27 ივლისი, შაბათი, 2024

კონფერენცია ნაეკის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ განათლების სფეროში მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები; განათლების ექსპერტები, ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართული პირები და სხვა მოწვეული სტუმრები.

კონფერენცია გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. თავის ვიდეომიმართვაში მან ცენტრის თანამშრომლებს 20 წლის იუბილე მიულოცა და  მადლობა გადაუხადა არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელებისთვის: „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 20 წლის იუბილეს ვულოცავ სრულიად საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ცენტრის თანამშრომლებს. დაარსების დღიდან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა განახორციელა. შედეგად, შემუშავდა და დაინერგა საგამოცდო მოდელი, რომელიც სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებით ახალგაზრდებს განათლების სხვადასხვა საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს. მინდა მადლობა გადავუხადო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თითოეულ თანამშრომელს“.

ცენტრის თანამშრომლებმა, რომელთა დიდი ნაწილი ორგანიზაციაში მისი დაარსების დღიდან მუშაობს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განვლილი გზა, პირველად ჩატარებული საგამოცდო პროცესი და ის სირთულეები გაიხსენეს, რომლებიც თან ახლდა ახალი საგამოცდო მოდელის დანერგვას.

კახა ჯამბურია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე: „გავიხსენეთ მთელი ის პერიოდი, რაც გავიარეთ ამ ოცი წლის განმავლობაში, გავიხსენეთ ის ხალხი, ვინც ეს ცენტრი შექმნა. იმ ხალხის დამსახურებაც აღვნიშნეთ, ვინც ძალიან დიდი ენერგია და დრო ჩადო ამაში, ეს არის მაია მიმინოშვილი, თამარ გაგოშიძე, ია კუტალაძე, ივა მინდაძე, სოსო გოგილიძე, მიშა მანია და სხვ. ყველას მთავარი მიზანი იყო, რომ განათლების სისტემაში ყოფილიყო უფრო ობიექტური და ვალიდური, სანდო შეფასების სისტემა.“

რუსუდან ტყემალაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი: „დიდებული დღეა დღეს. ნაეკი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული და მდგრადი ორგანიზაცია ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც გაუძლო პოლიტიკურ ქარიშხლებს, სხვადასხვა ძვრებს და პრობლემებს და დგას ფეხზე ძლიერი პროფესიული გუნდით, ძალიან ძლიერი მიზნებით და ამოცანებით. ნაეკმა დაგვანახა, რომ, თუ არის მონდომება, თუ არის ნიჭი და თუ არის ერთგული ადამიანების გუნდი, ყველაფრის მიღწევა შეიძლება, მთავარია, ეს იყოს მიზანდასახული ერთობა. ჩვენ ვამაყობთ, რომ მივიღეთ მონაწილეობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტში ბოლო ოცი წლის განმავლობაში.“

კონფერენციაზე ცენტრმა საზოგადოებას, ასევე, წარუდგინა ახალი პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“. მისი მიზანია, ელექტრონული პლატფორმის დახმარებით, მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება, სასწავლო წლის ბოლოს, როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ.

სოფიო გორგოძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი: „ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ახალ პროექტზე „შეფასება განვითარებისთვის“, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენ მას ვახორციელებთ საპილოტე რეჟმში და დღეს ის უფრო ფართო საზოგადოების წინაშე გამოვიტანეთ.“

 

ეკა ჯელაძე, პროექტის „შეფასება განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი: „მნიშვნელოვანი იყო განგვეხილა, თუ როგორ იღებს სკოლა ამ მონაცემებს, რომლებიც შეფასების შედეგების შეჯამების გზით გენერირდება და როგორ შეიძლება ეს მონაცემები გამოყენებული იყოს სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.“

 

ჯონ ჰენლი, განათლების მართვის სპეციალისტი: „რეფორმის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა გადამწყვეტი დროა საქართველოსთვის და ასეთი ტიპის კონფერენციები ძალიან კარგია, რადგან შესაძლებლობას აძლევს ხალხს, საერთო სურათი დაინახონ არა მარტო გამოცდების მიმართულებით, არამედ განათლების სხვა ასპექტებშიც. აქედან გამომდინარე კი, დაუკავშირდეს ერთმანეთს სხვადასხვა უწყება ერთობლივი თანამშრომლობის მიზნით. ერთი რამ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ახლა, არის მეტი კოორდინაცია ორგანიზაციებს შორის საერთო საქმისა და ხედვის გარშემო. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ვამაყობ, რომ ამ მნიშვნელოვანი საქმის ნაწილი ვარ. იმედი მაქვს, მე და ჩემი კოლეგა ექსპერტები სასიკეთო წვლილს შევიტანთ მომავალი 3 წლის განმავლობაში.“

პაატა პაპავა, განათლების სპეციალისტი: „ეს ძალიან დაეხმარება სკოლებს, ადმინისტრატორებს, მასწავლებლებს, ოჯახს იმისათვის, რომ მოსწავლის მოსწრება და მოსწავლის პროგრესი მუდმივად ყურადღების ქვეშ იყოს და ჰქონდეს სკოლას საჭირო ინფორმაცია იმისათვის, რომ პროცესები მიზნობრივად გააუმჯობესოს.“

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო პრეზენტაციებს. თემატური ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, გაიმართა დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: 1) „შეფასება განვითარებისათვის“: გამოწვევები და შედეგების სკოლაში დანერგვისას; 2) სამეცნიერო (STEM) კარიერასთან დაკავშირებული გამოწვევები და 15 წლის მოსწავლეების პროფესიული არჩევანი; 3) TIMSS 2019 – შეფასების დავალებებზე მოსწავლეთა პასუხების ანალიზი შინაარსობრივი და კოგნიტური სფეროების მიხედვით; 4) დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევებს შორის არსებული განსხვავებები საქართველოში.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, დარწმუნებული ვარ, კიდევ არა ერთხელ იტყვის თავის მნიშვნელოვან სიტყვას საგანმანათლებლო სფეროს განვითარების საქმეში“ – ამ სიტყვებით  გამოემშვიდობა სოფიო გორგოძე კონფერენციის მონაწილეებს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები