4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

კომპლექსური დავალების როლი მოსწავლეთა სივრცული წარმოდგენების ჩამოყალიბებაში

spot_img

მაია რობაქიძე
სსიპ ქ. ქუთაისის მე–12 საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი

 

 

 

ჩემი სურვილია, გადმოგცეთ ის შთაბეჭდილებები, რაც კარგად დაგეგმილმა და საინტერესოდ განხორციელებულმა კომპლექსურმა დავალებამ დაგვიტოვა მე და ჩემს მეხუთეკლასელ მოსწავლეებს.

კომპლექსური დავალების შესრულება ცოდნათა სამივე კატეგორიის ფუნქციურ კონტექსტში ურთიერთდაკავშირებულად გამოყენებას მოითხოვს. ამიტომ, მეხუთე კლასში, გეომეტრიული ფიგურების შესწავლისა და სივრცული წარმოდგენების ჩამოყალიბებისათვის, განვახორციელე ფართომასშტაბიანი კომპლექსური დავალება:

„საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობა, პირობითი ნიშნებისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით“

მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა

სასწავლო თემა: ბრტყელი და სივრცული ფიგურები. კოორდინატები

დრო: 2-3 კვირა

სამიზნე ცნება: გეომეტრიული ობიექტები, ორიენტირება სივრცეში, კოორდინატები და მათი გამოყენება.

მისაღწევი შედეგები სტანდარტიდან: მათ.დაწყ.(II). 5. 8. 14

მკვიდრი წარმოდგენები:

1) ჩვენ გარშემო და გარემომცველ ბუნებაში არსებულ უამრავ საგანს გეომეტრიული ფიგურების ფორმა აქვს;

2) გეომეტრიული ფიგურების თვისებების ცოდნა გვეხმარება  გეომეტრიული ობიექტებისა და მოდელების აგებაში;

3) ადგილმდებარეობის გეგმები და მარტივი სქემები სიბრტყეზე ორიენტირების საშუალებებია;

4) ადგილმდებარეობის დასადგენად, საჭიროა საწყისი საორიენტაციო ობიექტი, რომლის მიმართაც განისაზღვრება/დგინდება სხვა ობიექტის მდებარეობა;

5) გეომეტრიული ფიგურების და მათი ელემენტების ურთიერთგანლაგების სქემები და მოდელები სივრცეში ორიენტირების საშუალებას იძლევა.

საკვანძო კითხვები:

  1. როგორ შეიძლება გეომეტრიული ფიგურების თვისებების ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში?
  2. როგორაა შესაძლებელი სივრცეში ორიენტირება რაიმე ობიექტის ადგილმდებარეობის ზუსტად განსასაზღვრად?

კომპლექსური დავალება საბავშვო ბაღის ნაკვეთის მაკეტის შექმნას მოიცავდა, რამდენიმე პირობის გათვალისწინებით: მართკუთხედის ფორმის ნაკვეთის ცენტრში დგას ხე, რომლის

მიმართაც, ჰორიზონტის სხვადასხვა მხარეს, უნდა განლაგდეს წრიული ფორმის ატრაქციონები და ყვავილნარი.

  • მბრუნავი საქანელა, რომლის რადიუსია 50სმ, მდებარეობს ხისგან დასავლეთით, 10 ბიჯით;
  • სასრიალო, რომლის დიამეტრია 2მ, მდებარეობს ხისგან ჩრდილოეთით, 8 ბიჯით;
  • ხისგან სამხრეთით უნდა იყოს მრგვალი ყვავილნარი – დიამეტრით 1მ;
  • ხისგან აღმოსავლეთით, 11 ბიჯის შემდგომ, უნდა მდებარეობდეს კიდევ ერთი მბრუნავი საქანელა (რადიუსით 60სმ), სამი მყარი სკამით;
  • შეგიძლიათ დახაზოთ საქანელებთან მისასვლელი ბილიკები, თავისუფალ სივრცეში დაამატოთ თქვენი საყვარელი ატრაქციონი.

ნაშრომი წარმოადგინე მაკეტის ან ნახაზის ფორმით, სადაც რეალურ 1მ-ს შეესაბამება 10სმ და 1 ბიჯს – 1 უჯრა.

შეგიძლიათ იმუშავოთ ინდივიდუალურად, წყვილებში ან სამეულებში.

ნაწილი 2 –  steam დავალებასურვილისამებრ შესასრულებელი

საბავშვო ბაღისთვის შეგიძლიათ შექმნათ „ეშმაკის ბორბლის“ მსგავსი მაკეტი ვიდეო ინსტრუქციის მიხედვით.

პრეზენტაციის დროს ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

  • რატომ არის საჭირო საბავშვო ბაღის ეზოს დაგეგმარება?
  • რა რესურსები დაგჭირდათ მაკეტის გასაკეთებლად? როგორ გააუმჯობესებდით თქვენ მიერ შექმნილ ბაღის ნაკვეთის მაკეტს? რას დაამატებდით ?
  • რაში შეიძლება გამოგადგეთ მიღებული გამოცდილება მომავალში?

კომპლექსური დავალება განხორციელდა ეტაპობრივად.

პირობა წარვადგინე ელექტრონულად, მოსწავლეთა მოტივაციისთვის მივმართე გონებრივ იერიშს – რა არის ატრაქციონი, რისი ფორმა აქვს ატრაქციონებს? რა გვაქვს გასაკეთებელი დავალების მიხედვით?

წინარე ცოდნის გააქტიურებისას მოსწავლეებმა ამოიცნეს და დაასახელეს ბრტყელი და სივრცული გეომეტრიული ფიგურები. წყვილებში თანამშრომლობით, გამოჭრეს მუყაოს ქაღალდზე ამობეჭდილი შლილები, დაკეცეს და შეაწებეს. მიღებული სივრცული ფიგურების მოდელების გამოყენებით, შეძლეს პრიზმებისა და პირამიდების ელემენტების რაოდენობის განსაზღვრა.

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა მოიცავდა 2 ქვესაკითს: საკოორდინატო ბადე და წრეწირები. ფაქტობრივი და კონცეპტუალური კითხვები მოსწავლეების განვითარების დონის დადგენაში დამეხმარა.

რა არის საკოორდინატო ბადე? როგორ შეიძლება დაგვეხმაროს კოორდინატების ცოდნა რაიმე ობიექტის ადგილმდებარეობის ზუსტად განსაზღვრაში? როგორ შეიძლება მეგობარს აღუწერო შენი სახლის ზუსტი ადგილმდებარეობა?

რას წარმოადგენს წრე? წრეწირი? რადიუსი? ქორდა? დიამეტრი?

როგორ ფიქრობ, რადიუსის ცვლილება გამოიწვევს თუ არა დიამეტრის ცვლილებას?

რატომ? როგორი კავშირი არსებობს რადიუსსა და დიამეტრს შორის?

რომელ გეომეტრიულ ფიგურებს გამოიყენებთ სასრიალოს, სკამისა და მაგიდის, ასევე ყვავილნარის დაგეგმარებისას?

სივრცითი ფიგურების გაღრმავებული სწავლებისა და საკოორდინატო ბადის შესწავლის შემდეგ, მოსწავლეები შუალედურ ქვიზს წერენ.

დავალებაზე მუშაობა წარიმართა შემდეგი აქტივობებით:

აქტივობა 1: „მრგვალი ყვავილნარის“ მოწყობა ორი ან მეტი ნაწილით, გონებრივი იერიშით ვახდენთ  იდეების გენერირებას.

აქტივობა 2: „ნორჩი კონსტრუქტორი“ – მოსწავლეები ხატავენ ან ძერწავენ მბრუნავ საქანელებს.

აქტივობა 3: გაკვეთილზე იქმნება დავალების სამუშაო ვერსია „ჩემი მაკეტი“;

მუშაობა წყვილებში და სამეულებში – „ერთად უკეთესად გამოგვივა“.

კომპლექსური დავალების შეფასებისას გამოვიყენე განმავითარებელი შეფასება სოლოტაქსონომიის მიხედვით.

მოსწავლეთა პირველი წყვილის ნაშრომი უკუკავშირით (აბსტრაქტული დონე): თქვენ ძალიან კარგად მოახერხეთ, მოცემული ადგილმდებარეობის გეგმის მიხედვით, სიბრტყეზე ორიენტირება, საწყისი ობიექტის შერჩევა, იმსჯელეთ, რომელი გეომეტრიული ფიგურები გამოიყენეთ მაკეტის აგებისას, როგორ დაგეხმარათ ფიგურების ურთიერთგანლაგების სქემები სივრცეში ორიენტირებისას. გეომეტრიული ფიგურების თვისებების გამოყენებით შეძელით ბაღის ეზოს საინტერესოდ დაგეგმარება, დავალება ძალიან კარგად შეასრულეთ, პრეზენტაცია დამაჯერებელი იყო, მსჯელობა – ლოგიკურად გამართული.

მინდა გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები სამუშაო პროცესის შესახებ.

მოსწავლეთა მე-2 წყვილის ნაშრომი უკუკავშირით (მიმართებითი დონე): თქვენ ორიგინალურად შეასრულეთ დავალება, საკოორდინატო ბადე რვეულის ფურცლებით შექმენით, კარგად მოახერხეთ, მოცემული ადგილმდებარეობის გეგმის მიხედვით, სიბრტყეზე ორიენტირება, საწყისი საორიენტაციო ობიექტის შერჩევა, ნახაზი ზუსტი, მკაფიო და ვიზუალურად კარგად გაფორმებულია, დავალება ხარისხიანადაა შესრულებული, მსჯელობა – გამართული. სივრცეში უკეთ ორიენტირებისთვის გირჩევთ, დაამზადოთ მბრუნავი ატრაქციონი. ყურადღებით გაეცანით დავალებაში მოცემულ ინსტრუქციას.

მოსწავლეთა მე-3 წყვილის ნაშრომი უკუკავშირით (მულტისტრუქტურული დონე): თქვენ სწორად განალაგეთ გეომეტრიული ობიექტები ჰორიზონტის მხარეების მიხედვით, დახაზეთ საკოორდინატო ბადე, მისასვლელი ბილიკები, მბრუნავი საქანელები და სასრიალო. იმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გარშემო და გარემომცველ ბუნებაში არსებულ უამრავ საგანს გეომეტრიული ფიგურების ფორმა აქვს. გაითვალისწინეთ, რომ დაგეგმარებისას აუცილებელია მითითებული ზომებისა და ურთიერთგანლაგების ზუსტი დაცვა, დავალების პირობა წაიკითხეთ ყურადღებით, გაიმეორეთ საკოორდინატო ბადე, წერტილების მოძებნა კოორდინატების მიხედვით. შეეცადეთ, ნახაზის აგებისას, წინასწარ გააკეთოთ საორიენტაციო მონახაზი ფურცელზე.

პრეზენტაციის დროს გამოვიყენე ზოგადი კითხვები განმავითარებელი შეფასებისათვის:

♦ რატომ ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ შექმნილი მაკეტი დავალების შესაბამისია?

♦ აღწერეთ, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობა, რა ნაბიჯები გადადგით, რა თანმიმდევრობით? რა პრობლემებს წააწყდით მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერით? რას გააკეთებდით მომავალში მსგავსი პრობლემის გადასაჭრელად?

♦ შეგისრულებიათ ანალოგიური დავალება რომელიმე საგანში?

♦ რა მოგეწონათ დავალებაში ყველაზე მეტად? რა არ მოგეწონათ?

♦ რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდეთ დავალებაზე მუშაობას?

♦ თქვენი თანაკლასელების ნაშრომებიდან რომელს გამოყოფდით? რატომ?

♦ როგორ გააუმჯობესებდით თქვენს გეგმას?

ანალიზი: დავალება კლასის თითქმის ყველა მოსწავლემ შეასრულა, პრეზენტაცია წარიმართა განმავითარებელი კითხვა-პასუხის, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების რეჟიმში. მოსწავლეთა შეფასებისას, გამოვიყენე სოლოტაქსონომიის სამი დონე (მულტისტრუქტურული, მიმართებითი და აბსტრაქტული). სამ მოსწავლესთან მივმართე ჩაშენებულ და დამოუკიდებელ რემედიაციულ აქტივობებს. ვფიქრობ, დავალებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა სივრცული წარმოდგენების ჩამოყალიბებას, მათ მიყვანას სამიზნე ცნებებამდე. მოსწავლეთა ნაშრომები, განსაკუთრებით მაკეტები და მბრუნავი ატრაქციონები, იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, კოლეგასთან თანამშრომლობითმოვაწყვეთ მეხუთეკლასელების ნამუშევრების სასკოლო გამოფენა. გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა სასკოლო საზოგადოების მხრიდან.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები