27 ივლისი, შაბათი, 2024

კონკურსი წლის საუკეთესო STEAM ინოვატორ მასწავლებელთა გამოსავლენად

spot_img

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და STEAM მასწავლებელთა ასოციაცია STEAM მიმართულების საგნების მასწავლებლებისთვის აცხადებს ერთობლივ პროექტს – „STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსი“, რომლის მიზანია საქართველოში მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების STEAM მიმართულების აქტიური და მოტივირებული მასწავლებლების გამოვლენა, მათ მიერ შექმნილი პროექტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა STEAM პროექტების შექმნაში.

მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა, 15 ნოემბერის 23:59 საათამდე, კონკურსის ელექტრონული აპლიკაციის ბმულზე: https://bit.ly/3TUX3Aa.

პროექტის პარტნიორები არიან: ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი, განათლების სკოლა, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS და განათლების კოალიცია.

კონკურსი ოთხ ეტაპად განხორციელდება – პირველ ეტაპზე, შეირჩევა აპლიკაციები; მეორე ეტაპზე, აპლიკაციის განხილვის საფუძველზე შერჩეული მასწავლებლები ჩაწერენ ვიდეოს, რომელიც ასახავს STEAM პროექტებზე მათი მუშაობის გამოცდილებას; მესამე ეტაპზე, კონკურსის პირობების თანახმად, დაგეგმილია გასაუბრება და ფინალისტების გამოვლენა; მეოთხე ეტაპზე კონკურსში გასული ფინალისტები თავიანთ მატერიალურ პროდუქტს საგამოფენო სივრცეში წარმოადგენენ. ჟიური გამოავლენს საპრიზო ადგილის მფლობელ მასწავლებლებს და დასახელდება წლის საუკეთესო STEAM ინოვატორი მასწავლებელი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონკურსის წარმატებული მასწავლებლების წასახალისებლად, გამოყოფს საპრიზო ფონდს 3500 ლარის ოდენობით, რომელიც ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით, სრულად ან ნაწილობრივ, გადანაწილდება ერთ ან რამდენიმე მასწავლებელზე.

პროექტის მიზანია, STEAM მიმართულების მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მათი მოტივაციის ზრდასთან ერთად, STEAM მიმართულებით სწავლების ინოვაციური მეთოდების გაზიარება მთელი საქართველოს მასშტაბით. ოგანიზატორების განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია STEAM მიმართულებით შექმნილი პროექტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და, ამასთან ერთად, მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა STEAM პროექტების შექმნაში. მრავალმხრივ საინტერესო და სასარგებლო პროექტი წაახალისებს სწავლების პროცესში საინტერესო და ინოვაციური მიდგომების დანერგვას, მოსწავლეებისთვის კი გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, აისახება როგორც ინდივიდუალურ, ასევე ქვეყნის განვითარებაზე.

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი, კონკურსის მნიშვნელობის შესახებ საუბრისას, აღნიშნავს, რომ, პირველ რიგში, მსგავსი კონკურსები ხელს შეუწყობს კარგი და საინტერესო პროექტების გამოვლენას, მათ პოპულარიზაციას მასწავლებლებში. ამბობს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, იმ პერიოდისგან განსხვავებით, როცა ერთადერთი სასწავლო რესურსი სახელმძღვანელო იყო, მეტი ყურადღება ექცევა მასწავლებლის მიერ შექმნილ რესუსებს. „აქამდე, თუკი ეს პროცესი ცენტრალიზებულად მიდიოდა და ერთნაირი სახელმძღვანელო ურიგდებოდა სკოლებს, შემდეგ ისინი ამ სახელმძღვანელოებით ასწავლიდნენ, დღეს მოცემულობა შეიცვალა და ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ხელი შევუწყოთ მეორე პროცესს, რომელიც სწორედ მასწავლებლების მიერ შექმნილი რესურსების გაზიარებას გულისხმობს. როდესაც მასწავლებელი ქმნის რაღაც რესურსს, ის ცენტრალიზებულად კი აღარ მიეწოდება სხვა მასწავლებლებს, არამედ კოლეგები თავად უზიარებენ ერთმანეთს. შეიძლება მასწავლებელმა ნახოს სხვა მასწავლებლის მიერ განხორციელებული პროექტი, გაიზიაროს მისი გამოცდილება, რა თქმა უნდა, შეიტანოს ცვლილებები ამ პროექტში, მოარგოს თავის გარემოს და ამის შემდეგ გამოიყენოს სწავლების პროცესში.“

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ კონკურსში გათვალისწინებულია მოსწავლის როლიც: „სტემს დაამატეს A ასო, რაც ნიშნავს ხელოვნებას. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ სტემ ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსში გათვალისწინებულია მოწაფეც. როცა საუბარია პროექტზე, აქ საგულისხმოა მოსწავლის როლი – როგორ არის ჩართული პროექტში, რა გააკეთა ამ პროექტის ფარგლებში და ა.შ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეების როლი კონკურსში ძალიან მნიშვნელოვანია. კონკურსის პირობების შესაბამისად, მასწავლებელმა არა მარტო ისეთი პროექტი უნდა წარმოადგინოს, რომელიც სასწავლო პროცესის მიღმა, მოსწავლეებთან ერთად, გააკეთა, არამედ, მათი ჩართულობაც უნდა წარმოაჩინოს.“

რამდენად მნიშვნელოვანია, დღეს, თანამედროვე მასწავლებელი მოიხმარდეს ამ ტიპის რესურსებს? – უნილაბის დირექტორი ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად პასუხობს, რომ კიბერსივრცე დღეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და აქედან გამომდინარე, იმაზე უფრო მნიშვნელოვანიცაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. „თქვენ რომ ნახოთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, 2008 წლამდე, იქ მხოლოდ სამი სივრცე იყო – ხმელეთი, წყალი, ჰაერი და განსაზღვრული იყო როგორ ვიქცევით ამ სამ სივრცეში კონკრეტული შემთხვევების, კატასტროფების დროს. შემდეგ დაემატა მეოთხე – კიბერსივრცე, ანუ კიბერსივრცე დღეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მართალია, შეიძლება ჯერ ვერც აღიქვამდეთ, მაგრამ ეს ნამდვილად ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ადამიანი, რომელიც სკოლაში სწავლობს, შეისწავლის საზოგადებაში მიმდინარე პროცესებს, აუცილებლად ამ პროცესების თანამონაწილე უნდა იყოს. მოსწავლე სკოლაში იმ საგნებს სწავლობს, რომელიც მას შემდეგ ცხოვრებაში გამოადგება. ძალიან მნიშვნელოვანია, მან ისწავლოს და იცოდეს რა ხდება კიბერსივრცეში ან როგორ იმუშაოს კიბერსივრცესთან. დღეს, რეალურად, სულ უფრო ნაკლები პროფესია რჩება, სადაც შესაძლებელია, კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნის გარეშე, დასაქმდე, როგორც მინიმუმ, კიბერსივრცეში მუშაობა უნდა შეგეძლოს, ანუ გარკვეულ დონეზე უნდა ფლობდე იმ კომპეტენციებს, რომელსაც კიბერსივრცეში მუშაობა მოითხოვს. ბავშვები მათემატიკას რომ სწავლობენ, აქ ხომ არ არის ჩადებული ის აზრი, რომ მერე ყველა მათემატიკოსი უნდა გამოვიდეს; ტექნოლოგიების შემთხვევაშიც ასევეა, ტექნოლოგიების სწავლება არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგ ყველა ბავშვის პროფესია დაკავშირებული იქნება მასთან, მაგრამ ეს ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ როგორც მათემატიკა მჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში (არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს არ დასჭირდეს ყოველდღიურობაში), ასევე დამჭირდება ტექნოლოგიების ადეკვატურად გამოყენებისთვის საჭირო უნარები. სწორედ ამას ემსახურება ეს ყველაფერი, ვასწავლოთ მას როგორ გამოიყენოს ტექნოლოგიები ადეკვატურად ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ბავშვები იმ საზოგადოებისთვის და იმ გარემოსთვის უნდა მოვამზადოთ, რომელშიც მოუწევთ ცხოვრება.“

STEM მასწავლებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, ანი კინწურაშვილი მიიჩნევს, რომ ციფრულმა ეპოქამ ახალგაზრდების წინაშე სერიოზული გამოწვევა დააყენა, ტექნოლოგიების ცოდნისა და მისი ყოველდღიურობაში გამოყენების სახით თვითრეალიზებისა და დასაქმებისათვის. სკოლებში კი ამ მიმართულებით სწავლების ხარისხი მაღალი არ არის, არც სათანადოდაა დაფასებული და გამოკვეთილი ამ სფეროში ინოვატორ მასწავლებელთა შრომა. „დამეთანხმებით, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულოა საქმიანობის აღიარება. სწორედ ამიტომ, მასწავლებლის, კერძოდ კი, STEAM მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისათვის გამოვაცხადეთ „STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსი“. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების გაძლიერებას, ინტეგრირებულ სწავლებასა და ინოვაციების გავრცელების ქსელის ფორმირებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს. პროექტი წაახალისებს სწავლების პროცესში საინტერესო და ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და მოსწავლეებისათვის ახალი შესაძლებლობების მიცემას, რაც აისახება როგორც პიროვნულ, ასევე ქვეყნის განვითარებაზე.“

მისივე თქმით, სწავლა-სწავლება უწყვეტი პროცესია და ამიტომ, არასდროს არ უნდა შეჩერდნენ. STEM მასწავლებელთა ასოციაციის საქმიანობაც, რომელიც, დაახლოებით, ორი წელია რაც დაარსდა, ორიენტირებულია STEM მიმართულების პოპულარიზაციასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის ეფექტური შესაძლებლობების შექმნაზე. როგორც მასწავლებელი, ვფიქრობ, მუდამ ვიყოთ მზად სიახლეებისათვის და ეს მიმღებლობა მოსწავლეებსაც ვაჩვენოთ. ეს კონკურსი ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, მონაწილე მასწავლებელს საშუალებას მისცემს, კოლეგებისგან გაიზიაროს და გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება მთელი ქვეყნის მასშტაბით.“ – ამბობს ანი კინწურაშვილი.

მონაწილეობის მსურველებს კი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონკურსი საუკეთესო შესაძლებლობას გაძლევთ, რომ მეცნიერებასთან, ტექნოლოგიებთან, ინჟინერიასთან, ხელოვნებასა და მათემატიკასთან დაკავშირებული, თქვენ მიერ განხორციელებული, პროექტები  გააცნოთ კოლეგებს, რაც სკოლებში სწავლების ინოვაციური მიდგომების დანერგვას წაახალისებს.

ლალი ჯელაძე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები