27 ივლისი, შაბათი, 2024

კომპლექსური დავალება, როგორც რესურსი სიტყვისთვის ახალი სივრცის შესაქმნელად

spot_img

მაია ლორია
სსიპ სამტრედიის №11 საჯარო სკოლის ქართული ენისა  და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია (სსემა) საგანმანათლებლო სივრცეში ცნობილია, როგორც მუდმივად სიახლესა და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. ამის ნათელი დადასტურება გახლავთ ის, რომ სულ ახლახან, მასწავლებელთა კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებებით,  მოგვეცა შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა. ვფიქრობ, ცოდნა, როგორც გამოცდილება, მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტ ცოდნად, როცა მისი გაზიარება შეგიძლია ვინმესთვის, იქნება ეს მოსწავლე  თუ კოლეგა. სხვათა გულსა და გონებაში აღმოცენებული ნებისმიერი კვალიფიციური აზრი თუ შეხედულება ახალ სიცოცხლეს შეიძენს და ქმედით ძალად იქცევა. განსაკუთრებით საჭიროა ეს ჩვენს სფეროში.

მინდა, მოკრძალებულად გაგიზიაროთ ერთი კომპლექსური დავალების რესურსად ქცევის საინტერესო პროცესი, სწავლების სამივე საფეხურზე.

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პირველ ეტაპზე, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა კომპლექსურ დავალებათა ბანკი და მატრიცების არჩევანი, ერთ-ერთი კომპლექსური დავალების მაგალითზე დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ მოსწავლეთა მიერ შექმნილი საბოლოო ,,პროდუქტი“ საუკეთესო საშუალებას იძლევა რესურსად იქცეს, რაც სწავლების პროცესში მუდმივი განახლებისა და მისი საჭიროების აუცილებლობას გაზრდის და იგი მივიწყებულ კომპლექსურ დავალებათა თაროზე არ შემოიდება. ამ მიგნებისკენ მიბიძგა თავად კომპლექსური დავალების პირობაზე ფიქრმა, კერძოდ, კომპლექსური დავალების პირობის სწორად შერჩევა და ჩამოყალიბება მისი შესრულების ყველაზე მეტად გასააზრებელი და საგულისხმო  ნაწილია მასწავლებლისთვის. დავალების პირობის შექმნისას, გავითვალისწინე პრობლემაც: დავალებების შტამპმა, ფორმალურობამ, მოსაძიებელი მასალების ინფორმაციულმა სიჭარბემ მხატვრულ სიტყვას განცდა და სიღრმე დაუკარგა მოსწავლეებში. მსურდა, ჩემს მოსწავლეებს ეგრძნოთ, რომ სიტყვა ცხოვრებაა, ცხოვრება სიტყვის შინაარსია, სიტყვა სახეა ცხოვრებისა. სიტყვა თვითონაა მხატვრული სურათი, თვითონააამბავია, ნოველაა დასრულებული, კომპოზიციაა, ესკიზი (ო. ჩხეიძე).

ეტაპობრივად ასე ისხამდა ხორცს ჩემი მიზანი:

კლასი V

მაპროვოცირებელი თემა: ლექსიკონის სახეების შესწავლა

მხატვრული ტექსტი: იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“

კომპლექსური დავალების იდეაზე ფიქრისას გამოიკვეთა შემდეგი საჭიროებები:

ტექსტის შესწავლისას, მწერლის ლექსიკურ მარაგზე დაკვირვებით, თავად „აღმოაჩენდნენ“ სიტყვებს არა მხოლოდ განმარტებისთვის, არამედ მათთვის ახალი სიცოცხლის მისანიჭებლად;

♦ იფიქრებდნენ და გააანალიზებდნენ, როგორ ცხოვრობენ ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი სიტყვებიც კი მოთხრობებში;

„ცხოვრობენ“, ანუ რა თავგადასავალი აქვს სიტყვას, რა თვისებები, როგორ ცოცხლობენ ისინი, როგორ იცვლებიან, მრავლდებიან, იღვწიან და, დროთა განმავლობაში, როგორ ტოვებენ ასპარეზს.

დავალების მიცემისას უნდა გამეთვალისწინებინა ესგ-სა და სტანდარტის სამი უმთავრესი მოთხოვნა, რომელსაც დააკმაყოფილებდა ჩემ მიერ მოფიქრებული დავალება; თანაც გადავწყვიტე, ექსპერიმენტის სახით, საბაზო და საშუალო საფეხურზეც, განმეხორციელებინა იგივე დავალება მოდერნიზებული პირობით.

∇ სწავლება უნდა მიმდინარეობდეს პრაქტიკული აქტივობებით;

∇ ცნებების დამუშავება უნდა ხდებოდეს თვალსაჩინო მასალის საფუძველზე, რათა მოსწავლემ  გაიაზროს მათი მნიშვნელობა;

∇ V-VI კლასებში ღრმავდება ესთეტიკური და ემოციური დამოკიდებულება მხატვრული ტექსტების მიმართ.

რაც შეეხება საბაზო და საშუალო საფეხურს, აქ უმთავრესი მეტაკოგნიტური სტრატეგიების გამოყენებაა, დავალების ღირებულების გააზრება და დაფიქრება სწავლის პროცესზე.

გამოიკვეთა დავალების პირობა:

წაროიდგინე, რომ ლექსიკოლოგი ხარ და ჯადოსნური სიტყვების სასახლეში ცხოვრობ, სადაც მოხვედრა მხოლოდ იმა შეუძლია, ვინც იქ გადამალულ სიტყვებს განმარტავს, შენ კი ამ ცოდნას ფლობ. ტექსტიდან შეარჩიე შენთვის ყველაზე საინტერესო ლექსიკური ერთეული (10-15 სიტყვა). 

სახატავი საშუალებების, აპლიკაციების, სურათების ან ელექტრონული რესურსის („ვსწავლობთ თამაშით“, skratch პროგრამის) გამოყენებით შექმენი საკუთარი ლექსიკონი, შესაბამისი ილუსტრაციებითა და ემოციური კომენტარით.

∇ შეარჩიე ზუსტი და სრული განმარტება სალექსიკონო სიტყვისთვის;

∇ შეუსაბამე შერჩეული ილუსტრაციები სიტყვის მნიშვნელობას;

∇ კომენტარში გამოხატე შენი დამოკიდებულება თითოეული ლექსიკური ერთეულის მიმართ;

∇ მეტი მრავალფეროვნებისთვის გამოიყენე სხვადასხვა მეტყველების ნაწილი;

∇ შექმენი საკუთარი ინფორმაციულ-ფერწერული სივრცე თითოეული სიტყვისთვის;

∇ ნამუშევარში წარმოაჩინე ესთეტიკური მხარე (ფორმა, სილამაზე, სივრცე თითოეული სიტყვისთვის);

∇ ლექსიკონი შეადგინე ისე, რომ იგი შენთვის სახელმძღვანელო რესურსი იყოს და ყოველი ახალი ტექსტის შესწავლისას ივსებოდეს;

∇ შეგიძლია, სურვილისამებრ, შეთხზა ამბავი შერჩეულ სიტყვაზე.

ფაქტობრივად, ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი სიტყვის ასეთი მაძიებელი მოსწავლისათვის გახლდათ შემდეგი:

♦ ლექსიკური მრავალფეროვნების გააზრება;

♦ სალექსიკონო სიტყვისთვის „ემოციურ კომენტარის“ შესაქმნელად საჭირო უნარ-ჩვევების გამოვლენა-ფლობა;

♦ ასოციაციური აზროვნების ველის გააფართოება;

♦ სიტყვის ვიზუალიზაციისთვის, მისი აღქმის მრავალფეროვნების დანახვა-გაგება.

ეს ილუსტარაციები თავისთავად ახალი სივრცე იქნებოდა მათ მიერ შერჩეული სიტყვებისთვის, რომლებიც, უკვე ბავშვის ფიქრსა და გულში გავლილი, ახალ სიცოცხლეს დაიწყებდნენ.

დავალების შესრულების პროცესი ძალიან საინტერესო და ტევადი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, გამოვყოფ მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას, რომელმაც ხელი შეუწყო სრულყოფილი ნამუშევრების შექმნას:

პირველ ეტაპზე გამოვიყენე

ვიზუალური და მუსიკალური აღქმითი სავარჯიშოები, მაგალითად:

⇔ რაც გესმის, როგორ დახატავდი;

⇔ რასაც ხედავ, როგორ აქცევდი ამბად;

⇔ როგორ და რომელ სიტყვას გადამალავდი პერსონაჟისთვის, რათა მას თავი დაეხსნა დაბრკოლებისგან;

⇔ შეგიძლია ამოიცნო გმირის ხასიათი, თუ მის მეტყველებას, მის ნათქვამს დააკვირდები?

მეორე ეტაპზე გამოვიყენე დეკოდირების ცხრილი-ხარაჩო, რომელმაც საუკეთესოდ იმუშავა, იგი ადაპტირებული იყო დასახულ მიზნებსა და ასაკობრივ თავისებურებებზე.

ცხრილი ივსებოდა ტექსტის შესწავლისას შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:

⇔ სიტყვების შერჩევა;

⇔ მათი კლასიფიკაცია და კვლევა-დაკვირვება;

⇔ იდეური თუ მხატვრული გააზრებისთვის საკვანძო სიტყვების გამოყოფა, კონტექსტის გათვალისწინება.

თითოეული აქტივობა და რესურსი ორგანულად იყო შერწყმული ტექსტის გაგება-გააზრების პროცესთან, დავგეგმეთ:

⇔ ტექსტის შესწავლა მისი ენობრივ-გრამატიკული ანალიზისთვის;

⇔ განსამარტი სიტყვების შერჩევა კონტექსტის გათვალისწინებით, მისი დახარისხება;

⇔ საკუთარი კომენტარის შექმნა;

⇔ სიტყვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების, მისი მხატვრული, ემოციური (აკუსტიკური) შეფერილობის გააზრება, მხატვრული კითხვის ნიმუშებზე დაკვირვებით;

⇔ მსჯელობა, დისკუსია თემაზე: შეიძლება თუ არა სიტყვების გაფერადება?

სეს შექმნა: „სიტყვა ყველა ფერია“

თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა განაპირობა დიდი მასალის თავმოყრა და ლექსიკონის გამართულობა; დიფერენცირებული მიდგომა გამოვიყენე საბოლოო პროდუქტის პრეზენტაციისას – მათ შეეძლოთ სხვადასხვა ფორმატით წარმოედგინათ ნამუშევარი, როგორც ეს დავალებაში იყო მითითებული, ამიტომ ილუსტრაცია მრავალფეროვანი გამოგვივიდა.

აუცილებლად ჩავთვალე ციფრული რესურსის – „ვსწავლობ თამაშით“ (ან skratch-ის) ვიდეორგოლის გაცნობა; ჰიპერბმულის მიწოდება

https://www.youtube.com/watch?v=XgKouAxz6n4

https://www.youtube.com/watch?v=SIvGnJuV-5k&list=PLt4xdyNtMdy70RXmL4d1zURD57fd7YIbA&index=1

დავალების შესაქმნელად მიჰყევი → ინსტრუქციას   

საბოლოოდ, საპრეზენტაციო მასალა დახარისხდა, პრეზენტაციის შექმნა;

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პირველადი ვარიანტი, გადაამუშავეს და მისცეს საბოლოო სახე.

წარმოგიდგენთ, შესრულებული დავალების ნიმუშს: მე-5 კლასი

საბაზო საფეხურზე შესრულებული ნიმუში – ო.ჭილაძის ,,ადამიანი გაზეთის სვეტში“
საბაზო საფეხურზე შესრულებული ნიმუში – ო.ჭილაძის ,,ადამიანი გაზეთის სვეტში“

 

საშუალო საფეხურზე შესრულებული ნიმუში: ბარათაშვილის „მერანი“
საშუალო საფეხურზე შესრულებული ნიმუში: ბარათაშვილის „მერანი“

 

შექმნილი ლექსიკონები ისეთ სრულყოფილ „წიგნებად“ იქცა, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა; ფაქტობრივად, მივიღეთ იმდენი საინტერესო და განსხვავებული რესურსი, რამდენი კომპლექსური დავალებაც შეიქმნა, ყოველი ნამუშევარი მთლიანად შემოქმედებითი პროდუქტი იყო, სრულიად განსხვავებული ემოციური კომენტარებით, რომელთაც სიტყვას, მართლაც, ახალი სიცოცხლე შესძინეს. ამ „წიგნებით“ სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც შესაბამისი ტექსტის გაგება-გააზრებას გადაწყვეტს.

საოცრად საინტერესო ლექსიკონი-რესურსები შეიქმნა საბაზო და საშუალო საფეხურზე შესრულებული კომპლექსური დავალებების შედეგად. მართალია, მხატვრული სიტყვის სიმბოლურ-ალეგორიული გააზრებისთვის განმარტებითი ლექსიკონის არეალი ფართოვდებოდა, მეტი სიზუსტე და სირთულე ახლდა ტექსტის გააზრების სიღრმეს, თუმცა მოსწავლეების ემოციურ კომენტარში ინტერპრეტაციის თავისუფლება იგრძნობოდა და შეიძლება ითქვას, რომ ამბად და ესკიზებად ქცეული ლექსიკონები შეიქმნა.

შემიძლია დავასკვნა, რომ:

♦ კომპლექსური დავალება სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის;

♦ ჩაერთო ყველა, მათ შორის სსსმ მოსწავლეც, მშობელთან ერთად;

♦ აქტივობების განხორციელების პროცესში წამოჭრილი პრობლემები ერთობლივად, შეთანხმებულად, ეტაპობრივად გვარდებოდა;

♦ ეფექტურად მოწოდებულმა რესურსებმა და სოლოტაქსონომიის კრიტერიუმებმა მნიშვნელოვნად განაპირობა დავალებების ადეკვატური ანალიზი და შეფასება;

♦ შეიქმნა მრავალფეროვანი და საინტერესო რესურსი;

♦ თვითშეფასებისა და მოტივაციის დონე გარკვეულწილად ამაღლდა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები