16 მაისი, ორშაბათი, 2022

კონკრეტული სკოლის ჭრილში ყველაზე ორგანიზებულად დანახული ინფრასტრუქტურული პრობლემები

spot_img

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს სარატიფიკაციო დოკუმენტი – „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლების ენერგოეფექტურობის განახლებას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას.

პროექტი განხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოსთვის 40მლნ ევროს სესხის სახით გამოყოფს, 10მლნ ევროს კიგრანტის სახით, ხოლო გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი 40მლნ ევროს სესხის სახით, 12, 5მლნ ევროს გრანტის სახით, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ, – სესხის ხანგრძლივობა 15 წელია, აქედან შეღავათიანი პერიოდია 5 წელი.“

პროგრამის მიზანია, საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიწოდების სისტემა უფრო ეფექტური და ინკლუზიური გახდეს. სასესხო შეთანხმების საფუძველზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სესხის სახით, 358, 500, 000 ევროს გამოყოფს. სესხის ხანგრძლივობა 27, 5 წელია.

პროგრამა მოიაზრებს ისეთი შედეგების მიღწევას, როგორიცაა: განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორში ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის გაზრდა; ინკლუზიურობის ზრდა ამავე სფეროებში ადამიანური კაპიტალისთვის გაწეული ხარჯების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ყველა მიმართულებით ციფრული სისტემების ერთმანეთთან კავშირის გაუმჯობესება, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პროგრამას, რომელიც 2028 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები განახორციელებენ.

გიორგი კაკაურიძე: „100 მილიონი ევრო, საერთო ჯამში, რაც დაახლოებით 320 მილიონი ლარია, გათვლილი გვაქვს, მინიმუმ, ჩვენს სკოლებზე. თუმცა, მომდევნო წლებში, არა 300, დაახლოებით 800 ათასი იქნება საჭირო, რომ დავაფინანსოთ. ამიტომ, თავიდანვე ვიტყვი, უნდა გავითვალისწინოთ რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში ეს თანხა და ეს ხელშეკრულება არ იქნება ერთადერთი კომპონენტი, რომელიც სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება. გვექნება, რა თქმა უნდა, ბიუჯეტი, ასევე მსოფლიო ბანკის და სხვა წყაროების დაფინანსება, საერთო ჯამში, უნდა შევკრათ ის ფინანსური რესურსი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, რთული იქნება, რომ 2025 წლისთვის არც ერთი სკოლა აღარ გვქონდეს სარეაბილიტაციო, ყოველთვის იქნება ასეთი სკოლები, 5 ან 7 წლის შემდეგ რომელიმე სკოლას ექსპლოატაციის ცვეთა ექნება, ამიტომ 100%-იანი მოცვა ვერასდროს ვერ იქნება. თუმცა საჯარო სკოლებში რომ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი პრობლემა არ იდგეს, ამის ფინანსური რესურსის მოძიებაზე ვმუშაობთ და გავიმეორებ, რომ ეს ხელშეკრულება ერთადერთი წყარო არ იქნება.“

რაც შეეხება ვადებს, ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით, ამ თანხების ათვისების ვადა 2027 წლამდეა. „აქვე გასათვალისწინებელია ორი კომპონეტი: ერთია სკოლების რეაბილიტაცია, რაც ნიშნავს, რომ სკოლა ბავშვებისგან არ დავცალოთ (გამოვიყვანოთ ბავშვები, ჩავატაროთ რეაბილიტაცია და შემდეგ  დავაბრუნოთ). ევროპის ბანკის პროექტთან დაკავშირებით, ბევრჯერ დადგა ეს პრობლემა და, დიდი ალბათობით, აქაც შეიძლება დადგეს – ისეთი მოცემულობა გვქონდა, რომ ვერსად გადაგვყავდა ბავშვები, სხვა სკოლა მოშორებით იყო, ამიტომ  ზაფხულამდე გვიწევდა მოცდა და ზაფხულის მაქსიმალურად გამოყენება. განსხვავებით საგზაო ან ისეთი პროექტისგან, რომელშიც მთელი სიმძლავრით შეგიძლია იმუშაო, აქ შეზღუდული იქნები იმიტომ, რომ ძალიან რთულია სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესის ჩაშლა. სადღაც შესაძლებელი იქნება ბავშვების სკოლიდან გაყვანა ან ნაწილში, დროებით, სხვა სკოლასთან შეერთება, სადღაც კი ზაფხულის პერიოდში მოგვიწევს მუშაობა. ვადა 6-წლიანი პერიოდი გვაქვს, თუმცა, რაც უფრო მალე დავიწყებთ იქ, სადაც არ იქნება პრობლემები, შესაძლებელი იქნება ამ ვადებში შესრულება. თუმცა, ჩვენ აღებული გვაქვს ვადა, რომ 2027 წლის ბოლომდე შეგვეძლება სესხის ჩამორიცხვა.“

თუ რამდენი სკოლაა, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რთულია დღეს ამის თქმა, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი სკოლა შეირჩევა საბოლოოდ, რამდენად იქნება სარეაბილიტაციო – მხოლოდ ენერგოეფექტურობის ნაწილი იქნება დასამატებელი თუ სრულად სარეაბილიტაციო. სკოლებს, რა თქმა უნდა, განათლების სამინისტრო არჩევს, ჩართული იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე, მუნიციპალიტეტები. მთავარი კრიტერიუმი მაინც ის იქნება, რომ სკოლა ენერგოეფექტურობას აღწევდეს. უბრალოდ რეაბილიტაცია, ენერგოეფექტურობის გარეშე, ამ სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ვერ დაფინანსდება. სავარაუდოდ, 100-იდან 150-მდე სკოლის სრული რეაბილიტაცია იქნება შესაძლებელი. თუმცა, სკოლების შერჩევის პროცესში, ეს მონაცემი მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებითაც დაზუსტდება. პროცესში განათლების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები იმ კუთხითაც ჩაერთვებიან, რომ დადგინდეს რომელ რეგიონში რომელი სკოლის რეაბილიტაციაა უფრო მნიშვნელოვანი და ა.შ.

გიორგი კაკაურიძე: „გავიმეორებ, რომ ეს პროექტი არ არის იმისთვის, რომ ყველაფერი მოვიცვათ. მცირეკონტინგენტიან სკოლებს ენერგოეფექტურობის მიღება გაუჭირდებათ და, შესაბამისად, რთული იქნება, ამ პროექტის ფარგლებში, მათი დაფინანსება, მაგრამ ამის განხორციელება შესაძლებელია ბიუჯეტის ნაწილით. შემდეგ ვიხილავთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ადამიანის კაპიტალს ეხება, ანუ არა ინფრასტრუქტურა, არამედ შინაარსში შევდივართ, განათლების ნაწილში. უნდა გვესმოდეს, რომ 5-ბავშვიანი სკოლა ვერ იქნება კარგი სკოლა და იქ ბავში მაღალი დონის განათლებას ვერ მიიღებს, მით უმეტეს, მაღალ კლასებში. თითოეულ ბავშვზე კარგი მასწავლებლის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ არის შესაძლებელი. ამიტომ, ყველა სოფელში სკოლა უნდა იყოს, მაგრამ კარგი სკოლა ყველა სოფელში ვერ გვექნება და ამას ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ იყოს სკოლა ამ სოფელში, გარკვეულ პერიოდამდე ბავშვმა, შეიძლება, ისწავლოს ამ სკოლაში, თუმცა მაღალ კლასებში, ვფიქრობ, გარკვეული ოპტიმიზაცია და კონსოლიდაცია უნდა მოხდეს. ეს პოზიცია, მომავლისთვის, გასათვალისწინებელი იქნება.

 კიდევ ერთი, ახალი სკოლის მშენებლობა, ამ პროექტის ფარგლებში, ვერ მოხდება. თუ სკოლა იმდენად დაზიანებულია, რომ ენერგოეფექტურობა კი არა, ახალი შენობაა ასაშენებელი, მაშინ ჩვენ უნდა ავაშენოთ. თუ რამდენი სკოლაა, საერთო ჯამში, ასაშენებელი ან სარეაბილიტაციო, რამდენადაც მახსოვს 800-მდეა.“

სკოლების ავტორიზაციაზე, ინფრასრუქტურის კუთხით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის საკითხი პირდაპირ ბმაშია სკოლების ავტორიზაციასთან. მთავარია, რამდენად სისტემურადაა გააზრებული და რამდენად სწორად ხდება, ამ შემთხვევაში, დონორების დახმარების გამოყენება. მნიშვნელოვანია, ასევე, აქვს თუ არა დაგეგმილი პოლიტიკა სახელმწიფოს, რა სჭირდება მას ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ამიტომ, ავტორიზაცია უმნიშვნელოვანესი თემაა. „მოგეხსენებათ, სახელმწიფომ პირველად მიიღო გადაწყვეტილება საჯარო სკოლების ავტორიზაციის გზით, გარე ხარისხის უზრუნველყოფის გზით, 2026-27 სასწავლო წლამდე, ყველა საჯარო სკოლის ავტორიზაცია განხორციელდეს და გადავადება აღარ მოხდება. ეს გააზრებულადაა გაკეთებული და ჰარმონიულ ბმაშია – რა გვჭირდება, რა გვინდა – კონკრეტულ დონორს კონკრეტული სამიზნე აქვს აღებული. ამ შემთხვევაში, დონორი ენერგოეფექტურობას აბამს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთ დონორზე არ ვსაუბრობთ, არამედ სტრატეგიულ დაგეგმარებაზე და აქ ბიუჯეტითაა გამიზნული, გააზრებული, 2026-27 წლამდე, როგორ მიჰყვება სახელმწიფო ინფრასტრუქტურის პრობლემის მოგვარებას.“

ქალბატონმა თამარმა აღნიშნა, რომ ავტორიზაცია ის სეგმენტია და ხარისხის უზრუნველყოფის ის მნიშვნელოვანი მექანიზმი და სისტემა, რომლითაც სისტემა და სახელმწიფო დაინახავს საჭიროებას – რა სჭირდება კონკრეტულ სკოლას. „პირველად ხდება, როდესაც ეს საკითხი ამ დონეზე ლაგდება და მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტი გახლავთ ინფრასტრუქტურა. სტანდარტი უკვე ჩაშლილია ქვესტანდარტებად – როგორ იზომება, მათ შორის, ინფრასტრუქტურულად სკოლა, რას უნდა აკმაყოფილებდეს. ჩვენ მოვახერხებთ, 2022 წლის განმავლობაში, სკოლების მთლიან დიაგნოსტიკურ შეფასებას და დავინახავთ, სად რა პრობლემაა. რა თქმა უნდა უკვე დაგეგმილია მეთოდოლოგია. ეს იქნება ყველაზე ორგანიზებულად დანახული პრობლემები, კონკრეტული სკოლის ჭრილში და ჩვენ აღარ ვიქნებით დამოკიდებული იმაზე, ესა თუ ის მუნიციპალიტეტი იაქტიურებს თუ არა. ფრაგმენტული ჩარევებიდან, ასე ვთქვათ, ცეცხლის ჩაქრობიდან, სისტემამ გადაწყვიტა, რომ სისტემურად დაინახოს ეს პრობლემა და დაიწყოს მისი მოგვარება. ამიტომ, ინფრასტრუქტურული მიმართულება სრულიად გააზრებულად ებმის ავტორიზაციის პროცესს. იცით, რომ 2026-27 წლამდე ყველა სკოლამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია. მაშასადამე, ეს კონკრეტული პროექტი უზრუნველყოფს კონკრეტულ სეგმენტს. ამიტომ, როცა ენერგოეფექტურობაზე ვსაუბრობთ, მთელი რიგი პრობლემებია გასათვალისწინებელი, მათ შორის ისიც, რომ დაბალკონტინგენტიან სკოლებს ვერ შეეხება, მაგრამ ეს სკოლები ჩვენი პრიორიტეტია და სახელმწიფო, თავისი ბიუჯეტირების ნაწილში, მიხედავს და დააკმაყოფილებს მათ.“

ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად, მინისტრის მოადგილემ, ასევე, სკოლების პროცედურულად გამონთავისუფლება დაასახელა. თუმცა, აღნიშნა, რომ ამ მიმართულებასაც წინ უძღვის მთელი რიგი სამუშაოები. მათ შორის, დონორებთანაც გადიან კონსულტაციებს და აანალიზებენ, რომელი სკოლა სად და როგორ გადაიყვანონ. გათვალისწინებულია ტრანსპორტის ნაწილიც და ისიც, რომ ბავშვებს კილომეტრების გავლა არ მოუწიოთ. „მუნიციპალიტეტებთანაც ვთანამშრომლობთ, რომ გამოიყოს ალტერნატიული ფართი, თუკი იქვე, ახლოს, სკოლა არ არის. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და არა ის, რომ 15-20კმ დაშორებით ვატაროთ ბავშვები. ბევრი თემის ერთობლიობაა საჭირო, რაზეც სამინისტრო მასშტაბურად მუშაობს, რადგან სხვაგვარად, ასეთი აწყობილი კომუნიკაციის გარეშე, ასეთ დიდ თემებს ჩვენ ვერ მოვერევით.“ – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა. იმავე დღეს, დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამას)“.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გამოცდაზე  პროფესიულ უნარებში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება: ♦ არჩევითპასუხებიანი ♦ შესაბამისობის ♦...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები