6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

კომპლექსური დავალების საშუალებით ცოდნის სამივე კატეგორიის გააქტიურება ქიმიის გაკვეთილზე

spot_img

მაგული ჯინჭარაძე
სოფელ ქობულეთის და სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლების ქიმიის პედაგოგი

 

 

კონსტრუქტივისტული ხუთი საგანმანათლებლო პრინციპიდან ერთ-ერთი შეეხება ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს. მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ცოდნის ამ კატეგორიებს:

დეკლარატიული ცოდნა სტატიკური ხასიათისაა. იგი გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების ცოდნას და პასუხობს კითხვას: რა ვიცი?

პროცედურული ცოდნა დინამიკურია და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას. პროცედურული ცოდნა პასუხობს კითხვას: როგორ გავაკეთო/როგორ შევასრულო?

პირობისეული ცოდნა დინამიკურია და გულისხმობს პირობების, ანუ არსებითი ნიშანთვისებების ამოცნობას. იგი უზრუნველყოფს სხვადასხვა კონტექსტში ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას და პასუხობს კითხვას: როდის და/ან რატომ გამოვიყენო ეს (ესგ. კარი – I, თავი – II, მუხლი – 9).

სასწავლო პროცესში კონსტრუქტივისტული პრინციპების რეალიზება რომ მოხდეს, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ კომპლექსური დავალება, რომელიც წარმოადგენს შუალედურ სასწავლო მიზანს, ანუ საშუალებას გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად.

ჩემს გამოცდილებას ამ საკითხებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ მე-8 კლასის მაგალითზე.

მე-8 კლასში ქიმიაში არის სამი სასწავლო თემა: 1. წყალი, ხსნარები; 2. ჰაერი; 3. ელემენტების ორგანიზების პრინციპი.

პირველი თემის (წყალი, ხსნარები) ფარგლებში, შევარჩიე კომპლექსური დავალება ,,წყლის დაბინძურება და დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები, თავიდან აცილების გზები. თემა ავირჩიე იმიტომ, რომ აქტუალური საკითხია და ეხმიანება მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მიზანს (მიზანი №6 – წყლის რესურსების დაცვა).

ჩემს პრაქტიკაში (უკვე სამწლიანი გამოცდილება მაქვს კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით) დავამკვიდრე ასეთი მიდგომა: შესასწავლი თემის დასაწყისში ვაცნობ მოსწავლეებს დავალების პირობას, კრიტერიუმებსა და ძირითად საკითხს, ამის შემდეგ ვასწავლი საგნობრივ ქვესაკითხებს სხვადასხვა აქტივობით მოცემულ დავალებასთან დაკავშირებით და, ეტაპობრივად, მოსწავლეებს ყურადღებას ვუმახვილებ კომპლექსურ დავალებასთან მიმართებით, რატომ დაგვჭირდება ესა თუ ის ცოდნა. შეიძლება პირიქითაც, ანუ ჯერ საგნობრივი ქვესაკითხების გავლა და შემდეგ დავალების პირობის გაცნობა, მაგრამ პირველი ვარიანტი უფრო ეფექტურია, რადგან მოსწავლეები, საკითხების გავლის მომენტში, თანდათან იაზრებენ დავალების შესრულების ეტაპებსა და ინსტრუმენტებს.

კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით ვიცით, რომ ორი ეტაპისაგან შედგება: პირობის გაცნობა და დავალებაზე მუშაობა. პირველ ეტაპზე მოსწავლეებს მივაწოდე ბარათები, გავაცანი დავალების პირობა, ანუ შეფასების ინსტრუმენტები, რა უნდა წარმოეჩინათ დავალებაში. ბარათს თან ახლდა ინსტრუქცია, თუ რა ნაბიჯები უნდა გაევლოთ, რა რესურსები გამოეყენებინათ და რა შემოქმედებითი პროდუქტი წარმოედგინათ. პირველი ეტაპი, ძირითადად, დეკლარატიული ცოდნის გააქტიურებაზე იყო ორიენტირებული. წყალს ჯერ კიდევ დაწყებით საფეხურზე ეცნობიან მოსწავლეები, იციან მისი ფიზიკური თვისებები, კერძოდ, აგრეგატული მდგომარეობა, დუღილის და გაყინვის ტემპერატურები, წყლის მიმოქცევა, წყლის მნიშვნელობა. ამიტომ მოსწავლეებს ჯერ წინა კლასების ბუნებისმეტყველების კურსში მიღებული მათი წინარე ცოდნა გავუაქტიურე, ამისათვის გამოვიყენე შესასვლელი ბილეთები (იხილეთ ბმული დანართი-1), აგრეთვე ჩავატარე სახალისო აქტივობა „ქიმიური სპორტლოტო“ – რა ვიცი წყლის შესახებ (დანართი-2). იმავე გაკვეთილზე, ჯგუფური აქტივობის დროს, შეავსეს ასოციაციური, ანუ ცნებების რუკა – „წყალი და მასთან დაკავშირებული ცნებები“ (დანართი-3).

რადგან ამ თემის ფარგლებში მოცემული კომპლექსური დავალება ითვალისწინებს საგნობრივ რვა ქვესაკითხს, მომდევნო გაკვეთილებზე, თანდათანობით, მოხდა მათი გააზრება, თან ყურადღება გავამახვილე წყლის დაბინძურების პრობლემებზე. გამოვიყენე „გონებრივი იერიში“ საკითხის „წყლის დამაბინძურებლები“ გასააზრებლად. მოსწავლეებმა შესანიშნავად ჩამოაყალიბეს, რა წარმოადგენდა წყლის დამაბინძურებლებს სათემო, მუნიციპალურ თუ გლობალურ დონეზე, მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები.

საგნობრივი ქვესაკითხების გააზრების პარალელურად, მოსწავლეები მუშაობდნენ კომპლექსური დავალების მე-2 ეტაპზე (კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა). მეორე ეტაპი მოიცავდა ნაბიჯებს (ნაბიჯი 1: რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს წყლის დაბინძურებამ? ნაბიჯი 2 – როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ წყლის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად?), რომელთა გააზრება და შესრულება პროცედურული ცოდნის გააქტიურებას მოიაზრებდა. კომპლექსური დავალების ბოლო ნაბიჯი იყო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც პასუხობდა კრიტერიუმებს:

♦ რა მნიშვნელობა აქვს წყალს ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში?

♦ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს წყლის დაბინძურებამ?

♦ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ წყლის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად?

ამრიგად, წარმოდგენილი კომპლექსური დავალებით ცოდნის სამივე კატეგორიის გააქტიურება მოხდა ქიმიის გაკვეთილზე, რადგან დავალების პროდუქტი აგებული იყო ძირითად საკვანძო შეკითხვაზე: როგორ გამოიყენებთ საინფორმაციო ბუკლეტს წყლის დაბინძურების პრევენციული ზომების აუცილებლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის? და მოსწავლეების მიერ დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტები ცოდნის მესამე კატეგორიის – პირობისეულის – რეალიზებასაც გულისხმობდა, რადგან მოსწავლეები საინფორმაციო ბუკლეტებით გავიდნენ თემში, შეხვდნენ მოსახლეობას, გააცნეს ის გლობალური პრობლემები, რაც ბუკლეტში ჰქონდათ წარმოდგენილი, თან მოუწოდეს მოსახლეობას, რომ ბუნების დაცვა, ბუნებაზე და, კონკრეტულად, წყალზე ზრუნვა ჩვენი საცხოვრებელი ადგილიდან იწყება და ამით ერთი ნაბიჯს ვდგამთ გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზაზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ეროვნული სასწავლო გეგმა (ესგ. კარი I,  თავი II, მუხლი 9)
2. გზამკვლევი (საგანი – ქიმია. მესამე თაობის ესგ-ის მიხედვით) 2022
3. ქიმია, 8 კლ., მასწავლებლის წიგნი (გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“) 2021
4. ქიმია, 8კლ., მოსწავლის წიგნი (გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“) 2021

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები