19 ივნისი, ოთხშაბათი, 2024

კონფერენცია „მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება: რეკომენდაციები სისტემის გაუმჯობესებისათვის“ გაიმართა

spot_img

განათლების კოალიციის ინიციატივით, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამასთან პარტნიორობით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანმაშრომლობით, გაიმართა კონფერენცია „მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება: რეკომენდაციები სისტემის გაუმჯობესებისათვის“.

კონფერენციაში მონაწილეობდა სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფისა და ფორმალური და არაფორმალური ქსელის წარმომადგენელი 100-ზე მეტი მასწავლებელი მთელი საქართველოდან. კონფერენცია მიზნად ისახავდა მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების წარდგენას.

„განათლების კოალიციის საქმიანობის  უცვლელი  პრიორიტეტია მასწავლებლების პროფესიის პრესტიჟის ზრდა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების სისტემის  განვითარების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით კოალიცია, ერთი მხრივ, მუშაობს სისტემის მართვის დეცენტრალიზაციისა და, მეორე მხრივ, საგანმანათლებლო ეკოსისტემის, მასწავლებლების პროფესიული ორგანიზაციებისა და ქსელების გაძლიერების მიმართულებით. სწორედ  აღნიშნული პროცესის გაგრძელებაა საზოგადოებრივი ალიანსიმასწავლებლებისთვის“ დაფუძნება, რომელიც  საერთო ხედვისა და პრინციპების გარშემო გაერთიანებული ორგანიზაციების, ფორმალური თუ არაფორმალური პრაქტიკის ჯგუფების ქსელია. გვიხარია, რომ ალიანსმა, კოალიციისა და სკოლალაბის პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერით, შეძლო საკუთარი ხედვისა და სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციების გაცნობა საზგადოებისთვის და, ცხადია, კვლავაც განგვაგრძობთ ამ პროცესის მხარდაჭერას, – განაცხადა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ.

„მასწავლებელთა საჭიროებებისა და სამუშაო პირობების შესაბამისი პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას ეფექტიანი პოლიტიკა უზრუნველყოფს. გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს ისეთი პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლებს, თვითონაც აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში და სხვებისთვისაც სწავლის შესაძლებლობები შექმნან. ვიმედოვნებ, დღეს წარმოდგენილი პოლიტიკის რეკომენდაციები დაეხმარება საქართველოს განათლების სისტემას მასწავლებლების მოტივაციის, სისტემის ანგარიშვალებულებისა და ღიაობის გაზრდასა და სკოლების გაძლიერებაში,“ – განაცხადა ემი ქლენსიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა საზოგადოებრივი ალიანსის „მასწავლებლებისთვის“ საქმიანობის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები შემდეგ საკითხებზე:

  • მასწავლებლების შრომითი პირობებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება;
  • სისტემის დეცენტრალიზაციისა და სერვისების დივერსიფიცირება ასოციაციებისა და პროფესიული გაერთიანებების გაძლიერების გზით;
  • მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროცესში სკოლის როლის ზრდა და შესაბამისი მხარდამჭერი გარემოს უზრუნველყოფა.

2022 წელს განათლების კოალიციამ, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამასთან პარტნიორობით, დაიწყო მასწავლებლების პროფესიული ორგანიზაციებისა და ქსელების შესწავლისა და მათთან კონსულტაციების პროცესი. შემუშავდა მასწავლებლების პროფესიული ორგანიზაციებისა და ქსელების კატალოგი. ამასთან, ყველა ორგანიზაციამ და ჯგუფმა მიიღო შეთავაზება ადვოკატირების კამპანიაში ჩართვის შესახებ. შედეგად, 2022 წლის 28 ნოემბერს, ზოგადი განათლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების აქტივისტებმა, თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საზოგადოებრივი ალიანსი „მასწავლებლებისთვის“ დააფუძნეს.

საზოგადოებრივი ალიანსის „მასწავლებლებისთვის“ წევრები არიან: სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმი; STEM მასწავლებელთა ასოციაცია; მშობლები განათლებისთვის; ასოციაცია „ბიო“; ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია; განათლების კოალიცია; კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა-ლაბის პროგრამა; გიორგი ჭაუჭიძე – ვისწავლოთ რათა ვასწავლოთ; ნათია უჩავა – აქტივობები კლასში; ქეთევან სეფიაშვილი – PHYSICS TEACHERS, პირველი ნაბიჯები – FIRST STEPS; შორენა ტაბატაძე – პირველი ნაბიჯები – FIRST STEPS; თამარ ცანავა – მასწავლებლები ცვლილებებისთვის; ანა კინწურაშვილი – საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების ქსელი.

კონფერენცია ორგანიზებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის სამწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები