9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

კონფლიქტი სკოლაში

spot_img

ნინო გელაშვილი

სსიპ ქალაქ ზესტაფონის №3 საჯარო სკოლა დაწყებითი კლასის მასწავლებელი

 

 

კონფლიქტი, ეს არის ორ ადამიანს, ან მხარეებს შორის უთანხმოება, დაძაბული ურთიერთობა, რომელსაც არც თუ ისე სახარბიელო შედეგებამდე მიჰყავს დაპირისპირებული ადამიანები. ,,კონფლიქტი“ ლათინური სიტყვაა და ქართულად შეჯახებას ნიშნავს. მისი განმარტებაც ცხადყოფს, რომ იგი ასოცირდება აგრესიასთან, მტრობასთან, მუქარასა და შეურაცხყოფასთან. ამიტომაცაა კონფლიქტი მიუღებელი მოვლენა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. კონფლიქტის გამოხატვის ერთ-ერთ საშუალებად ყვირილი მიიჩნევა, რომელსაც, ზოგჯერ, თან სდევს ხოლმე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც, რაც კიდევ უფრო მეტად ამწვავებს დაპირისპირებულ მხარეებს შორის უთანხმოებას. ამ გზით, თითქოს, ადამიანები საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ, სინამდვილეში კი იზრდება წყენა მათ შორის, უფრო მცირდება შანსი შეთანხმებისა და, საბოლოო ჯამში, ორივე მხარე დაზარალებული რჩება.

განასხვავებენ კონფლიქტის რამდენიმე ტიპს და მათ შორის ერთ-ერთია ვერბალური აგრესია, რომელიც ყვირილსა და სიტყვიერ შეურაცხყოფას მოიცავს. ამ ,,იარაღის“ გამოყენებით ერთი მხარე მეორეზე გამარჯვებას ფსიქოლოგიური დარტყმის გამოყენებით ცდილობს. არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც ერთი პიროვნება მეორის ფიზიკურ ნაკლს, ძვირფას ადამიანსა თუ მის წარმომავლობას ეხება, მსგავსი რამ მიუღებელი, უმსგავსო და არაკეთილსინდისიერი საქციელია. ნებისმიერ შემთხვევაში, კონფლიქტს არავისთვის მოაქვს სასურველი შედეგი და უნდა ვეცადოთ მის თავიდან აცილებას.

კონფლიქტურ სიტუაციებს ვხვდებით თითქმის ყველა სფეროში და მათ შორის განათლების სისტემაშიც, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში. ხშირია კონფლიქტები მოზარდებს, სტუდენტებს, კოლეგებს, მშობელსა და მასწავლებელს შორის. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: კომპეტენციის დეფიციტი, აზრთა სხვადასხვაობა, საკუთარი შვილის ქცევათა სისტემის შესახებ არასრული ინფორმაციის ფლობა, დიდი ოდენობით მოვალეობების დაკისრება, ბავშვისადმი განსხვავებული დამოკიდებულება.

მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანია, მისი ჩართულობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ბავშვის წარმატება-წარუმატებლობას. ამიტომაც მასწავლებელს განსაკუთრებული სიფრთხილე და გონიერება მართებს მშობელთან ურთიერთობისას, მაქსიმალურად უნდა მოერიდოს კონფლიქტს მასთან და არასოდეს დაკარგოს მოთმინება. თავის მხრივ, მშობელმაც უნდა გააცნობიეროს ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობა და არასოდეს მოითხოვოს მასწავლებლისგან იმაზე მეტი, რაც მის ძალებსა და კომპეტენციას აღემატება, ორივე მხარის ინტერესები მიმართული უნდა იყოს სიტუაციის განმუხტვისა და კონფლიქტის თავიდან აცილებისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე, მასწავლებელიცა და მშობელიც, ვალდებულნი არიან, თავიდან აიცილონ უსიამოვნებები, მეტი მოთმინება და თავშეკავება, მაინც, მასწავლებელს მოეთხოვება, რადგან მშობელი შეიძლება რიგითი მოქალაქე იყოს, ხოლო მასწავლებელი, თავისი აღსაზრდელებისთვის – მაგალითი.

ჩემს, არც თუ ისე დიდხნიან, სამუშაო პრაქტიკაში მქონდა საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტი, რომელიც მშობელთან დაძაბულ ურთიერთობას ეხებოდა. ეს დაძაბულობა განაპირობა მისმა არაადეკვატურმა ქცევებმა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო არც მასწავლებლის ეთიკის კოდექსთან და არც მშობლის უფლება-მოვალეობებთან. ცხადია, ვღიზიანდებოდი მის მოქმედებებზე, მაგრამ არასოდეს დამიკარგავს კონტროლი საკუთარ თავზე. ვცდილობდი, მშვიდად შევხვედროდი მის აგრესიას, შემდეგ ვარჩევდი შესაფერის დროს და ვსაუბრობდით. ასეთ დროს ეფექტური კომუნიკაცია მეტად მნიშვნელოვანია. თუმცა, უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ სიბრაზის დროს გაჩუმებასა და სიმშვიდის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ რადგანაც დაპირისპირება საკმაოდ მტკივნეული და არაკომფორტული ფაქტია ადამიანებისთვის და კარგი არაფერი მოაქვს, სჯობს დათმობა და ზოგ სიტუაციაში განრიდებაც. ამერიკელი ფსიქოლოგი, კონფლიქტების მართვის სპეციალისტი ტომ კილმანიც ხომ იმავეს გვირჩევს, რომ კონფლიქტის გამწვავებას სჯობს დავთმოთ პოზიცია, თუკი ჩვენთვის მეორე მხარესთან ჰარმონიული ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი პრინციპების დაცვა. გარდა იმისა, რომ სიბრაზის დროს გაჩუმებას ოქროს ფასი აქვს, ასეთ დროს, დიდი უპირატესობით იმარჯვებ მოდავეზეც.

დათმობა ერთ-ერთი საშუალებაა კონფლიქტის მოგვარებისა და არა ერთადერთი, მაინც ყველაზე ეფექტურ საშუალებად კომპრომისი და თანამშრომლობა მიმაჩნია, თუკი ამის საშუალებას მეორე მხარე იძლევა.

როცა ორივე მხარე თანახმაა დათმოს პოზიციები, ითანამშრომლონ და იმოქმედონ ერთობლივი ძალისხმევით, ასეთ შემთხვევაში კონფლიქტიც, ფაქტობრივად, აღმოფხვრილია.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები