებისათვის.
ვფიქრობ, გაკვეთილზე ამგვარი მიდგომების გამოყენება მრავალმხრივ ეფექტს გვაძლევს:
⇒ ავითარებს ზეპირმეტყველების, კომუნიკაციის, დასკვნების გაკეთების უნარ-ჩვევებს;
⇒ ანალიტიკურ აზროვნებას;
⇒ აჩვევს მოსწავლეებს სხვათა აზრის პატივისცემასა და მოსმენას;
⇒ განაპირობებს მათ მაქსიმალურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში;
⇒ აუმჯობესებს მეტაკოგნიტურ უნარებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
სასწავლო მეთოდური კრებული – ,,კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე“
ვებგვერდები : http://kargiskola.ge ; https://chemiskola.emis.ge/