28 ნოემბერი, სამშაბათი, 2023

კონფლიქტის მოგვარება და აგრესიის მართვა მოზარდებში

spot_img

„კონფლიქტი“ ლათინური სიტყვაა და ქართულად „შეჯახებას“ ნიშნავს. ის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით, მოზარდების ცხოვრებაში.  კონფლიქტს ხშირად აიგივებენ აგრესიასთან და მუქარასთან. ამიტომ მიიჩნევა კონფლიქტი მიუღებელ მოვლენად და სასურველია მისი დასაწყისშივე მოგვარება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად არ არსებობს ერთი, უნივერსალური სტრატეგია. მასთან საჭიროა კომპლექსური მიდგომა. თავდაპირველად საჭიროა, გავარკვიოთ, თუ რა მიზეზები იწვევს კონფლიქტს, ანუ საიდან ჩნდება იგი.

სასკოლო კონფლიქტი განსხვავდება სხვა ნებისმიერი დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის კონფლიქტისაგან, რადგან მასში ჩართული არიან ბავშვები. სკოლაში ბევრი პირობაა ისეთი, რომ კონფლიქტებმა იჩინოს თავი. აქ ვხვდებით ბავშვებს განსხვავებული სოციალური სტატუსით, განსხვავებული ასაკის, ღირებულებების, რასის, მიზნების, ფასეულობების და ა. შ. ისინი ხანგრძლივ დროს ატარებენ ერთად, რაც კონფლიქტური სიტუაციებისთვის მეტად ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

კონფლიქტი არ იწყება უშუალოდ იმ მომენტიდან, როცა მხარეები ერთმანეთის პირისპირ დგებიან და კამათს იწყებენ. ვიდრე სიტუაცია ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზრდება, მოზარდებს შორის მიმდინარეობს ფარული დაპირისპირება, რაც გამოიხატება ერთმანეთის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებებსა და შეხედულებებში. მოზარდებს, შეიძლება, შეხება არ ჰქონდეთ ერთმანეთთან, თუმცა გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულების მატარებლები იყვნენ ერთმანეთის მიმართ, რაც „წინარეკონფლიქტური სიტუაციის“ მანიშნებელია. კონფლიქტი მაშინ ხდება პრობლემა, როცა სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება და კონფლიქტის შედეგად ერთი მხარე მაინც ზარალდება. დიდი ხნის განმავლობაში გამოვლენილი აგრესია სერიოზულ კვალს ტოვებს მოზარდის ფსიქიკაზე. მას შეიძლება ჩამოუყალიბდეს არასრულფასოვნების კომპლექსი, დაუქვეთდეს თვითშეფასების დონე, დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, სკოლაში წასვლაზე უარი თქვას, რაც აკადემიურ მოსწრებაზე იქონიებს გავლენას.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კლასში ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობის, თანადგომის ატმოსფეროს შექმნა, რაც კლასთან ინტენსიური მუშაობით მიიღწევა. მოსწავლეებმა უნდა დაინახონ, ერთობას, გუნდურ მუშაობას და მეგობრობას რა დადებითი მხარეები აქვს. კლასის „შეკვრასა“ და დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას დიდად უწყობს ხელს თანამშრომლობითი სწავლება და თავად პედაგოგის დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ. სწავლების პროცესში თანამშრომლობითი მეთოდი, სადაც ისინი ერთად ასრულებენ დავალებას, ხსნიან ამოცანებს, ხდება ერთმანეთის მოსაზრების გაცვლა და ა. შ. ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის უფრო აქტიურ ურთიერთობას და ისინი სწავლობენ პასუხისმგებლობის გაზიარებას, თანატოლის დახმარებას, სწავლობენ ერთმანეთთან საუბარს, ერთმანეთის მოსმენას, საკუთარი აზრის გამოთქმას, უვითარდებათ სოციალური უნარ-ჩვევები, რაც შემდეგში ხელს უწყობს კონფლიქტის კონსტრუქციული გზით მოგვარებას.

კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზა კონსტრუქციული გადაწყვეტაა, რაშიც იგულისხმება პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარება და მხარეების მხრიდან გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა. უნდა შევეცადოთ, მოსწავლესთან დავამყაროთ ემოციური კონტაქტი. თუ მოზარდი დემონსტრაციულად გამოხატავს ბრაზსა და უკმაყოფილებას, საჭიროა მასთან ურთიერთობა, მაგრამ მხოლოდ რაციონალური ენითა და ლოგიკური არგუმენტებით შეიძლება ფონს ვერ გავიდეთ, შეიძლება სწორედ ემპათიით გადავჭრათ კონტაქტის პრობლემა.

კონფლიქტის მოგვარების ასევე ეფექტური საშუალებაა მედიაცია. აღსანიშნავია, რომ მედიატორი, თავდაპირველად, დაპირისპირებულ მხარეებს უსმენს და გადაწყვეტილების მიღების უფლებასაც მათვე უტოვებს. იგი უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი, ნეიტრალური პირი. იმ შემთხვევაში, თუკი მოსწავლეები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, სწორედ მაშინ სთავაზობს მედიატორი მოგვარების გზებს. მას შემდეგ, რაც მხარეები გადაწყვეტილებას მიიღებენ, მედიატორმა უნდა გაიმეოროს მხარეების მიღებული გადაწყვეტილების სამოქმედო გეგმა, რაც დაარწმუნებს მედიატორს იმაში, რომ ორივე მხარეს სწორად ესმის, თუ რას ნიშნავს მიღებული გადაწყვეტილება და რა ვალდებულებებს აკისრებს მათ. ამის შემდეგ კი, მედიატორმა უნდა გააკონტროლოს, რამდენად ასრულებენ მოზარდები დაკისრებულ ვალდებულებებს.

კონფლიქტის მართვის კუთხით სწორად წარმოებული მოლაპარაკებები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა. როცა მოსწავლეებს ვეხმარებით პრობლემების მოგვარებაში, მთავარი აქცენტი იმაზე კი არ უნდა გაკეთდეს, რომ მოცემულ მომენტში არსებული უთანხმოება მოგვარდეს, არამედ იმაზე, რომ დავანახვოთ მათ ახალი საშუალებები და გზები, თუ როგორ მოაგვარონ ანალოგიური კონფლიქტები მომავალშიც, მოლაპარაკებების გზით.

 

ნინო შენგელია

სსიპ ქ.თბილისის, 49-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

ანა ბედიაშვილი

სსიპ ქ.თბილისის, 49-ე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები