4 ივნისი, კვირა, 2023

კომპლექსური დავალებიდან სოციალურ პროექტამდე

spot_img

თამარ ქათამიძე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

კომპლექსური დავალება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი შემადგენელი ნაწილია, უკავშირდება ცხოვრებისეულ სიტუაციებს და მოითხოვს ცოდნის სამივე კატეგორიის ინტეგრირებულად გამოყენებას. მინდა, გაგიზიაროთ VIII კლასში განხორციელებული კომპლექსური დავალება, რომელიც სოციალურ პროექტში გადაიზარდა.

საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა. ეს დავალება „ახალი სკოლის მოდელის“ თემატური მატრიციდან არის და მისი პირობა ასეთია:

წარმოიდგინეთ, რომ ხართ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი და სიტყვით გამოდიხართ საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრების წინაშე მიუსაფარ მოხუცთა და ბავშვთა პრობლემებზე.

მოამზადეთ ზეპირი გამოსვლის ტექსტი, სადაც წარმოაჩენთ პრობლემის მიზეზებსა და შედეგებს, პრობლემის მოგვარების თქვენეულ ხედვას და კონკრეტული მაგალითების მოხმობით შეძლებთ მათ დასახმარებლად შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეების დარწმუნებას.

მოსწავლეებმა გულმოდგინედ იმუშავეს: ეტაპობრივად წაიკითხეს და გაანალიზეს ტექსტები სახელმძღვანელოდან (ლ. თუშური, ქართული ლიტერატურა, მერვე კლასი): რიუნოსკე აკუტაგავა „მანდარინები“, მიხეილ ჯავახიშვილი ,,პაპა დიმო“ და ნაწყვეტი ონორე დე ბალზაკის მოთხრობიდან „მამა გორიო“. უპასუხეს სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებულ შეკითხვებს, მოისმინეს ივანე ჯავახიშვილის საჯარო გამოსვლა, იმუშავეს გრაფიკულ-მაორგანიზებელ ცხრილზე, საჯარო გამოსვლის მახასიათებლების გასაანალიზებლად, დააკვირდნენ დამარწმუნებელი ზეპირი გამოსვლის ტექსტის სტრუქტურასა და მახასიათებლებს.

განსაკუთრებით საინტერესო იყო ბოლო ეტაპი: მოსწავლებმა ემოციურად წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, აღწერეს მუშაობის პროცესი, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, რა გაუჭირდათ, რა გაუადვილდათ. კითხვაზე – რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდეთ მუშაობას? – მოულოდნელი პასუხი მივიღე: ამ ტექსტს მხოლოდ ჩვენ ვწერთ და ვკითხულობთ, სჯობს, მართლა მივმართოთ ვინმეს და დავეხმაროთ მარტოხელა მოხუცს. ერთობლივად გადავწყვიტეთ  კომპლექსური დავალების პირობის ადაპტირება.

ადაპტირებული კომპლექსური დავალება: მოამზადეთ საჯარო გამოსვლის ტექსტი მიუსაფარ მოხუცთა და ბავშვთა პრობლემებზე, მიმართეთ მოსწავლეებს და შეეცადეთ მათ დარწმუნებას, რათა გაიღონ მცირე დახმარება სოფელში მცხოვრები მარტოხელა მოხუცისათვის.

მოსწავლეებმა ძალიან მალე დაწერეს დამარწმუნებელი ზეპირი გამოსვლის ტექსტები, გაუზიარეს ერთმანეთს და შექმნეს საბოლოო ვერსიები. დირექციის ნებართვის შემდეგ, მიმართეს თანასკოლელებს. ტექსტები სრულყოფილი არ იყო, მაგრამ ეხებოდა აქტუალურ საკითხს, ითვალისწინებდა აუდიტორიას, ემოციურ ზეგავლენას ახდენდა მსმენელზე. საბოლოოდ, ჩვენ მიერ განხორციელებული კომპლექსური დავალება სოციალურ პროექტად იქცა: მერვეკლასელებმა მოსწავლეების დარწმუნება შეძლეს, წარმოაჩინეს პრობლემა, გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მის მიმართ და მსმენელები დაარწმუნეს ქველმოქმედების აუცილებლობაში. მოსწავლეების მიერ შეგროვილი თანხით შეძენილი ტკბილეულითა და საჩუქრებით კი დედის დღე გაულამაზეს სოფელში მცხოვრებ მარტოხელა პენსიონერ მანდილოსანს.

ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ გადაიქცა მიწოდებული ინფორმაცია ცოდნად, რომელიც ადამიანის თანმდევია და გვაძლევს კეთილ ნაყოფს.

მოსწავლეების ნამუშევრები:

ბლოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები