6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

კონკურსი, რომელმაც მასწავლებლის პროფესია უფრო მაღალ რანგში აიყვანა

spot_img

 

1 მარტს, კოალიცია „განათლება ყველასთვის – საქართველომ“, სპეციალური ღონისძიებით, გახსნა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – 2019-ის“ კონკურსი, რომელიც წელს მესამედ ჩატარდება.

კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ დამსწრე საზოგადოებას კამპანიის ეტაპები და ის ძირითადი სიახლეები გააცნო, რომელიც 2019 წელს კონკურსის ფარგლებში განხორციელდება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.tprize.ge – 1 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდება.

2019 წლის ჯილდოს გახსნითი ღონისძიება ერთგვარი შეჯამებაც იყო გასული წლის საქმიანობის, 2018 საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა. გაიზარდა ჯილდოს პოპულარობა არა მხოლოდ განათლების სფეროთი დაინტერესებულ ადმიანებში, არამედ ზოგადად საზოგადოებაში. „ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთო ჯილდოში, მათ შორის ფიზიკური პირები და ორგანიზაციები. თუმცა, ჩვენთვის როგორც საორგანიზაციო ჯგუფისთვის და საზოგადოებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც იმ ათი საოცარი მასწავლებლის აღმოჩენა და გამოვლენა იყო, რომლებიც მართლაც გამორჩეულები არიან თავიანთი საქმიანობით. გვიხარია, რომ ისინი ჩვენთან ერთად აგრძელებენ ამ კამპანიას. 2018 წელი მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ შეიქმნა „ათეულთა კლუბი“ და ახლა, მათთან ერთად, უფრო სტუქტურირებულად ვაგრძელებთ მუშაობას. კლუბს უკვე ჰყავს საბჭო, ყოველი მომდევნო ათეული ამ კლუბის წევრი გახდება, მერწმუნეთ, ეს მართლაც საპატიო წევრობაა. მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა, გასული წლისთვის, ჯილდოს გამარჯვებული მასწავლებლის, მანანა კაპეტივაძის აღმოჩენაა.“ – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

რაც შეეხება სიახლეებს და მასწავლებელთა შერჩევის კრიტერიუმებს, კოალიციაში აცხადებენ, რომ ძირითადად, პროცედურულად, ყველაფერი უცვლელია. „გვაქვს ესეს ტიპის, დაახლოებით, 9 შეკითხვა, რომელზეც მასწავლებელმა არგუმენტირებული პასუხი უნდა გასცეს. კრიტერიუმებიც მსგავსია და ამ კუთხითაც არაფერი იცვლება. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც კითხვებშიც გვაქვს – ინოვაციურ მიდგომებთან დაკავშირებით, უფრო მეტად ვაკეთებთ აქცენტს პედაგოგიურ პრაქტიკაზე – როგორ ასწავლის მასწავლებელი, როგორ უვითარებს მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას. ამ კომპეტენციას განსაკუთრებით ვუსვამთ ხაზს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწავლებისას ეს   ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენმა ორწლიანმა გამოცდილებამაც იგივე გვაჩვენა. წლის ბოლოს, დაკვირვებისა და პირადი საუბრების გარდა, ვატარებთ გამოკითხვას, რომელშიც საკმაოდ ბევრი ადამიანი მონაწილეობს. ამ გამოკითხვებითაც დადასტურდა, რომ მასწავლებლისთვის ეს კომპეტენცია უმნიშვნელოვანესია.“ – ამბობს გიორგი ჭანტურია.

კონკურსში, წელს, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ნომინირებაა. შარშანდელისგან განსხვავებით, მასწავლებლის წარდგენა არა მარტო სკოლებს, არამედ ფიზიკურ პირებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც შეეძლებათ.

„ჩვენმა გამოკითხვებმა დაგვანახა, რომ საზოგადოების მხრიდან ძალიან მაღალია სურვილი, ჩაერთონ კონკურსში. შესაბამისად, ჩვენ ეს ფანჯარა ბოლომდე გავხსენით და საზოგადოებას მივცემთ შესაძლებლობას, წარადგინონ მასწავლებელი. საზოგადოებაში ვგულისხმობთ ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს, რომლებიც წარადგენენ თავიანთ რჩეულებს, ასევე, მშობელთა ჯგუფებს, მოსწავლეებს, ყოფილ მოსწავლეებს და ა.შ. ეს იქნება დამატებითი მუხტი მასწავლებლისთვის, რომ შეიტანოს საკონკურსო განაცხადი. გარდა ამისა, სკოლებისთვის ეს ერთგვარი დამატებითი ინსტრუმენტია – ერთი მხრივ, წაახალისოს და მეორე მხრივ, გამოარჩიოს და აღიაროს მის მიერ წარდგენილი მასწავლებელი. ვფიქრობთ, კონკრეტული მასწავლებლისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.“ – აღნიშნა კოალიციის დირექტორმა.

წლევანდელი კონკურსის მეორე სიახლეც საზოგადოების ჩართულობის ზრდას ემსახურება და ე.წ. „ქრაუდფანდინგის“ ელემენტის შემოტანას გულისხმობს, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს, მხარი დაუჭიროს პროექტს და გახდეს ჯილდოს დონორი. ამის მიზეზად   კოალიციის დირექტორი საზოგადოების მხრიდან წამოსულ იმ დიდ მუხტს ასახელებს, რომელიც მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს მოჰყვა: მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში ტემპერატურა ისეა აწეული, ნამდვილად მეტ ადამიანს სურს კონკურსში ჩართვა. ამიტომაც შემოგვაქვს ახალი ელემენტი, რომელსაც კარგად დავამუშავებთ და აპრილის ბოლოდან გავხსნით ამ ფანჯარასაც –  საზოგადოებას მივცემთ საშუალებას, გახდეს ჯილდოს დონორი. ჩვენი აზრით, ამით,  ჩართულობის ზრდასთან ერთად, ჯილდოს კონკურსსაც უფრო საინტერესოს გავხდით.“

ცნობილი გახდა, რომ წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – 2019“-ის კამპანიას უკვე შეურთდა ორი სკოლა – ბაქსვუდის სკოლა და გიმნაზია „შავნაბადა“- ბაქსვუდის სკოლა გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების 2-კვირიან პროგრამას დაუფინანსებს; გიმნაზია „შავნაბადა“ ხუთეულიდან ერთ-ერთ საუკეთესო მასწავლებელს სპეციალურ პრიზს გადასცემს.

კოალიციის დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს რესურსული სკოლებისთვის კამპანიაში ჩართვის დამატებითი სტიმული გახდება: „გავიმეორებ, რომ ეს არ არის ერთი ან ორი ორგანიზაციის ჯილდო, საზოგადოებრივი ინიციატივაა და მოხარულები ვართ, რომ ეს სკოლები შემოგვიერთდნენ. კიდევ უფრო მოხარულები ვიქნებით, თუკი სხვა   სკოლებისთვის სტიმულის მიმცემი გახდებიან.“

2018 წლის ჯილდოს მფლობელმა, მანანა კაპეტივაძემ მოუწოდა ყველა მასწავლებელს, ვისაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ წარადგინოს თავისი თავი ან სკოლებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ მასწავლებელს დაგროვილი აქვს კარგი პორტფოლიო და დიდი გამოცდილება, აუცილებლად მიიღონ კონკურსში მონაწილეობა.

„რა შეცვალა ჯილდომ ჩემს ცხოვრებაში?   გეტყვით, რომ ჩემს საკლასო ოთახში ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგან ისეთივე მოტივაციით ვასწავლი როგორც ადრე, მაგრამ ახლა მეტი შანსი მომეცა, უფრო თამამად და ფართო მასშტაბით გავუზიარო კოლეგებსა და მეგობრებს ჩემი გამოცდილება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ამ გამარჯვებამ მომიტანა, ისიც არის, რომ გავხდი ჟურნალ „მასწავლებლის“ ავტორი. აქამდე   სტატია არასოდეს დამიწერია და ძალიამ მიხარია, რომ უკვე ორი სტატია გამოქვეყნდა, რაც მთავარია, კარგი უკუკავშირი მივიღე მკითხველისგან. ასევე, ჩავატარე მასტერკლასი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მომავალში მასწავლებლობას აპირებენ, მათგანაც ძალიან პოზიტიური უკუკავშირი მივიღე. მალე შედგება ჩემი შეხვედრა სტუდენტებთან ქუთაისის უნივერსიტეტში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს იმისთვის, რომ დღეს, როგორც 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, გიზიარებთ შთაბეჭდილებებს, რაც ამ აღიარებით მივიღე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მასწავლებლებს, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში.   ვიცი, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ღირსეული პედაგოგია. მართალია, ჩვენს პროფესიაში ყველაზე დიდი აღიარება და ჯილდო ბავშვების სიყვარულია, მაგრამ აუცილებელია, ასპარეზზე გამოჩნდნენ წარმატებული პედაგოგები და მათ საზოგადოება იცნობდეს. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“  საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა, რომ ჩვენს პროფესიას პოპულარიზაცია გავუწიოთ, ავწიოთ მასწავლებლის პრესტიჟი და, რაც მთავარია, მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილება გამოვიყენოთ უფრო კრეატიული თაობის აღსაზრდელად.“ – ამბობს მანანა კაპეტივაძე.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ მადლობა გადაუხადა კოალიციას ამ მნიშვნელოვანი წამოწყების ორგანიზებისთვის, რადგან მიიჩნევს, რომ მასწავლებლის პროფესიას ეს ორი რამ –  დაფასება და წახალისება – ძალიან აკლია საქართველოში. აღნიშნა, რომ კოალიციის საქმიანობა გარკვეული ინსპირაციაა მასწავლებლის სახლისთვისაც: „მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის ჩვენ სამი ინიციატივა გვაქვს: წლის ბოლომდე გამოვავლენთ 15 გამარჯვებულ მასწავლებელს ყველა საგნობრივ კატეგორიაში;ასევე, გვინდა დავაფასოთ ის მასწავლებლები, ვინც სისტემაში აღარ არიან, მაგრამ ელოდებიან დაფასებას. უკვე დავავალეთ 68 საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომ წარმოადგინონ დამსახურებული პედაგოგების სიები; მესამე ინიციატივა კი საუკეთესო დირექტორის გამოვლენა იქნება.“

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამოცხადების ღონისძიების მეორე ნაწილი იმ გლობალურ წარმატებას დაეთმო, რომელიც ქვეყანას ლადო აფხაზავამ გლობალურ ჯილდოს ფინალში გასვლით მოუტანა.

ჯილდოს ინიციატორმა, ირინა ხანთაძემ ლადო აფხაზავას წარმატების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ: „მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვედრა უდავოდ ძალიან დიდი მიღწევაა და რაც არ უნდა მოხდეს 24 მარტს, ლადო ჩემთვის უკვე გამარჯვებულია. დიდი სურვილი მაქვს, ამ გამარჯვებამ, პირველ რიგში, ქართველი მასწავლებლები გააერთიანოს და შექმნას ახალი მოტივაცია, ინსპირაცია, რომ ყველაფერი შესაძლებელია და იმ გამოწვევების მიუხედავად, რაც გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ არაჩვეულებრივ შედეგებს ცალკეული ადამიანების, ინდივიდების, მასწავლებლების, აქტიური ადამიანების დახმარებით“.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, ჯილდოს კონკურსი, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის კუთხით, საუკეთესო პროექტად შეაფასა. აღნიშნა, რომ კონკურსი უდიდეს შესაძლებლობას იძლევა, პედაგოგი არა მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით დაფასდეს, არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი – პიროვნული თვალსაზრისითაც, რომ ამ კონკურსმა მასწავლებლის პროფესია უფრო მაღალ რანგში აიყვანა. რაც შეეხება ლადო აფხაზავას წარმატებას, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ: „ერთ მასწავლებელს და ერთ მოსწავლეს შეუძლია სამყაროს შეცვლა და ლადომ ნამდვილად შეცვალა საქართველოში სამყარო. მჯერა, რომ ლადო, საერთაშორისო ფორმატში, ჩვენი ქვეყნის ელჩი იქნება.“

***

შეგახსენებთ, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი, პირველად, 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. გამარჯვებულს, ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან –  „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან – 10 000 ლარი გადაეცემა.

გასულ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ქალაქ ბაღდათის № 2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელს, მანანა კაპეტივაძეს გადაეცა,  

2017 წელს კი სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს,   ლადო აფხაზავას.  ლადო 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა, ის გლობალური ჯილდოს ფინალშია. 

ლალი ჯელაძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები