გაგიზიარებთ გამოცდილებას საჯარო გამოსვლის ტექსტის დამუშავებასთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის „განთიადზე“ დაყრდნობით. დავძენ, რომ საბაზო საფეხურზე, ქართული ლიტერატურიდან, აკაკის „განთიადი“ სავალდებულო ნაწარმოებია. აღნიშნული ნაწარმოების ღირებულებებზე საუბრისგან თავს შევიკავებ და წარმოგიდგენთ ეტაპებსა და აქტივობებს, რომელთა გამოყენება, შესაძლოა, კოლეგებისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.
კლასი: IX
თემა: სამშობლო
ტექსტი: აკაკი წერეთლის „განთიადი“
თემატური ბლოკი: სამყაროს შეცნობა, ახლის ძიება
კომპლექსური დავალება: საჯარო გამოსვლის ტექსტი
სამიზნე ცნებები:
კომპოზიცია — თემა, იდეა, ხედვის კუთხე;
ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები — შთამბეჭდავი ლექსიკა, რიტორიკული სტილი, რიტორიკული შეკითხვა;
სტრატეგიები — წერის, მეტაკოგნიტური;
გრამატიკა — სრული და უსრული წინადადება, მოდალობის მიხედვით წინადადებები, პუნქტუაცია;
კონტექსტი — ისტორიული წარსული;
კომუნიკაცია — ადრესატი, ადრესანტი.
საკითხი: „განთიადის“ საფუძველზე საჯარო გამოსვლის ტექსტის მომზადება ისტორიული წარსულის, თემისა და იდეის შენარჩუნების გათვალისწინებით.
საკვანძო შეკითხვები: როგორ დავწერო საჯარო გამოსვლის ტექსტი, რომლითაც ადრესატამდე მივიტან დიმიტრი ყიფიანის მოკვლით გამოწვეული ტრაგედიის სიმძაფრეს?
კომპლექსური დავალების პირობა
დაწერეთ საჯარო გამოსვლის ტექსტი ა. წერეთლის „განთიადზე“ დაყრდნობით.
წერისას გამოკვეთეთ აბზაცები, გამოიყენეთ რიტორიკისთვის დამახასიათებელი სტილი, მრავალფეროვანი ლექსიკა, სხვადასხვა ტიპის წინადადებები, დაიცავით ენობრივი ნორმები და პუნქტუაცია.
ნამუშევარში:
♦ წარმოაჩინეთ მე-19 საუკუნის მნიშვნელოვანი პრობლემები, მათი ყველა ასპექტი, მიზეზები და შედეგები (კონტექსტი);
♦ წარმოაჩინეთ დიმიტრი ყიფიანის დამსახურებები (კომპოზიცია/შინაარსობრივი მხარე) თემატური და იდეური თვალსაზრისით;
♦ გაითვალისწინეთ ადრესატი (ფართო სოციუმი) ადრესანტის პოზიციიდან (კომუნიკაცია);
♦ გამოკვეთეთ სამნაწილიანი სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.
ნამუშევრის პრეზენტაციისას ისაუბრეთ:
♦ რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი საჯარო გამოსვლის ტექსტია (ჟანრი, კომპოზიცია);
♦ რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ტექსტი გასაგები და დამაჯერებელი იქნება მკითხველისთვის/მსმენელისთვის, რატომ გამოიყენეთ სხვადასხვა ტიპის წინადადებები და მრავალფეროვანი ლექსიკა (კომპოზიცია, კომუნიკაცია, ენობრივ-გამომსახველობითი, გრამატიკა);
♦ რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ ნამუშევრის შესადგენად (სტრატეგიები).
კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები
(აქტივობები, რესურსები)
ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა
♦ როგორ მოსაუბრეებს უსმენთ დიდხანს?
♦ მოგისმენიათ, წაგიკითხავთ თუ არა ვინმეს საჯარო გამოსვლის ტექსტი?
♦ როგორი გავლენა მოუხდენია თქვენზე გამომსვლელს?
♦ ვისი საუბარი/გამოსვლა მოგწონთ ყველაზე მეტად? რატომ?
♦ როგორ ფიქრობთ, რატომ, რა ნიშნით დაგამახსოვრდათ კონკრეტული საჯარო გამოსვლა?
♦ როგორ ჩამოაყალიბებთ თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს თქვენგან დავალება?
♦ რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
♦ თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ? რისი შესწავლა დაგჭირდებათ/რაში დაგჭირდებათ დახმარება?
ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა
რესურსი 1. ილია ჭავჭავაძე „სიტყვა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე“
რესურსი 2. დორის ლესინგი, სიტყვა, წარმოთქმული „ნობელის პრემიის“ გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე
აქტივობა 1. საჯარო გამოსვლის ტექსტების გაცნობა, გაგება-გააზრებაზე მიმართული კითხვა-პასუხი
აქტივობა 2. საჯარო გამოსვლის ტექსტის ჟანრული მახასიათებლების ამოცნობა
აქტივობა 3. საჯარო გამოსვლის ტექსტებში გამოყენებულ ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებზე დაკვირვება (მიმართვა, რიტორიკული შეკითხვა)
აქტივობა 4. როლური თამაში — მოირგეთ პოლიტიკოსის, დირექტორის, პრეზიდენტის, საზოგადო მოღვაწის როლი და მიმართეთ საზოგადოებას
აქტივობა 5. შეხვედრა დიმიტრი ყიფიანთან (ბიოგრაფია, წერილი პავლე ეგზარქოსისადმი)
მოცემული აქტივობების განხორციელებას რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში შევძლებთ, აქვე დავწერ ერთი გაკვეთილის მსვლელობას, რომელიც კომპლექსური დავალებისკენაა მიმართული:
გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობისას, მოსწავლეებმა იციან, რომ მიმდინარე გაკვეთილები ეთმობა კომპლექსური დავალების შესრულებისათვის მზადებას. კიდევ ერთხელ გავააქტიურე წინარე ცოდნა და მოსწავლეებს ვთხოვე, საკუთარი სიტყვებით ჩამოეყალიბებინათ დავალების პირობა, რა ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს დავალების შესასრულებლად. დადგა დრო, მოსწავლეებმა გაიცნონ აკაკი წერეთლის „განთიადი“.
ვეცადე, მოსწავლეებისთვის სიტყვა „თავდადებულის“ ასოციაციები გამეაქტიურებინა, ამისთვის სიტყვის ასოციაციური რუკა გამოვიყენე. მათ დაასახელეს ადამიანები, რომლებსაც თვლიდნენ თავდადებულად. მსჯელობის შემდეგ დიმიტრი ყიფიანის, როგორც გმირის დახასიათება გადავწყვიტეთ, პერსონაჟის სქემის მეშვეობით: რას გრძნობს, რას განიცდის, რას ფიქრობს, რას ამბობს, რას აკეთებს, რა არის გმირის მიზანი, დაბოლოს, გმირობის შედეგი. მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვას: თქვენი აზრით, სამშობლოსაგან მოწყვეტილი ადამიანი არის თუ არა ბედნიერი?
როცა უშუალოდ ლექსის გაცნობაზე მიდგა ჯერი, მოსწავლეებმა სათაურის შესახებ გამოთქვეს ვარაუდები და მოვასმენინე აკაკის მიერ წაკითხული ლექსი: რა იგრძენით? რა დაინახეთ? რა ემოცია გაგიჩნდათ?
ამის შემდგომ, გადავედით ლექსის სტროფულ ანალიზზე, ლექსის პერიფრაზირება, მხატვრულ სახეებზე დაკვირვება, საინტერესო გამოვიდა ლექსის ავტორისეულ ხელნაწერთან შედარებაც.
მოსწავლეებმა აღმოაჩინეს გადაშლილი ნაწილი და გამოთქვეს ვარაუდები, რატომ შეიძლებოდა გადაეშალა აკაკის დიმიტრი ყიფიანის სახელი.
კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროცესში დასასმელი კითხვები:
♦ აღწერეთ, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგით, რა თანამიმდევრობით;
♦ რა დაბრკოლებებს წაააწყდით დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერით? რატომ ვერ გადაჭერით? როგორ მოიქცევით მომავალში, მსგავსი პრობლემა რომ გადაჭრათ? რა გაგიძნელდათ, რა გაგიადვილდათ? რატომ?
♦ მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებიათ? მსგავსი სტრატეგიები გამოგიყენებიათ?
♦ რა ძლიერი და სუსტი მხარეები გაქვთ დავალების კრიტერიუმებთან მიმართებით? რამ შეგიწყოთ ხელი წინსვლაში? რამ შეგაფერხათ?
♦ თქვენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო, ყველაზე მეტად, თქვენი ყურადღება? რატომ? რით?
♦ რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდეთ დავალებაზე მუშაობას?
♦ როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით გააუმჯობესებდით მიღწევებს/როგორ მიაღწევთ უკეთეს შედეგს?
ვერ ვიტყვით, რომ მოსწავლეთა პირველადი ვარიანტები გამოირჩევა სრულყოფილებით, მაგრამ ერთ-ერთი დადებითი, რაც მესამე თაობის ეროვნულმა სასწავლო გეგმამ მოგვიტანა, დროის მენეჯმენტის თავისუფლებაა. დრო საჭიროებისამებრ დავუთმე მოსწავლეთა ნამუშევრების განხილვას, მსჯელობას, შესწორებას, ანალიზსა და უკუკავშირს. ზემოთ მოყვანილი აქტივობები შევარჩიე კლასის თავისებურებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, მასწავლებელი თავისუფალია და ის თავად ირჩევს სასურველ სტრატეგიებს. უნდა აღინიშნოს, ასევე, აქტივობების დროს, მასწავლებელი სვამს სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებულ შეკითხვებს და ცდილობს მოსწავლეთა „წაყვანას“ არაკომპეტენტურობიდან კომპეტენტურობისკენ.