2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

კომუნიკაციის სახეები

spot_img

მაია წიკლაური

სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის მე და საზოგადოების მასწავლებელი

 

კომუნიკაციას (ლათ. Communico – „საერთოს ვხდი“) მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში. იგი არის ურთიერთკავშირი ინფორმაციის გამცემსა და მიმღებს შორის. კომუნიკაცია არსებობს სამი სახის: ვერბალური, არავერბალური და წერილობითი. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

  1. ვერბალური კომუნიკაცია ხდება მეტყველების საშუალებით. ამ შემთხვევაში, გაგზავნილ ინფორმაციაში გამოყოფენ სამ მნიშვნელოვან კომპონენტს:

1) სიტყვიერი, ანუ შინაარსობრივი;

2) ვოკალური, ანუ ხმის ტონი და ტემბრი;

3) მეტავერბალური, ანუ რა ქვეტექსტი იგულისხმება ნათქვამში.

იმისათვის, რომ სიტყვიერი გზავნილი იყოს ეფექტური, იგი უნდა იყოს ნათელი, კონკრეტული და არაორაზროვანი, რათა კომუნიკაციის დასრულებისას საჭირო არ გახდეს დამატებითი დასკვნების გაკეთება. ტექსტი უნდა იყოს სტრუქტურირებული, გრამატიკულად კარგად ორგანიზებული, არ უნდა შეიცავდეს დიალექტს, სლენგს და უცხო სიტყვებს.

ვერბალური კომუნიკაციის ვოკალურ კომპონენტში გასათვალისწინებელია ხმის ტემბრი და ტონი. ხმის ტემბრი უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ ყველას ესმოდეს, თუმცა დაუშვებელია თემასთან შეუსაბამო ტონალობით საუბარი. ტონი უნდა იყოს მტკიცე და დამარწმუნებელი, ხოლო საუბარი არ უნდა იყოს მონოტონური.

ვერბალური კომუნიკაციის მეტავერბალური კომპონენტი, ანუ ქვეტექსტი არის ინფორმაცია, რომელიც ნაგულისხმევია მოსაუბრის მიერ და ცხადად არ არის გამოყენებული საუბრისას.

  1. არავერბალური კომუნიკაცია ფართოდაა ცნობილი სხეულის ენის სახელწოდებით და მას ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კომუნიკაციის პროცესში, როგორც ვერბალურს. გრძნობები, რომლის გამოხატვაც ვერ ხერხდება ვერბალური კომუნიკაციის საშუალებით, გადაეცემა არავერბალურ ენას. მასში შედის:
  • სახის და სხეულის ენა;
  • შეხება;
  • მხედველობითი კონტაქტი;
  • მანძილის და დროის სწორად შერჩევა;
  • გარეგნობის და ჩაცმულობის ეფექტი.
  1. წერილობითი კომუნიკაციის დროს გასათვალისწინებელია შემდეგი კომპონენტები:
  • ვისთვის და რა მიზნით ვწერთ?
  • წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ საჭირო ინფორმაცია;
  • თავი უნდა ავარიდოთ ზედმეტი ინფორმაციის გამოყენებას;
  • გამოვიყენოთ მარტივი, გასაგები სიტყვები და მოკლე წინადადებები;
  • დასრულების შემდეგ, დაწერილი ყურადღებით წავიკითხოთ და შევასწოროთ;
  • არ გაგვეპაროს მექანიკური შეცდომები და სიტყვების მართლწერა იყოს სწორი.

ამდენად, იმისთვის, რომ პედაგოგიური კომუნიკაცია ოპტიმალური იყოს, მასწავლებელი უნდა ფლობდეს ვერბალური და არავერბალური კონტაქტის უნარებს. როდესაც კომუნიკაცია აუდიტორიაზეა მორგებული, ანალოგიებითა და ცხოვრებისეული მაგალითებით გამდიდრებული, ეს მსმენელს აძლევს სრულ თავისუფლებას, დააკავშიროს საკუთარი განწყობა და ემოციები მიწოდებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად განმარტოს იგი. ეს კი ურთიერთობის პროცესს უფრო სასიამოვნოს და ეფექტურს ხდის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები