15 ივნისი, შაბათი, 2024

კომპლექსური დავალება: პერსონაჟის მონოლოგის შექმნა

spot_img

ციური ფუტკარაძე
ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის №6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი: VI

კომპლექსური დავალების პირობა:

თემატური ბლოკი – თარგმნის ხელოვნება.

საყრდენი ტექსტები

მარკ ტვენის „ტომის დასჯა“;

აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, ნაწილი I, თავი II.

სასწავლო თემა: ტომისა და აკაკის სასკოლო ცხოვრება და ფიზიკური დასჯით გამოწვეული სულიერი ტკივილი.

მთავარი საკითხი: ნაწყვეტი მარკ ტვენის რომანიდან „ტომ სოიერის თავგადასავალი“ – „ტომის დასჯა“. ერთ-ერთი პერსონაჟის, ტომის, ერთი ჩვეულებრივი სასკოლო დღის გადმოცემა მონოლოგის სახით; წერილი აკაკისთან და საუბარი სკოლებში გამეფებულ მკაცრ აღმზრდელობით პირობებზე.

21-ე საუკუნის მისაღწევი შედეგები:

მოსწავლე საუბრობს, როგორ უნდა იყოს დაცული სკოლაში, ქვეყანაში ინდივიდის უფლება, რომ სასწავლო დაწესებულება, სკოლა უნდა იყოს მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული – „თავისუფალი აზროვნების ადამიანი თავისუფალმა გარემომ უნდა აღზარდოს“.

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტეექსტის გააზრებისათვის  არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.

ქართ. VI. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასვა სახის მხატვრული და არამხატვრული  ტექსტების წაკთხვა და გაგება-გაანალიზება.

ქართ. VI.11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების  ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.

ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხა სახის მიზნობრივი ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა.

ქართ. VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული თვალსაზრისით მიმართებითი სიტყვაფორმების აგება.

კომპლექსური დავალების პირობა

მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავლის“ ერთ-ერთი თავის, „ტომის დასჯის“ მიხედვით, გადმოეცით მონოლოგის სახით ტომის ფიქრები და განცდები, როცა გაკვეთილზე დააგვიანდა, რის გამოც  წკეპლა დაიმსახურა.

გამოკვეთეთ მისი ხედვის კუთხე – რა ამოძრავებს პერსონაჟს, რას შეიძლება იგი ფიქრობდეს, გრძნობდეს, როცა მასწავლებელმა დაგვიანებისა და კადნიერი პასუხისთვის დასაჯა.

გაიხსენეთ ჩვენ მიერ წაკითხული აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, კერძოდ, ის ნაწილი, სადაც აკაკი თავისი  სკოლის მკაცრ პირობებზე საუბრობს,  თქვენს ნაშრომში ტომს გააცანით აკაკი და მოკლედ აამბობინეთ, რა მისწერა ტომს  მისი სკოლის შესახებ, რა დასკვნა გამოიტანა ტომმა აკაკის სასკოლო ცხოვრების გაცნობის შემდეგ.

ნაშრომის ბოლოს, ასევე მონოლოგის სახით გადმოეცით ტომის  აზრი ქართულ და ამერიკულ სკოლაზე, იმ დროს არსებულ მკაცრ

აღმზრდელობით პირობებზე,  ისაუბრეთ, რა მსგავსება დაინახა ტომმა სკოლებს შორის, რის შეცვლა დაგეგმა მომავალში აკაკისთან ერთად.

საკვანძო შეკითხვა

როგორ დავწერო მარკ ტვენის „ტომის დასჯის“ შერჩეული პერსონაჟის მონოლოგი ისე, რომ გადმოვცე მისი შეხედულებები გაკვეთილზე მომხდარი ერთი ამბის შესახებ?

რა სტრატეგიები გამოვიყენო, რომელ მინიშნებებს დავეყრდნო მონოლოგის წერისას?

როგორ ავსახო შერჩეული პერსონაჟის მეტყველების სტილი?

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები: აქტივობები, რესურსები, შეკითხვები

ეტაპი I. კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა ნაბიჯებითა და აქტივობებით.

აქტივობა 1.  წინარე ცოდნის გააქტიურება, დავალების მოთხოვნის გაცნობიერება. თუ გიცდიათ სხვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა? (გაიხსენეთ მაგალითები ცხოვრებისეული გამოცდილებიდან) ამის შემდეგ თუ შეცვლილა თქვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ და რატომ?

თქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ, რას მოითხოვს თქვენგან დავალება? რა ცოდნა გამოცდილება გამოგადგებათ?

როგორ უნდა შეასრულოთ? რისი შესწავლა დაგჭირდებათ/რაში დაგჭირდებათ დახმარება?

ეტაპი II. კომპლექსური დავალების შინაარსი ნაბიჯებითა და აქტივობებით.

აქტივობა 1. ტექსტის გაცნობა, გაგება-გააზრება კომენტირებული კითხვა-პაუზებით.

აქტივობა 2. ტექსტში მთავარი და არამთავარი პერსონაჟების გამოკვეთა, მათი პირდაპირი და არაპირდაპირი დახასიათება, დეტალებზე დაკვირვება.

აქტივობა 3. ნაწარმოების თემისა და იდეის გამოკვეთა.

 

გამოყენებული რესურსები

1.ნაწვეტი „ტომ სოიერის თავგადასავლიდან“ – „ტომის დასჯა“;

  1. აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, ნაწილი I, თავი II;
  2. გრაფიკული მაორგანიზებლები: თავიდან, მერე, ბოლოს. პერსონაჟის რუკა (1), პერსონაჟის რუკა (2);
  3. როგორ დავახასიათოთ პერსონაჟი;
  4. მონოლოგი და მისი დანიშნულება.

პირველ ეტაპზე განსახორციელებელი კლასის მუშაობის ანალიზი

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა წარიმართა მატრიცაში გაწერილი ნაბიჯების მიხედვით (აქტივობა 2). გაკვეთილის მიზანი იყო საყრდენ ტექსტში მთავარი და არამთავარი პერსონაჟების გამოკვეთა, მათი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დახასიათების დეტალებზე დაკვირვება.

მოსწავლეებმა წარმოაჩინეს, ტექსტიდან მოყვანილი მაგალითებით, როგორ ხასიათდებოდნენ მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, იმსჯელეს, რა როლი აკისრიათ მათ ნაწარმოებში, ჩამოაყალიბეს თავიანთი შეხედულება პერსონაჟის ქცევის მოტივზე, მისი ხედვის პერსპექტივა, დაუკავშირეს ნაწარმოების თემასა და იდეას, ისაუბრეს, აგრეთვე, მწერლის მიერ ნაწარმოებში გამოყენებულ ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებზე.

მიღებული ცოდნა დაუკავშირეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, გაკვეთილი ინტერაქტიური იყო, ესწრებოდა 29 მოსწავლე. შეასრულეს წერილობითი ნამუშევრები, რამაც საშუალება მოგვცა, ფიქრი და განსჯა დაეკავშირებინათ წერილობით ნააზრევთან. მოსწავლეებმა შეძლეს ამ აქტივობის განხორციელება, ერთობლივად ჩამოაყალიბეს კომპლექსური დავალების მომდევნო ნაბიჯის განსახორციელებელი აქტივობები, მოსწავლეთა მონაწილეობა, ჩართულობა შევაფასე განმავითარებელი კომენტარებით.

მოსწავლის განმავითარებელი შეფასება

სიღრმისეულად გაქვს გააზრებული ტექსტის შინაარსი, შეგიძლია გამოკვეთო მთავარი და არამთავარი პერსონაჟები და წარმოაჩინო მათი თვისებები, პირდაპირი და არაპირდაპირი დეტალების გამოყენებით. გაკვეთილის მსვლელობისას, პერსონაჟის ქცევის მოტივზე დაკვირვებით, მისი ქმედებისა და გააზრების საფუძველზე, ამოიცანი ტექსტის მთავარი სათქმელი, ნაწარმოებში დასმული პრობლემა დაუკავშირე პირად გამოცდილებას, გაკვეთილზე შეძელი პერსონაჟთა დახასიათება, მწერლის მიერ გამოყენებულ ენობრივ-გამომსახველობით ხერხებზე საუბარი. საინტერესო იყო პერსონაჟის ქცევის მოტივის შენეული არგუმენტები. სასურველია, მსჯელობა ასევე საინტერესოდ წარმოაჩინო წერილობითაც.

მოცემულ ტექსტში კარგად გააანალიზე მისი შინაარსობრივი მხარე, თემა, იდეა, საინტერესოდ და შინაარსობრივად გამოკვეთე პერსონაჟთა სახეები მათი ხედვის კუთხიდან, აღწერე პერსონაჟთა ემოციები, თუმცა შესრულებული დავალება გვაფიქრებინებს, რომ ბოლომდე არ გაქვს გააზრებული პერსონაჟთა დამოკიდებულების ნიუანსები (აკლია დამაჯერებლობა). დავალებას არაჩვეულებრივად გაართვი თავი, პერსონაჟთა დიალოგში გამოიკვეთა ფაქტები, თუმცა გაგიჭირდა ტექსტობრივი მასალის მოხმობა (საკუთარი პოზიციების დაცვა არგუმენტებით).

სრულყოფილად დაახასიათე მთავარი და არამთავარი პერსონაჟები, გამოყოფდი ცალკეულ დეტალებს, იყენებდი ტროპის სახეებს, გრაფიკული სქემებით ჩამოაყალიბე უარყოფითი პერსონაჟის ქცევის მიზეზი და შედეგი. შენი მონაწილეობა გაკვეთილზე გამოირჩეოდა გამართული მეტყველებით, სასურველია იმუშავო წერითი სტრუქტურების გამოყენებაზე.

ლაკონურად გაიხსენე ტექსტის შინაარსი, იცნობ მთავარ და არამთავარ პერსონაჟთა დახასიათების საშუალებებს, აკვირდებოდი ცალკეულ დეტალებს, საინტერესოდ დაუკავშირე პერსონაჟის ქცევის მოტივი დღევანდელობას, თუმცა შენს საუბარს აკლდა დამაჯერებლობა. დავალებას სრულყოფილად გაართვი თავი. შემდეგში სასურველია მეტი აქტიურობა გამოიჩინო საკუთარი აზრის არგუმენტირებისას.

ნაბიჯი 1.

აქტივობა 1. მონოლოგის გაცნობა და მსჯელობა მის რაობაზე, მახასიათებლებზე, მნიშვნელობაზე.

აქტივობა 2. პერსონაჟის შერჩევა.

აქტივობა 3. შერჩეული პერსონაჟის მეტყველებაზე დაკვირვება.

ნაბიჯი 2.

აქტივობა 1. დავალების პირველადი ვერსიების კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.

აქტივობა 2. პირველადი ვერსიების გადამუშავება და საბოლოო ვარიანტების შექმნა.

აქტივობა 3. ნამუშევართა საბოლოო ვერსიების პრეზენტაცია.

გამოყენებული რესურსი:

  1. მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“ (სრული ვერსიის წაკითხვა). კომპლექსური დავალება ეყრდნობა თავს „ტომის დასჯა“;
  2. აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, I ნაწილის II თავი;
  3. მონოლოგის ნიმუში: ჩვენ მიერ წაკითხული წიგნი ჯინ ვებსტერის „გრძელფეხება მამილო“;
  4. მონოლოგის განმარტება.
მოსწავლის თვითშეფასება

შევძელი გადმომეცა პერსონაჟის მონოლოგი, ამესახა მისი განცდები, ემოციები. ჩემთვის, რა თქმა უნდა, რთული იყო, თავი წარმომედგინა ჯერ ტომის, შემდეგ აკაკის ადგილას, მაგრამ დავალება სწორედ იმით იყო საინტერესო, რამდენად მოახდინა ჩემმა სათქმელმა მკითხველზე ზემოქმედება. დავალებაზე მუშაობამ ბევრი სიახლე გამაცნო: დაკვირვება პერსონაჟის პირდაპირ დახასიათებაზე, მწერლის სტილურ მახასიათებლებზე.

აღწერა:

მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გადმოცემული პერსონაჟის მონოლოგი, მისი ფიქრები, განცდები, მასწავლებლის მიერ ფიზიკური დასჯის დროს, ემოციურია პერსონაჟის ქმედების მისეული ახსნა, რაც აუცილებლად ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს ადამიანებს. შეძლო სამიზნე ცნებისა და შესაბამისი ქვეცნებების არსობრივი მახასიათებლების გააზრება და განზოგადება. გმირის მეტყველებაში გამოიყენა ენობრივ-სტილური მახასიათებლები.

რჩევა:

სასურველი იყო, უკეთ გამოგეკვეთა პერსონაჟის განცდები, ტომის ფიზიკურ განცდებთან და იმ დროისათვის მთელ ქვეყანაში დამკვიდრებულ მოსწავლის ფიზიკურ დასჯასთან დაკავშირებით, რითაც შენი განცდები სრულ შესაბამისობაში იქნებოდა კომპლექსური დავალების პირობასთან. დაიმახსოვრე: სწორი ფორმაა „ალბათ“ და არა „ალბად“, გამონაკლისია და იმიტომ. თანაც ჩართულის ფუნქციით გაქვს გამოყენებული წინადადებაში და მძიმეებით უნდა გამოვყოთ სხვა წევრებისაგან.

მოსწავლის თვითშეფასება

ჩემთვის დავალებაზე მუშაობა საინტერესო იყო, მრავალფეროვანმა აქტივობებმა გამიადვილა ნაშრომის საბოლოო ვერსიის შექმნა. ჩემი მონოლოგი დავალების კრიტერიუმებს შეესაბამება. ყველაზე უმთავრესი, რასაც გამოვყოფდი შესასწავლი საკითხებიდან, მიმაჩნია, რომ გავიგე, რამდენად ცუდად მოქმედებს ადამიანებზე ფიზიკური დასჯა თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიღებული ცოდნა გამომადგება თანატოლებთან ურთიერთობაში, ვიქნები უფრო ტოლერანტული და არაკონფლიქტური.

აღწერა:

მოსწავლემ სიღრმისეულად გაიაზრა დავალების პირობა, შესრულებულ სამუშაოში განზოგადებულია ცნებებისა და ქვეცნებების მნიშვნელობა. საინტერესოდაა წარმოჩენილი პერსონაჟის ხედვის კუთხე. მისი ფიქრები.

რჩევა:

ნაშრომში კარგად ჩანს, თუ როგორი პასუხისმგებლობით მოეკიდე დავალებას. საინტერესო მონოლოგია. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ფიზიკურ დასჯაზე შენეული ახსნა. მიღებული ცოდნა, სასურველია, სხვა საგნებთან მიმართებაში გამოიყენო. კარგი იქნებოდა, დავალების ვიზუალური მხარე უფრო მოგეწესრიგებინა, რასაც, ალბათ, სხვა დროს გაითვალისწინებ.

შედეგები:

მოსწავლეებმა შეძლეს, გაეაზრებინათ პერსონაჟის ხედვის კუთხე და ერთ-ერთი პერსონაჟის მონოლოგით გადმოეცათ დამოკიდებულება პიროვნების ფიზიკურ დასჯასა და მისგან გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე.

გაიგეს და გაიაზრეს მხატვრული ტექსტი; დაახასიათეს მთავარი და არამთავარი პერსონაჟები; იმსჯელეს ნაწარმოების თემასა და იდეაზე; მოაწყვეს დისკუსია, თუ როგორ შეიძლება ხელი შეუშალოს მოსწავლის განვითარებასა და მისი სრულფასოვანი პიროვნების ფორმირებას ფიზიკურმა დასჯამ. იმუშავეს მხატვრულ ხერხებსა და საშუალებებზე, პერსონაჟთა პირდაპირი და არაპირდაპირი დახასიათების მეთოდებზე.

მწერლის სტილურ და ენობრივ მახასიათებლებზე დაკვირვებამ ხელი შეუწყო მოსწავლეების ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.

ჩამოუყალიბდათ სწორი შეხედულება პიროვნების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, რომ საჭიროა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის უფლებებსაც.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები